ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

  • Word
ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/1958
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 08/10/2004
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 480370000.03.001.000511
  • Word
31/10/1958
გაურკვეველი, -, 08/10/2004
480370000.03.001.000511
ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ლისაბონის შეთანხმება

ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

31 ოქტომბერი, 1958 წ.

გადასინჯულია 1967 წლის 14 ივლისს სტოკჰოლმში და შეტანილია ცვლილებები 1979 წლის 28 სექტემბერს

    მუხლი 1 (სპეციალური კავშირის შექმნა; საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა)[1]

(1) ქვეყნები, რომლებზეც ეს შეთანხმება ვრცელდება, ქმნიან სპეციალურ კავშირს სამრეწველო საკუთრების დაცვის კავშირის ფარგლებში.

(2) ეს ქვეყნები, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ვალდებულებას იღებენ თავიანთ ტერიტორიებზე დაიცვან სპეციალურ კავშირში შემავალი სხვა ქვეყნების პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელებები, რომლებიც ასეთად აღიარებული და დაცულია წარმოშობის ქვეყანაში და რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ბიუროში (შემდგომში ,,საერთაშორისო ბიურო” ან ,,ბიურო”), რომელიც მითითებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში ,,ორგანიზაცია”) დამფუძნებელ კონვენციაში.

    მუხლი 2 (ადგილწარმოშობის დასახელებისა და წარმოშობის ქვეყნის ცნებების განსაზღვრება)

(1) ამ შეთანხმების მიხედვით, ,,ადგილწარმოშობის დასახელება” ნიშნავს ქვეყნის, რაიონის ან ადგილის გეოგრაფიულ სახელწოდებას, რომელიც გამოიყენება იქ წარმოშობილი იმ პროდუქციის მოსანიშნად, რომლის ხარისხი და მახასიათებლები განსაკუთრებულად ან არსებითად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორების ჩათვლით.

(2) წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომლის სახელიც, ან ქვეყანა, რომელში მდებარე რეგიონის ან ადგილის სახელიც შეადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას, რომელმაც შესძინა პროდუქტს რეპუტაცია.

    მუხლი 3 (დაცვის არსი)

დაცვა უზრუნველყოფს ნებისმიერი უკანონო მითვისების ან იმიტაციის თავიდან აცილებას მაშინაც კი, როდესაც პროდუქციის ნამდვილი წარმოშობა აღნიშულია ან ადგილწარმოშობის დასახელება გამოიყენება თარგმანის სახით ან მას ერთვის ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ,,სახის”, ,,ტიპის”, ,,დამზადებულია”, ,,იმიტაცია” და სხვ.

    მუხლი 4 (დაცვა სახვა აქტების საფუძველზე)

ამ შეთანხმების დებულებები არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს დაცვას, რომელიც უკვე ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელებებზე სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანაში სხვა ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე, როგორიცაა 1883 წლის 20 მარტი პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ და მისი შემდგომი რედაქციები და 1891 წლის 14 აპრილის მადრიდის შეთანხმება საქონლის წარმოშობის ყალბი და შეცდომაში შემყვანი აღნიშვნების აღკვეთის შესახებ და მისი შემდგომი რედაქციები, ან ეროვნული კანონმდებლობის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

    მუხლი 5 (საერთაშორისო რეგისტრაცია; უარი და უარის გაპროტესტება, შეტყობინებები; გამოყანების დაშვება ფიქსირებულ პერიოდში)

(1) ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია ხორციელდება საერთაშორისო ბიუროში, სპეციალური კავშირის ქვეყნების უწყებების მოთხოვნით, როგორც საჯარო, ისე კერძო იურიდიული ან ფიზიკური პირების სახელზე, რომელთაც ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ გამოიყენონ ასეთი ადგილწარმოშობის დასახელებები.

(2) საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს სპეციალური კავშირის სხვადასხვა ქვეყნების უწყებებს ასეთი რეგისტრაციების შესახებ და მათ აქვეყნებს პერიოდულ გამომცემლობაში.

(3) ნებისმიერი ქვეყნის უწყებას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს იმ ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას, რომლის რეგისტრაციის შესახებაც მას ეცნობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება უარის თქმის საფუძვლების მითითებით საერთაშორისო ბიუროში წარდგენილია რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში და იმ პირობით, რომ ასეთი განცხადება არ მიაყენებს ზიანს ამ ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის სხვა ფორმებს, რომელთა მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს ამ ნიშნის მფლობელს მე-4 მუხლის შესაბამისად.

(4) ასეთი განცხადება არ შეიძლება წარდგენილ იქნეს კავშირის ქვეყნების უწყებების მიერ წინა პუნქტში გათვალისწინებული ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

(5) საერთაშორისო ბიურო წარმოშობის ქვეყნის უწყებას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებს მე-(3) პუნქტის პირობების შესაბამისად სხვა ქვეყნების უწყებების მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ. დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ეცნობა მისი ეროვნული უწყებისაგან სხვა ქვეყნის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, შეუძლია მიმართოს სამართლებრივი და ადმინისტრაციული დაცვის ყველა საშუალებას, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის.

