ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110228027, 14/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020100.36.101.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-14
25/02/2011
ვებგვერდი, 110228027, 14/03/2011
210020100.36.101.016032
ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/03/2011 - 26/10/2012)

ქალაქ თბილისის საკრებულო

გადაწყვეტილება №2-14

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად,

ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-5 გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე  ზ. სამადაშვილი

ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტი

თავი I

ქალაქ თბილისის საკრებულოს საქმიანობის საფუძვლები

    მუხლი 1

1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით“ ახორციელებს თვითმმართველობას ქალაქ თბილისში, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს ქალაქ თბილისის მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

3. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია დაითხოვოს საკრებულო ან შეაჩეროს მისი საქმიანობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერიის წინადადებით ან უამისოდ;

ბ) რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

5. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

ბ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და დამოუკიდებლობა;

ვ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა.

6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს რეგლამენტი, გადაწყვეტილება, დადგენილება, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება.

7. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.

8. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტითა (შემდგომში – რეგლამენტი) და სხვა სამართლებრივი აქტებით.

9. რეგლამენტი განსაზღვრავს საკრებულოს სტრუქტურას, საკრებულოს მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის.

    მუხლი 2

1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №2.

2. საკრებულოს ადგილსამყოფელი საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

3. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნსა და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ქალაქ თბილისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგავ.

    მუხლი 3

1. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმში ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის უკან, კედელზე მოთავსებულია თბილისის გერბი.

3. პრეზიდიუმში მარცხენა მხარეს დგას ქალაქ თბილისის მერისა და ვიცე-მერის სავარძლები.

4. პრეზიდიუმის მარჯვნივ მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

5. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.

6. სხდომათა დარბაზში უკანა რიგის მარცხენა მხარე განკუთვნილია ქ. თბილისის მთავრობის წევრებისათვის, ხოლო მარჯვენა მხარე – საკრებულოს ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის.

7. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარჯვნივ განთავსებულ მაგიდებთან ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და აპარატის ის საჯარო მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის ელექტრონული აპარატურის მართვაზე.

8. სხდომათა დარბაზის აივანზე მარჯვნივ ადგილს იკავებენ საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, სხდომაზე კანონით განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეები, ხოლო მარცხნივ – მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლები.

9. საკრებულოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია რეგულირდება საკრებულოს აპარატის დებულებით.

10. საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.

11. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი.

    მუხლი 4

1. საკრებულოს მუშაობის გაცნობის, წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები. დასაშვებია ჩატარდეს მათი დაჯილდოების ცერემონიალი.

2. საკრებულოს შენობაში დასაშვებია ექსკურსიები.

თავი II

საკრებულოს წევრი, საკრებულოს წევრის სტატუსი

    მუხლი 5

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) არსებობს საკრებულოს წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;

ბ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას;

ზ) გარდაიცვალა.

4. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. აღნიშნული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციისა და კომისიის თავმჯომარე - ფრაქციისა და კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია გაცდენის თაობაზე შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს. აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა ეთვლება საპატიოდ. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ არის არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული, აღნიშნულ ინფორმაციას მიაწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს.

5. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება წყდება საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 6

1. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) საკრებულოს შემადგენლობიდან ნიშნავს მერი.

2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

    მუხლი 7

1. თუ საკრებულოს წევრი ოთხი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად.

2. თუ საკრებულოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას ცნობის სახით.

3. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.

4. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოითხოვოს და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

5. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ცნობის სახით.

6. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს.

8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.

 მუხლი 8

1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო და სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;

ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში);

ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.

3. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

4. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას და ეკავოს ნებისმიერი პარტიული თანამდებობა.

    მუხლი 9

1. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 10

საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 11

1. საკრებულოს წევრი არის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:  

ა) საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში და ფრაქციაში;

ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;

გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

გ) საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;

დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომისიას;

ე) იყოს საკრებულოს არანაკლებ ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში, ხოლო საკრებულოს დროებითი კომისიის შემთხვევაში – არა უმეტეს ორი დროებითი კომისიის შემადგენლობაში.

ვ) დაესწროს საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის (წევრობის შემთხვევაში) სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

ზ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

თ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;

ი) ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ.

3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე.

    მუხლი 12

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიციირების წესით საკრებულოში:

ა) შეიტანოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით.

2. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ინიციირების წესით საკრებულოში შეტანილი საკითხი.

3. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

4. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში, რომლის წევრიც არ არის.

5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;

გ) მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, შეკითხვებით მიმართოს მომხსენებელს, სხდომის თავმჯდომარეს და მიიღოს პასუხი;

დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს და ნიშნავს საკრებულო;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

6. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება წინამდებარე რეგლამენტით.

