„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4386-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317016, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016197
  • Word
4386-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317016, 17/03/2011
420000000.05.001.016197
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის 96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“.“.

3. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი შესაბამისად ბრძანებებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს.“.

4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის 96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.“.

5. 25-ე მუხლის:

ა) მე-2მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი ყველა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებისათვის წესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალი და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ინსტრუქციით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. საქართველოში რეგისტრირებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდულ შემოწმებას გადიან ცენტრალიზებული წესით. პერიოდული შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით „სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები, როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე სატრანზიტო, ექვემდებარება კონტროლს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე. ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე კონტროლის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 88/77/EEC დირექტივებითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისიანობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 96/96/EC დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებით ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.“.

6. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.“.

7. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი დგინდება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი..

8. 291 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი..

9. 292  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია

1. ამ თავით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ თავიანთ რეგიონებში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვასა და იდენტიფიკაციას დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაცია დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად ხორციელდება ამ კანონის 291 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

2. აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალს ყოველწლიურად ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დადგენის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის სუბიექტებს წერილობით ატყობინებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული დაბინძურების სტაციონარული ობიექტებისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში შესათანხმებლად წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საქმიანობის სუბიექტი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს განცხადებასა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს. ამ დოკუმენტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოტივირებული წერილობითი უარით უპასუხონ საქმიანობის სუბიექტს..

10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აგრეთვე მათი კომპეტენციის ფარგლებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა..

11. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტების და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით „გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი..

12. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო..

13. 38-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად შეითანხმონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ასევე ვალდებული არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარუდგინონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები..

14. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში..

15. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო..

16. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.“.

17. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება..

18. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები. ამ მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბრძანებით „ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“.“.

19. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი..

20. 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩკონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებს სააგენტო..

21. 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო..

22. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო..

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4386I