დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 790 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 09/09/1995 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს 1997 წლის 17ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44,11.11.1997წ., გვ.70
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. არჩევნების საფუძვლები
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით. 150 პარლამენტის წევრი აირჩევა ერთიანი პარტიული სიებით პროპორციული სისტემის, ხოლო 85 პარლამენტის წევრი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები საყოველთაოა: არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.
2. პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 3. თანასწორი საარჩევნო უფლება
საქართველოს პარლამენტში არჩევნები თანასწორია. საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
მუხლი 4. პირდაპირი სარჩევნო უფლება
საქართველოს პარლამენტში არჩევნები პირდაპირია. პარლამენტის წევრებს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.
მუხლი 5. ფარული კენჭისყრა
საქართველოს პარლამენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. დაუშვებელია ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი კონტროლი და ხმის ღიად მიცემა.
მუხლი 6. პირები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.
მუხლი 7. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ
საქართველოს არლამენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ ამ კანონით
დადგენილი წესით შექმნილი საარჩევნო კომისიები.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 8. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პარტიათა საარჩევნო ბლოკს;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს –მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს ერთი პარტიული სია და თითოეულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 9. პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 10. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა
პარლამენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ძირითადად სახელმწიფო გაიღებს.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 11. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. ამ საარჩევნო კანონით დადგენილი წესების დამრღვევ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2. იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომლებიც გადაამეტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრულ ოდენობას ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებში გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს და პარლამენტის წევრად არჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატებს ჩამოერთმევათ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული მანდატები. ასეთი დარღვევების საქმეებს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არჩევნებში მონაწილე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგინების საფუძველზე 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 111. საქართველოს საარჩევნო კომისიების სამართლებრივი აქტები
1. საქართველოს საარჩევნო კომისიების სამართლებრივი აქტებია:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება და განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება; კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და მიიღება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. დადგენილებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. იგი ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ.
3. საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულებები ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია და მიიღება (გამოიცემა) ამ კანონითა და საარჩევნო კომისიის დადგენილებებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი II
არჩევნების დანიშვნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
მუხლი 12. არჩევნების დანიშვნა
პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 40 დღისა და არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 13. პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიები რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რისთვისაც საპარლამენტო არჩევნების წლის არა უადრეს 1 თებერვლისა და არა უგვიანეს 1 ივნისისა (ეს თარიღი მიიჩნევა საარჩევნო პროცესის დაწყების თარიღად) კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის რეგისტრაციის მოწმობისა და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა (აბრევიატურა), რომლებითაც პარტია მონაწილეობს არჩევნებში (ეს სახელწოდება და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებასა და აბრევიატურას, ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდებასა და აბრევიატურას, რომლებითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება კომისიისთვის უფრო ადრე იყო წარდგენილი, ან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ გამოყენებულ სახელწოდებასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა). განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ვინაობა, პარტიის რწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლები, სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ პარტიას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები. პარტიის რწმუნებულს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს (ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში).
2. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 15 ივნისისა უნდა წარუდგინოს:
ა) ან პარტიის განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს პარლამენტში მის წარმომადგენელთა ვინაობა და პარტიულობა (პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც ამ პარტიის წევრია ან უპარტიოა, მაგრამ პარლამენტის წევრად აირჩა ამ პარტიის წარდგინებით და ადასტურებს, რომ პარლამენტში არის მისი წარმომადგენელი). პარლამენტის წევრის ხელმოწერა, რომლითაც იგი ადასტურებს პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობას, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან პარლამენტის აპარატის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ბ) ან არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ინიციატივის დამადასტურებელი სულ ცოტა 50000 ამომრჩევლის სია, რომელიც შევსებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 20 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს 30 ივნისისა ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს, მათ შორის, ამომრჩეველთა სიების შევსების სისწორესა და ხელმოწერათა ნამდვილობას, და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს პარტიის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ან თუ ამომრჩეველთა სიის შემოწმების შემდეგ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 50000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე პარტიის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიას 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 15 ივლისისა. პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ შეასრულა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა, ან თუ მისი ინიციატივის დამადასტურებელი ამომრჩეველთა სიის შემოწმების შემდეგ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 50000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ან თუ მისი საქმიანობა აკრძალულია კანონის შესაბამისად.
4. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ინიციატივის დამადასტურებელ ხელმოწერათა შეგროვება შეიძლება დაიწყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებისთანავე.
5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებებისა და სხვა საბუთების მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიის რწმუნებულს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი. პარტიას უფლება აქვს ეს განკარგულება მიღებიდან 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის შეტანიდან 3 დღეში უნდა გამოიტანოს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ხელახლა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაგრამ უახლოესი საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ.
7. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებსა და რეფერენდუმში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.
8. რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებათა წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიათა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრირებაზე და უარის თქმის მიზეზებს.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 14. საარჩევნო ბლოკები და მათი რეგისტრაცია
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად. ბლოკის სახელწოდება და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებასა და აბრევიატურას, ან სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებასა და აბრევიატურას, რომლებითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება კომისიისთვის უფრო ადრე იყო წარდგენილი, ან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა. საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი პარტიების რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 24 ივლისისა.
2. კომისიისთვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს აწერს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი. მასში დასახელებული უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის რწმუნებულის ვინაობა, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო ბლოკის წესდება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, ბლოკიდან პარტიის გასვლის, ბლოკში ახალი წევრის მიღებისა და ბლოკიდან პარტიის გარიცხვის წესები; მითითებული უნდა იყოს სახელწოდება, რომლითაც საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს არჩევნებში, პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის განცხადებებზე ხელმოწერის უფლება.
3. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 2 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს მათ და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და ბლოკს 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღეში უნდა იქნეს მიღებული. საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციაში არ გატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ შეასრულა ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა.
5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებებისა და სხვა საბუთების მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკის რწმუნებულს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ბლოკის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი. პარტიას უფლება აქვს ეს განკარგულება მიღებიდან 2 დღის განმავლობაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის შეტანიდან 3 დღეში უნდა გამოიტანოს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
7. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ბლოკს უფლება აქვს დანიშნოს თითო რწმუნებული ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ბლოკში გაერთიანებული პარტიების რწმუნებულებს უფლებამოსილება უნარჩუნდებათ მხოლოდ სხვა დონის არჩევნების საარჩევნო კომისიებში, არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი შედეგების შეჯამებამდე. ამავე პერიოდში ბლოკის რწმუნებულს უფლებამოსილება უწყდება.
8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში. ამისთვის არა უგვიანეს 30 აგვისტოსი მან და საარჩევნო ბლოკმა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
9. თუ საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უქმდება.
10. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან 2 დღეში ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს ცნობას მისი რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები
მუხლი 15. საარჩევნო ოლქები
1. პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 85 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. ქალაქ თბილისში იქმნება 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
2. საარჩევნო ოლქების სია ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
მუხლი 16. საარჩევნო უბნები
1. პარლამენტის არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 70 დღისა. ძნელად მისადგომ ადგილებში, სამხედრო ნაწილებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ცალკეულ შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა საარჩევნო უბნების შექმნა არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის წინადადებითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით შეიძლება შეიქმნას საარჩევნო უბანი 2000-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. დახურული საარჩევნო უბნების შექმნა აკრძალულია.
2. საარჩევნო უბნებს განკარგულებით ქმნიან ან/და შექმნილი უბნების საზღვრებს აზუსტებენ საოლქო საარჩევნო კომისიები რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარდგინების გათვალისწინებით. არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით. საარჩევნო ოლქისათვის ამ უბნების მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. ძნელად მისადგომ ადგილებში, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების, ხოლო საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ავადმყოფების მიერ ხმის მიცემა იმართება გადასატანი ყუთის მეშვეობით. ძნელად მისადგომ ადგილებსა და სამხედრო ნაწილებში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბანი.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან 5 დღის ვადაში ადგილობრივ გაზეთებში, ადგილობრივი რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, მათ საზღვრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი IV
საარჩევნო კომისიები
მუხლი 17. საარჩევნო კომისიების სისტემა
პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად იქმნება საარჩევნო კომისიები:
ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიები;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.
მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა
1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, გარდა იმ პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებული იყო სასამართლოს მიერ, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრებისა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროთა, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა, მოსამართლეებისა, პროკურატურის თანამშრომლებისა, ასარჩევ წარმომადგენლობით ორგანოთა წევრობის კანდიდატებისა, მათი ნდობით აღჭურვილი პირებისა, არჩევნების მონაწილე პარტიების (საარჩევნო ბლოკების) რწმუნებულებისა.
2. საქართველოს საარჩევნო კომისიები შედგება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის (მოადგილეების), კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ირჩევენ (ნიშნავენ) საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები, ამ კანონით განსაზღვრული პარტიები და საარჩევნო კომისიები.
3. საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმისა და საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული კომისიის წევრის (თავმჯდომარის) უფლებამოსილების ვადა იწყება მისი არჩევისთანავე, ხოლო პარტიის მიერ დანიშნული პირისა – შესაბამისი კომისიისთვის მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, რომლის ნაცვლადაც იგი დაინიშნა, ან დანიშვნის დღიდან, თუ იგი კომისიის იმ წევრის ნაცვლად დაინიშნა, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
4. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ამ კანონით დადგენილ ვადაში მისი უფლებამონაცვლის არჩევისთანავე (დანიშვნისთანავე), გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირისა, რომლის უფლებამოსილების ვადაც კომისიის წევრად მისი დანიშვნიდან 5 წლის თავზე იწურება.
