საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 09/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
790
09/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 09/09/1995
000000000.00.000.000000
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/09/1995 - 11/11/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. არჩევნების საფუძვლები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით. 150 პარლამენტის წევრი აირჩევა ერთიანი პარტიული სიებით პროპორციული სისტემის, ხოლო 85 პარლამენტის წევრი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნები საყოველთაოა: არჩევნების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

    მუხლი 3. თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტში არჩევნები თანასწორია. საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

    მუხლი 4. პირდაპირი სარჩევნო უფლება

საქართველოს პარლამენტში არჩევნები პირდაპირია. პარლამენტის წევრებს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.

    მუხლი 5. ფარული კენჭისყრა

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. დაუშვებელია ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი კონტროლი და ხმის ღიად მიცემა.

    მუხლი 6. პირები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.

    მუხლი 7. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც, როგორც წესი, იქმნება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (ტექსტში შემდგომ "პარტიების"), საზოგადოებრივი გაერთიანებების, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებისა და ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.

    მუხლი 8. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიას, რომლის ინიციატივაც დადასტურებულია 50.000 ამომრჩევლის ხელმოწერით მაინც ან, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისთვის. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში კი – წარდგენის უფლების მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, აგრეთვე პირს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებულია 1.000 ხელმოწერით მაინც ან რომელიც ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.

    მუხლი 9. პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამმდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში.

2. პარლამენტის წევრი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა სამსახურს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს, აგრეთვე, გარდა პარტიული მოღვაწეობისა.

3. პარლამენტის წევრი მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან წყვეტს ამ მუხლით აკრძალულ სამსახურს და თავისუფლდება ადრე დაკავებული თანამდებობიდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში იგი აღდგენილ უნდა იქნეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახურში საკუთარი განცხადების საფუძველზე ან, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მიეცეს ტოლფასი სამუშაო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დაკავშირებულია სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან ან არჩევასთან.

    მუხლი 10. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა

პარლამენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ძირითადად სახელმწიფო გაიღებს. ამასთან ერთად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკსა და ოლქში წარდგენილ კანდიდატს შეუძლია შექმნას საარჩევნო ფონდი, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თავიანთი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ არასახაზინო საწარმოთა, საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გართიანებათა და საქართველოს მოქალაქეთა შეწირულობანი.

    მუხლი 11. პასუხისმგებლობა არჩევნების კანონის დარღვევისათვის

1. ამ საარჩევნო კანონით დადგენილი წესების დამრღვევ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომლებიც გადაამეტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრულ ოდენობას ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ჩამოერთმევათ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული მანდატები და გამოკლებული პარლამენტის წევრების ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მათ აგრეთვე ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი დარღვევების საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თავი II

არჩევნების დანიშვნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

    მუხლი 12. არჩევნების დანიშვნა

პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა. ცნობა არჩევნების დღის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ და ადგილობრივ გაზეთებში არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

    მუხლი 13. პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობისა და საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების დანიშვნის უფლების მისაღებად პარტიები რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რისთვისაც არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სახელწოდება, რომლითაც პარტია მონაწილეობს არჩევნებში (ეს სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს ადრე რეგისტრირებული პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას). განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ მის მიერ დადგენილი წესით შევსებული მხარდამჭერთა სიები (ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობა კანონმდებლობის შესაბამისად პარტიის რეგისტრაციის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ვინაობა და პარტიის რწმუნებულის გვარი, სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. რწმუნებულს ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ.

2. ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულებიდან 6 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია წყვეტს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხს და აძლევს სათანადო ცნობას მის რწმუნებულს. რეგისტრაციაში არ გატარდება პარტია, რომლის საქმიანობა შეჩერებულია კანონით დადგენილი წესით.

3. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებათა წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიათა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრირებაზე და უარის თქმის მიზეზებს.

    მუხლი 14. საარჩევნო ბლოკები და მათი რეგისტრაცია

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად (ბლოკს შეიძლება ეწოდოს სახელი, რომელიც არ უნდა ემთხვეოდეს უფრო ადრე რეგისტრირებული ბლოკის ან პარტიის სახელს; იგი არ შეიძლება შეიცავდეს იმ პარტიის სახელს, რომელიც არ შედის მოცემულ ბლოკში), რომელთა რეგისტრირებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

2. კომისიისთვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს აწერს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი. მასში დასახელებული უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის რწმუნებულის ვინაობა, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. რწმუნებულს კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო ბლოკის წესდება, რომელშიც აღაღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, ბლოკიდან პარტიის გასვლის, ბლოკში ახალი წევრის მიღებისა და ბლოკიდან პარტიის გარიცხვის წესები; მითითებული უნდა იყოს პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის განცხადებებზე ხელმოწერის უფლება.

3. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შესახებ.

4. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე წყდება ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრთა და რწმუნებულთა უფლებამოსილება. საარჩევნო ბლოკებს უფლება აქვთ ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნონ საარჩევნო კომისიის წევრი და რწმუნებული.

5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად გაერთიანებული იყოს სხვა საარჩევნო ბლოკში ანდა დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

თავი III

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 15. საარჩევნო ოლქები

1. პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 85 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. ქალაქ თბილისში იქმნება 10 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. საარჩევნო ოლქების სია ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

    მუხლი 16. საარჩევნო უბნები

1. პარლამენტის არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა. ძნელად მისადგომ ადგილებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

2. საარჩევნო უბნებს ქმნიან საოლქო საარჩევნო კომისიები რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე მოქმედი ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წარდგინებითა და მათთან შეთანხმებით. არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს მთავრობის წარდგინებით. საარჩევნო ოლქისათვის ამ უბნების მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ძნელად მისადგომ ადგილებში.