    

    მუხლი 13

საკრებულოს წევრს უფლება აქვს:

ა) სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს;

ბ) კითხვით მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხი;

გ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

დ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს და ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

    მუხლი 14

1. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში, მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:

ა) აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

    მუხლი 15

1. საკრებულოს წევრს საკრებულოს საქმიანობის განსახორციელებლად საკრებულოს შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა და კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საზოგადოებრივ საწყისებზე მოიწვიოს ერთი თანაშემწე.

3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საკრებულოს წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო, ენიშნება დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები).

თავი III

საკრებულოს კომისიები

    მუხლი 16

1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, საკრებულო თავისი შეხედულებებისამებრ ქმნის არა უმეტეს 12 მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს სარევიზიო კომისიას.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ ხუთი წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, საკრებულოს შეუძლია კონკრეტული ვადით შექმნას დროებითი კომისიები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ სამი წევრით. დროებითი კომისიების მუშაობის ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს საკრებულო, დროებითი კომისიის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, გარდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის დღისა. უფლებამოსილების ცნობის დღეს საკრებულოს წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოხატოს პირველსავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.

5. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე რეგლამენტითა და კომისიის დებულებით, რომელსაც გადაწყვეტილებით ამტკიცებს საკრებულო.

6. კომისიების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს ბიურო.

    მუხლი 17

1. საკრებულოს მუდმივი კომისიებია:

ა) სარევიზიო;

ბ) იურიდიულ საკითხთა;

გ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო;

დ) საქალაქო მეურნეობის;

ე) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა;

ვ) ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის;

ზ) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის;

თ) განათლებისა და კულტურის;

ი) გარემოს დაცვის;

 კ) ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების;

 ლ) სახელდებისა და სიმბოლიკის;

 მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა.

 2. საკრებულოს სარევიზიო კომისია აკონტროლებს აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობას, აკონტროლებს მისაღები შემოსულობების დროულობას და აღრიცხვას, გადასახდელების კანონიერებას და ქ. თბილისის ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას. კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.

3. იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

4. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შექმნილია ქ. თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ.

5. საქალაქო მეურნეობის კომისია შექმნილია საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების, ამ სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

6. ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია შექმნილია დედაქალაქში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, ბავშვთა დაცვის, დემოგრაფიის და ვეტერანთა საკითხების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

7. ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისია შექმნილია ქალაქ თბილისის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებისათვის, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

8. ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობისა და მოქალაქეების საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მიზნით.

9. განათლებისა და კულტურის კომისია შექმნილია დედაქალაქში საგანმანათლებლო, კულტურული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

10. გარემოს დაცვის კომისია შექმნილია დედაქალაქში გარემოს არსებული მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისათვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების აქტიური პროპაგანდისათვის.

11. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია შექმნილია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის საკითხთა შესწავლისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარების მიზნით.

12. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია შექმნილია დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მოედნების სახელდების, დედაქალაქის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა ახალი სიმბოლოების შექმნის, შემოღებისა და გამოყენების წესების შემუშავებისა და დადგენის მიზნით.

13. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია შექმნილია ბავშვთა-მოზარდთა, ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზების, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.

მუხლი 18

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.

2. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

3. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ დასახელების რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ კანდიდატი მოაგროვებს კომისიის თავმჯდომარის არჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, კენჭისყრის პროცედურა წყდება და დარჩენილ კანდიდატებს კენჭი არ ეყრებათ.

5. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და იგი არ იქნა არჩეული, ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

7. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

8. კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

9. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

    მუხლი 19

1. საკრებულოს კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

    მუხლი 20

1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.

2. საკრებულო ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას.

3. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.

4. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

    მუხლი 21

1. საკრებულო კომისიის უფლებამოსილების ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (არა უმეტეს ორი მოადგილისა).

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს.

3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

4. თუ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და იგი არ იქნა არჩეული, ტარდება ხელახალი არჩევნები.

5. თუ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

6. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

7. კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

8. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს ყოველი კენჭისყრის წინ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

    მუხლი 22

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;

ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. იმ შემთხვევაში , თუ კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს კომისიის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 23

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს საკრებულოში შესული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;

გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;

დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ე) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ვ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

თ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.

2. კომისიის დამატებითი უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 24

 საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

    მუხლი 25

საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.

    მუხლი 26

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებადა ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ ეცნობებათ კომისიის წევრებს სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. აღნიშნული ერთდღიანი ვადა არ ვრცელდება ამ რეგლამენტის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მთავრობის წევრები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემასიტყვით გამოსვლის უფლება.

7. კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www. sakrebulo.ge

მუხლი 27

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, შემოწმებათა სხვა შედეგები.

2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.

3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

    მუხლი 28

საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

     მუხლი 29

1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საკრებულოს კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.

2. კომისიის სამდივნო:

ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;

დ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, კომისიის დებულებითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეები და საზოგადოებრივ საწყისებზე მოწვეული სპეციალისტები.

4. კომისიის სამდივნოს მოსამსახურეთა წახალისება და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ხორციელდება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კომისიის სამდივნოს უფროსის მიერ აპარატის უფროსთან წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.

5. კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს, საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სამდივნოს უფროსის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

თავი IV

საკრებულოს ფრაქციები

    მუხლი 30

1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ რეგლამენტით.

2. ფრაქცია არის საკრებულოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

3. საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.

4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

5. საკრებულოს ფრაქციის ჩამოყალიბება შეიძლება როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

6. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა. შ.) ნიშნით.

7. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

8. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს ჰყავდეს წარმომადგენელი საკრებულოს ნებისმიერ კომისიაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 31

1. ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკის პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ სამი საკრებულოს წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკის პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

3. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.

    მუხლი 32

1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს არა უმეტეს ორი მოადგილე.

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მდივნის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.

3. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.

4. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.

    მუხლი 33

1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

    მუხლი 34

     1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

4. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომისიას.

    მუხლი 35

ფრაქციის ამოცანებია:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს საკრებულოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და ქცევის ნორმების დაცვას;

გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი.

    მუხლი 36

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.

4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

გ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე;

დ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;

ე) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ვ) საკრებულოს ყველა კომისიაში შეიყვანოს ფრაქციის წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

თ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

6. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. მათი უფლებამოსილება, ასევე არჩევის, გადაყენების, გადარჩევის და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

    მუხლი 37

1. ფრაქციის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ;

გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

დ) ახორციელებს რეგლამენტითა და ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა.

3. ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფრაქციის გადაწყვეტილებით , ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე ან მდივანი.

4. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს, ორგანიზებას უწევს ფრაქციის შიდა საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 38

1. ფრაქციას აქვს საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიცირების უფლება.

2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და ქ. თბილისის მთავრობის ცალკეულ წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან კანონით დადგენილი წესით უპასუხონ შეკითხვას.

3. ქ. თბილისის მთავრობის წევრი, საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.

4. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი და დასანიშნი კანდიდატურების შესახებ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს კამათში და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

5. ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.

6. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

    მუხლი 39

1. ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგულირდება ფრაქციის წესდებით.

2. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის მიზნები, მისი სტრუქტურა, ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.

    მუხლი 40

1. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი.

2. ფრაქციას, თავისი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს ჰყავდეს შტატგარეშე მოსამსახურეები.

3. ფრაქციისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა შტატგარეშე მოსამსახურეთა ასაყვანი წლიური სახელფასო ლიმიტი, რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

4. ფრაქციის შტატგარეშე მოსამსახურეებს ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

 

 

 

თავი V

საკრებულოს თანამდებობის პირები

    მუხლი 41

1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

     ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი მოადგილე ;

გ) საკრებულოს მუდმივ და დროებით კომისიათა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;

დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.

2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.

3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.

4. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მუდმივი კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები იღებენ გასამრჯელოს. მათი თანამდებობრივი შეუთავსებლობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 42

1. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს საკრებულოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს საკრებულოს სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას და ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ბ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებს, საკრებულოს და ბიუროს სხდომების ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;

დ) იწვევს, ხსნის, წარმართავს და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს სხდომებს;

ე) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს ;

ვ) კენჭისყრაზე სვამს საკითხს, აცხადებს კვორუმის რაოდენობასა და კენჭისყრის შედეგებს;

ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უთიშავს მიკროფონს (თვითონ ან აძლევს შესაბამის მითითებას აპარატის საჯარო მოსამსახურეს) გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით, ან/და ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;

თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეწყვეტს სხდომას ან აცხადებს შესვენებას, იღებს სხდომის გადადების ან სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილებას;

ი) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;

კ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

ლ) ხელს უწყობს ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლობას;

მ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ნ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს);

ო) იღებს ზომებს საკრებულოსა და ცალკეული საკრებულოს წევრის უსაფრთხოებისა და მათი ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;

პ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს აპარატის საქმიანობას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს დასანიშნად წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსის კანდიდატურას;

რ) საკრებულოს სხდომაზე იწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს;

ს) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში;

) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის შვებულების მიცემის თაობაზე;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

3. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

5. აკრძალულია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება.

6. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დადგენილი წესით.

    მუხლი 43

1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

     2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები.

    მუხლი 44

1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე.

2. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან.

 

    მუხლი 45

1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს იგივე კანდიდატი მხოლოდ ერთხელ ან დაასახელოს სხვა კანდიდატურა.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისას მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით.

4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლებიან, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს დადგენილი წესით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.

თავი VI

საკრებულოს ბიურო

 

    მუხლი 46

1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საკრებულოს მუდმივი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

2. ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას;

გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიების დასკვნებსა და წინადადებებს;

დ) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის, საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;

ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს;

ზ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარისათვის შვებულების მიცემის თაობაზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 47

1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

2. ბიუროს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

3. ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ბიუროს სხდომის მასალები სხდომამდე ერთი საათით ადრე მაინც, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

5. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა.

6. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

7. საკრებულოს ბიურო სხდომაზე განიხილავს ბიუროზე წარმოდგენილ ყველა მასალას (საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტები, დასკვნები და სხვა).

თავი VII

საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა

 

    მუხლი 48

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობა. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით.

2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

3. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის რაოდენობაზე, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომა მოიწვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს აპარატი ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობას.

 

    მუხლი 49

საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, როგორც წესი ირჩევს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;

გ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს;

დ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარის მოადგილეებს.

თავი VIII

საკრებულოს სხდომები

    მუხლი 50

1. საკრებულოს ბიურო განსახილველი სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს:

ა) საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ;

ბ) საკრებულოს თანამდებობის პირთათვის უნდობლობის (თანამდეობიდან გადაყენების) გამოცხადების საკითხს.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თითოეულ ფრაქციას დღის წესრიგის დამტკიცებამდე აძლევს ხუთწუთიან სიტყვას, ხოლო საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის არცერთ ფრაქციაში გაერთიანებული , ეძლევა ორწუთიანი სიტყვა. კამათი ასეთი განცხადებების გამო შეიძლება გაიმართოს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები სიტყვის უფლებით სარგებლობენ შეუზღუდავად.

4. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგის საკითხების განხილვა ვერ მოესწრო საკრებულოს სხდომაზე, საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა ან გამოაცხადოს იგი შეწყვეტილად, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას სხდომის გაგრძელების თარიღის შესახებ. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.

    მუხლი 51

1. საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის ბოლო სრულ კვირას.

2. საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოეკვრება საჯარო გაცნობისთვის საკრებულოს შენობაში, სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილს და განთავსდება საკრებულოს ოფიციალურ                       ვებგვერდზე: www.sakrebulo.ge

3. საკრებულოს შეუძლია გამართოს გასვლითი სხდომები.

4. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

5. საკრებულოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

6. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი.

    მუხლი 52

1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებასა და სხდომის დღის წესრიგს.

3. საკრებულოს არანაკლებ ორ ფრაქციასა და საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული საკრებულოს არც ერთ ფრაქციაში უფლება აქვთ ერთობლივად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის  ინიციატივის დაყენების მოთხოვნით მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე აყენებს ინიციატივას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.

5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

    მუხლი 53

1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს სხდომის დანიშვნის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებაში მითითებულ დროსა და ადგილზე.

2. სხდომაზე შესვენება ცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის შეხედულებით ან საკრებულოს დამსწრეთა უმრავლესობის მოთხოვნით.

    მუხლი 54

1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.

2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ.

3. საკრებულოს სხდომა, ან სხდომის ნაწილი დახურულად ცხადდება, თუ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.

4. საკრებულოს სხდომის მსვლელობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

6. საკრებულოს აპარატი ასევე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას, სადაც ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: სხდომის გამართვის თარიღი, დღის წესრიგი, დამსწრეთა და მოწვეულ პირთა სახელი, გვარი და თანამდებობა, გამომსვლელთა გვარები და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი, მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის დღის წესრიგის ყველა საკითხი ოქმში შეიტანება შემდეგნაირად: მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს. თუ არსებობს მოხსენების ტექსტი ან მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტები, აგრეთვე სხვა მასალა, ისინი დაერთვის ოქმს, ხოლო ოქმში კეთდება მითითება: „მოხსენების ტექსტი” (გადაწყვეტილების პროექტი, ან სხვა მასალა სხდომის ოქმს თან ერთვის).

7. საკრებულოს სხდომის მსვლელობა იწერება საკრებულოს სხდომათა დარბაზში არსებული შესაბამისი აპარატურის მეშვეობით და ჩანაწერის ფაილი ინახება საქმისწარმოების განყოფილებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 55

1. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრები გადიან რეგისტრაციას.

