შეთანხმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

  • Word
შეთანხმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 20/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 09/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000763
  • Word
-
01/01/2010
სსმ, 3, 20/05/2010
480610000.03.030.000763
შეთანხმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

წინამდებარე შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები,

 

იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული ერების სრულუფლებიან წარმომადგენელთა დიპლომატიური კონფერენციის მიერ 1998 წლის 17 ივლისს მიღებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტით დაფუძნდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირებზე იურისდიქციის განხორციელების უფლებამოსილებით;

 

იმის გათვალისწინებით, რომ რომის სტატუტის მე-4 მუხლი ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო სამართალსუბიექტობა და იმგვარი უფლებაუნარიანობა, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად;

 

იმის გათვალისწინებით, რომ რომის სტატუტის 48-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს იმგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

(a) „სტატუტი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების სრულუფლებიან წარმომადგენელთა დიპლომატიური კონფერენციის მიერ 1998 წლის 17 ივლისს მიღებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს;

(b) „სასამართლო“ ნიშნავს სტატუტით დაარსებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს;

(c) „მონაწილე სახელმწიფოები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს;

(d) „მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები“ ნიშნავს ყველა დელეგატს, დელეგატის მოადგილეებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებს და დელეგაციების მდივნებს;

(e) „ასამბლეა“ ნიშნავს სტატუტის მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეას;

(f) „მოსამართლეები“ ნიშნავს სასამართლოს მოსამართლეებს;

(g) „პრეზიდიუმი“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც შედგება სასამართლოს პრეზიდენტისაგან და პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტებისაგან;

(h) „პროკურორი“ ნიშნავს სტატუტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასამბლეის მიერ არჩეულ პროკურორს;

(i) „პროკურორის მოადგილეები“ ნიშნავს სტატუტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასამბლეის მიერ არჩეულ პროკურორის მოადგილეებს;

(j) „რეგისტრატორი“ ნიშნავს სტატუტის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ არჩეულ რეგისტრატორს;

(k) „რეგისტრატორის მოადგილეები“ ნიშნავს სტატუტის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ არჩეულ რეგისტრატორის მოადგილეებს;

(l) „ადვოკატი“ ნიშნავს დამცველ ადვოკატს და დაზარალებულთა კანონიერ წარმომადგენლებს;

(m) „გენერალური-მდივანი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს;

(n) „მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები“ ნიშნავს მთავრობათაშორისი ორგანიზაციების აღმასრულებელ მეთაურებს, მისი მოვალეობის შემსრულებელი ნებისმიერი თანამდებობის პირის ჩათვლით;

(o) „ვენის კონვენცია“ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციას;

(p) „პროცედურის და მტკიცების წესი“ ნიშნავს სტატუტის 51-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ პროცედურის და მტკიცების წესს.

    მუხლი 2. სასამართლოს სამართლებრივი სტატუსი და სამართალსუბიექტობა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო სამართალსუბიექტობა და იმგვარი უფლებაუნარიანობა, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. კერძოდ, მას გააჩნია კონტრაქტების დადების, მოძრავი და უძრავი ქონების შეძენისა და განკარგვის და სასამართლოს სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

    მუხლი 3. სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ზოგადი დებულებები

სასამართლო თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს იმგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად.

    მუხლი 4. სასამართლოს შენობის ხელშეუხებლობა

სასამართლოს შენობა ხელშეუხებელია.

    მუხლი 5. დროშა, ემბლემა და განმასხვავებელი ნიშნები

სასამართლო უფლებამოსილია მის შენობებზე და ოფიციალური მიზნებისათვის გამოყენებულ ავტომობილებზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გამოფინოს მისი დროშა, ემბლემა და განმასხვავებელი ნიშნები.

    მუხლი 6. სასამართლოს, მისი ქონების, ფონდების და აქტივების იმუნიტეტი

1. სასამართლო და მისი ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი პროცესუალური ქმედებისაგან, იმ კონკრეტული შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლო პირდაპირ იხსნის იმუნიტეტს. თუმცა, ეს უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ გავრცელდეს აღსრულების ზომაზე.

2. სასამართლოს ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, ამოღების, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლოს თუ საკანონმდებლო წესით ჩარევის სხვა ფორმებისაგან.

3. სასამართლოს ფუნქციების განხორციელების აუცილებლობის ფარგლებში, სასამართლოს ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, თავისუფლდება ყველანაირი სახის შეზღუდვებისაგან, რეგულაციებისაგან, კონტროლისა და მორატორიუმებისაგან.

