საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 01/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 01/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
792
01/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 01/09/1995
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/09/1995 - 17/10/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო, თანასწორი და პირდრი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზაცია და მისი ჩატარებ რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 3. საყოველთაო საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წლის ასაკს, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, განათლებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

2. არჩევნებში არ მონაწილეობენ ფსიქიურად დავადებული მოქალაქენი, რომლებიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და ის პირნი, რომლებიც სასამართლოს განაჩენით სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

    მუხლი 4. თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები თანასწორია, ყოველ მოქალაქეს ერთი ხმა აქვს. საქართველოს თითოეული მოქალაქე პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობს თანასწორ საფუძველზე.

    მუხლი 5. პირდაპირი საარჩევნო უფლება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირია. პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები უშუალოდ ირჩევენ.

    მუხლი 6. ფარული კენჭისყრა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

დაუშვებელია ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი კონტროლი.

    მუხლი 7. საჯაროობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს

1. საარჩევნო კომისიების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების საქმიანობა, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე მონაწილეობენ პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში, ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

2. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს, პრეზიდენტობის კანდიდატის რწმუნებულს, თითო ნდობით აღჭურვილ პირს, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს. ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე – პრეზიდენტობის კანდიდატის თითო წარმომადგენელსაც. თავიანთი განზრახვის შესახებ მათ უნდა აცნობონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 23 დღისა. ამ წარმომადგენლის ჩარევა საარჩევნო კომისიების მუშაობაში დაუშვებელია.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ფართოდ აშუქებენ არჩევნების მომზადებასა და მის ჩატარებას. მათ წარმომადგენლებს გარანტირებული აქვთ შეუფერხებელი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მონაწილეობა არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერ კრებასა თუ სხდომაში.

4. პრეზიდენტის არჩევნების დროს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება შეუფერხებლად ხორციელდება.

5. პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი კამპანია ტარდება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სახელმწიფო ტელევიზია და რადიო უფასოდ გამოყოფს ყოველდღიურად თითო საათ საეთერო დროს.

    მუხლი 8. პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და მის ქვემდგომი საარჩევნო კომისიები.

    მუხლი 9. საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. საარჩევნო კომისიები

საარჩევნო კომისიების სისტემა, მათი ორგანიზაცია და უფლებამოსილება განისაზღვრებ კანონით საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ.

    მუხლი 11. ამომრჩეველთა სიები

ამომრჩეველთა სიების შედგენის, მათში მოქალაქეთა შეტანის, სიებში ამომრჩეველთა არშეტანის, არასწორად შეტანის, სიიდან გამორჩენის, ამომრჩეველთა მონაცემებში დაშვებული შეცდომების გასაჩივრებისა და, აგრეთვე, საარჩევნო უფლების განხორციელების წესი მუდმივი ადგილსამყოფელის გამოცვლისას განისაზღვრება კანონით "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ.

    მუხლი 12. საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატთა წარდგენის უფლება

პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (ტექსტში შემდგომ „პარტიას“) ან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს 50.000 ამმრჩევლის ხელმოწერით.

    მუხლი 13. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო ფონდები

1. პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ხარჯებს ანაწილებენ საარჩევნო კომისიები საერთო ცენტრალიზებული ფონდიდან, რომელსაც ქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო ხარჯების საფუძველზე. არჩევნების დამთავრების შემდეგ ორი თვის ვადაში ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების, გამოყენებისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან საარჩევნო ფონდები, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თავიანთი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ არასახაზინო საწარმოთა, საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებათა და საქართველოს მოქალაქეთა შეწირულობანი. აღნიშნული თანხები ჩაირიცხება კანდიდატის საარჩევნო ფონდის საბანკო ანგარიშზე, რომელიც იხსნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით.

3. პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისთვის ნებაყოფილობითი შეწირულობის მაქსიმალურ ოდენობას, აგრეთვე ცალკეული შეწირულობის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

4. არჩევნების დამთავრების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში.

თავი II

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზაცია და ჩატარება

    მუხლი 14. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.

    მუხლი 15. პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2. ყოველ პარტიას და ყოველ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.

3. კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შედეგადაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებას უნდა დაერთოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა კენჭისყრაზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი; პარტიულობა და საქართველოში ცხოვრების ვადა, აგრეთვე პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულის ვინაობა. მას უნდა დაერთოს კანდიდატის დაბადების მოწმობის ასლი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმღვანელი პირი, ამომრჩეველთა ჯგუფის ყველა წევრი.

4. პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულმა არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია. მასში უნდა იყოს არანაკლებ 50.000 ამომრჩევლის ხელმოწერა.

5. წარდგენილი კანდიდატების მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და მათი შემოწმება ხორციელდება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად.

    მუხლი 16. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

2. პრეზიდენტობის კანდიდატი მისი რწმუნებული და ნდობით აღჭურვილი პირი არ შეიძლება იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები.

3. ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან 3 დღის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატებს აძლევს შესაბამის მოწმობას.

4. ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა ოფიციალურ გაზეთებში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას რეგისტრაციის შესახებ, გვარის, სახელის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (ძირითადი საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.

5. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარი პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე შეიძლება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა უარის თქმიდან 3 დღის განმავლობაში. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

6. პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია არჩევნებამდე ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 17. პრეზიდენტობის კანდიდატების, მათი რწმუნებულებისა და ნდობით აღჭურვილი პირების საქმიანობის გარანტიები

1. პრეზიდენტობის კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წნასაარჩევნო კამპანიაში. მათ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენების თანაბარი უფლებები აქვთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად.

2. პრეზიდენტობის კანდიდატები, მათი რწმუნებულები და ნდობით აღჭურვილი პირები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ან გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.

3. პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავეს დანაშაულის ადგილზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

    მუხლი 18. საარჩევნო ბიულეტენი

1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას განსაზღვრავს და მათ დაბეჭდას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო ბიულეტენში პრეზიდენტობის კანდიდატები შეაქვთ წარდგენის რიგის მიხედვით. მასში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების წელი და ადგილი, პროფესია (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, პარტიულობა, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის სახელწოდება; თუ კანდიდატი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი, დაიწერება "წარდგენილია ამომრჩეველთა მიერ.

3. საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთისათვის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.

4. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად აღირიცხება.

    მუხლი 19. კენჭისყრა

1. კენჭისჯრის დრო, ადგილი, მისი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ.

2. კენჭისყრის დროს ამომრჩეველმა ბიულეტენში უნდა დატოვოს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აძლევს ხმას, დანარჩენი კანდიდატები კი უნდა გადახაზოს.

 

თავი III

არჩევნების შედეგების შეჯამება

    მუხლი 20. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

1. ხმების დათვლისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი თანამიმდევრობა:

1) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა; მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

2) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩველთა საერთო რაოდენობას, აგრეთვე არჩევნების მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც მიიღეს ბიულეტენები;

3) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს ბეჭდის მთლიანობას საარჩევნო ყუთებზე, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას;

4) კომისია თვლის ყუთებში არსებული ბიულეტენების ანუ კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას (ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშების ბიულეტენებსა და ბიულეტენებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება). ბათილად ცნობილი ბიულეტენები ცალკე კონვერტებში იდება და იმგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს ბიულეტენების ამოღება ან ჩადება. კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;

5) კომისია ახარისხებს ბიულეტენებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც მეოთხე ქვეპუნქტშია მითითებული;

6) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს და ოქმში შეიტანს ხმების დათვლის შედეგებს. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმის ცალთა რაოდენობა სამით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას; ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

7) ოქმის ორ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ერთი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა გადაეცეს პრეზიდენტობის კანდიდიტების წარმომადგენლებს.

2. საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

    მუხლი 21. არჩევნების შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, არჩევნების მონაწილეთა, კენჭისყრის მონაწილეთა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას, ყოველი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

2. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა. მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

4. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი, და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

5. ოქმის პირველი ცალი და გამოუყენებელი ბიულეტენები არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატების წარმომადგენლებს.

    მუხლი 22. არჩევნების შედეგების დადგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში. გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა.

1. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნების მონაწილეთა და კენჭისყრის მონაწილეთა, თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

2. პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობამ.

3. არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს.

4. თუ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, წარდგენილი იყო პრეზიდენტობის ორი ან მეტი კანდიდატი, მაგრამ პრეზიდენტი ვერ აირჩა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების მეორე ტური ეწყობა ორი კვირის ვადაში.

5. თუ გამოცხადდა, რომ არჩევნები არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, ან მეორე ტურში არ აირჩევა პრეზიდენტი, ორი თვის ვადაში ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს ოქმს.

7. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

8. ოქმი ინახება ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატების რწმუნებულებს.

9. შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

თავი IV

არჩევნების მორე ტური. ხელახალი არჩევნები

    მუხლი 23. არჩევნების მეორე ტური

1. არჩევნების მეორე ტური ეწყობა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იყო პრეზიდენტობის ორი ან მეტი კანდიდანტი, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა არჩევნების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.

2. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მესამედი მაინც. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ოღონდ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მეხუთედისა.

3. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა იმ კანდიდატს, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

    მუხლი 24. ხელახალი არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, ან მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი. არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს.

2. ხელახალი არჩევნები ტარდება 2 თვის განმავლობაში.

3. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ გაზეთებში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

4. ხელახალი არჩევნების დროს საარჩევნო ღონისძიებანი ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

 

გარდამავალი დებულება

ნაცვლად ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ვადისა, ამ კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის პირველი არჩევნები ტარდება 1995 წლის 5 ნოემბერს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                               ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი           ვ. გოგუაძე

თბილისი

1995 წლის 1 სექტემბერი

792–რს