4. საოლქო საარჩევნო კომისია უბნების შექმნიდან 5 დღის ვადაში ადგილობრივ გაზეთებში, ადგილობრივი რადიოთი და ტელევიზიით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს.

თავი IV

საარჩევნო კომისიები

    მუხლი 17. საარჩევნო კომისიების სისტემა

პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად იქმნება საარჩევნო კომისიები:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.

    მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩეული ან დანიშნული შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

2. საარჩევნო კომისიებში თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიებს, რომლებმაც ბოლო არჩევნებში მოიპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი. იმ შემთხვევაში, თუ ამ პარტიათაგან რომელიმე გაუქმდა ან ვერ მიიღო მანდატი ახლადარჩეულ პარლამენტში, დანიშნული კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყდება.

3. საარჩევნო კომისიებში თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ აგრეთვე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ არანაკლებ ხუთ პარტიას ერთობლივად, რომელთაც ვერ მოიპოვეს მანდატი ბოლო არჩევნებში. ამ პარტიების ხელმძღვანელთა ხელმოწერით დადასტურებული გადაწყვეტილების თანახმად კომისიის წევრს ნიშნავს ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, თუ ამ პარტიათაგან რომელიმე გაუქმდა ან არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, დანიშნული კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყდება.

4. საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის უფლების მქონე ორგანოებსა და ორორგანიზაციებს უფლება აქვთ დანიშნონ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

5. თუ ერთსა და იმავე კომისიაში თავისი წარმომადგენელი ერთზე მეტმა პარტიულმა ორგანომ დანიშნა, უპირატესობა ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს ეძლევა.

6. საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი მის წევრად ჩაითვლება შესაბამის კომისიაში გამოცხადების მომენტიდან.

7. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნონ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა წევრები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პარლამენტის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, არჩევნებში მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი.

8. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნის ან წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებით და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საფუძველზე;

ბ) გადადგომის შემთხვევაში (განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირისთვის კი – თვით ამ კომისიას და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა);

გ) გაწვევის ან უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში;

დ) იმ პარტიის აკრძალვის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომელმაც დანიშნა კომისიის წევრი;

ე) იმ პარტიათა გაერთიანებისას, რომლებმაც იგი დანიშნეს, თუკი გაერთიანების შედეგად შეიქმნა ახალი პარტია. ასეთ შემთხვევაში გაერთიანების შედეგად შექმნილ პარტიას იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უფლება აქვს დანიშნოს თითო წევრი ყველა საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 19. საარჩევნო კომისიათა მუშაობის ორგანიზაცია

1. საარჩევნო კომისიების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიების რეგლამენტით, რომელსაც იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს შესაბამისი კომისია.

3. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის შემადგენლობაში შემავალ იმ პირებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

4. საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ კომისიას თავმჯდომარე არა ჰყავს ან მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების წევრებს ნიშნავს და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს უნაზღაურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 20. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირის უფლებამოვალეობანი

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მდივანს მათი უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში პარლამენტი უნიშნავს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, მათ უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნამდე (არჩევამდე).

2. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ ყველა პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში ეძლევა უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლება. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ ყველა პირს, საოლქო საარჩევნო კომისიიდან 4 პირს და საუბნო საარჩევნო კომისიიდან 2 პირს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიიდან დანარჩენ პირებს არჩევნების მომზადების პერიოდის ბოლო 10 დღის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან შეიძლება დაენიშნოთ ხელფასი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელფასიანი პირების რაოდენობას ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის – საოლქო საარჩევნო კომისია. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს ხელფასს უნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს – საოლქო საარჩევნო კომისია. ამასთან, ზემდგომმა კომისიამ უნდა გაითვალისწიოს იმ კომისიის წინადადება, რომლის შემადგენლობაში შემავალ პირებსაც ენიშნებათ ხელფასი. არასამუშაო დროის განმავმავლობაში კომისიაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

3. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემავალ პირებს უფლებამოსილების დანარჩენი დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაენიშნოთ ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგს კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

4. საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისთვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – საფინანსო განყოფილების გამგეც.

5. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირებს უფლება არა აქვთ არჩევნების დროს მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

    მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოდგილის, მდივნისა და არანაკლებ 20 წევრისაგან.

2. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დანიშნოს კომისიის თავმჯდომარე და ორი წევრი საქართველოს პარლამენტის საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 60 დღისა. იგი თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

3. კომისიაში თითო პირის დანიშვნის უფლება აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს ან მათ პრეზიდიუმებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის შემადაგენლობა 23-ზე ნაკლები აღმოჩნდა და 14 დღის ვადაში არ შეივსო, საქართველოს პარლამენტი პირველივე სამუშაო კვირის განმავლობაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 23-მდე შესავსებად.

5. კომისია უფლებამოსილია თავისი შემადგენლობიდან აირჩიოს კომისიის თამჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, თუ მის შემადგენლობაში არის 23 წევრი მაინც.

6. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

    მუხლი 22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობით შექმნამდე მისი სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება სხდომის დღეს კომისიის ფაქტობრივი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია:

1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას; თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ინსტრუქციებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის აუცილებელი და ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხების გადასაჭრელად;

2) აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თავის უფლებამოსილებათა ნაწილს, წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადასაწყვეტად, გადასცემს შექმნილ ჯგუფს;

3) ქმნის საარჩევნო ოლქებს; ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ორ-ორ წევრს, საჭიროების შემთხვევაში – კომისიების დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობას და მათ მისამართებს;

4) წყვეტს საარჩევნო ოლქისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს;

5) აქვეყნებს საარჩევნო ღონისძიებათა დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;

6) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს;

7) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და აძლევს მას სათანადო მოწმობას;

8) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს; აძლევს სათანადო მოწმობებს პარლამენტის წევრობის კანდიდატს;