    მუხლი 7. არქივების და დოკუმენტების ხელშეუხებლობა

სასამართლოს არქივები და ყველა საბუთი და დოკუმენტი ნებისმიერი ფორმით, და მასალები, რომელიც ეგზავნება სასამართლოს ან იგზავნება სასამართლოდან, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, ხელშეუხებელია. ამგვარი ხელშეუხებლობის შეწყვეტა ან არარსებობა გავლენას არ ახდენს დამცავ ზომებზე, რომელთა გამოყენებაც სასამართლოს შეუძლია სტატუტის და პროცედურის და მტკიცების წესის შესაბამისად იმ დოკუმენტებთან ან მასალებთან დაკავშირებით, რომელიც მიეწოდა ან გამოიყენება სასამართლოს მიერ.

    მუხლი 8. გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან და საიმპორტო ან საექსპორტო შეზღუდვებისაგან გათავისუფლება

1. სასამართლო, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება, ასევე ოპერაციები და გარიგებები თავისუფლდება ყველა სახის პირდაპირი გადასახადისაგან, რაც, კერძოდ, მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, კაპიტალზე გადასახადს, კომპანიის მოგების გადასახადს, ისევე როგორც ადგილობრივი და პროვინციული ხელისუფლების მიერ დაწესებულ პირდაპირი გადასახადებს. თუმცა გაითვალისწინება, რომ სასამართლო არ მოითხოვს იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა კომუნალური მომსახურებას გადასახადს, რომლის გადახდაც ხდება ფიქსირებული ტარიფით გაწეული მომსახურების ოდენობის მიხედვით და რომლებიც შესაძლებელია კონკრეტულად დასახელებული, აღწერილ და გაწერილ იქნეს.

2. სასამართლო თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახდელებისგან, საიმპორტო გადასახადებისაგან და სასამართლოს მიერ მისი ოფიციალური მოხმარებისათვის და მის პუბლიკაციებთან დაკავშირებით იმპორტირებული ან ექსპორტირებული საგნების საიმპორტო ან საექსპორტო აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან.

3. ამგვარი გათავისუფლების პირობებში იმპორტირებული ან შეძენილი საქონელი არ უნდა იქნეს გაყიდული ან სხვაგვარად განკარგული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ამ მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებული პირობებისა.

    მუხლი 9. მოსაკრებლების ან/და გადასახადების ანაზღაურება

1. როგორც ზოგადი წესი, სასამართლო არ ითხოვს იმ მოსაკრებლებისაგან ან/და გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომელიც შესულია მოძრავი თუ უძრავი ქონების ფასში და გაწეული მომსახურების გადასახადებში. მიუხედავად ამისა, როდესაც სასამართლო მისი ოფიციალური მოხმარებისათვის ახორციელებს ქონების და საქონლის ან მომსახურების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომელსაც დაერიცხა ან დაერიცხება კონკრეტული გადასახდელები ან/და გადასახადები, ამგვარი გადასახადელის ან/და გადასახადის გასათავისუფლებლად ან ასანაზღაურებლად მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს.

2. ამგვარი გათავისუფლების ან ანაზღაურების პირობებში შესყიდული საქონელი არ უნდა იქნეს გაყიდული ან სხვაგვარად განკარგული იმ მონაწილე სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების გარდა, რომელმაც გაათავისუფლა ან აუნაზღაურა. სასამართლოსათვის გაწეული კომუნალური მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით დაუშვებელია რაიმე გათავისუფლება ან ანაზღაურება.

    მუხლი 10. ფონდები და სავალუტო შეზღუდვებისაგან გათავისუფლება

1. ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, წესებით ან ფინანსური მორატორიუმებით შეზღუდვების გარეშე, თავისი საქმიანობის განხორციელებისას:

(a) სასამართლოს შეუძლია ფლობდეს ფონდებს, ნებისმიერი სახის ვალუტას ან ოქროს და იქონიოს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში;

(b) სასამართლოს შეუძლია თავისუფლად გადარიცხოს მისი ფონდები, ოქრო ან მისი ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ქვეყნის ფარგლებში და მოახდინოს ნებისმიერი ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში;

(c) სასამართლოს შეუძლია მიიღოს, ფლობდეს, გადასცეს, გადარიცხოს, მოახდინოს კონვერტაცია ან განახორციელოს სხვაგვარი ოპერაციები ობლიგაციებთან და სხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით;

(d) სასამართლო მისი ფინანსური გარიგებების გაცვლით კურსებთან დაკავშირებით სარგებლობს იმაზე არანაკლები მოპყრობით, რომელიც ენიჭება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად მისი უფლებით სარგებლობისას, სასამართლომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი განაცხადი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამგვარ განაცხადთან დაკავშირებით ზომების მიღება არ აყენებს ზიანს სასამართლოს ინტერესებს.

