კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ

  • Word
კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/1949
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 21/01/2004
ძალაში შესვლის თარიღი 11/10/1993
სარეგისტრაციო კოდი 480360000.02.002.000458
  • Word
-
31/12/1949
გაურკვეველი, -, 21/01/2004
480360000.02.002.000458
კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ

კონვენცია

ხელშემკვრელი მხარეები,

ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ 1946 წლის 11 დეკემბრის 96 (I) რეზოლუციით განაცხადა, რომ გენოციდი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს და არღვევს გაეროს არსსა და მიზნებს, და რომ ცივილიზებული სამყარო გმობს მას;

აღიარებენ რა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე გენოციდს მოჰქონდა დიდი ზიანი კაცობრიობისათვის; და

დარწმუნებულნი არიან რა, რომ კაცობრიობის ამ ამაზრზენი უბედურებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა;

შეთანხმდნენ ქვემოაღნიშნულზე:

    მუხლი I

ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ გენოციდი, მიუხედავად იმისა, ჩადენილია ის მშვიდობიანობის თუ ომის დროს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს, რომლის დაუშვებლობასა და დასჯას ისინი საკუთარ თავზე იღებენ.

    მუხლი II

წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:

(a) ჯგუფის წევრთა მკვლელობა;

(b) ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;

(c) ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;

(d) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;

(e) ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.

    მუხლი III

დასჯადია შემდგომი ქმედებანი:

(a) გენოციდი;

(b) შეთქმულება გენოციდის ჩადენის მიზნით;

(c) პირდაპირი და საჯარო წაქეზება გენოციდის ჩადენისათვის;

(d) გენოციდის ჩადენის მცდელობა;

(e) თანამონაწილეობა გენოციდში.

    მუხლი IV

პირები, რომლებიც ჩადიან გენოციდს ან III მუხლში ჩამოთვლილ ნებისმიერ სხვა ქმედებას, იქნებიან დასჯილნი, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა კონსტიტუციის მიხედვით პასუხისმგებელ მმართველებს, საჯარო მოხელეებს ან კერძო პირებს.

    მუხლი V

ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ აუცილებელი კანონმდებლობა წინამდებარე კონვენციის დებულებების ასამოქმედებლად და, კერძოდ, ეფექტური ზომების მიღების მიზნით, იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდის დანაშაული ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედება.

    მუხლი VI

პირები, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან გენოციდის დანაშაულის ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედების ჩადენაში, გასამართლებულნი იქნებიან იმ სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ქმედება იქნა ჩადენილი, ან იმ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიმართ, რომელთა მიერაც აღიარებულ იქნა მისი იურისდიქცია.

    მუხლი VII

ექსტრადიციის შემთხვევაში გენოციდი და III მუხლში ჩამოთვლილი სხვა ქმედებები პოლიტიკურ დანაშაულებებად არ განიხილება.

ასეთ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, მოახდინონ ექსტრადიცია თავიანთი კანონმდებლობის და მოქმედი ხელშეკრულებების საფუძველზე.

    მუხლი VIII

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს, რათა მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც ის მიიჩნევს საჭიროდ, რათა მოხდეს გენოციდის ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება და აღკვეთა.

    მუხლი IX

დავები, რომლებიც წარმოიქმნებიან ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან, გამოყენებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, იმ დავების ჩათვლით, რომლებიც ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გენოციდის ან III მუხლში ჩამოთვლილი სხვა ნებისმიერი ქმედების ჩადენისათვის, გადაეცემა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს დავაში მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით.

    მუხლი X

წინამდებარე კონვენცია, რომლის ესპანური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ჩინური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დათარიღებულია 1948 წლის 9 დეკემბრით.

    მუხლი XI

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 1949 წლის 31 დეკემბრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთათვის და ყველა იმ არაწევრი სახელმწიფოსათვის, რომელთაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გაუგზავნა შეტყობინება.

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, ხოლო სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

1950 წლის 1 იანვრის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს და ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს, რომელსაც გაეგზავნა ზემოხსენებული შეტყობინება, შეუძლია შეუერთდეს წინამდებარე კონვენციას.

    მუხლი XII

ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების შემდეგ გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის მოქმედება თავის იმ ტერიტორიებზე მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელთა საგარეო ურთიერთობების წარმოებაზეც ის პასუხისმგებელია.

    მუხლი XIII

იმ დღეს, როდესაც გენერალურ მდივანს შესანახად გადაეცემა პირველი ოცი სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი, გენერალური მდივანი მოამზადებს ოქმს და გადაუგზავნის მის ასლს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს და ყველა არაწევრ სახელმწიფოს, რომლებიც გათვალისწინებულია XI მუხლით.

წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული სარატიფიკაციო სიგელები და შეერთების შესახებ დოკუმენტები ძალაში შედის გენერალურ მდივანთან მათი დეპონირების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

    მუხლი XIV

წინამდებარე კონვენცია მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადით.

ის ძალაში რჩება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით იმ ხელშემკვრელ მხარეთათვის, რომლებმაც არ მოახდინეს მისი დენონსაცია არაუმცირეს ექვსი თვისა მისი ვადის ამოწურვამდე.

დენონსაცია ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით.

    მუხლი XV

თუ დენონსაციის შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა რიცხვი იქნება თექვსმეტზე ნაკლები, კონვენცია წყვეტს მოქმედებას ბოლო დენონსაციის ძალაში შესვლის დღიდან.

    მუხლი XVI

წინამდებარე კონვენციის გადასინჯვის მოთხოვნა შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით.

გენერალური ასამბლეა წყვეტს, რა ზომების მიღებაა აუცილებელი ამ მოთხოვნის მიმართ, თუ ის აუცილებლად ჩათვლის რაიმე ზომების მიღებას.

    მუხლი XVII

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს და XI მუხლით გათვალისწინებულ ყველა არაწევრ სახელმწიფოს:

(a) ყველა ხელმოწერის, რატიფიკაციის და შეერთების დოკუმენტის შესახებ XI მუხლის შესაბამისად;

(b) ნოტიფიკაციათა შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნენ XII მუხლის შესაბამისად;

(c) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს XIII მუხლის შესაბამისად;

(d) დენონსაციის დოკუმენტის მიღების შესახებ XIV მუხლის შესაბამისად;

(e) კონვენციის გაუქმების შესახებ XV მუხლის შესაბამისად;

(f) XVI მუხლის შესაბამისად მიღებული ნოტიფიკაციების შესახებ.

    მუხლი XVIII

წინამდებარე კონვენციის დედანი ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში.

კონვენციის დამოწმებული ასლი გადაეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს და XI მუხლით გათვალისწინებულ ყველა არაწევრ სახელმწიფოს.

    მუხლი XIX

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ახდენს წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას მისი ძალაში შესვლის თარიღიდან.