9) წარმართავს საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

10) ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მათ და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; საგანგებო შემთხვევაში, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ჯგუფისათვის ამ საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ;

11) ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს; უნაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს და არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს; კონტროლს უწევს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

12) ადგენს საარჩევნო დოკუმენტების ფორმებს, საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს, საარჩევნო დოკუმენტების შენახვის წესს;

13) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მონაწილეობის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად;

14) განსაზღვრავს საარჩევნო კამპანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;

15) განსაზღვრავს საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას;

16) ამტკიცებს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს, უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებით საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

17) ადგენს არჩევნების შედეგებს პარტიული სიების მიხედვით, აჯამებს რესპუბლიკაში არჩევნების შედეგებს; არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 5 დღისა პრესაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ და საქართველოს პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრების სიას; რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

18) გადასცემს საქართველოს პარლამენტის სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

19) საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

20) პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ადგენს მის ადგილმონაცვლეს ამ კანონის შესაბამისად, რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობას აძლევს მას და საქართველოს პარლამენტის სამანდატო კომისიას გადასცემს არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

21) ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საარჩევნო ოლქში ნიშნავს არჩევნებს და უზრუნველყოფს მის ჩატარებას;

22) განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები;

23) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ადგენს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალ ვადებს, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნიშნავს არჩევნების ჩატარების ახალ თარიღს ამ ოლქში;

24) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად.

    მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისია

1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 4 წევრისაგან.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ გაზეთებში აქვეყნებს კომისიების ადგილსამყოფელსა და ტელეფონის ნომრებს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-60 დღისა.

3. თუ კომისიის შემადგენლობაში 7 პირზე ნაკლები აღმოჩნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. კომისია, შექმნიდან 4 დღის ვადაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

5. საოლქო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს დაუყონებლივ აქვეყნებს შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში.

    მუხლი 24. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

2) ქმნის საარჩევნო უბნებს და აქვეყნებს მათ სიებს;

3) ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს, საჭიროების შემთხვევაში –კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს;

4) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

5) ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტერს; უნაწილებს ფულად სახსრებს საუბნო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს საარჩევნო ოლქში არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

6) რეგისტრაციაში ატარებს ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს, უნაწილებს ფულად სახსრებს;

7) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს მოცემულ საარჩევნო ოლქში, აძლევს მას სათანადო მოწმობას;

8) ზომებს იღებს საარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატების, თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიებით, მათი ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით;

9) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას;

10) ისმენს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა, სახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციას არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

11) ხელს უწყობს ამომრჩევლებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობაში;

12) უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

13) ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვს, არჩევნების საბოლოო შედეგს;

14) საჭიროების შემთხვევაში აწყობს ხელახალი ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

15) აწყობს არჩევნებს საარჩევნო ოლქში გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად;

16) განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები;

17) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიები

1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და, როგორც წესი, სულ ცოტა ორი წევრისაგან არჩევნებამდე არა უგვიანეს 35-ე დღისა, ხოლო ამ კანონით მე-16 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-3 დღისა. კომისის შემადგენლობის მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია და აქვეყნებს ადგილობრივ პრესაში საარჩევნო უბნების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია.

3. თუ არჩევნებამდე 35-ე დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია მისი შემადგენლობის შესავსებად 3 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს.

4. კომისია, შექმნიდან 2 დღის ვადაში, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს და დაუყონებლივ ატყობინებს საოლქო საარჩევნო კომისიას.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა მთავრდება არჩევნების დამთავრებისთანავე.

6. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, მისამართსა და ტელეფონის ნომრებს დაუყონებლივ აქვეყნებს ადგილობრივ გაზეთებში.

    მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საუბნო საარჩევნო კომისია:

1) ადგენს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიებს;

2) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს განცხადებებს სიებში შეცდომის შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხს;

3) ამომრჩევლებს აძლევს ამომრჩევლის ბარათსა და მოთხოვნისას – ხმის მიცემის უფლების მოწმობას;

4) მოსახლეობას აუწყებს საუბნო საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელს და მისი მუშაობის დროს, აგრეთვე არჩევნების თარიღსა და ხმის მისაცემ ადგილს; 5) უზრუნველყოფს ხმის მისაცემად შენობის, საარჩევნო ყუთებისა და კაბინების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას;

6) ორგანიზაციას უწევს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას არჩევნების დღეს;

7) ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა, არჩევნებში მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს, პარლამენტის წევრობის ყოველი კანდიდატისა და ყოველი პარტიული სიისთვის მიცემული ხმების რაოდენობას;

8) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს;

9) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 27. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალი პირების დანიშვნისა და წარდგენის წესი

1. საარჩევნო კომისიებში კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ საზოგადოებრივ გაერთიანებას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივ ორგანოს;

გ) ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენის გზით საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი.

2. საარჩევნო კომისიაში წევრად წარდგენისა თუ დანიშვნისას სათანადო ორგანოს და შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი (დანიშნული) პირის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი (ტექსტში შემდგომ "ვინაობა და მისამართი"). ამ მუხლის "გ" პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებელთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ბინის მისამართი, ხელმოწერის თარიღი, ხელმოწერა.

    მუხლი 28. საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შეცვლის წესი

1. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირი კომისიაში თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ საფუძველზე.

2. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირის გაწვევის უფლება აქვს მას, ვინც დანიშნა იგი კომისიაში.