    მუხლი 11. შეღავათები კომუნიკაციებთან დაკავშირებით

1. სასამართლო თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის ოფიციალურ კომუნიკაციასთან და კორესპონდენციასთან დაკავშირებით სარგებლობს იმაზე არანაკლები მოპყრობით, რაც ამ მონაწილე სახელმწიფოს მიერ ენიჭება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციის ან დიპლომატიურ მისიას პრიორიტეტულობასთან, ტარიფებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება ფოსტასთან და კომუნიკაციის და კორესპონდენციის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით.

2. სასამართლოს ოფიციალურ კომუნიკაციებზე ან კორესპონდენციაზე დაუშვებელია ცენზურის დაწესება.

3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა შესაბამისი საშუალება, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების ჩათვლით, და უფლება აქვს გამოიყენოს კოდები ან შიფრი მისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის ან კორესპონდენციისათვის; სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაციები და კორესპონდენცია ხელშეუხებელია.

4. სასამართლოს უფლება აქვს გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია და სხვა მასალები ან შეტყობინებები კურიერის ან დალუქული ვალიზების საშუალებით, რომლებიც სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რითაც დიპლომატიური კურიერები და ფოსტა.

5. სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს რადიო და სხვა ტელესაკომუნიკაციო აპარატურა მონაწილე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ნებისმიერ სიხშირეზე მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეეცადონ შესაძლებლობის ფარგლებში გამოუყონ ის სიხშირეები, რომლებსაც ის მოითხოვს.

    მუხლი 12. სასამართლოს ფუნქციების განხორციელება მისი შტაბ-ბინის გარეთ

იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო, სტატუტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასურველად მიიჩნევს შეკრებას ნიდერლანდებში ჰააგაში განთავსებული შტაბ-ბინის გარდა სხვა ადგილას, სასამართლოს შეუძლია მისი ფუნქციების განხორციელებისათვის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამის სახელმწიფოსთან დადოს შეთანხმება.

    მუხლი 13. ასამბლეაში და მის დამხმარე ორგანოებში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები

1. სტატუტის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან ასამბლეას და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც სტატუტის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიძლება ესწრებოდნენ ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს დამკვირვებლების სახით, ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებზე მიწვეული სახელმწიფოებისა და მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას და შეხვედრის ადგილამდე და იქიდან მოგზაურობის განმავლობაში, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, შეწყვიტეს თუ არა შესაბამისმა პირებმა მათი როგორც წარმომადგენლების ფუნქციების განხორციელება;

(c) ნებისმიერ ფორმით საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) კოდების ან შიფრის გამოყენების, კურიერის ან დალუქული ვალიზების საშუალებით საბუთების და დოკუმენტების ან კორესპონდენციის მიღების და ელექტრონული შეტყობინებების მიღების და გაგზავნის უფლებით ;

(e) თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან და სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან იმ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ისინი იმყოფებიან ვიზიტით ან რომელსაც გაივლიან მათი ფუნქციების შესრულებისას;

(f) იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლებს დროებით ოფიციალურ მისიებში;

(g) იმავე იმუნიტეტებითა და შეღავათებით მათ პირად ბარგთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლები ვენის კონვენციის მიხედვით;

(h) იმავე დაცვითა და რეპატრიაციის პირობებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს საერთაშორისო კრიზისის დროს ვენის კონვენციის მიხედვით;

(i) იმ სხვა პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რომლებიც შეუსაბამობაში არ არის ზემოთ ხსენებულთან, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო მოსაკრებლებისაგან (რომელიც არ წარმოადგენს მათი პირადი ბარგის შემადგენელ ნაწილს) ან აქციზის გადასახადისაგან ან ბრუნვის გადასახადისაგან გათავისუფლება.

2. როდესაც დაბეგვრის რომელიმე ფორმა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, პერიოდები, რომელთა განმავლობაში პირველ პუნქტში ნახსენები წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებიან ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების შეხვედრებს, იმყოფებიან რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში მათი ფუნქციების განსახორციელებლად, არ მიიჩნევა მათი იქ ცხოვრების პერიოდად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება წარმომადგენლებსა და იმ მონაწილე სახელმწიფოების ორგანოებს შორის, რომლის მოქალაქეც არის ის, ან იმ მონაწილე სახელმწიფოს ან მთავრობათაშორის ორგანიზაციას შორის, რომლის წარმომადგენელიც არის ან იყო ის.