2. როგორც წესი საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია ელექტრონული სისტემით არ ხდება, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს რეგისტრაციას შესაბამის რეესტრში საკრებულოს წევრების მიერ ხელმოწერების მეშვეობით.

3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის ის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საკრებულოს სხდომათა დარბაზის რადიოფიცირებისა და კენჭისყრის აპარატურის მართვას.

4. ელექტრონული სისტემით რეგისტრაციის დროს საკრებულოს თითოეული წევრი სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მეშვეობით ადასტურებს სხდომაზე დასწრების ფაქტს. რეგისტრაციის მომენტისათვის სარეგისტრაციო ბარათის არქონის შემთხვევაში საკრებულოს წევრს საკრებულოს აპარატის მიერ მიეცემა სათადარიგო ბარათი, რომელიც სხდომის დასრულებისთანავე უბრუნდება აპარატს.

5. სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საკრებულოს წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს აპარატს, რომელიც შესაძლო მოკლე ვადაში უზრუნველყოფს ახალი ბარათის დამზადებას, ხოლო საკრებულოს წევრის მიერ ბარათის განმეორებით დაკარგვის შემთხვევაში, იგი საკუთარი სახსრებით აანაზღაურებს ბარათის დამზადების ხარჯებს.

6. საკრებულოს გასვლითი სხდომების დროს რეგისტრაციისა და კენჭისყრის ელექტრონული სისტემა არ გამოიყენება.

7. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრაციის შედეგების სიზუსტეს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს საკრებულოს აპარატი.

8. თუ რეგისტრაციის შედეგი ეჭვს იწვევს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ წევრთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

9. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არ ჩაეთვლება გაცდენილად თუ იგი ერთხელ მაინც მიიღებს მონაწილეობას საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში.

11. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით ცხადდება ათწუთიანი შესვენება, რის შემდეგაც მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ტარდება ხელახალი რეგისტრაცია. თუ არც ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

12. კენჭისყრის ელექრონული მოწყობილობის ტექნიკური შეფერხებისას სხდომის თავმჯდომარე ან აცხადებს შესვენებას აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად ან/და იღებს სხვა გადაწყვეტილებას.

    მუხლი 56

1. საკრებულოს თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. დღის წესრიგის პროექტში საკითხების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს საკრებულოს გადაწყვეტილებით.

2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს ეძლევა სამწუთიანი სიტყვა.

3. საკრებულოს მიმდინარე სხდომის დღის წესრიგში საკითხი არ შეიტანება მისი ბიუროზე რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვის გარეშე. თუ საკრებულოს წევრი მოითხოვს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანას, საკრებულო ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის წამყვანი კომისიის (კომისიების) უახლოეს სხდომაზე განხილვისა და რეგლამენტით საკითხის განხილვისათვის გათვალისწინებული შემდეგი პროცედურების გავლის თაობაზე.

 4. სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა, კვორუმი სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, ასევე სხვა ინფორმაცია გამოისახება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე.

    მუხლი 57

1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის განხილვა იწყება საკითხის წარმომდგენი პირის მოხსენებით, რომელიც აღნიშნულ მოხსენებას წარმოადგენს ტრიბუნასთან გამოსვლით. აღნიშნულ საკითხზე საჭიროების შემთხვევაში თანამომხსენებელი წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მოხსენების მოსმენის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართონ მომხსენებელს. გამომსვლელთა რიგითობა დგინდება ავტომატურად მსურველი დეპუტატის მიერ განკუთვნილ ადგილას დამონტაჟებულ მიკროფონთან ღილაკზე თითის დაჭერით.

3. საკრებულოს დანარჩენი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილას დამონტაჟებულ მიკროფონთან.

4. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.

5. ქ. თბილისის მერს, ვიცე-მერსა და ქ. თბილისის მთავრობის წევრებს უფლება აქვთ რიგგარეშედ და დროის შეუზღუდავად გამოვიდნენ საკითხის განხილვისას.

6. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს სიტყვა მიეცემა რიგგარეშედ. წინადადება უნდა შეეხებოდეს მხოლოდ სხდომის დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს.

7. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვით გამოსვლაზე.

    მუხლი 58

საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია:

ა) მოხსენება;

ბ) თანამოხსენება;

გ) განსახილველ საკითხზე სიტყვით გამოსვლა;

დ) დასკვნითი სიტყვა;

ე) რეპლიკა;

ვ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა;

ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრისა და სხდომის წარმართვის წესის შესახებ.

    მუხლი 59

1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა არა უმეტეს 20 წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.

2. მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომისიების, ფრაქციების წარმომადგენლებს, ცალკეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ დაუსვან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული, მათთვის საინტერესო შეკითხვები მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს, რისთვისაც მათ ეძლევათ სამი წუთი, ხოლო დამატებით დაზუსტებული კითხვისათვის 1 წუთი.

3. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთიანად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას, რისთვისაც მას ეძლევა არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.

 4. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ საკრებულოს თითოეულ წევრს ეძლევა ხუთი წუთი სიტყვით გამოსვლისათვის (რეპლიკისათვის).

5. ერთიდაიმავე საკითხზე რეპლიკის უფლებით საკრებულოს წევრი სარგებლობს მხოლოდ ერთხელ.

6. სიტყვით გამოსვლის (რეპლიკის ამოწურვის) შემდეგ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს ეძლევა დრო დასკვნითი სიტყვისათვის არა უმეტეს ხუთი წუთისა.

7. ფრაქციის და კომისიის სახელით საკრებულოს წევრს უფლება აქვს მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისარგებლოს სიტყვის უფლებით არა უმეტეს ხუთი წუთისა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული დროით.

    მუხლი 60

1. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია და ფარული. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის დროს, საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მეშვეობით, სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრი არის მომხსენებელი ან თანამომხსენებელი, მას უფლება აქვს სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათით ხმა მისცეს ტრიბუნიდან.

3. საკრებულოს წევრის მიერ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ხორციელდება, სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის მოთავსებით , ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ მოწყობილობაში და შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით.

4. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა ან/და საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხვა წევრის სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის გამოყენება.

5. საკრებულოს სხდომაზე ღია კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემით (გვარების ამობეჭდვით), ხოლო ფარული - ბიულეტენებით ან კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღუნიშნავად.

6. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას. საკრებულოს წევრის მიერ კენჭისყრის დროს საკუთარი ნების გამოხატვის ფორმებია: მომხრე, წინააღმდეგი ან თავი შეიკავა.

7. კენჭისყრის პროცედურის დროს იკრძალება საკრებულოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.

    მუხლი 61

1. საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გარდა კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა.

2. თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს აგრეთვე საჭიროებს:

ა) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევისა და გადაყენების თაობაზე;

გ) გადაწყვეტილება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის და გადაყენების თაობაზე;

დ) გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე.

4. საკრებულოს წევრთა ხმების 2/3-ს საჭიროებს საკრებულოს იმ დადგენილების მიღება, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 62

1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას, საკრებულოს აპარატი ამზადებს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

2. ბიულეტენების შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის გვარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

თავი IX

საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი

 

    მუხლი 63

1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს გადაწყვეტილება;

ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს დადგენილება.

2. ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ”საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონითა და მოცემული რეგლამენტით.

3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მოცემული რეგლამენტით.

    მუხლი 64

1. საკრებულოსათვის სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების წესით წარდგენის უფლება აქვს:

ა) ქ. თბილისის მერს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრს;

ე) ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერის გზით.

2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.

3. საკრებულოში შეტანილ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტს თან უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;

ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).

4. კომისიის მიერ ინიცირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

5. ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩევლის ინიციატივით, საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის ამომრჩეველთა მიერ, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით.

6. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს. განცხადებას უნდა დაერთოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი და ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონი.

7. საკრებულოს თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელსაც წერილობით აცნობებს საინიციატივო ჯგუფს. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

8. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება.

9. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს სამართლებრივი აქტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

10. ხელმოწერების შესაგროვებლად საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით დამტკიცებული ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 25 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონს და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ გვერდს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში.

11. შევსებული ხელმოწერების ფურცლებსა და სამართლებრივი აქტის პროექტს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღებიდან 20 დღის ვადაში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ორი დღის ვადაში გადასცემს მათ იურიდიულ საკითხთა კომისიას. სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვე გადაეცემა წამყვან კომისიას (კომისიებს).

12. იურიდიულ საკითხთა კომისია ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 5 დღის ვადაში, შერჩევითი პრინციპის საფუძველზე, ამოწმებს ხელმოწერების შესაბამისობას ამ მუხლის მოთხოვნებთან და შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შესრულებულ ხელმოწერათა რაოდენობა აღმოჩნდა 3000-ზე ნაკლები, იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

14. ამომრჩეველთა ხელმოწერების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა, წარმოდგენილი პროექტი, ამომრჩეველთა ხელმოწერები და სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით წამყვანი კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები) წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

15. პეტიციის წესით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტზე საკრებულოში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – წამყვანი კომისიის წარმომადგენელი.