3. კომისიაში შემავალი პირისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემავალი პირისათვის კი – თვით ამ კომისიას) ამ პირის მიერ პარლამენტის არჩევნების კანონის უხეშად ან საარჩევნო კომისიის რეგლამენტის სისტემატურად დარღვევისას. უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში ეს პირი პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე ვეღარ დაინიშნება საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავისი მოვალეობის შესრულებისაგან კომისიაში შემავალი პირის გათავისუფლებისას ან მისი გარდაცვალებისას კომისიაში ახალ პირს ნებისმიერ დროს ნიშნავს ის ორგანო ან ორგანიზაცია, რომელსაც დანიშნული ჰყავდა კომისიიდან გამოკლებული პირი, აგრეთვე ზემდგომი საარჩევნო კომისია, თუ მოცემული კომისიის შემადგენლობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ საარჩევნო ოლქში არჩევნებამდე დარჩენილია არა უმეტეს 30 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიაში ახალი პირი უნდა დაინიშნოს 10 დღის ვადაში; თუ დარჩენილია არა უმეტეს 15 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიაში ახალი პირი უნდა დაინიშნოს 5 დღის ვადაში.

    მუხლი 29. საარჩევნო კომისიებისათვის ხელშეწყობა მათი უფლებამოსილების განხორციელებაში

1. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოს, საწარმოსა და დაწესებულების თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის.

2. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებანი და მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოშიც.

    მუხლი 30. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები, საარჩევნო ფონდი

1. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების დამთავრების შემდეგ მას ამტკიცებს ახლადარჩეული პარლამენტი.

2. პარლამენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული თანხის გამოყოფასა და კომისიის ანგარიშზე მის ჩარიცხვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. საარჩევნო კომისიების დაფინანსება ხდება მხოლოდ სახელმწიფო ხარჯით.

4. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ოდენობას (პარტიისა და ბლოკისთვის დადგენილი თანხის ოდენობა ტოლია მათ მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობის ნამრავლისა დამოუკიდებელი კანდიდატისათვის დადგენილი თანხის ოდენობაზე). საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირი, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირნი, პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო ფონდის გამგებელი პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5. საარჩევნო ფონდისთვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში) ცენტრალურ (საოლქო) საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრირების შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა აღნიშნულ ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

6. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ამის შემდეგ 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშებზე არსებულ ნაშთს, ხოლო ორი კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ანგარიშს მის მიერ დადგენილი ფორმით.

7. პარლამენტის არჩევნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყდება ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებიდან და ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. ამასთან, თუ პარტიის, საარჩევნო ბლოკის ერთი კანდიდატი მაინც იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება პარტიის ანგარიშზე, სარჩევნო ბლოკისა – თანაბრად მასში შემავალი პარტიების ანგარიშებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

8. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრებად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს. ეს ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება მის მიერვე დადგენილი ფორმით. მას უნდა ერთვოდეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარალამენტის წევრებად არჩეული ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელისას – პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.

9. სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობას. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის ის საშუალებები, რომელთა ნუსხასაც დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია, უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ მასალებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებსა და სხვა მასალებს ამ კანონით დადგენილ ფარგლებში.

    მუხლი 31. საარჩევნო კომისიების მუშაობის საჯაროობა

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იმ პარტიების თითო წარმომადგენელს, რომლებსაც შესაბამის კომისიაში არ დაუნიშნავთ კომისიის წევრი, საზოგადოებრივი გაერთიანებების თითო წარმომადგენელს, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს, მეთვალყურეებს სხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში, საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე,- პარლამენტის წევრობის კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დანიშნულ თითო მეთვალყურესაც.

2. პარტიის, საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს ამ გაერთიანების ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი წარდგინებით, ხოლო მეთვალყურისა – პარლამენტის წევრობის კანდიდატის, პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულის წარდგინებით. წარდგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო უბანში არჩევნებზე დასასწრებად წარდგინება საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 24 საათის განმავლობაში. უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია იძლევა დასაბუთებულ წერილობით პასუხს, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ პარლამენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას. მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე. საარჩევნო კომისიები, არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები აწვდიან მათ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

4. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საშუალება ეძლევა ყოველდღიურად საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხოლო საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებს – ადგილობრივი ქსელით, უფასოდ გადასცენ ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მიერ ამ მიზნით შერჩეული პირი.

5. საარჩევნო კომისიები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სისტემატურად აქვეყნებენ ოფიციალურ გაზეთებში, რადიოთი და ტელევიზიით.

თავი V

ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი და ხმის მიცემის უფლების მოწმობა

    მუხლი 32. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი

1. ამომრჩეველთა სია დგება ორ ცალად თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სიის შედგენისათვის საარჩევნო კომისიას შეუძლია მიიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

2. სახელმწიფო ხელისუფლების, თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად.

3. სიაში შეაქვთ ამომრჩეველთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.

4. ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგენენ აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და გემების კაპიტნების მიერ წარდგენილ მონაცემთა საფუძველზე.

    მუხლი 33. ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეტანის წესი

1. ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება და რომელიც სიის შედგენის მომენტისათვის მუდმივად ცხოვრობს მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულნი (ლტოლვილნი) მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მათთვის დგება ცალეკე სია და ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში

2. ამომრჩეველი შეტანილ უნდა იქნეს ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში.

    მუხლი 34. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა, ამომრჩევლის ბარათების დარიგება და ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება

1. ამომრჩეველთა სიები საყოველთაო გაცნობისათვის საარჩევნო უბანში გამოიკვრება არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში – არჩევნებამდე 3 დღით ადრე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს ურიგებენ ამომრჩევლის ბარათებს, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის სახელი და გვარი, ამომრჩეველთა სიაში რიგითი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი.

3. ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს ამომრჩეველთა სიაში დაშვებული უზუსტობანი. სიაში უზუსტობის დაშვების შესახებ განცხადებას განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს ორი დღისა, ხოლო არჩევნების დღესა და წინა დღეს –დაუყოვნებლივ, განიხილოს განცხადება, შეიტანოს საჭირო შესწორებანი სიაში ან განმცხადებელს მისცეს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება შეიძლება არჩევნებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომელიც მოვალეა სამი დღის ვადაში განიხილოს საჩივარი. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

    მუხლი 35. ხმის მიცემის უფლების მოწმობა. ამომრჩეველთა დამატებითი სია

1. თუ ამომრჩეველმა სახელმწიფოს, ოღონდ არა ერთი და იმავე დასახლებული პუნქტის, ფარგლებში ადგილსამყოფელი შეიცვალა ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან კენჭისყრის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით და წარდგენილი პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის საფუძველზე ამომრჩეველს აძლევს ხმის მიცემის უფლების მოწმობას, რის შემდეგაც იგი ამოღებული იქნება ამომრჩეველთა სიიდან. მოწმობის მიღებას და სიიდან თავის ამოღებას ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

2. ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველი შეაქვთ დამატებით სიაში საარჩევნო უბანში არჩევნების დღეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

3.ამომრჩეველი, რომელიც კეჭისყრაში მონაწილეობს ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, მონაწილებას არ იღებს ამ ერთ მანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატების არჩევნებში და შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი მას არ მიეცემა.

თავი VI

პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენი

    მუხლი 36. პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის აპარატის უფროსები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცრები, მოსამართლეები, პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად თუ რეგისტრაციამდე განთავისუფლებული არ იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.

    მუხლი 37. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია ერთმანდატიან ოლქებში პარტიის, ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობისა და 150-ის ჯამისა.

3. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

4. პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები, საარჩევნო ბლოკები. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და საქმიანობა, პარტიულობა. იგი დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირის ხელმოწერით.

6. პარტიული სიები უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშნის შემდეგ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. სიებს უნდა ერთვოდეს ყოველი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც, როგორც მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის კანდიდატმა (სააღრიცხვო ბარათებს პარტიის რწმუნებულს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია). საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

    მუხლი 38. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენა

1. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს. ყოველ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი საარჩევნო ოლქის არანაკლებ 1.000 ამომრჩევლისა, გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პარლამენტის წევრობის კანდიდატად ერთი და იმავე პიროვნების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში.

3. ამომრჩეველთა მიერ კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს მათი ვინაობა და მისამართი, აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი და სახელი; დაბადების თარიღი; პროფესია და საქმიანობა; პარტიულობა; საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგია წარდგენილი. განცხადებას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში (სააღრიცხვო ბარათებს საინიციატივო ჯგუფს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია). ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა.

4. საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების შესახებ, აგრეთვე ხელმოწერათა ბლანკები.

5. ხელმოწერათა შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

6. ზემოთ აღნიშნული საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა ჯგუფს ეძლევა ცნობა პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ცნობაში უნდა აღინიშნოს საბუთების მიღების თარიღი.

    მუხლი 39. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები და მათი შემოწმება

1. არჩევნებში პარტიის მონაწილეობისა და საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდაჭერა ამ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებმა ხელმოწერების ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით ამოწმებენ ხელმოწერათა ნამდვილობას. ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიც დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმოწერების შემგროვებლის მიერ, აგრეთვე ის ხელმოწერები, რომელთაც არ ახლავს ხელმოწერების ბლანკით გათვალისწინებული სხვა მონაცემები ან ეს მონაცემები არასწორია. ბათილად მიიჩნევა მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი ამომრჩეველი, აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სიების შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თოთხმეტი დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნებამდე 34-ე დღისა. ხელმოწერათა ნამდვილობის შემოწმება და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მთავრდება ოლქში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის დამთავრების წინა დღეს. თუ შემოწმების შედეგად პარტიის მხარდამჭერთა სიაში ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 5000-ზე, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში 1000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარტია და კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდებიან.

3. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებსა და, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდები ნადგურდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 20 დღისა.

    მუხლი 40. პარტიული სიების, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიებს. დამოუკიდებელ კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს რეგისტრაციის ოქმებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო გაუქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას პარტიის, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, მათთვის პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი დღით.

3. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილია ამ კანონის 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო თუ რეგისტრირებულია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოიხსნება, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, კერძოდ, თუ არასწორი ან არასრულია მათში მოყვანილი მონაცემები, თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა ერთი და იმავე პიროვნების თანხმობა პრეზიდენტობის კანდიდატად, თვითმმართველობის არჩევნებში და პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე, ან სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით კენჭისყრაზე ან სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, ან პარტიული სიითა და ამომრჩეველთა მიერ წარდგენილ კანდიდატად კენჭისყრაზე.

5. პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ საარჩევნო ოლქში წარდგენილ სიაში არჩევნების დღის წინა დღის 12 საათამდე კანდიდატთა რაოდენობა 37-ე მუხლით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება.

6. ოლქში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან არჩევნებიდან რაიმე სხვა მიზეზით გამოკლების შემთხვევაში, ოლქში წარდგენილი დარჩენილი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

7. რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს, პარტიული სიის წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უფლება აქვთ უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში.

8. რეგისტრირებული პარტიული სიებს ოფიციალურ გაზეთებში აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა გვარებს იმ მონაცემებითურთ, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 15-ე დღისა.

9. ოლქში წარდგენილი კანდიდატებისა და პარტიული სიების რიგითობას რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წილისყრით ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 41. პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე ანდა არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკის წესდებითა და განცხადებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

2. ოლქში წარდგენილ კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე მოხსნას თავისი კანდიდატურა საარჩევნო ოლქში, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატს შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასეთ შემთხვევაში მისი კანდიდატურა მოიხსნება საარჩევნო ოლქიდან.

3. ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულის შესახებ საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე ოთხ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, – დაუყოვნებლივ.

    მუხლი 42. საარჩევნო ბიულეტენები

არჩევნებისთვის მზადდება ორი სხვადასხვა ფერის საარჩევნო ბიულეტენი.