    მუხლი 14. სასამართლოს სხდომებში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები

სასამართლოს სხდომებში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათი ოფიციალური ფუნქციების განხორციელებისას და სასამართლოს სხდომის ადგილამდე და ადგილიდან მგზავრობის განმავლობაში, სარგებლობენ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

    მუხლი 15. მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი

1. მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასამართლოს საქმიანობაში ან ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებით, სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უნარჩუნდებათ ნებისმიერი სასამართლო პროცესუალური იმუნიტეტი მათი ოფიციალური მოვალეობების განხორციელებისას მათ მიერ ყველანაირ ნათქვამთან ან დაწერილთან და განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

2. მოსამართლეებს, პროკურორს, პროკურორის მოადგილეებს და რეგისტრატორს და მათთან მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს ენიჭებათ ყველა შეღავათი იმ ქვეყნის დასატოვებლად, რომელშიც ისინი იმყოფებიან და იმ ქვეყანაში შესვლასთან და დატოვებასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო ატარებს სხდომებს. მათი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული მგზავრობისას, მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი ყველა მონაწილე სახელმწიფოში, რომლის გავლითაც მათ შეიძლება გაიარონ, სარგებლობენ ყველა პრივილეგიით, იმუნიტეტითა და შეღავათით, რომელიც მონაწილე სახელმწიფოების მიერ ენიჭებათ დიპლომატიურ აგენტებს ვენის კონვენციის მიხედვით მსგავს გარემოებებში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე, პროკურორი, პროკურორის მოადგილე ან რეგისტრატორი, იმისათვის, რომ იმყოფებოდეს სასამართლოს განკარგულებაში, ცხოვრობს რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც ის არის ან სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი, მას, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად, ამ სახელმწიფოში მათი ცხოვრების პერიოდში ენიჭებათ დიპლომატიური პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები.

4. მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი და მათთან ერთად მცხოვრები მათ ოჯახის წევრები საერთაშორისო კრიზისის დროს სარგებლობენ იგივე რეპატრიაციის პირობებით, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური აგენტები ვენის კონვენციის შესაბამისად.

5. ამ მუხლის 1-ლი-მე-4 პუნქტები სასამართლოს მოსამართლეებზე ვრცელდება მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც, თუ ისინი აგრძელებენ მათი ფუნქციების განხორციელებას სტატუტის 36-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

6. მოსამართლეებისათვის, პროკურორისათვის, პროკურორის მოადგილეებისა და რეგისტრატორისათვის გადახდილი სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. როდესაც რომელიმე სახის გადასახადის დაკისრება დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი იმყოფებიან მონაწილე სახელმწიფოში მათი ფუნქციების განსახორციელებლად, გადასახადების დაწესების მიზნით არ მიიჩნევა ცხოვრების პერიოდებად. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები იმ გადასახადების რაოდენობის შეფასების მიზნით, რომელიც ვრცელდება სხვა წყაროდან მიღებულ შემოსავალზე.

7. მონაწილე სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გაათავისუფლონ ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, რეგისტრატორები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები საპენსიო საშემოსავლო გადასახადისაგან და სხვა ყოველწლიურად გადახდილი თანხებისაგან.

    მუხლი 16. რეგისტრატორის მოადგილე, პროკურორის კანცელარიის პერსონალი და რეგისტრატურის პერსონალი

1. რეგისტრატორის მოადგილე, პროკურორის კანცელარიის პერსონალი და რეგისტრატურის პერსონალი სარგებლობს ისეთი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რაც აუცილებელია მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის. ისინი:

(a) სარგებლობენ იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;

(b) სარგებლობენ იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც;

(c) სარგებლობენ ნებისმიერი ფორმით და მასალის ოფიციალური საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) თავისუფლდებიან სასამართლოს მიერ მათთვის გადახდილი სარგოების, გასამრჯელოების და შემწეობების გადასახადებისაგან. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლის დასაბეგრი ოდენობის დასადგენად;

(e) თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან;

(f) მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან;

(g) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ თანამდებობის პირის თანდასწრებით;

(h) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ შესაბამის ქვეყანაში არსებული დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის მქონე დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები;

(i) მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ იმავე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით;

(j) სარგებლობენ მოსაკრებლების და გადასახადების გარეშე, გარდა მომსახურების გადასახადისა, მათი თანამდებობის დაკავებისას შესაბამის მონაწილე სახელმწიფოში ავეჯის და ნივთების შემოტანის და მათი მუდმივი საცხოვრებელ ქვეყანაში ავეჯის და ნივთების მოსაკრებლებისა და გადასახადების გარეშე უკან გატანის უფლებით.