(6) თუ ადგილწარმოშობის დასახელება, რომელსაც მოცემულ ქვეყანაში მიენიჭა დაცვა მისი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების თანახმად, უკვე გამოიყენებოდა ამ ქვეყანაში მესამე პირების მიერ ასეთი შეტყობინების მიღებამდე, აღნიშნული ქვეყნის კომპეტენტურ უწყებას აქვს უფლება მესამე პირებს მისცეს ვადა, არა უმეტეს ორი წლისა, რომ მათ შეწყვიტონ ამგვარი გამოყენება, იმ პირობით, რომ აღნიშნული უწყება შესაბამისად მიმართავს საერთაშორისო ბიუროს მე-(3) პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

    მუხლი 6 (გვარეობითი სახელები)

ადგილწარმოშობის დასახელება, რომელსაც მიენიჭა დაცვა სპეციალური კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, მე-5 მუხლში გათვალიწინებული პროცედურის შესაბამისად, არ შეიძლება ამ ქვეყანაში მიჩნეულ იქნეს, როგორც გვარეობითად გარდაქმნილი, ვიდრე წარმოშობის ქვეყანაში იგი დაცულია როგორც ადგილწარმოშობის დასახელება.

    მუხლი 7 (რეგისტრაციის მოქმედების პერიოდი; საფასური)

(1) რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ბიურო მე-5 მუხლის შესაბამისად, დაცვას უზრუნველყოფს განახლების გარეშე წინა მუხლში აღნიშნული მთელი პერიოდის განმავლობაში.

(2) თითოეული ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციაზე გადახდილი უნდა იქნეს ერთჯერადი საფასური.

    მუხლი 8 (სასამართლო წარმოება)

სასამართლო პროცესი ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება აღიძრას სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე:

1. კომპეტენტური უწყების ან პროკურორის მოთხოვნით;

2. ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, საჯარო ან კერძო იურუდიული ან ფიზიკური პირის მიერ.

    მუხლი 9 (სპეციალური კავშირის ასამბლეა)

(1) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია ასამბლეა იმ ქვეყნების შემადგენლობით, რომლებმაც მოახდინეს ამ აქტის რატიფიცირება ან მიუერთდნენ მას;

(ბ) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები;

 (გ) თითოეული დელეგაციის ხარჯებს თავისთავზე იღებს ის მთავრობა , რომელიც მას ნიშნავს.

(2) (ა) ასამბლეა:

(I) აწესრიგებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება სპეციალური კავშირის შენარჩუნებას, განვითარებასა და არსებული შეთანხმების განხორციელებას;

(II) საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს შეთანხმების გადასასინჯად გამიზნული კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, სპეციალური კავშირის იმ წევრი ქვეყნების შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებსაც არ მოუხდენიათ ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიერთებიან მას;

(III) ცვლის ინსტრუქციებს მე-7(2) მუხლში მითითებული საფასურისა და საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საფასურის ჩათვლით;

(IV) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის (შემდგომში ,,გენერალური დირექტორი”) ანგარიშებსა და საქმიანობას, რომელიც ეხება სპეციალურ კავშირს და მას აძლევს ყველა აუცილებელ ინსტრუქციას იმ საკითხებზე, რომლებიც შედის სპეციალური კავშირის კომპეტენციაში;

(V) განსაზღვრავს პროგრამას, ამტკიცებს სპეიალური კავშირის ორწლიან ბიუჯეტსა და ფინანსურ ანგარიშს;

(VI) იღებს სპეციალური კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს;

(VII) ქმნის ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად;

(VIII) განსაზღვრავს სპეციალური კავშირის იმ არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე იმ სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიას, რომელთა დაშვებაც შეიძლება მის სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით;

(IX) შეაქვს ცვლილებები მე-9-დან მე-12-მდე მუხლებში;

(X) იღებს ნებისმიერ სხვა ზომებს, რომლებიც ხელს უწყობს სპეციალური კავშირის მიზნების მიღწევას;

(XI) ასრულებს ყველა სხვა ფუნქციას, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმებით;

(ბ) იმ საკითხებზე, რომლებიც შეადგენს სხვა კავშირების დაინტერესების საგანს, რომელთა ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც ახორციელებს ეს ორგანიზაცია, ასამბლეას გამოაქვს გადაწყვეტილებები ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევების გათვალისწინებით.