5. თუ საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე პირმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა) ამ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია (არ დანიშნა) კომისიის წევრი, იგი კარგავს მისი არჩევის (დანიშვნის) უფლებას, და თუ კომისიის შემადგენლობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის წევრებს დადგენილ მინიმუმამდე კომისიის შესავსებად, 5 დღის ვადაში ირჩევს ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
6. თუ ერთსა და იმავე საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრი ერთზე მეტმა პარტიულმა ორგანომ დანიშნა, კომისიის წევრად ზემდგომი ორგანოს მიერ დანიშნული პირი ჩაითვლება.
7. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) ამ კანონის 21-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას – ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს კი – თვით ამ კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდება მისი უფლებამონაცვლის დანიშვნისთანავე;
ბ) გადადგომისას – კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირისთვის კი – თვით ამ კომისიას და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა). ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დაკავებისას – თავისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს კი – თვით ამ კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების დღიდან);
დ) უფლებამოსილების ჩამორთმევისას – კომისიის დადგენილებით, ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული წესით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება კომისიის მიერ დადგენილების მიღების დღიდან);
ე) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, გარდაცვალებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (ამ პუნქტში მითითებული პირის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების დღიდან).
8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 19. საარჩევნო კომისიათა მუშაობის ორგანიზაცია
1. საარჩევნო კომისიების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიების რეგლამენტით, რომელსაც იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს შესაბამისი კომისია.
3. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მისი შემადგენლობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არაა, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დადგენილება მიიღება დამსწრეთა სულ ცოტა ორი მესამედით, ხოლო განკარგულება – დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსაკუთრებული აზრი, რომელიც მისი მოთხოვნით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას.
4. საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. თუ კომისიას თავმჯდომარე არ ჰყავს ან თუ მას არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება, აგრეთვე თავმჯდომარის წერილობითი დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისას კი – მისი პირველი მოადგილე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის თანამშრომლებსაც კომისიის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე. აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისივე დადგენილებით შეიძლება შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები (იმავე დადგენილებით განისაზღვრება მათი ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები), რომელთა წევრები ინიშნებიან იმავე წესით, როგორითაც აპარატის თანამშრომლები. თუ სამუშაო ჯგუფის წევრები კომისიის წევრები ან მისი აპარატის თანამშრომლები არ არიან, მათ შესრულებულ სამუშაოს უნაზღაურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
6. საარჩევნო კომისიები განცხადებებს, საჩივრებსა და საბუთებს იღებენ თავიანთ სამუშაო დღეებში 18 საათამდე, გარდა ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი განცხადება (საჩივარი), რომელიც ეხება ამ კანონისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა მოთხოვნების დარღვევას. მათი მიღებისას სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) მიცემულ ცნობაში აღინიშნება მიღების თარიღი და დრო. საარჩევნო კომისია, აგრეთვე კანონითა და კომისიის დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან განიხილონ განცხადება (საჩივარი) და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება მათ გამო, თუ ისინი კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი. მიღებული გადაწყვეტილება მეორე დღესვე უნდა გადაეცეს განმცხადებელს (მომჩივანს).
8. კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი) მხოლოდ დამსწრეთა სულ ცოტა ორი მესამედის გადაწყვეტილებით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 20. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირის უფლებამოვალეობანი
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მდივანს და კომისიის წევრებს მათი უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში პარლამენტი უნიშნავს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, მათ უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნამდე (არჩევამდე). ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არის სახელმწიფო მოხელე. მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
2. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ ყველა პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ეძლევა უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება. საოლქო საარჩევნო კომისიიდან 4 პირს და საუბნო საარჩევნო კომისიიდან 2 პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიიდან დანარჩენ პირებს არჩევნების მომზადების პერიოდის ბოლო 10 დღის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან შეიძლება დაენიშნოთ ხელფასი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელფასიანი პირების რაოდენობას ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის – საოლქო საარჩევნო კომისია. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს ხელფასს უნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს – საოლქო საარჩევნო კომისია. ამასთან, ზემდგომმა კომისიამ უნდა გაითვალისწიოს იმ კომისიის წინადადება, რომლის შემადგენლობაში შემავალ პირებსაც ენიშნებათ ხელფასი. არასამუშაო დროის განმავმავლობაში კომისიაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.
3. უფლებამოსილების განხორციელების მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
4. საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისთვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – საფინანსო განყოფილების გამგეც.
5. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს უფლება არა აქვთ არჩევნების დროს მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ 15 და არა უმეტეს 21 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, საპარლამენტო არჩევნების წლის ივნისში. კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო კოალიციას, აგრეთვე პარლამენტის იმ წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა წარდგინებით კომისიის 4 წევრზე მეტი არ აირჩევა. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით ირჩევს პარლამენტი უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში. თავის დადგენილებას პარლამენტი დაუყოვნებლივ აქვეყნებს კანონით განსაზღვრული წესით, აცხადებს რადიოთი და ტელევიზიით.
3. კომისიის 4 წევრსა და პარლამენტის თანხმობით – კომისიის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მათი უფლებამონაცვლენი იმავე წესით ინიშნებიან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და არა უგვიანეს ვადის ამოწურვის წინა დღისა. თუ კომისიის წევრს ან თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, მის უფლებამონაცვლეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 დღეში იმავე წესით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. კომისიის თითო წევრის არჩევის უფლება აქვთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს ან მათ პრეზიდიუმებს. კომისიის წევრი 4 წლის ვადით აირჩევა საპარლამენტო არჩევნების წლის ივნისში. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 დღეში ირჩევს უზენაესი საბჭო ან მისი პრეზიდიუმი. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში კომისიის წევრი ორივე ორგანომ აირჩია, კომისიის წევრად უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული პირი ჩაითვლება.
5. კომისიის თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე 5 პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.). კომისიის წევრებს პარტიები ნიშნავენ პარლამენტის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის არჩევნების დღიდან 90 დღის შემდეგ კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა და ამ მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით განსაზღვრულმა პირებმა დადგენილ ვადაში არ აირჩიეს (არ დანიშნეს) კომისიის წევრი, საქართველოს პარლამენტი პირველივე სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 15-მდე შესავსებად. კომისიის ამ წევრის უფლებამოსილების ვადა ისეთივეა, როგორიც იქნებოდა, ის რომ მისი არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე პირს აერჩია (დაენიშნა).
7. პარლამენტის არჩევნების დღიდან არა უადრეს 91-ე და არა უგვიანეს 111-ე დღისა კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა მხოლოდ კომისიის ის წევრი, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმცირესობის მიერ.
8. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. თუ საარჩევნო პროცესის განმავლობაში კომისიის შემადგენლობაში 15 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, მის შევსებამდე კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას; დადგენილებით იღებს ინსტრუქციებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის აუცილებელი და ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხების გადასაჭრელად;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ საკითხთა გადასაწყვეტად, დადგენილებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს და იმავე დადგენილებით განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას;
გ) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს; სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 5 წევრს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მისამართებს;
დ) განკარგულებით წყვეტს საარჩევნო ოლქისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს;
ე) განკარგულებით ადგენს და აქვეყნებს საარჩევნო ღონისძიებათა დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;
ვ) წარმართავს საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;
ზ) ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აუქმებს ან აუქმებს და ცვლის მათ; საგანგებო შემთხვევაში იღებს დადგენილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ჯგუფისთვის ამ კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ;
თ) დადგენილებით ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს; უნაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს და არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს; კონტროლს უწევს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
ი) დადგენილებით ადგენს საარჩევნო დოკუმენტების ფორმებს, საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს, საარჩევნო დოკუმენტების შენახვის წესს;
კ) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მონაწილეობის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად;
ლ)დადგენილებით ადგენს საარჩევნო კამპანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;
მ) დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას;
ნ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებსა და კენჭისყრისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტის სახეს, უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებითა და კონვერტებით საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;
ო) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს სათანადო განკარგულებას (ადასტურებს, აუქმებს, აუქმებს და ცვლის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ბათილად ცნობს არჩევნებს საარჩევნო უბანში, ნიშნავს ხელახალ კენჭისყრას საარჩევნო უბანში, წყვეტს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და ამომრჩეველთა სიების შემოწმების საკითხს და სხვ.); განკარგულებით ნიშნავს არჩევნების მეორე ტურსა და ხელახალ არჩევნებს საარჩევნო ოლქში; განკარგულებით ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებსა და საქართველოში; არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 5 დღისა პრესაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ და არჩეული პარლამენტის წევრების სიას;
პ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;
ჟ) პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს მის ადგილმონაცვლეს ამ კანონის შესაბამისად;
რ) ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს არჩევნებს საარჩევნო ოლქში და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ს) განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები. ვალდებულია განიხილოს განცხადება საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების შემოწმების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ განცხადება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი და თუ მასში აღნიშნული ფაქტის დადასტურება გამოიწვევს პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის მანდატების გადანაწილებას, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას;
ტ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ადგენს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალ ვადებს, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნიშნავს არჩევნების ჩატარების ახალ თარიღს ამ ოლქში;
უ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს; აძლევს სათანადო მოწმობას პარლამენტის წევრობის კანდიდატს;
დ) საოლქო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით გამოსცემს განკარგულებას არჩევნების შედეგების შესახებ;
ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ პარლამენტის წევრს, პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;
ვ) საქართველოს პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისია
1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ 9 და არა უმეტეს 13 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 4 წლის ვადით, თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულებიდან 30 დღეში. თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 27-ე მუხლში აღნიშნულ პირებს. თავის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 დღეში აქვეყნებს ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. კომისიის თითო წევრს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნიშნავს ის 7 პარტია, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში თავისი 5 წევრი მაინც ჰყავთ (მათი პარტიული კუთვნილება განისაზღვრება საარჩევნო რეგისტრაციისას მათი პარტიულობის აღმნიშვნელი ჩანაწერის მიხედვით). თუ ასეთ პარტიათა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, 7-მდე შესავსებად თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში (ამ შემთხვევაში დანიშვნის უფლება აქვს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას; თუ მან კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.) და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ, გარდა დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა, რომლებსაც ამ პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად მოპოვებული აქვთ კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ან შედიან საარჩევნო ბლოკში, რომლის ერთ პარტიას მაინც მოპოვებული აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო თუ მათი რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, კომისიის წევრებს ის პარტიები ნიშნავენ, რომლებსაც პარლამენტში მეტი წევრი ჰყავთ; თუ წევრთა რაოდენობა ტოლი აღმოჩნდა, უპირატესობა იმ პარტიას ეძლევა, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში გაჩნდა ვაკანსია და მისი გაჩენიდან 10 დღეში პარტიებმა არ გამოიყენეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება, ისინი ამ უფლებას კარგავენ, და თუ კომისიაში 9 წევრზე ნაკლები დარჩა, ცენტრალური საარჩევნო კომისია 5 დღეში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 9-მდე შესავსებად.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დასრულებიდან 10 დღეში კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 9 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრთა წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი.
6. საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით აქვეყნებს თავის და ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს მათი შექმნიდან 5 დღეში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
მუხლი 24. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ) განკარგულებით ქმნის საარჩევნო უბნებს და აქვეყნებს მათ სიებს;
გ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 5 წევრს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მისამართებს;
დ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;
ე) ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტერს; უნაწილებს ფულად სახსრებს საუბნო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს საარჩევნო ოლქში არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
ვ) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატების, თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიებით, მათი ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით;
ზ) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას;
თ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;
ი) ხელს უწყობს ამომრჩევლებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობაში;
კ) უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენებითა და სპეციალური კონვერტებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;
ლ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; აქვეყნებს ოლქში არჩევნების საბოლოო შედეგს;
მ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით აწყობს ხელახალი ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;
ნ) აწყობს არჩევნებს საარჩევნო ოლქში გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად;
ო) განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები. ვალდებულია განიხილოს განცხადება საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების შემოწმების შესახებ (ბიულეტენების ხელახლა დათვლა, ამომრჩეველთა სიების შემოწმება და სხვ.) და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ განცხადება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი და თუ მასში აღნიშნული ფაქტის დადასტურება გამოიწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) რეგისტრაციაში ატარებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს, პარლამენტის წევრობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს, მეთვალყურეებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას არჩევნების შედეგების შესახებ;
გ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს ამ კანონით განსაზღვრულ საბუთებს;
დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებათა შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისია
1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არჩევნებამდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 45-ე დღისა, ხოლო ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 13 წევრისაგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის მდივნისაგან.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 27-ე მუხლში აღნიშნულ პირებს.
3. კომისიის თითო წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნიშნავს ის 7 პარტია, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში თავისი 5 წევრი მაინც ჰყავთ (მათი პარტიული კუთვნილება განისაზღვრება საარჩევნო რეგისტრაციისას მათი პარტიულობის აღმნიშვნელი ჩანაწერის მიხედვით). თუ ასეთ პარტიათა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, 7-მდე შესავსებად თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში (ამ შემთხვევაში დანიშვნის უფლება აქვს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას; თუ მან კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.) და ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებენ, გარდა დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა, რომლებსაც ამ პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად მოპოვებული აქვთ კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ან შედიან საარჩევნო ბლოკში, რომლის ერთ პარტიას მაინც მოპოვებული აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო თუ მათი რაოდენობა 7-ზე მეტი აღმოჩნდა, კომისიის წევრებს ის პარტიები ნიშნავენ, რომლებსაც პარლამენტში მეტი წევრი ჰყავთ; თუ წევრთა რაოდენობა ტოლი აღმოჩნდა, უპირატესობა იმ პარტიას ეძლევა, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
4. თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში გაჩნდა ვაკანსია და მისი გაჩენიდან 5 დღეში პარტიებმა არ გამოიყენეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლება, ისინი ამ უფლებას კარგავენ, და თუ კომისიაში 5 წევრზე ნაკლები დარჩა, საოლქო საარჩევნო კომისია 3 დღეში ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 5-მდე შესავსებად. თუ ვაკანსიის გაჩენიდან არჩევნების დღემდე 4 დღეზე ნაკლები დარჩა, საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 5-მდე შესავსებად.
5. არჩევნებამდე არა უადრეს 43-ე და არა უგვიანეს მე-40 დღისა კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს. მათი არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნული წევრების წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
საუბნო საარჩევნო კომისია:
1) ადგენს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიებს;
2) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს განცხადებებს სიებში შეცდომის შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხს;
3) ამომრჩევლებს აძლევს ამომრჩევლის ბარათსა და მოთხოვნისას – ხმის მიცემის უფლების მოწმობას;
4) მოსახლეობას აუწყებს საუბნო საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელს და მისი მუშაობის დროს, აგრეთვე არჩევნების თარიღსა და ხმის მისაცემ ადგილს; 5) უზრუნველყოფს ხმის მისაცემად შენობის, საარჩევნო ყუთებისა და კაბინების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას;
6) ორგანიზაციას უწევს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას არჩევნების დღეს;
7) ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს, პარლამენტის წევრობის ყოველი კანდიდატისა და ყოველი პარტიული სიისთვის მიცემული ხმების რაოდენობას;
8) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს;
9) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 27. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალი პირების დანიშვნისა და წარდგენის წესი
1. საარჩევნო კომისიებში კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო კოალიციას, აგრეთვე პარლამენტის იმ წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში;
ბ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა – შესაბამისად ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა სულ ცოტა ერთ მეექვსედს, აგრეთვე კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის წესდებაც საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ან/და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საარჩევნო ოლქში მოქმედ რაიონის (თუ ოლქი ქალაქშია – ქალაქის) საკრებულოს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – საარჩევნო უბანში მოქმედ საკრებულოს (თუ უბანი ქალაქშია – ქალაქის საკრებულოს);
დ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენით, თუ მას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატისა – ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენით, თუ მას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო უბანში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი.
2. საარჩევნო კომისიაში წევრად წარდგენისა თუ დანიშვნისას სათანადო ორგანოს და შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი (დანიშნული) პირის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი (ტექსტში შემდგომ "ვინაობა და მისამართი"), აგრეთვე ამ პირის თანხმობა საარჩევნო კომისიაში წარდგენაზე (დანიშვნაზე) .ამ მუხლის "გ" პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებელთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ბინის მისამართი, ხელმოწერის თარიღი, ხელმოწერა.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
„მუხლი 28. საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლის წესი
1. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საფუძველზე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა შეიძლება მისი დამნიშნავი ორგანოს მიერ, არჩევნების (კენჭისყრის) დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა.
3. კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისთვის კი – თვით ამ კომისიას ამ პირის მიერ არჩევნების (რეფერენდუმის) შესახებ ორგანული კანონებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებების დარღვევისას ან საარჩევნო კომისიის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას. უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე, მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის მიერ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დარღვევა დადასტურდა სასამართლოს მიერ, მისი უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და იგი ვეღარ დაინიშნება საარჩევნო კომისიის წევრად. უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას კომისიის ახალი წევრი 10 დღეში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინიშნება ამ კანონის მე-18, 21-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 29. საარჩევნო კომისიებისათვის ხელშეწყობა მათი უფლებამოსილების განხორციელებაში
1. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოს, საწარმოსა და დაწესებულების თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის.
2. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 1999 წლის 5 მარტის ორგანული კანონი №1834-სსმI,№7(14),12.03.1999წ.,მუხ.29
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 30. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები, საარჩევნო ფონდი
1. არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში აისახება ცალკე მუხლით. ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების დამთავრების შემდეგ მას ამტკიცებს ახლადარჩეული პარლამენტი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა, მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 58 დღისა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევნებისათვის გამოყოფილი თანხის ჩარიცხვას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. თუ ამ დროისთვის ეს თანხა არ ჩაირიცხა, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო გარანტიით აიღოს საბანკო კრედიტი იმ ოდენობით, რომელიც ტოლია დამტკიცებული და ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების სხვაობისა.
3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველი პარტია, საარჩევნო ბლოკი და ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი ქმნის საარჩევნო ფონდს ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნით, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თავიანთი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა (რომლებშიც არ არის სახელმწიფოს წილი), საქართველოს მოქალაქეთა და პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი.
4. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ოდენობას (პარტიისა და ბლოკისთვის დადგენილი თანხის ოდენობა ტოლია მათ მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობის ნამრავლისა დამოუკიდებელი კანდიდატისათვის დადგენილი თანხის ოდენობაზე). საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირი, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირნი, ხოლო პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდს განაგებს კანდიდატის მიერ დანიშნული ფონდის გამგებელი საარჩევნო ფონდის გამგებელი პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის.