    მუხლი 65

1. სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და საკრებულოსათვის წარსადგენი პროექტი გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე მაინც, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, გადაუდებელი აუცილებლობისას ან საკითხის აქტუალურობის შემთხვევაში, პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით, თუ იგი საკრებულოს სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე წარმოდგენილ პროექტს გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, წამყვან კომისიას (კომისიებს), სხვა კომისიებს, ფრაქციებს და საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებას. საკრებულოს კომისიები უზრუნველყოფენ, რომ კომისიების ყველა წევრს წარმოდგენილი პროექტები მიეწოდოს კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც. აღნიშნული ერთდღიანი ვადა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ შედის საკრებულოს არც ერთი ფრაქციის შემადგენლობაში, წარმოდგენილი პროექტები გადაეცემა შესაძლოდ მოკლე ვადაში საკრებულოს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც.

5. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება ამზადებს სამართლებრივ დასკვნას და პროექტთან ერთად ეგზავნება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც კომისიის სხდომაზე განიხილავს წარმოდგენილ პროექტს აღნიშნულ დასკვნასთან ერთად.

6. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე, პროექტს ამ მუხლის პირველ პუნქტში პროექტის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ბოლო დღიდან არა უგვიანეს მესამე დღისა კომისიის სხდომაზე განიხილავს წამყვანი კომისია. სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე დაჩქარებული წესით გადაწყვეტს პროექტის განხილვას, აღნიშნული პროექტის განხილვა საკრებულოს წამყვანი კომისიის მიერ ხდება პროექტის მიღებიდან დაუყოვნებლივ.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებულ ვადაში წამყვანი კომისია არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას პროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომისიის დასკვნის გარეშე პროექტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

8. სამართლებრივი აქტის პროექტზე წამყვანი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

9. წარმყვანი კომისია თავის დასკვნას უგზავნის საკრებულოს აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს დასკვნის საკრებულოს ბიუროს სხდომისათვის წარდგენას.

10. საკრებულოს უკვე დანიშნულ სხდომაზე სამართლებრივი აქტის პროექტი (შემდგომში - პროექტი) არ იქნება გატანილი და განხილული თუ:

ა) საკითხი არ არის აქტუალური და არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა პროექტის განხილვისათვის და პროექტი წარმოდგენილ იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) საკითხი არის აქტუალური და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა პროექტის განხილვისათვის, მაგრამ პროექტი წარმოდგენილ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

გ) პროექტი არ იქნა განხილული საკრებულოს წამყვანი კომისიის (კომისიების) სხდომაზე და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული კომისიის (კომისიების) დასკვნა (დასკვნები), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. წამყვანი კომისიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

12. თუ წარდგენილ პროექტს თან არ ერთვის ამ რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად პროექტი დაუბრუნოს მის ინიციატორს.

 

    მუხლი 66

1. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებების შეტანა არ იქნა მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ იმართება კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, თუ კანონით ან მოცემული რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში მოთხოვნილ იქნა ცვლილების შეტანა, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების წინადადებას, შემდეგ კი, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს. თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი ტექსტი, პროექტი უარყოფილად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და მისი შემდგომი განხილვა ამ სხდომაზე აღარ ხდება.

თავი X

ქ. თბილისის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება

    მუხლი 67

1. ქ. თბილისის ბიუჯეტი არის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.

3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების და სხვა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისაგან.

4. ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი საკრებულოს კომპეტენციაა.

5. მერი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად წარუდგენს საკრებულოს.

6. ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ქ. თბილისის საკრებულოს შეუძლია მხოლოდ მერის წარდგინებით.

    მუხლი 68

1. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის.

2. საკრებულო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

3. ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ორგანიზებას უწევს ქ. თბილისის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვასა და შეთანხმებას.

4. ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ეგზავნება ყველა კომისიასა და ყველა ფრაქციას. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საკრებულოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 22 ნოემბრისა.

5. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს.

6. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა ქ. თბილისის მერი წარუდგენს საკრებულოს.

7. საკრებულოში განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

8. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულოს წევრთა 2/3-ით შესაძლებელია დამტკიცდეს საკრებულოს ფრაქციის ან/და სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები.

9. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ვ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ზ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

თ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.

 11. წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის.

 

    მუხლი 69

1. ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს სხდომას ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს:

ა) ქ. თბილისის მერი;

ბ) ქ. თბილისის ვიცე-მერი;

გ) ქ. თბილისის მერის მოადგილე;

დ) ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.

