დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4209-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310024, 10/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.016176 |
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დადგენილი წესით შეჰყავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) მონაცემის რეგისტრაცია ხორციელდება მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;
გ) თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მონაცემის წარმდგენს ერთი თვის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ, მონაცემი რეგისტრირებულად ითვლება.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 474 მუხლი:
„მუხლი 474. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა.
2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.
3. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
5. იმ პროგრამების ელექტრონულად განხორციელება, რომელთათვისაც ამ კანონის შესაბამისად აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4209–Iს
დოკუმენტის კომენტარები