2. მონაწილე სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გაათავისუფლონ ყოფილი რეგისტრატორის მოადგილეები, პროკურორის კანცელარიის პერსონალის წევრები, რეგისტრატურის პერსონალის წევრები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები საპენსიო საშემოსავლო გადასახადისაგან და სხვა ყოველწლიურად გადახდილი თანხებისაგან.

    მუხლი 17. ადგილობრივად დაქირავებული პერსონალი და პერსონალი, რომელიც სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით

ადგილობრივად დაქირავებულ პერსონალს და პერსონალს, რომელიც სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით, ენიჭება იმუნიტეტი ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც სასამართლოს სახელით განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მათი დასაქმების განმავლობაში, ასევე ენიჭებათ სასამართლოში მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა შეღავათები.

    მუხლი 18. ადვოკატი და მათი დამხმარე პირები

1. ადვოკატი მისი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული მოგზაურობის განმავლობაში, მისი ფუნქციების განხორციელებასთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სერტიფიკატის წარდგენის პირობით, სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავების და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;

(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და, მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მას შემდეგ, რაც იგი შეწყვეტს თავისი ფუნქციების განხორციელებას;

(c) მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით და მასალის, საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) ადვოკატის ფუნქციების შესრულებისას კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით;

(e) თავისუფლდება საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან;

(f) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს. ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ ადვოკატის თანდასწრებით;

(g) იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლებს დროებით ოფიციალურ მისიებში;

(h) იმავე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით.

2. სტატუტის, პროცედურის და მტკიცების წესის და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად ადვოკატის დანიშვნისას, ადვოკატი ღებულობს სერტიფიკატს რეგისტრატორის ხელმოწერით იმ ვადით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად. ეს სერტიფიკატი უქმდება, თუ უფლებამოსილება ან მანდატი წყვეტს მოქმედებას სერტიფიკატის ვადის გასვლამდე.

3. როდესაც დაბეგვრის რაიმე ფორმა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, პერიოდები, რომელთა განმავლობაში ადვოკატი იმყოფება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ მიიჩნევა მისი იქ ცხოვრების პერიოდად.

4. ამ მუხლის დებულებები თავისთავად ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც დახმარებას უწევენ ადვოკატს პროცედურის და მტკიცებულების წესების 22-ე წესის შესაბამისად.

    მუხლი 19. მოწმეები

1. მოწმეები ჩვენების მიცემის მიზნით სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის წარდგენის პირობით სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(b) ამ მუხლის (d) ქვეპუნქტის დაურღვევლად, მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან იმუნიტეტით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს;    

(c) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი მიერ ჩვენების მიცემისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი გამოცხადების და ჩვენების მიცემის შემდეგაც;

(d) ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ფორმით და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(e) სასამართლოსთან და ადვოკატთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით – მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით;

(f) თავისუფლდება საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან, როდესაც ისინი მგზავრობენ ჩვენების მიცემის მიზნით;

(g) იგივე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით.

2. მოწმეებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათი გამოცხადება მოითხოვა სასამართლომ და მიუთითებს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია მათი გამოცხადება.

    მუხლი 20. დაზარალებულები

1. დაზარალებულები, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოებაში პროცედურის და მტკიცებულების წესების 89-ე-91-ე წესების შესაბამისად, მათი სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელ ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის პირობით, სარგებლობენ შედეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(b) იმუნიტეტით მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს;

(c) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოში გამოცხადებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოს წინაშე მათი გამოცხადების შემდეგაც;

(d) თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან, როდესაც ისინი მგზავრობენ სასამართლოში გამოცხადების მიზნით.

2. დაზარალებულებზე, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოებაში პროცედურის და მტკიცებულების წესების 89-ე-91-ე წესების შესაბამისად, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასამართლოს სამართალწარმოებაში მათ მონაწილეობას და მიუთითებს ამ მონაწილეობის დროის პერიოდს.

    მუხლი 21. ექსპერტები

1. ექსპერტები, რომლებიც სასამართლოსათვის ასრულებენ ფუნქციებს, მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, მათი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის წარდგენის პირობით, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათები:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;

(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოსათვის მათი ფუნქციების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მათი ფუნქციების დასრულების შემდეგაც;

(c) სასამართლოსათვის განხორციელებული მათ ფუნქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმის და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) მათ ფუნქციებთან დაკავშირებით სასამართლოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები კურიერის ან დალუქული ვალიზებით ნებისმიერი ფორმით;

(e) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ ექსპერტის თანდასწრებით;

(f) იგივე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები დროებით მისიებში;

(g) იგივე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით;

(h) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებულ მათ ფუნქციებთან დაკავშირებით თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან.

2. ექსპერტებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს სასამართლოსათვის და მიუთითებს მათი ფუნქციების დროის პერიოდს.

    მუხლი 22. სხვა პირები, რომელთა გამოცხადებაც მოითხოვება სასამართლს ადგილსამყოფელში

1. სხვა პირებს, რომელთა გამოცხადებაც მოითხოვება სასამართლოს ადგილსამყოფელში, სასამართლოში მათი გამოცხადებისათვის აუცილებლობის ფარგლებში, მათ შორის, სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის პირობით, ენიჭებათ წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის (a)-(d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები.

2. სხვა პირებზე, რომელთა გამოცხადებაც მოითხოვება სასამართლოში, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათი გამოცხადება აუცილებელია სასამართლოს სხდომაზე და მიუთითებს დროის პერიოდს, როდესაც აუცილებელია მათი გამოცხადება.

    მუხლი 23. მოქალაქეები და მუდმივად მაცხოვრებლები

ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ:

(a) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-16 მუხლის 1(d) პუნქტის დარღვევის გარეშე, მე-15, მე-16, მე-18, მე-19 და 21-ე მუხლებში მითითებული პირი, იმ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელიც არის იგი, სარგებლობს მხოლოდ მისი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის ან სასამართლოში ჩვენების მიზნით გამოცხადებისათვის აუცილებელი შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

(i) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(ii) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოსათვის მათი ფუნქციების განხორციელებისას, ან სასამართლოში გამოცხადებისას ან ჩვენების მიცემისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მათი ფუნქციების შეწყვეტის და სასამართლოში მათი გამოცხადების ან ჩვენების მიცემის შემდეგაც;

(iii) სასამართლოსათვის განხორციელებულ მათ ფუნქციებთან ან სასამართლოში გამოცხადებასთან ან ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(iv) სასამართლოსთან და მე-19 მუხლში მითითებულ პირთან, ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მის ადვოკატთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით.

(b) მე-20 და 22-ე მუხლებში მითითებული პირი, იმ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელიც არის იგი, სარგებლობს სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელი შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

(i) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(ii) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოში გამოცხადებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი გამოცხადების შემდეგაც.

    მუხლი 24. მონაწილე სახელმწიფოების ორგანოებთან თანამშრომლობა

1. მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობის დაცვის ხელშეწყობის და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების, იმუნიტეტების და შეღავათების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, სასამართლო მუდმივად თანამშრომლობს მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.

2. მათი პრივილეგიებისათვის და იმუნიტეტებისათვის ზიანის მიუყენებლად, პირები, რომლებიც სარგებლობენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, ვალდებულნი არიან დაიცვან იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლის ტერიტორიაზეც ისინი შეიძლება იმყოფებოდნენ სასამართლოს საქმეებზე ან რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება გაიარონ ამგვარ საქმესთან დაკავშირებით. ისინი ასევე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

    მუხლი 25. მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნა

წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები სახელმწიფოების და მთავრობათაშორისი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენიჭებათ არა პირადი ინტერესებისათვის, არამედ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ასამბლეის, მისი დამხმარე ორგანოების და სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელება. შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოებს არა მარტო გააჩნიათ უფლება, არამედ ვალდებულნი არიან თავიანთ წარმომადგენლებს მოუხსნან პრივილეგიები და იმუნიტეტები ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, ამ სახელმწიფოების აზრით, ისინი შეაფერხებენ მართლმსაჯულების განხორციელებას და მათი მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნისათვის ზიანის მიუყენებლად, რისთვისაც მინიჭებულია ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები. სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან წინამდებარე შეთანხმების მონაწილენი და მთავრობათაშორის ორგანიზაციებს ენიჭებათ წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები იმ გაგებით, რომ ისინი კისრულობენ იგივე ვალდებულებას პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნასთან დაკავშირებით.

    მუხლი 26. მე-15-22-ე მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნა

1. წინამდებარე შეთანხმების მე-15-22-ე მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მართლმსაჯულების სათანადოდ განსახორციელებლად და არა პირადი ინტერესებისათვის. ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები შეიძლება მოხსნილ იქნეს სტატუტის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ამ მუხლის დებულებების შესაბამისად და არსებობს ამის გაკეთების ვალდებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ისინი შეაფერხებენ მართლმსაჯულების განხორციელებას და შესაძლებელია მათი მოხსნა იმ მიზნისათვის ზიანის მიუყენებლად, რისთვისაც იქნა ისინი მინიჭებული.

2. პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნა შესაძლებელია:

(a) მოსამართლის ან პროკურორის შემთხვევაში მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობით;

(b) რეგისტრატორის შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(c) პროკურორის მოადგილეების და პროკურორის კანცელარიის პერსონალის შემთხვევაში – პროკურორის მიერ;

(d) რეგისტრატორის მოადგილის და რეგისტრატურის პერსონალის შემთხვევაში – რეგისტრატორის მიერ;

(e) მე-17 მუხლით გათვალისწინებული პერსონალის შემთხვევაში – იმ ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც დასაქმებულია ეს პერსონალი;

(f) ადვოკატის და ადვოკატის დამხმარე პირების შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(g) მოწმეების ან დაზარალებულების შემთხვევაში – პრეზიდიუმის მიერ;

(h) ექსპერტების შემთხვევაში – ექსპერტის დამნიშვნელი სასამართლოს ორგანოს ხელმძღვანელის მიერ;

(i) სხვა პირების შემთხვევაში, რომელთა გამოცხადებაც სასამართლოში აუცილებელია – პრეზიდიუმის მიერ.

    მუხლი 27. სოციალური უზრუნველყოფა

სასამართლოს მიერ სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნიდან, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებული პირები, სასამართლოსათვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით, თავისუფლდებიან ყველა სავალდებულო შენატანებისაგან, რომლის შეტანის ვალდებულებაც გააჩნიათ სოციალური უზრუნველყოფის ნაციონალური სისტემების შესაბამისად.

    მუხლი 28. შეტყობინება

რეგისტრატორი ყველა მონაწილე სახელმწიფოს პერიოდულად ატყობინებს მოსამართლეების, პროკურორის, პროკურორის მოადგილეების, რეგისტრატორის, რეგისტრატორის მოადგილის, პროკურორის კანცელარიის თანამშრომლების, რეგისტრატურის თანამშრომლების და ადვოკატის სახელებსა და კატეგორიებს, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების დებულებები. რეგისტრატორი ყველა მონაწილე სახელმწიფოს ასევე ატყობინებს ამ პირების სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

    მუხლი 29.საშვი

მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ და ღებულობენ გაერთიანებული ერების საშვს ან სასამართლოს მიერ მოსამართლეებზე, პროკურორზე, პროკურორის მოადგილეებზე, რეგისტრატორზე, რეგისტრატორის მოადგილეზე, პროკურორის კანცელარიის თანამშრომლებზე და რეგისტრატორის თანამშრომლებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტს, როგორც მოქმედ საშვებს.

    მუხლი 30. ვიზები

მოთხოვნის შემთხვევაში, ვიზების ან შესვლის/გასვლის ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით ყველა იმ პირის მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებიც ფლობენ გაეროს პასპორტებს ან სასამართლოს მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს, და ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-18-22 მუხლებში მითითებულ იმ პირთა მიერ შეტანილი განაცხადები, რომლებსაც გააჩნიათ სასამართლოს მიერ გაცემული მოწმობა იმის დასტურად, რომ ისინი მგზავრობენ სასამართლოს საქმეებზე, მონაწილე სახელმწიფოთა მიერ განიხილება შეძლებისდაგვარად დაჩქარებული წესით და მოსაკრებლების დაკისრების გარეშე.

    მუხლი 31. მესამე მხარეებთან დავების მოგვარება

სასამართლო, სტატუტის შესაბამისად ასამბლეის უფლებამოსილების და ფუნქციების შელახვის გარეშე, ღებულობს სათანადო ზომებს იმ დავების მოგვარებისათვის:

(a) რომლებიც წარმოიშობა კონტრაქტებიდან და კერძო სამართლის ხასიათის სხვა დავებისაგან, რომლის მხარეც არის სასამართლო;

(b) რომელშიც მონაწილეობს წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული რომელიმე პირი, რომელიც სასამართლოსთან მისი ოფიციალური სტატუსის ან ფუნქციის კავშირის გამო, სარგებლობს იმუნიტეტით, თუ ეს იმუნიტეტი არ იქნა მოხსნილი.

    მუხლი 32. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარება

1. ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს ან სასამართლოს ან მონაწილე სახელმწიფოს შორის წარმოშობილი წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა უთანხმოება მოგვარებულ უნდა იქნეს კონსულტაციების, მოლაპარაკებების ან სხვა შეთანხმებული მოგვარების საშუალების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ უთანხმოება არ იქნება მოგვარებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უთანხმოების ერთ-ერთი მხარის წერილობითი თხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, იგი, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისაგან: თითოს ირჩევს უთანხმოების თითოეული მხარე და მესამე, რომელიც იქნება ტრიბუნალის თავმჯდომარე, აირჩევა ორი დანარჩენი წევრის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე ვერ შეძლებს ტრიბუნალის წევრის დანიშვნას მეორე მხარის მიერ წევრის დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ამ მეორე მხარეს შეუძლია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სთხოვოს ამ დანიშვნის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი წევრი ვერ შეთანხმდება ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნაზე მათი დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სთხოვოს თავმჯდომარის არჩევა.

4. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს საკუთარი პროცედურის წესებს და ხარჯები დაფარული იქნება მხარეების მიერ ტრიბუნალის მიერ დადგენილი ოდენობის მიხედვით.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, უთანხმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მოდავე მხარეებისათვის.

6. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებები ეცნობება მოდავე მხარეებს, რეგისტრატორს და გენერალურ მდივანს.

    მუხლი 33. წინამდებარე შეთანხმების გამოყენება

წინამდებარე შეთანხმება ზინას არ აყენებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

    მუხლი 34. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან შეერთება

1. წინამდებარე შეთანხმება ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის 2002 წლის 30 ივნისიდან 2004 წლის 30 ივნისამდე, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

2. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე შეთანხმება შეერთებისათვის ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის. შეერთების დოკუმენტები დეპონირდება გენერალურ მდივანთან.

    მუხლი 35. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის გენერალურ მდივანთან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეათე დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდაათი დღის შემდეგ.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეათე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, შეთანხმება ძალაში შევა გენერალურ მდივანთან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 36. შესწორებები

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ასამბლეის სამდივნოს სახელზე გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საშუალებით, შეუძლია წამოაყენოს წინამდებარე შეთანხმებებში შესწორებების შეტანის წინადადება. სამდივნო უგზავნის ამ შეტყობინებას ყველა მონაწილე სახელმწიფოს ასამბლეის ბიუროს თხოვნით, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა სამდივნოს შეატყობინონ, მხარს უჭერენ თუ არა წინადადების განხილვის მიზნით მონაწილე სახელმწიფოს გადამსინჯავი კონფერენციის მოწვევას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ასამბლეის მიერ შეტყობინების დაგზავნიდან სამი თვის ვადაში, მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობა სამდივნოს შეატყობინებს, რომ ისინი მხარს უჭერენ გადამსინჯავი კონფერენციის მოწვევას, სამდივნო ასამბლეის ბიუროს ატყობინებს ასამბლეის რეგულარულ ან სპეციალურ სესიაზე ამგვარი კონფერენციის მოწვევის შესახებ.

3. იმ შესწორების მიღება, რომელზეც შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, საჭიროებს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობას, იმ პირობით, რომ ესწრება მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობა.

4. ასამბლეის ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს გენერალურ მდივანს ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა მონაწილე სახელმწიფოს მიერ გადამსინჯავ კონფერენციაზე. გენერალური მდივანი უგზავნის ყველა მონაწილე სახელმწიფოს და ხელმომწერ სახელმწიფოებს კონფერენციაზე მიღებულ შესწორებას.

5. შესწორება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მოახდინეს შესწორების რატიფიკაცია ან შეუერთდნენ მას, ძალაში შედის სამოცი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოების ორი მესამედი, რომლებიც იყვნენ მონაწილე სახელმწიფოები შესწორების მიღების დროს, მოახდენს გენერალურ მდივანთან სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტების დეპონირებას.

6. თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც რატიფიკაციას უკეთებს ან ღებულობს შესწორებას საჭირო რაოდენობის სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, შესწორება ძალაში შედის სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

7. სახელმწიფო, რომელიც გახდება წინამდებარე შეთანხმების მონაწილე მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოსგან საწინააღმდეგოს შესახებ განცხადების არარსებობისას:

(a) მიიჩნევა შესწორებული შეთანხმების მონაწილედ; და

(b) მიიჩნევა შესწორებული შეთანხმების მონაწილედ იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვისთვისაც შესწორება არ არის სავალდებულო.

    მუხლი 37. დენონსაცია

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საშუალებით, შეუძლია მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შედის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ შეტყობინებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული.

2. დენონსაცია არ იქონიებს რაიმე გავლენას რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებაზე, შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც მისთვის სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით წინამდებარე შეთანხმებისაგან დამოუკიდებლად.

    მუხლი 38. დეპოზიტარი

გენერალური მდივანი არის წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი.

    მუხლი 39. აუთენტური ტექსტები

წინამდებარე შეთანხმების დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, დეპონირდება გენერალურ მდივანთან.

 

რის დასტურადაც, ქვემოთ ხელის მომწერმა, ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.