3. მომხსენებლის მიერ ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი - საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი, რომელიც საკრებულოს გააცნობს კომისიის დასკვნას.

4. განხილვის დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე სვამს საკითხს ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

თავი XII

საფინანსო სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვისა და თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი

    მუხლი 70

1. საფინანსო სამართლებრივი აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ქ. თბილისის ბიუჯეტზე.

2. საფინანსო სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის, აუცილებელია საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა.

3. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, საფინანსო სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ ამოწმებს მიმდინარე და მომავალ ბიუჯეტთან აქტის პროექტის შეთავსების შესაძლებლობას. თუ შემოწმებით დადგინდა, რომ პროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე, კომისიამ საკრებულოსთვის წარდგენილ დასკვნაში უნდა აღნიშნოს მოსაზრება ბიუჯეტზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების სავარაუდო გზების შესახებ.

4. საფინანსო სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვა და მიღება ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი სამართლებრივი აქტის მიღების წესით.

    მუხლი 71

1. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია საკრებულოს დადგენილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.

2. ძირითადი ქონების გასხვისებისათვის მერი ამზადებს დასაბუთებულ წინადადებას და წარუდგენს საკრებულოს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად.

3. ძირითადი ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო წევრთა ხმების 2/3-ით.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობის, ქონების ფლობისა და განკარგვის წესები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თავი XIII

საკრებულოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

 

    მუხლი 72

1. ნორმატიული აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

2. ნორმატიული აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეგზავნება ბეჭვდითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძული, საკრებულოს ბეჭდითა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებული.

    მუხლი 73

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.

2. ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნესსარეგისტრაციოდ და გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

3. საკრებულოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან ~ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 74

     ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი XIV

საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 75

1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკრებულოს აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით.

2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.

    მუხლი 76

1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს სხდომების მომზადებას;

ბ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

გ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების დავალებების შესრულებას;

ე) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;

ვ) სხდომებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადებასა და საკრებულოს წევრებისათვის მიწოდებას;

ზ) საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას;

თ) პრესით, ტელევიზიითა და რადიოთი საკრებულოს საქმიანობის გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

ი) საკრებულოში სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და საკრებულოს აპარატის დებულებით.

    მუხლი 77

1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.

3. საკრებულოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

    მუხლი 78

1. საკრებულოს აპარატში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან განყოფილებები, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების, მუდმივი კომისიებისა და აპარატის უფროსის სამდივნოები.

2. საკრებულოს აპარატის მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, აპარატის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.

თავი XV

საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ამ რეგლამენტის დარღვევისათვის

    მუხლი 79

1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ გამოიყენება ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) საკრებულოს სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

გ) სხდომათა დარბაზის დატოვება;

დ) „ქ. თბილისის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისი შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 სექტემბრის №16-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  დანართი 1-ის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა 3 თვით.

2. საკრებულოს იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც იღებენ თანამდებობრივ სარგოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიყენება ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 50%-ის დაქვითვა 3 თვით. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში მასზე არ მოხდება პრემიის გაცემა.

 

    მუხლი 80

1. საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარე საკრებულოს წევრს გაუთიშავს მიკროფონს ან ავალებს აპარატის შესაბამის თანამშრომელს გაუთიშოს მიკროფონი, თუ იგი სიტყვით გამოსვლისას არ მსჯელობს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხზე.

2. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის (მიკროფონის გათიშვის) შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ბ) სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში (იმ შემთხვევაში თუ მას ევალება სამართლებრივი აქტის პროექტის სხდომაზე წარდგენა).

3. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ:

ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და ამის მიუხედავად კვლავ არღვევს წესრიგს;

ბ) რომელიც სხდომის დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) რომელიც სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრებს;

დ) რომელიც სჩადის სხვა ისეთ მოქმედებას, რაც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ვ) არღვევს პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფორმას;

ზ) თავისი საუბრით ან საქციელით აშკარა შეურაცხყოფას აყენებს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ან მის რომელიმე წევრს;

თ) კენჭისყრის პროცედურის დროს საკუთარი სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის გარდა იყენებს საკრებულოს სხვა წევრის სარეგისტრაციო ელექტრონულ ბარათს.

4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარემ გამოიყენა სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, იგი გაყვანილი იქნება იძულების წესით.

5. საკრებულოს წევრს, რომლის მიმართაც სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, ერთი თვით უარი ეთქმება 91-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე.

    მუხლი 81

საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მიერ, რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დაისვას საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. საკითხის დასმის უფლება აქვს ფრაქციას და საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

 

    მუხლი 82

დაუშვებელია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის, ოქმის და საკრებულოს სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.