ა) ერთში შეაქვთ სახელწოდება, რომლითაც პარტია, საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს არჩევნებში (სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს თვით პარტიის სახელწოდება, ხოლო ბლოკისთვის – მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები), იმ თანმიმდევრობით, რომელიც წილისყრით განსაზღვრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ;

ბ) მეორე ბიულეტენში შეაქვთ შემდეგი მონაცემები: საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; პარლამენტის წევრობის კანდიდატთა გვარი, სახელი, დაბადების წელი, პროფესია და საქმიანობა; პარტიულობა; კანდიდატის წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება; თუ კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ, დაიწერება "წარდგენილია ამომრჩეველთა მიერ". პარლამენტის წევრობის კანდიდატთა გვარები ბიულეტენში შეაქვთ იმ თანმიმდევრობით, რომელიც წილისყრით განსაზღვრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

2. საარჩევნო ბიულეტენს ბეჭდავს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიერ ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთისათვის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.

3. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად აღრიცხება. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ შესაბამისად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას. ყოველ საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაახლოებით 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას კომისიის თავმჯდომარე (მისი მოადგილე ან მდივანი) ხელმოწერით ადასტურებს.

თავი VII

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიათა და საარჩევნო ბლოკთა, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები

    მუხლი 43. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ოლქში წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები

1. პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს გამოვიდეს თავისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილ კანდიდატს კი თავისი მომავალი საქმიანობის პროგრამით. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ოლქში წარდგენილი კანდიდატის პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის, რელიგიური დაპირისპირების მოწოდებას.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას ოფიციალურ და ადგილობრივ გაზეთში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას წარდგენილი პარტიული სიებითა და ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა სიებით, ამ კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით, თუ აღნიშნული მასალა შესაბამის საარჩევნო კომისიას გადაეცემა არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

    მუხლი 44. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებული, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი

1. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია ჰყავდეს თითო რწმუნებული ყოველ საარჩევნო ოლქში, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რწმუნებულთან ერთად წარმოადგენს პარტიას, საარჩევნო ბლოკს საარჩევნო კომისიებთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან ურთიერთობისას. საოლქო საარჩევნო კომისიაში რწმუნებულს ნიშნავს პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

2. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია იყოლიოს არა უმეტეს ათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელნიც წარმოადგენენ ამ კანდიდატს საარჩევნო ურთიერთობაში.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნიშნავს ნდობით აღჭურვილ პირს და აძლევს მათ შესაბამისი საარჩევნო კომისიისაგან მიღებულ მოწმობას.

4. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს თავისი რწმუნებულის, ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და შეცვალოს იგი, რის შესახებაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. რწმუნებულმა, ნდობით აღჭურვილმა პირმა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას უფლებამოსილება.

5. პარტიის, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს, პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.

    მუხლი 45. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

1. პარლამენტის წევრობის კანდიდატს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება. ამასთან, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია შეუნარჩუნოს მას საშუალო ხელფასი.

2. რეგისტრირების შემდეგ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება გაიწვიონ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე. თუ იგი ნამდვილ სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზეა, სამსახური შეწყდება არჩევნების დღის მომდევნო დღემდე. არჩეული პარლამენტის წევრი თავისუფლდება ნამდვილი სამხედრო სამსახურისაგან თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

    მუხლი 46. პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაკავებულ იქნა დანაშაულის ადგილზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

    მუხლი 47. წინასაარჩევნო აგიტაცია

1. პარლამენტის წევრობის კანდიდატები თანასწორი უფლებით მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, რწმუნებულებს, ნდობით აღჭურვილ პირებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა გასწიონ აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. საარჩევნო კომისია ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ერთად მოვალეა ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას, დროულად გამოაცხადოს მათი მოწყობის დრო და ადგილი.

4. შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დღიდან პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და ა. შ. (ტექსტში შემდგომ – "პლაკატები").

5. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნებამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. გასავრცელებლად სავალდებულოა პარტიული სიები, ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სია, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები, საარჩევნო პროგრამები. მასალის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები.

6. ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შეიძლება აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების დაცვის, მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებებით. აკრძალულია და შესაბამისად დაისჯება საარჩევნო პლაკატების მოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ეს პლაკატები აკრძალულ ადგილებში არაა განლაგებული.

7. არჩევნების დღეს ყოველგვარი აგიტაცია, გარდა ხმის მისაცემი შენობის გარეთ ადრე გამოკრული სააგიტაციო მასალისა, აკრძალულია.

8. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტელევიზია და რადიო, წინა საარჩევნო აგიტაციის მიზნით, ვალდებული არიან უფასოდ გამოყონ ყოველდღიურად 3 საათი საეთერო დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და ბლოკებს შორის. აკრძალულია სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო კომპანიის მიერ საეთერო დროის გაყიდვა. კერძო სატელევიზიო და რადიო კომპანიების მიერ ნებაყოფლობით გამოყოფილი საეთერო დრო, უფასოც და ფასიანიც, დროის გამოყოფის პირობების გამოცხადებისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევგნებში დამოუკიდებლად მონაწილე მისი შეტყობინების შემდეგ, თანაბრად უნდა განაწილდეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებს შორის; რომელიმე მათგანის მიერ ამ დროის გამოუყენებლობის შემთხვევაში იგი სხვებზე არ გადანაწილდება. საეთერო დროის ფასი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს. შესაბამისი საარჩევნო კომისია პარტიებთან, საარჩევნო ბლოკებთან და ტელე-რადიო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს გამოსავლების გრაფიკის შემუშავებას და დაცვას.

9. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის გამოყოფილი საეთერო დრო პირობებით უნდა განაწილდეს მათ შორის.

10. საარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა მისი ჩატარებისთვის გამოყოფილი დროის შუალედისა, იკრძალება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული გამოსვლა. იკრძალება აგრეთვე პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების გამოსვლა. თუ ეს დაკავშირებული არ არის ოფიციალურ ინფორმაციასთან.

11. საარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

12. საქართველოს პარლამენტის არჩევნების კანონის მიღების დღიდან მათ რწმუნებულებსა და ნდობით აღჭურვილ პირებს ეკრძალებათ მატერიალური და სასაქონლო ფასეულობებით ამომრჩეველთა მიმხრობა, გარდა პროპაგანდისტული მასალისა. ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია გაუქმდება.

    მუხლი 48. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას

1. პარლამენტის არჩევნებს საარჩევნო კომისიები ამზადებენ და ატარებენ ღიად და საჯაროდ. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნას, საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, ადგილსამყოფელს, მუშაობის დროს, ამომრჩეველთა სიებს, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნუსხას, მათ მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა და ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, აწვდიან ცნობებს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა შესახებ, აცნობენ არჩევნების შედეგებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა და პლატფორმა, ხოლო პარლამენტის წევრობის კანდიდატს – ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნოს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული წერილები, რისთვისაც შესაბამის გაზეთს უნდა მიაწოდოს პროგრამა და პლატფორმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს მათი წარდგენის რიგითობა.

3. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებათა ნუსხას, რომლებიც უფასოდ აქვეყნებენ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ მასალებს და მათი მუშაობის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება არჩევნებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში.

თავი VIII

კენჭისყრის წესი და არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნები გამოკლებულ პარლამენტის წევრის ნაცვლად და მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი

    მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს კენჭისყრა ეწყობა 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.

2. ხმის მიცემის დროს დაუშვებელია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა და კენჭისყრის შეწყვეტა, გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებლად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.

    მუხლი 50. კენჭისყრის მოწყობა

1. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ ისეთ შენობებში, რომლებიც არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სარგებლობაში. ამ შენობებში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი საკმაო რაოდენობით კაბინები ან ოთახები, განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთები ისეთნაირად იდგმება, რომ ამომრჩეველი მათთან მისვლისას აუცილებლად გადიოდეს ფარული კენჭისყრის კაბინებს ან ოთახებს. კენჭისყრის კაბინებში (ოთახებში) უნდა იყოს კალმისტრები. კენჭისყრის შენობებსა და ოთახებში გამოკრული უნდა იყოს პარტიული სიები და შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიები, აგრეთვე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს საარჩევნო ბიულეტენი.

2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტია, საარჩევნო ბლოკი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნებში აღარ მონაწილეობს, სათანადო განცხადება თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში).

3. პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების გამოვლინების საიდუმლოების უზრუნველყოფისათვის, შენობების მოწყობისა და იქ საჭირო წესრიგის დაცვისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება ყველასათვის სავალდებულოა. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. მილიციის თანამშრომელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კენჭისყრისათვის აუცილებელი დროის განმავლობაში.

4. არჩევნების დღეს კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს მიღებული ბიულეტენების რაოდენობას, კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს საარჩევნო ყუთებს, რის შემდეგაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი; საკონტროლო ფურცელზე უნდა აღინიშნოს ყუთში მისი ჩაშვების დრო.

5. თითოეული ამომრჩეველი ხმას პირადად აძლევს. სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას.

6. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას.

7. ამ უბანში მცხოვრები მოქალაქენი, რომლებიც შეცდომით ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში, პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე შეაქვთ ამომრჩეველთა დამატებით სიაში.

8. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეულ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, საუბნო საარჩევნო კომისია მათი თხოვნით, რომელიც არჩევნების დღის 12 საათამდე უნდა ეცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას და გატარებული უნდა იყოს განცხადებების ჟურნალში, კომისიის წევრებს ავალებს კენჭისყრის მოწყობას ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში კენჭისყრის მოწყობაში მონაწილეობს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი; მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებსაც. კენჭისყრის ამგვარად ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით ეწყობა კენჭისყრა ამ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე.

    მუხლი 51. კენჭისყრის ჩატარება

1. საარჩევნო ბიულეტენებს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ნდობით აღჭურვილი პირისა, პარტიისა, საარჩევნო ბლოკის რწმუნებულისა და მეთვალყურისა.

2. ერთ ბიულეტენში, რომელშიც ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებია შეტანილი, ამომრჩეველი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას, დანარჩენებს კი გადახაზავს.

3. მეორე ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას. დანარჩენებს კი გადახაზავს.

4. თუ ამომრჩეველს უყურადღებობის გამო გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.

5. შევსებულ ბიულეტენებს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.

6. კომისიის წევრებსა და საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ მხოლოდ თითო სხვადასხვა ფერის ბიულეტენი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

    მუხლი 52. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

1. ხმების დათვლისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანამიმდევრობა:

1) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტებად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის სახელი და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა. მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე (ან მოადგილე) და მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და გაფორმდება ზემოთ აღნიშნული წესით;

2) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა, ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც მიიღეს ბიულეტენები;

3) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ კომისიის ახსნა-განმარტება უნდა დაერთოს ოქმს;

4) კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთებში არსებული სხვადასხვა ფერის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები ფერების მიხედვით ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა;

5) ბიულეტენი ნამდვილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ერთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს მაინც მისცა ხმა ამ კანონით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება;

6) საარჩევნო ბიულეტენი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება;

7) კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაეწყოს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული; ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

8) კომისია ახარისხებს და ითვლის ყოველი პარტიისთვის, საარჩევნო ბლოკისთვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისე უნდა ჩაეწყოს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული; ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის ან ბლოკის სახელი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

9) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, აფორმებს ორ ოქმს, რომელთაგან ერთში აღნიშნული უნდა იყოს ყოველი ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მეორეში ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმების ცალთა რაოდენობა სამით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების, პარტიების, საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

10) ოქმების ორ-ორ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს და პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს.

2. საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგი შეაქვს ოქმში და ასეთ ბიულეტენებს ცალკე დასტად კრავს ზემოაღნიშნული წესით.

    მუხლი 53. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.

2. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა.

3. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა. მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.

5. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმი და საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების თითო ცალი არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ცალი ინახება თვით საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემა პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს.

7. საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ოქმების თითო ცალი, რომლებშიც შეჯამებულია პარტიული სიებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 54. არჩევნების შედეგების შეჯამება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნები პარტიული სიების მიხედვით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც. ხოლო ერთმანდატიან ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.

2. თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი. მეორე ტურის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს.

3. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 20 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

4. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, თითო ცალი კი პარტიების, საარჩევნო ბლოკების რწმუნებულებს.

5. საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობას, თითოეული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

6. პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებათ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში რიგით წინ იყო.

8. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატების წანაცვლება სიის დასაწყისისკენ. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

9. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეშად დარღვევა. ეს საკითხი კომისიამ უნდა განიხილოს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

10. საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, თუ უბნებში არჩევნების შედეგს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა, ხოლო ხელახალ ხმის მიცემას პარტიული სიებისათვის, თუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ხელახალი ხმის მიცემა საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. თუ ამ შემთხვევაშიც ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, საბოლოო შედეგები დადგინდება ასეთი უბნების გაუთვალისწინებლად.

11. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

12. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

    მუხლი 55. ხელახალი ხმის მიცემა საარჩევნო უბანში

1. ხელახალ ხმის მიცემას საარჩევნო უბანში ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. ხელახალი ხმის მიცემა საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ხელახალი ხმის მიცემის ჩატარება დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობას.

    მუხლი 56. არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

    მუხლი 57. არჩევნები გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად და მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრის წესი

 1. საქართველოს პარლამენტის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ბათილად ცნობისას, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის გადადგომის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას შესაბამის საარჩევნო ოლქში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს სამი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება წელიწადში ორჯერ – მაის-ივნისში და ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა ჩატარდეს უახლოეს ვადაში. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არჩევნები გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად არ ტარდება.

3. თუ გამოკლებული პარლამენტის წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან 15 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ..თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი უქმდება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციას პარლამენტის სამანდატო კომისიას წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. პარლამენტის წევრად არჩეული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამოიღება პარტიული სიიდან.

    მუხლი 58. საოლქო საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა შენახვის წესი

1. არჩევნების დამთავრების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ჩაატარონ მათ გამგებლობაში არსებული დოკუმენტაციისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ამის შემდეგ არსებული დოკუმენტები და ინვენტარი ინახება მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა მიერ გამოყოფილ ადგილას.

2. არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ინვენტარის შენახვაზე პასუხისმგებლები არიან მმართველობის ადგილობრივი ორგანოები და საოლქო საარჩევნო კომისიები.

 

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს პარლამენტის 1995 წლის არჩევნებისთვის:

                                                                მუხლი 1

ა) ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული 50000 ამომრჩევლის წარდგენა არ სჭირდება პარტიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ჰყავდა თავისი წარმომადგენელი 1995 წლის 24 აგვისტომდე;

ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა განისაზღვრება კანონის მიღებიდან 7 დღით;

გ) ნაცვლად ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესისა, კომისიის წევრის დანიშვნის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ჰყავდა თავისი წარმომადგენელი 1995 წლის 24 აგვისტომდე;

დ) ნაცვლად ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესისა, კომისიის წევრის დანიშვნის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ არანაკლებ 5 პარტიას ერთობლივად, რომელთაც 1995 წლის 24 აგვისტომდე არ ჰყავდათ წარმომადგენელი პარლამენტში;

ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა იწყება და მის თავმჯდომარეს, ნაცვლად ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ვადისა, ნიშნავს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მიღებიდან 3 დღის ვადაში;

ვ) ამ კანონის 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვა "პრეზიდენტი" იცვლება სიტყვებით: "მინისტრთა კაბინეტი";

ზ) ამ კანონში სიტყვა "მთავრობა" იცვლება სიტყვებით: "მინისტრთა კაბინეტი".

თ) ამ კანონის 36-ე მუხლს ემატება სიტყვები"ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრები, მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსი", სიტყვა "პრეზიდენტი" იცვლება სიტყვებით "სახელმწიფო მეთაური" ;

ი) ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვლება ასე "1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნები პარტიული სიების მიხედვით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენბის ნახევარი მაინც, ხოლო ერთმანდატიან ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარი მაინც".

                                                                            მუხლი 2

ა) აფხაზეთში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული პირებს, რომლებიც ამ კანონის მიღების დროისათვის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების დღის დანიშვნისთანავე მათი უფლებამოსილება შეწყდება;

ბ) საქართველოს პარლამენტის 1995 წლის არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში რიცხვი "150" იცვლება "146"-ით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება. ასეთ შემთხვევაში "ბ" პუნქტში რიცხვს "146" დაემატება იმდენი ერთეული, რამდენიც აღმოჩნდება ასეთი პირი, ოღონდ არა უმეტეს ოთხისა;

დ) ამ მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებული არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში არჩევნების დანიშვნიდან 7 დღის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ხელახლა ადგენს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას და საქართველოს პარლამენტის 3 დღის ვადაში წარუდგენს არჩეულ პარლამენტის წევრთა სიას. ასეთმვე წესით გადანაწილდება პარლამენტის წევრთა მანდატები, თუ უფლებამოსილება შეუწყდა ამ მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ პარლამენტის წევრს. დამატებით განაწილებულ მანდატთა რაოდენობა ოთხს არ აღემატება.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

 თბილისი,

1995 წლის 1 სექტემბერი.

№790რს