5. საარჩევნო ფონდისთვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში) ცენტრალურ (საოლქო) საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრირების შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა აღნიშნულ ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა.
6. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 47 დღისა. საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ამის შემდეგ 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშებზე არსებულ ნაშთს, ხოლო ორი კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ანგარიშს მის მიერ დადგენილი ფორმით.
7. პარლამენტის არჩევნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყდება ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებიდან და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. ამასთან, თუ პარტიის, საარჩევნო ბლოკის ერთი კანდიდატი მაინც იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება პარტიის ანგარიშზე, სარჩევნო ბლოკისა – თანაბრად მასში შემავალი პარტიების ანგარიშებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.
8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით გადალახეს ბარიერი, აგრეთვე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით პარლამენტის წევრად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს. ეს ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება მის მიერვე დადგენილი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს მის შემოწმებას საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარალამენტის წევრებად არჩეული ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელისას – პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.
9. სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები ,საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობებს. სატელეფონო საუბრები ანაზღაურდება არჩევნების ხარჯებიდან. საარჩევნო კომისიები, არ უნდა იყვნენ განთავსებულნი იმავე შენობებში, რომელშიც განთავსებული არიან სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან/და პარტიები. გამონაკლისი დაიშვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 31. საარჩევნო კომისიების მუშაობის საჯაროობა
1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ თითო პირს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებულ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებსა და თითო მეთვალყურეს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან, რომელთა წესდებებიც საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს ან/და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს (თუ წესდების ეს დებულება განცხადების წარდგენამდე ერთი წლით ადრე მაინც არის რეგისტრირებული), აგრეთვე მეთვალყურეებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში, საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატების, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნულ თითო მეთვალყურესაც (პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი და მეთვალყურე ერთდროულად არ შეიძლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანში). რწმუნებულთა, ნდობით აღჭურვილ პირთა და მეთვალყურეთა უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ამ კანონით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებითა და საარჩევნო კომისიათა რეგლამენტებით. მეთვალყურეთა რეგისტრაციისა და ჟურნალისტთა აკრედიტაციის შესახებ განცხადება ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა. კომისიამ გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 3 დღეში უნდა მიიღოს.
2. მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას მეთვალყურეთა დანიშვნის უფლებას ანიჭებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუ მისი წესდება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; ეს გადაწყვეტილება მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო მათ – შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მეთვალყურის უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს გაერთიანების ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი წარდგინებით, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მეთვალყურისა – მათი რწმუნებულის, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატის მეთვალყურისა – მისივე წარდგინებით. წარდგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე (კენჭისყრამდე) არა უგვიანეს 2 დღისა.
21. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო პროცესის განმავლობაში დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს. კომისიის წევრებსა და დასწრების უფლების მქონე პირებს მკერდზე უნდა ეკეთოთ შესაბამისი მოწმობა, რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს მათი სახელი, გვარი და სტატუსი. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ყველა სხვა პირი გააძევოს კომისიის სხდომიდან და ხმის მისაცემი შენობიდან.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ პარლამენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას. მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე. საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები აწვდიან მათ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
4. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საშუალება ეძლევა ყოველდღიურად საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხოლო საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებს – ადგილობრივი ქსელით, უფასოდ გადასცენ ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მიერ ამ მიზნით შერჩეული პირი.
5. საარჩევნო კომისიები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სისტემატურად აქვეყნებენ ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.
6. საარჩევნო კომისიების დოკუმენტაცია ღიაა შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააცნოს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს. მათი გაცნობის წესი განისაზღვრება შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით. სხვა პირებისთვის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცნობის ან/და მათი ასლების გადაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი V
ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი და ხმის მიცემის უფლების მოწმობა
მუხლი 32. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი
1. ამომრჩეველთა სია თითოეული უბნის მიხედვით დგება ორ ცალად. სიას ყველა გვერდზე ხელს აწერენ საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
2. სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა უზრუნველყოფენ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა, მათ შორის იმათი, ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდება 18 წელი, აღრიცხვას და გადასცემენ საარჩევნო კომისიებს იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად. ამომრჩეველთა სიაში შედის ამომრჩევლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა სიას საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს არჩევნებამდე 55 დღით ადრე. თუ დევნილის სტატუსის მქონე პირი აღმოჩნდება რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, იგი ამოღებულ იქნება დევნილთა საარჩევნო სიიდან. დევნილთა სიები საარჩევნო ოლქის მიერ კეთდება იმ რაიონების მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ დევნილი ამომრჩევლები და გადაეცემა შესაბამის უბანს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით, რომლებიც შექმნილია საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგენენ შესაბამისი საუბნო კომისიები ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და გემების კაპიტნების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 33. ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეტანის წესი
1. ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება და რომელიც სიის შედგენის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები საარჩევნო სიებში შეაქვთ მათი დისლოკაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები საარჩევნო სიებში შეაქვთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ იღებენ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში.
2. ამომრჩეველი შეტანილ უნდა იქნეს ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში.
3. საარჩევნო უბანში მცხოვრები ამომრჩეველი, რომელიც შეყვანილი არ იყო ამომრჩეველთა სიაში, მასში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 34. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა და ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება
1. საარჩევნო სიები ქვეყნდება არჩევნებამდე 30 დღით ადრე. პრეტენზიები საუბნო საარჩევნო კომისიაში მიიღება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. პრეტენზიებს საუბნო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს საარჩევნო ოლქს, რომელსაც პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი შეყავს ამომრჩეველთა სიაში, რომელიც ქვეყნდება არჩევნებამდე 10 დღით ადრე. თუ პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, ამომრჩეველს უფლება აქვს 3 დღის ვადაში სარჩელი შეიტანოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს 3 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეყავთ ამომრჩეველთა სიაში.
2. ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეყვანილი იქნებიან კომისიის წევრები, რომლებიც კომისიის წევრად დანიშნულნი არიან იმავე ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე. თუ პირი დანიშნულია სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, იგი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 35. ხმის მიცემის უფლების მოწმობა. ამომრჩეველთა დამატებითი სია
1. თუ ამომრჩეველმა სახელმწიფოს, ოღონდ არა ერთი და იმავე დასახლებული პუნქტის, ფარგლებში ადგილსამყოფელი შეიცვალა ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან არჩევნების წინა დღის 18 საათამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, ამომრჩეველს აძლევს ხმის მიცემის უფლების მოწმობას, რის შემდეგაც იგი ამოღებული იქნება ამომრჩეველთა სიიდან. მოწმობის გაცემას/მიღებას და სიიდან ამოღებას ამომრჩეველი და კომისიის უფლებამოსილი წევრი სიაში ხელმოწერით ადასტურებენ; სიაში შეიტანება ამომრჩევლის პირადი და მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომრები.
2. ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველი შეაქვთ დამატებით სიაში საარჩევნო უბანში არჩევნების დღეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
3.ამომრჩეველი, რომელიც კეჭისყრაში მონაწილეობს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, მონაწილებას არ იღებს ამ ერთ მანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატების არჩევნებში და შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი მას არ მიეცემა.
4. საარჩევნო უბანში მცხოვრები ამომრჩეველი, რომელიც შეყვანილი არ იყო ამომრჩეველთა სიაში, კენჭისყრის დღეს შეჰყავთ მასში საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობის წარდგენისას (მოწმობების ნომრები და პირადი ნომერი შეიტანება სიაში).
5. კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ავადმყოფები, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ამომრჩევლები და სამხედრო ნაწილებში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს, შეჰყავთ ამომრჩეველთა სპეციალურ დამატებით სიაში.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი VI
პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენი
მუხლი 36. პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, რაიონის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები, აგრეთვე პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ რეგისტრაციამდე განთავისუფლებულნი არ იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
მუხლი 37. პარტიული სიებისა და პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კანდიდატთა წარდგენა
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 235-ს. სიას თან უნდა ერთოდეს იმ კანდიდატთა ჩამონათვალი (გვარი და სახელი), რომლებიც წარდგენილნი არიან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ამ ოლქების ნომრების მითითებით.
3. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
4. პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები, საარჩევნო ბლოკები. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.
5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და საქმიანობა, პარტიულობა. იგი დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირის ხელმოწერით.
6. პარტიული სიები უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშნის შემდეგ, არა უგვიანეს 1 სექტემბრისა, სიებს უნდა ერთვოდეს ყოველი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი და პირადობის მოწმობის ნომერები, ორი ფოტოსურათი და რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც, როგორც მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის კანდიდატმა (სააღრიცხვო ბარათებს პარტიის რწმუნებულს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია). საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 38. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენა
1. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი საარჩევნო ოლქის არანაკლებ 1.000 ამომრჩევლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.
2. პარლამენტის წევრობის კანდიდატად ერთი და იმავე პიროვნების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს ერთ საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.
3. ამომრჩეველთა მიერ კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არა უგვიანეს 1 აგვისტოსი, განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს მათი ვინაობა და მისამართი, საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის ვინაობა, აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი და სახელი; დაბადების თარიღი; პროფესია და საქმიანობა; პარტიულობა; საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგია წარდგენილი. განცხადებას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, ორი ფოტოსურათი, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში (სააღრიცხვო ბარათებს საინიციატივო ჯგუფს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია). ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების შესახებ, აგრეთვე ხელმოწერათა ბლანკების ნიმუშები.
5. ხელმოწერათა შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არა უგვიანეს 10 აგვისტოსი უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
6. ზემოთ აღნიშნული საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა ცნობა პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ცნობაში უნდა აღინიშნოს საბუთების მიღების თარიღი.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 39. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები და მათი შემოწმება
1. არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდაჭერა ამ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებმა ხელმოწერების ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
2. მხარდამჭერთა ბლანკის ნიმუშს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბლანკში აღნიშნული უნდა იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების წელი (აგრეთვე თვე და რიცხვი, თუ მას 18 წელი მიმდინარე წელს უსრულდება), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი, საცხოვრებლის მისამართი (რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერით. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შემგროვებლის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და დადასტურებული უნდა იყოს მისი ხელმოწერით.
3. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით ამოწმებენ ხელმოწერათა ნამდვილობას. ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიც დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმოწერების შემგროვებლის მიერ, აგრეთვე ის ხელმოწერები, რომელთაც არ ახლავს ხელმოწერების ბლანკით გათვალისწინებული სხვა მონაცემები ან ეს მონაცემები არასწორია. ბათილად მიიჩნევა მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი ამომრჩეველი, აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სიების შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიებზე – 10 დღეში თუ შემოწმების შედეგად პარტიის მხარდამჭერთა სიაში ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 5000-ზე, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში 1000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარტია და კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდებიან. პარტიისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები მოწმდება შესაბამისად პარტიის რწმუნებულისა და კანდიდატის წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებსა და, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდები ნადგურდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 40. პარტიული სიების, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია
1. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილია ამ კანონის 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
2. ამ კანონის 37-ე მუხლში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 5 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს პარტიული სიისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და პარტიას, საარჩევნო ბლოკს 5 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა მათი წარდგენიდან 2 დღეში ხდება. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად დგება და კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ ერთი მათგანი დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. ამ კანონის 38-ე მუხლში აღნიშნული საბუთების მიღებიდან 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია ამოწმებს ამ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულს 2 დღეში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და საინიციატივო ჯგუფს 3 დღე ეძლევა დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა მათი წარდგენიდან 2 დღეში ხდება. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო თუ რეგისტრირებულია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოიხსნება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, კერძოდ, თუ არასწორი ან არასრულია მათში მოყვანილი მონაცემები, თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა ერთი და იმავე პიროვნების თანხმობა პრეზიდენტობის კანდიდატად, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველობის არჩევნებში და პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე, თუ შესაბამისი საარჩევნო პროცესების ვადები ერთმანეთს კვეთენ, ან სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით კენჭისყრაზე, ან სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, ან პარტიული სიითა და ამომრჩეველთა მიერ წარდგენილ კანდიდატად კენჭისყრაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხოლო საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულს – საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.
5. პარტიისა და პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ საარჩევნო ოლქში წარდგენილ სიაში არჩევნებამდე არა უგვიანეს 2 დღისა კანდიდატთა რაოდენობა 37-ე მუხლით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება.
6. ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან არჩევნებიდან რაიმე სხვა მიზეზით გამოკლების შემთხვევაში, ოლქში წარდგენილი დარჩენილი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.
7. რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს, პარტიული სიის წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უფლება აქვთ უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში.
8. რეგისტრირებული პარტიული სიებს ოფიციალურ გაზეთებში აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა გვარებს იმ მონაცემებითურთ, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 15-ე დღისა.
9. არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (ბლოკების) შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, მისი ნომრით მონაწილეობის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ ბლოკის სიაში დასახელებულ პარტიებს. თუ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები, რომლებიც ბოლო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას. ამ შემთხვევაში რიგით მომდევნო პარტიები (ბლოკები) შესაბამისად გადაინაცვლებენ წინ.
10. პარტიების (ბლოკების), გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული პარტიებისა (ბლოკებისა), რიგითობა დგინდება წილისყრით, რომლის ჩატარების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. წილისყრა ტარდება არა უადრეს 12 და არა უგვიანეს 14 აგვისტოსი. თუ ასეთი პარტიები შევლენ საარჩევნო ბლოკში, ისინი ბლოკის წესდებაში მიუთითებენ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას.
11. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს იგივე რიგითი ნომერი ენიჭება, რაც მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს აქვს. დანარჩენ კანდიდატთა რიგითობა წილისყრით დგინდება. წილისყრის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია და იგი 12-დან 15 სექტემბრამდე იმართება.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 41. პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა
1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა ანდა არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის. შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკის წესდებითა და განცხადებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.
2. ოლქში წარდგენილ კანდიდატს შეუძლია არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა საარჩევნო ოლქში, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატს შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასეთ შემთხვევაში მისი კანდიდატურა მოიხსნება საარჩევნო ოლქიდან.
3. ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულის შესახებ საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე ოთხ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, – დაუყოვნებლივ.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 42. საარჩევნო ბიულეტენები
1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას განკარგულებით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო ბიულეტენს ბეჭდავს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიერ ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთისათვის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.
3. საარჩევნო ბიულეტენთა ზუსტი აღრიცხვისთვის თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება და თანამიმდევრობითვე ას-ას ცალად იკინძება; რიგითი ნომერი ბიულეტენის ყუაზე იბეჭდება, ხოლო საარჩევნო უბნის ნომერი – ყუაზე და თვით ბიულეტენზე; ყოველ შეკვრას აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია გრაფები საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრებისა და დასახელებების, შეკვრაში არსებულ ბიულეტენთა რიგითი ნომრების აღნიშვნის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბიულეტენთა მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირების ხელმოწერისთვის, აგრეთვე გრაფა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როგორც წესი, მისი მოადგილის, კომისიის მდივნისა და იმ წევრის ხელმოწერისთვის, რომელსაც ეს შეკვრა გადაეცა. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი რეგულირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით.
4. საარჩევნო უბნისთვის გადაცემულ ბიულეტენთა რაოდენობა შეესაბამება უბანში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ასის ჯერადობით (ზედმეტობით), მაგრამ არც ერთი შეკვრა არ იყოფა.
5. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად აღირიცხება. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ შესაბამისად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ბიულეტენთა გადაცემისას 2 ცალად დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ბიულეტენთა გამცემი და მიმღები საარჩევნო კომისიების დასახელება, გადაცემულ ბიულეტენთა სახეობა, ნომრები და სრული რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირები (ოქმის თითო ცალი შესაბამის კომისიებს გადაეცემა).
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
თავი VII
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიათა და საარჩევნო ბლოკთა, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები
მუხლი 43. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები
1. პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს გამოვიდეს თავისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილ კანდიდატს კი თავისი მომავალი საქმიანობის პროგრამით. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის, რელიგიური დაპირისპირების მოწოდებას.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას ოფიციალურ და ადგილობრივ გაზეთში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას წარდგენილი პარტიული სიებითა და ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა სიებით, ამ კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით, თუ აღნიშნული მასალა შესაბამის საარჩევნო კომისიას გადაეცემა არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
მუხლი 44. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი
1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია ჰყავდეს თითო რწმუნებული ყოველ საარჩევნო ოლქში, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რწმუნებულთან ერთად წარმოადგენს პარტიას, საარჩევნო ბლოკს საარჩევნო კომისიებთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან ურთიერთობისას. საოლქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულს ნიშნავს პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
2. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია ჰყავდეს იმდენი ნდობით აღჭურვილი პირი, რამდენი უბანიცაა მის საარჩევნო ოლქში. ნდობით აღჭურვილი პირი კანდიდატის წარმომადგენელია საარჩევნო ურთიერთობაში.
3. პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნიშნავს ნდობით აღჭურვილ პირს და აძლევს მათ შესაბამისი საარჩევნო კომისიისაგან მიღებულ მოწმობას.
4. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს თავისი რწმუნებულის, ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და შეცვალოს იგი, რის შესახებაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. რწმუნებულმა, ნდობით აღჭურვილმა პირმა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას უფლებამოსილება.
5. პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 45. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან
1. პარლამენტის წევრობის კანდიდატს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.
2. რეგისტრირების შემდეგ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება გაიწვიონ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე. თუ იგი ნამდვილ სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზეა, სამსახური შეწყდება არჩევნების დღის მომდევნო დღემდე. არჩეული პარლამენტის წევრი თავისუფლდება ნამდვილი სამხედრო სამსახურისაგან თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
მუხლი 46. პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა
1.პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაკავებულ იქნა დანაშაულის ადგილზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისია თანხმობას იძლევა განკარგულებით, რომელიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 47. წინასაარჩევნო აგიტაცია
1. პარლამენტის წევრობის კანდიდატები თანასწორი უფლებით მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.
2. საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, რწმუნებულებს, ნდობით აღჭურვილ პირებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა გასწიონ აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
3. საარჩევნო კომისია ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ერთად მოვალეა ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას, დროულად გამოაცხადოს მათი მოწყობის დრო და ადგილი.
4. შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დღიდან პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და ა. შ. (ტექსტში შემდგომ – "პლაკატები").
აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალურად აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა. ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჭერქვეშ და მიტინგზე, რომელიც იმართება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნებამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. გასავრცელებლად სავალდებულოა პარტიული სიები, ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სია, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები, საარჩევნო პროგრამები. მასალის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები.
6. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, შენობებზე, რომლებიც უკავიათ სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, საგზაო ნიშნებზე. ქალაქის, დაბის, თემისა და სოფლის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებით (ასეთ შენობათა ჩამონათვალი მათ არჩევნებამდე 50 დღით ადრე მაინც უნდა გამოაქვეყნონ), აგრეთვე მათი იმგვარად დადგმა, რომ მათ საშიშროება შეუქმნან მოძრაობის უსაფრთხოებას. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. აკრძალულია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის განლაგებული. პარტიები, საარჩევნო ბლოკები, პარლამენტის წევრობის კანდიდატები ვალდებულნი არიან არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებიდან 10 დღეში უზრუნველყონ თავიანთი პლაკატების ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა.
7. საარჩევნო აგიტაცია წყდება არჩევნების წინა დღის 24 საათზე. არჩევნების დღეს ყოველგვარი აგიტაცია, გარდა ხმის მისაცემი შენობის გარეთ ადრე გამოკრული სააგიტაციო მასალისა, აკრძალულია.
8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების (საარჩევნო ბლოკების) საარჩევნო რეგისტრაციის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან სახელმწიფო ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით, უფასოდ გამოყონ ყოველდღიურად 3 საათი საეთერო დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის. აკრძალულია სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო კომპანიის მიერ საეთერო დროის გაყიდვა. კერძო სატელევიზიო და რადიო კომპანიების მიერ ნებაყოფლობით გამოყოფილი საეთერო დრო, უფასოც და ფასიანიც, დროის გამოყოფის პირობების გამოცხადებისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევგნებში დამოუკიდებლად მონაწილე მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებს შორის; რომელიმე მათგანის მიერ ამ დროის გამოუყენებლობის შემთხვევაში იგი სხვებზე არ გადანაწილდება. საეთერო დროის ფასი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს. შესაბამისი საარჩევნო კომისია პარტიებთან, საარჩევნო ბლოკებთან და ტელე-რადიო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს გამოსავლების გრაფიკის შემუშავებას და დაცვას.
9. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის გამოყოფილი საეთერო დრო პირობებით უნდა განაწილდეს მათ შორის.
10. არჩევნების დღის დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გარდა მისი ჩატარებისთვის გამოყოფილი დროის შუალედისა, იკრძალება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული გამოსვლა. იკრძალება აგრეთვე პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების გამოსვლა. თუ ეს დაკავშირებული არ არის ოფიციალურ ინფორმაციასთან.
11. არჩევნების დღის დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.
12. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღის დანიშვნის შესახებ ცნობის გამოქვეყნების დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, მათ რწმუნებულებსა და ნდობით აღჭურვილ პირებს ეკრძალებათპირადად ან ვინმეს მეშვეობით გადასცენ ამომრჩევლებს ფულადი სახსრები, საჩუქრები და სხვა სახის მატერიალური ფასეულობანი, ჩაატარონ საქონლის შეღავათიან ფასებში გაყიდვა, მიაწოდონ ან უფასოდ გაავრცელონ ნებისმიერი საქონელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული პროპაგანდისტული მასალისა, აგრეთვე დააინტერესონ ამომრჩევლები მათთვის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ასეთი ფაქტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე ამ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 48. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას
1. პარლამენტის არჩევნებს საარჩევნო კომისიები ამზადებენ და ატარებენ ღიად და საჯაროდ. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნას, საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, ადგილსამყოფელს, მუშაობის დროს, ამომრჩეველთა სიებს, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნუსხას, მათ მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა და ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, აწვდიან ცნობებს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა შესახებ, აცნობენ არჩევნების შედეგებს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა და პლატფორმა, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატს – ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული წერილები, რისთვისაც შესაბამის გაზეთს უნდა მიაწოდოს პროგრამა და პლატფორმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა. ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს მათი წარდგენის რიგითობა.
3. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებათა ნუსხას, რომლებიც უფასოდ აქვეყნებენ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ მასალებს და მათი მუშაობის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება არჩევნებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
თავი VIII
კენჭისყრის წესი და არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნები გამოკლებულ პარლამენტის წევრის ნაცვლად და მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი
მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს კენჭისყრა ეწყობა 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.
2. ხმის მიცემის დროს დაუშვებელია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა და კენჭისყრის შეწყვეტა, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. სამხედრო ნაწილებში არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.
4. აკრძალულია კენჭისყრის გამართვა არჩევნების დღემდე ან მის შემდეგ, გარდა ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ხელახალი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევებისა.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 50. კენჭისყრის მოწყობა
1. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ ისეთ შენობებში, რომლებიც არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სარგებლობაში. ამ შენობებში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი საკმაო რაოდენობით კაბინები ან ოთახები, განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთი ისე უნდა დაიდგას, რომ მას ხედავდნენ მეთვალყურენიკენჭისყრის კაბინებში (ოთახებში) უნდა იყოს კალმისტრები. კენჭისყრის შენობებსა და ოთახებში გამოკრული უნდა იყოს პარტიული სიები და შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიები, აგრეთვე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს საარჩევნო ბიულეტენი.
2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტია, საარჩევნო ბლოკი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნებში აღარ მონაწილეობს, სათანადო განცხადება თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში).
3. პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების ობიექტური გამოვლინების, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და შენობის მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო პერსონალურად – კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა კენჭისყრის შენობაში დასწრების უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. ხმის მისაცემ შენობაში წესრიგის დასაცავად გამოყოფილი პოლიციელი დარღვევების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში და მისი პირადი პასუხისმგებლობით. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდნენ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის, ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, აგრეთვე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი ან მეთვალყურე (ერთდროულად – მხოლოდ ერთ-ერთი), კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეთვალყურენი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლები.
4. არჩევნების დღეს, კენჭისყრის დაწყებამდე, კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ძირითადი სიის მიხედვით, ამოწმებს და აცხადებს მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობას, ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს საარჩევნო ყუთებს, რის შემდეგაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი; საკონტროლო ფურცელზე აღინიშნება ყუთში მისი ჩაშვების დრო. ამის შემდეგ იხსნება დაბეჭდილი პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ბიულეტენების მარკირებისთვის განკუთვნილი ბეჭედი. კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც ევალებათ ბიულეტენების გაცემა, გადაეცემათ ბიულეტენების თითო შეკვრა, რაც შეკვრის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და შეკვრის მიმღების ხელმოწერებით დასტურდება.
5. თითოეული ამომრჩეველი ხმას პირადად აძლევს. სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია. საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო დევნილთათვის აგრეთვე დევნილის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი.
6. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას.
7. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეულ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, საუბნო საარჩევნო კომისია მათი თხოვნით, რომელიც არჩევნების დღის წინა დღის 18 საათამდე. უნდა ეცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას და გატარებული უნდა იყოს განცხადებების ჟურნალში, კომისიის წევრებს ავალებს კენჭისყრის მოწყობას ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში კენჭისყრის მოწყობაში მონაწილეობს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი; მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებსაც. კენჭისყრის ამგვარად ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით ეწყობა კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე. თუ ასეთი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და თავისუფლების აღკვეთის ადგილი ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტშია, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაცია ამის შესახებ აცნობებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქისა და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის ბიულეტენები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის ბიულეტენი და კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს თავისუფლების აღკვეთის ადგილი.
8. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის პლომბის (ლუქის) მთლიანობა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კანონის დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით ყუთი ხელახლა იპლომბება (ილუქება) და კენჭისყრა ჩვეულებრივად გრძელდება; თუ კომისია მიიჩნევს, რომ პლომბის (ლუქის) მთლიანობის დარღვევა გამოყენებულ იქნა კანონის დარღვევით ყუთში ბიულეტენების ჩასაყრელად, იგი შეაჩერებს კენჭისყრას, ყუთიდან ამოიღებს ყველა ბიულეტენს (ეს ბიულეტენები ერთად იკვრება და ბათილად ითვლება), ხელახლა დალუქავს ყუთს და ამ კანონით დადგენილი წესით განაახლებს კენჭისყრას. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 51. კენჭისყრის ჩატარება
1. კენჭისყრის პროცედურა ტარდება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მიღებული ბიულეტენები და სპეციალური კონვერტი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით დადგმულ მაგიდასთან, სადაც ისინი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრის ხელმოწერით, რომელთაც ირჩევს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთს – მოადგილის წარდგინებით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან დანიშნულ წევრთაგან, და მარკირებისთვის განკუთვნილი კომისიის ბეჭდით;
ბ) ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში, ავსებს ბიულეტენებს და დებს სპეციალურ კონვერტში. ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველი შემოხაზავს იმ პარტიის (საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატის) რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას;
გ) ამომრჩეველი მიდის საარჩევნო ყუთთან და მასში უშვებს კონვერტს. ყუთთან ერთდროულად მხოლოდ ერთი ამომრჩეველი შეიძლება მივიდეს;
დ) უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს კომისიის ერთ-ერთი წევრი;
ე) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩასაშვები ჭრილი უნდა დაილუქოს.
2. საარჩევნო ბიულეტენებს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ნდობით აღჭურვილი პირისა, პარტიისა, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულისა და მეთვალყურისა.
3. თუ ამომრჩეველსა და საარჩევნო ყუთთან მდგომ კომისიის წევრს უყურადღებობის გამო გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.
4. კომისიის წევრებსა და საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის ბიულეტენი აქვს. ისინი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა.
5. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 52. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საარჩევნო უბანში
1. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანამიმდევრობა (ქვემოთ აღწერილი პროცედურა ცალ-ცალკე ტარდება სხვადასხვა სახის ბიულეტენებისთვის):
ა) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტებად კრავს:
ა.ა) ბიულეტენების გამოუყენებელ პაკეტებსა და იმ პაკეტებს, რომლებშიც გამოუყენებელი დარჩა ერთი ან რამდენიმე ბიულეტენი (ასეთ შემთხვევაში პაკეტის თავფურცელზე იწერება გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა);
ა.ბ) გაფუჭებულ ბიულეტენებს;
ბ) თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ კომისიის თავმჯდომარემ (ან მისმა მოადგილემ) და მდივანმა. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ოქმებში უნდა ჩაიწეროს მიღებულ, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა;
გ) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნების მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც ხელი მოაწერეს ამომრჩეველთა სიაში. იმავე ოქმში უნდა ჩაიწეროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, მათი რაოდენობა ძირითად და დამატებით სიებში;
დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე პლომბის (ლუქის) მთლიანობას. თუ მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კანონის დარღვევა, კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება, გაგრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩვეულებრივი პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო უბანზე არჩევნები ბათილად ჩაითვლება, ყუთები დაილუქება და კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას;
ე) პლომბის (ლუქის) შემოწმების შემდეგ ჯერ გაიხსნება ძირითადი ყუთი და შემოწმდება მასში საკონტროლო ფურცლის არსებობა, შემდეგ ირევა ძირითად და გადასატან ყუთებში არსებული ბიულეტენები და მოწმდება მეორე საკონტროლო ბარათი. ამის შემდეგ სრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურა. თუ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მასში არსებული ყველა ბიულეტენი ბათილად ითვლება. ისინი დაუთვლელად იკვრება ერთ ან რამდენიმე შეკვრად, ილუქება და დგება სათანადო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი პროცედურის დასრულების შემდეგ კომისია ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) კომისია თავის წევრთაგან გამოყოფს სამ მთვლელს, მათ შორის, ერთს მაინც იმ პარტიათა მიერ დანიშნულ წევრთაგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი საპარლამენტო უმრავლესობაში (მთვლელები პერიოდულად შეიძლება შეიცვალონ), რომლებსაც განცალკევებით დადგმულ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები. ამ მომენტიდან დაწყებული, ბიულეტენების დათვლის მთელი დროის განმავლობაში კომისიის დანარჩენი წევრები და ყველა დამსწრე ამ მაგიდიდან მოშორებით, მაგრამ ისეთ მანძილზე უნდა იდგნენ, რომ შეძლონ დათვლის პროცესის გაკონტროლება;
ბ) მთვლელები საარჩევნო ყუთიდან მაგიდაზე გადმოყრიან კონვერტებს. პირველი მთვლელი კონვერტიდან იღებს ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, ხოლო მეორე სახისას – მესამე მთვლელს; ცალ-ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, აგრეთვე ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული; კონვერტის გარეშე არსებული ბიულეტენები ბათილად ითვლება; თუ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ყველა ბათილად ითვლება, დაეწერება „ბათილია“ და ცალკე ეწყობა. მეორე და მესამე მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ ბიულეტენებს თითოეული პარტიისა (საარჩევნო ბლოკისა) და თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების შესაბამისად;
გ) ყველა ბიულეტენის დანაწილების შემდეგ ჯერ მოწმდება ის ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული ბიულეტენები ემატება შესაბამის დასტებს, ბათილად მიჩნეული კი – ბათილად ცნობილი ბიულეტენების დასტას. შემდეგ დაითვლება დაუდგენელი ნიმუშის, შემდეგ კი – ბათილად ცნობილი ბიულეტენები (სახეების მიხედვით) და ცალ-ცალკე დასტებად იკვრება. ყოველი დასტა იმგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს დასტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახე;
დ) შემდეგ ითვლება თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობა (ყოველი 50 ბიულეტენი ლითონის შემკერით იკვრება და ყველა, როგორც სრულ, ისე არასრულ შეკვრას უკანა მხრიდან დაეწერება შეკრული ბიულეტენების რაოდენობა) და ეს ბიულეტენები ცალკე დასტად იკვრება; დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატის სახელი და გვარი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;
ე) შემდეგ ითვლება თითოეული პარტიისთვის (საარჩევნო ბლოკისთვის) მიცემული ხმების რაოდენობა (ყოველი 50 ბიულეტენი ლითონის შემკერით იკვრება და ყველა, როგორც სრულ, ისე არასრულ შეკვრას უკანა მხრიდან დაეწერება შეკრული ბიულეტენების რაოდენობა) და ეს ბიულეტენები ცალკე დასტად იკვრება; დასტას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დასახელება, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;
ვ) დათვლის შედეგი ჩაიწერება იმავე ოქმებში: ერთში აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მეორეში კი – თითოეული პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა; ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ყველა დამსწრე წევრი.
3. კენჭისყრის შედეგები შეიტანება 2 ოქმში (ერთი დგება პარტიული სიებით, ხოლო მეორე – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით საარჩევნო უბანში ჩატარებული არჩევნების შედეგის აღსაწერად), რომლებშიც აღინიშნება საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, ამომრჩეველთა რაოდენობა ძირითად სიაში, ამომრჩეველთა რაოდენობა დამატებით სიაში, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა (იგი ტოლია ამომრჩეველთა სიებში მათი ხელმოწერების რაოდენობისა, იმ ამომრჩეველთა გამოკლებით, რომელთაც მიეცა ხმის მიცემის უფლების მოწმობა), მიღებულ, გამოუყენებელ, გაფუჭებულ და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ დადგენილი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, აგრეთვე ბათილად ცნობილ და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, ყოველი კანდიდატის (მეორე ოქმში – ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის) დასახელება და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ორივე ოქმს ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მისი მოთხოვნით, წერილობით გამოხატული მისი განსაკუთრებული აზრი ოქმს უნდა დაერთოს. თუ კომისიის რომელიმე დამსწრე წევრმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ეს ფაქტი ოქმში უნდა აღინიშნოს.
4. ამ მუხლში მითითებული ოქმების ორ-ორი ცალი ამავე მუხლში აღნიშნულ პაკეტებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა ყოველი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რწმუნებულს (ან მეთვალყურეს) და ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მონაწილე ყოველ კანდიდატს (მისი ნდობით აღჭურვილ პირს ან მეთვალყურეს). ოქმის მიღება ამ პირებმა სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
5. დადგენილი ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, თუ მას ან იმ კონვერტს, რომელშიც ბიულეტენი იდო, დასმული არა აქვს მარკირების ბეჭედი ან დადგენილი რაოდენობის ხელმოწერები, ან თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ პარტიას (საარჩევნო ბლოკს) ან კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა, ან თუ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ან თუ კონვერტი დადგენილი სახის არ არის, ან თუ ბიულეტენები ყუთში კონვერტის გარეშე აღმოჩნდა, ან თუ ბიულეტენი სხვა საარჩევნო უბნისთვის იყო განკუთვნილი.
6. ბათილად ცნობილ ბიულეტენებზე მთვლელი აწერს „ბათილია“, მათ ხელს აწერს სამივე მთვლელი, ისინი ცალკე პაკეტად იკვრება და დგება სათანადო ოქმი.
7. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს, ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღწერილ პროცედურას და ლუქავს ამომრჩეველთა სიას. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია და დალუქული ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს გადასატანი ყუთისთვის დადგენილი წესით. ამ ორი უბნის შედეგები ერთი ოქმით ფორმდება.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 53. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლში მითითებული ოქმების საფუძველზე ადგენს 2 ოქმს (ერთს – მრავალმანდატიანი, ხოლო მეორეს – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქისთვის), რომლებშიც აღინიშნება საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა, მიღებულ, გამოუყენებელ, გაფუჭებულ და საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ დადგენილი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, აგრეთვე ბათილად ცნობილ და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა, ყოველი კანდიდატის (მეორე ოქმში – ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის) დასახელება და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ორივე ოქმს ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მისი მოთხოვნით, წერილობით გამოხატული მისი განსაკუთრებული აზრი ოქმს უნდა დაერთოს. თუ კომისიის რომელიმე დამსწრე წევრმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ეს ფაქტი ოქმში უნდა აღინიშნოს.
2. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
3. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა ერთი მესამედისა.
4. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოქმების თითო ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების თითო ცალთან ერთად, არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიების (საარჩევნო ბლოკების) რწმუნებულებს და ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მონაწილე კანდიდატებს (ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს). ოქმის მიღება ამ პირებმა სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
6. განცხადება საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე და მასში უნდა აღინიშნოს: განცხადების შედგენის თარიღი; შემდგენის სახელი, გვარი და მისამართი; საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი; დარღვევის ჩადენის დრო და არსი; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართი; დამრღვევის სახელი, გვარი და მისამართი (თუ მოხერხდა მისი დადგენა); დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ მოხერხდა მისი აღება); სხვა დამატებითი ინფორმაცია. განცხადება კენჭისყრის დროს დაშვებული დარღვევის თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაშვებული დარღვევის შესახებ – შედეგების ოქმის შედგენამდე; ამ განცხადებათა ასლები შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიასაც, მაგრამ არა უგვიანეს კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათისა. განცხადებათა რეგისტრაციის ჟურნალი იხურება კომისიის წევრთა ხელმოწერით.
7. საუბნო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას თავის ახსნა-განმარტებასთან ერთად გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათისა.
8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას 2 დღეში განიხილავს და თავის მოსაზრებას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებიდან 2 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც გადაწყვეტილება განცხადების მიღებიდან 3 დღეში უნდა მიიღოს.
10. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 54. არჩევნების შედეგების შეჯამება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები პარტიული სიების მიხედვით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
2. თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადის ყველა აღნიშნული კანდიდატი. მეორე ტურის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგი მიიღო, მაშინ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.
4. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, თითო ცალი კი პარტიების, საარჩევნო ბლოკების რწმუნებულებს.
5. საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და არჩევნების მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, თითოეული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, არჩევნების მონაწილეთა 7 პროცენტს (7 პროცენტად ჩაითვლება მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი), არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. წერილობითი საჩივრის ან საარჩევნო კომისიის წევრის განსაკუთრებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმს ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების მეშვეობით და უფლებამოსილია კომისიის გადაწყვეტილებით საფუძვლად საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები აიღოს.
6. პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებათ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
8. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატების წანაცვლება სიის დასაწყისისკენ. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.
9. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს ბათილად ცნობს ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; მას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ეს კანონი უხეშად დაირღვა. აღნიშნული საკითხი კომისიამ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა.
10. საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ კენჭისყრას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, თუ ამ უბნებში ხელახალ კენჭისყრას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან/და გამარჯვებულთა (მეორე ტურში გასულთა) გამოვლენაზე, და ხელახალ კენჭისყრას პარტიული სიების მიხედვით, თუ ხელახალ კენჭისყრას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან/და პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის მანდატების გადანაწილებაზე.
11. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.
12. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას ოქმში მოცემული არჩევნების შედეგების შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 541. ხელახალი კენჭისყრა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში
1. თუ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიულმა სიამ ვერ მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7 პროცენტი მაინც, პარლამენტის წევრის მანდატები არც ერთ სიას არ მიეკუთვნება და პარტიული სიებით ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება ამ კანონით დადგენილი არჩევნების თარიღიდან არა უადრეს 25-ე და არა უგვიანეს 35-ე დღისა.
2. ხელახალი კენჭისყრის თარიღს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული შედეგის დადგენიდან 3 დღეში.
3. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ძირითად არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს.
4. ხელახალი კენჭისყრის მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
5. ხელახალი კენჭისყრის შედეგი დგინდება ამ კანონით განსაზღვრული საერთო წესით.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 55. ხელახალი კენჭისყრა საარჩევნო უბანში
1. საარჩევნო უბანში ხელახალ კენჭისყრას ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. იგი იმართება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით. აუცილებლობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ხელახალი კენჭისყრის გამართვა დაავალოს იმავე საარჩევნო ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიას.
2. პარტიული სიების მიხედვით ხელახალი კენჭისყრა საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. თუ კენჭისყრის შედეგი კვლავ ბათილად იქნა ცნობილი, არჩევნების საბოლოო შედეგი დადგინდება ამ უბნის გაუთვალისწინებლად.
3. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ხელახალი კენჭისყრა საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. თუ კენჭისყრის შედეგი კვლავ ბათილად იქნა ცნობილი, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა განმეორებით იმართება ხელახალი კენჭისყრა და თუ მისი შედეგიც ბათილად იქნა ცნობილი, არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვლება და ამ კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნება ახალი არჩევნები.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 56. არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
მუხლი 57. ხელახალი არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში და პარლამენტის წევრის ადგილმონაცვლეობის წესი;
1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არჩევნების ჩაუტარებლად გამოცხადების შემთხვევაში, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის აურჩევლობის შემთხვევაში, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ოთხი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. არჩევნების თარიღს, საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების წესსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. ხელახალი არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება წელიწადში ორჯერ – მაის-ივნისში და ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა ჩატარდეს უახლოეს ვადაში. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არჩევნები გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად არ ტარდება.
3. თუ გამოკლებული პარლამენტის წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან 15 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ..თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი უქმდება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციას პარლამენტის სამანდატო კომისიას წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
5. პარლამენტის წევრად არჩეული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამოიღება პარტიული სიიდან.
6. პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს უწყდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი შესაბამისი პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა, აგრეთვე ამ პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პირს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
მუხლი 58. საოლქო საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა შენახვის წესი
1. არჩევნების დამთავრების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ჩაატარონ მათ გამგებლობაში არსებული დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ არსებული დოკუმენტები და ინვენტარი ინახება ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილ ადგილას 5 წლის განმავლობაში მაინც.
2. არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ინვენტარის შენახვაზე პასუხისმგებლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები და საოლქო საარჩევნო კომისიები.
საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
თავი IX
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
მუხლი 59
აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე:
ა) 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების ჩატარებისა და მათი უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილებაგაგრძელებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება;
ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 60
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპლექტდება შემდეგი წესით:
ა) საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 5 წლის ვადით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს და პარლამენტის თანხმობით – კომისიის თავმჯდომარეს;
ბ) საქართველოს პარლამენტი ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადითა და წესით, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს;
გ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადით;
დ) კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითო წევრს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) 7 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (საარჩევნო ბლოკი). ამ წევრების უფლებამოსილება გრძელდება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიიდან (საარჩევნო ბლოკიდან) ერთ-ერთის მიერ თავისი წევრის დანიშვნამდე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 61
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები) ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 62
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 6 წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები (საარჩევნო ბლოკები).
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 63
ამ კანონის გარდამავალი დებულებების მიხედვით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება იწყება ამ კანონის ამოქმედებიდან 30-ე დღეს. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების არსებული შემადგენლობის უფლებამოსილება წყდება ამ კანონით დადგენილი წესით ფორმირებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებისთანავე.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 64
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება გაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყებიდან.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 65.
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მოხდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 66.
1. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა სიები დგება ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე, რომლის წესსა და ვადებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. 1999 წლის არჩევნებისათვის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენისას. ბიულეტენის გაცემისას, ამომრჩეველთა სიაში შეიტანება პირადობის მოწმობის ნომერი“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო დევნილთათვის აგრეთვე დევნილის მოწმობის წარდგენისას.“
3. 2001 წელს ჩასატარებელ არჩევნებზე გავრცელდეს „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის ორგანული კანონი №958-სსმI,№17,21.06.2001წ.,მუხ.53
მუხლი 67
1. პარტიებმა, რომლებსაც ამ კანონის მიღებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავლილი აქვთ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელახალი რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა.
2. იმ არასაპარლამენტო პარტიებმა, რომელთაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია, ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით მხარდამჭერთა სიების წარსადგენად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
მუხლი 68
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რიგითობა განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) მონაწილე პარტიების (ბლოკების) შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
მუხლი 69
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს კანონი არ ვრცელდება საარჩევნო კომისიების იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შესაბამისი მოქმედება შესრულდა ან/და რომლებიც ეხება არჩევნების პროცესის იმ ეტაპებს, რომლებიც დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 70
ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობის 2000-მდე შემცირების თაობაზე ამოქმედდეს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 71
1. ამ კანონის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს პარლამენტი უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხ წევრს, მათ შორის, ერთს საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო სამს – სხვა ფრაქციათა და კოალიციათა წარდგინებით. კომისიის ამ წევრებისა და ამ კანონის ამოქმედებამდე პარლამენტის მიერ არჩეულ წევრთა უფლებამოსილება წყდება მათ უფლებამონაცვლეთა არჩევისთანავე.
2. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიის დამატებითი წევრების არჩევიდან 10 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 72
1. ამ კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედებიდან 10 დღეში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის თითო წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრს ნიშნავენ მათი დანიშვნის უფლების მქონე პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომლებსაც კომისიის წევრი ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა დაენიშნათ. კომისიის ყველა წევრის უფლებამოსილება წყდება ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე ან დადგენილ ვადაში მათ უფლებამონაცვლეთა არჩევისთანავე (დანიშვნისთანავე). ამ მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობის შევსებიდან 3 დღეში კომისია ხელახლა ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.
2. შეუწყდეს უფლებამოსილება საარჩევნო ბლოკის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს, თუ ამ კანონის შესაბამისად კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ბლოკში შემავალ ორ პარტიას მაინც აქვს; სხვა შემთხვევაში ბლოკის მიერ დანიშნული წევრი ჩაითვალოს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ დანიშნულ წევრად.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
მუხლი 73
ამ კანონის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის ამოქმედებიდან 10 დღეში ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის თითო წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრს ნიშნავენ მათი დანიშვნის უფლების მქონე პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომლებსაც კომისიის წევრი ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა დაენიშნათ. ამ მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობის შევსებიდან 3 დღეში კომისია ხელახლა ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 74
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები და სპეციალური კონვერტები საარჩევნო ბიულეტენების ჩასადებად არ გამოიყენება.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
მუხლი 75
შემუშავდეს არჩევნების შესახებ კანონპროექტი და უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღება 2001 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №702-სსმI,№51,30.12.2000 წ.,მუხ.152
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 1 სექტემბერი.
№790–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის ორგანული კანონი №965-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.70
2. საქართველოს 1999 წლის 5 მარტის ორგანული კანონი №1834-სსმI,№7(14),12.03.1999წ.,მუხ.29
3. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2175-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.138
4. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №2248-სსმI,№35(42),28.07.1999წ.,მუხ.171
5. საქართველოს 2000 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №197-სსმI,№10,23.03.2000 წ.,მუხ.25
6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №405-სსმI,№26,13.07.2000 წ.,მუხ.70
7. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №702-სსმI,№51,30.12.2000 წ.,მუხ.152
8. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის ორგანული კანონი №958-სსმI,№17,21.06.2001წ.,მუხ.53
9. ძალადაკარგულია-საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1047-სსმI, №25, 22.08.2001წ., მუხ.107
დოკუმენტის კომენტარები