(3) (ა) ასამბლეის თითოეულ წევრ ქვეყანას გააჩნია ერთი ხმის უფლება;

(ბ) ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს;

(გ) როდესაც რომელიმე სესიაზე წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა შეადგენს ასამბლეის წევრი ქვეყნების რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს, მაგრამ ტოლია ან მეტია მათი ერთი მესამედისა, (ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნის მიუხედავად, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ოღონდ ყველა ასეთი გადაწყვეტილება, გარდა მის საკუთარ პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა, ძალაში შედის ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებისას. საერთაშორისო ბიურო გადაწყვეტილებებს უგზავნის ასამბლეის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე და სთავაზობს მათ, რომ შეტყობინების დღიდან სამთვიან ვადაში მათ წერილობით აცნობონ, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ან თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თუ ამ ვადის გასვლის მომენტისთვის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ან თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისგან, მიაღწევს ისეთ რაოდენობას, რომელიც აკლია სესიაზე კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის იმ პირობით, თუ ამავე დროს მიღწეული იქნება ხმათა აუცილებელი უმრავლესობა;

(დ) ასამბლეის გადაწყვეტილების მისაღებად, მე-12(2) მუხლის გათვალისწინებით, საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმების ორი მესამედი;

(ე) კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება;

(ვ) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ამ ერთი ქვეყნის სახელით;

(ზ) სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, სხდომაზე დაიშვებიან დამკვირვებლებად.

(4) (ა) ჩვეულებრივ, ასამბლეა სესიაზე იკრიბება ყოველ მეორე კალენდარულ წელიწადში ერთხელ, გენერალური დირექტორის მოწვევით და, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, იმავე დროსა და ადგილზე, სადაც ჩატარდა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა;

(ბ) საგანგებო სესიაზე ასამბლეა იკრიბება ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე, გენერალური დირექტორის მოწვევით;

(გ) ყოველი სესიის დღის წესრიგი მზადდება გენერალური დირექტორის მიერ.

(5) პროცედურისათვის ასამბლეა იღებს თავის საკუთარ წესებს.

    მუხლი 10 (საერთაშორისო ბიურო)

(1) (ა) საერთაშორისო ბიურო ახორციელებს საერთაშორისო რეგისტრაციას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ისევე როგორც სპეციალური კავშირის სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

(ბ) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს სხდომებს და უზრუნველყოფს ასამბლეისა და ექსპერტთა ისეთი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების სამდივნოებს, რომელთა შექმნის შესაძლებლობაც აქვს ასამბლეას;

(გ) გენერალური დირექტორი არის სპეციალური კავშირის ხელმძღვანელი და წარმოადგენს სპეციალურ კავშირს.

(2) გენერალური დირექტორი და ნებისმიერი მის მიერ დანიშნული თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის ყველა სხდომასა და ექსპერტთა იმ კომიტეტებში ან სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც მათ მიერაა შექმნილი.

(3) (ა) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის განკარგულებით ამზადებს შეთანხმების ყველა დებულების გადასასინჯ კონფერენციებს, მე-9-დან მე-12 მუხლებში მოცემული დებულებების გარდა;

(ბ) გადასასინჯი კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, საერთშორისო ბიუროს შეუძლია კონსულტაცია მიიღოს სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან;

(გ) გენერალურ დირექტორს და მის მიერ დანიშნულ თანამშრომლებს შეუძლიათ ამ კონფერენციების დისკუსიებში მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე.

(4) საერთშორისო ბიურო ასრულებს ნებისმიერ სხვა მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

    მუხლი 11 (ფინანსები)

(1) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია თავისი ბიუჯეტი;

(ბ) სპეციალური კავშირის ბიუჯეტი მოიცავს სპეციალური კავშირის საკუთარ შემოსავალს და გასავალს, ბიუჯეტის საერთო ხარჯებისათვის შენატანებს და ორგანიზაციის მიერ კონფერენციების ჩასატარებლად საჭირო თანხას;

(გ) ხარჯები, რომლებიც არ ეკუთვნის მხოლოდ სპეციალურ კავშირს, არამედ ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სხვა კავშირს, რომელსაც მართავს ორგანიზაცია, განიხილება როგორც კავშირების საერთო ხარჯები. ასეთ საერთო ხარჯებში სპეციალური კავშირის წილი პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელიც სპეციალურ კავშირს აქვს მასში.

(2) სპეციალური კავშირის ბიუჯეტი იქმნება იმ სხვა კავშირების ბიუჯეტებთან სათანადო კოორდინაციის გათვალისწინებით, რომელთაც მართავს ეს ორგანიზაცია.

(3) სპეციალური კავშირის ბიუჯეტის დაფინანსება ხდება შემდეგი წყაროებიდან:

(I) საერთაშორისო რეგისტრაციისთვის მე-7(2) მუხლის მიხედვით შეკრებილი საფასურები და საერთაშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გაწეულ მომსახურებათა სხვა საფასურები და ხარჯები;

(II) საერთაშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გამოცემული პუბლიკაციების ან როიალტით მიღებული შემოსავალი;

(III) საჩუქრები, ანდერძით გადმოცემული საშუალებები და სუბსიდიები;

(IV) რენტა, პროცენტებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა;

(V) სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების შენატანები იმ შემთხვევაში, როდესაც (I)-(IV) პუნქტებით გათვალისწინებული შემოსავლის რაოდენობა არაა საკმარისი სპეციალური კავშირის გასავლის დასაფარად.

(4) (ა) საფასურის რაოდენობა, რომელიც მითითებულია მე-7(2) მუხლში, დგინდება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე;

(ბ) ამ საფასურის რაოდენობა დგინდება ისე, რომ სპეციალური კავშირის შემოსავალი, ნორმალურ პირობებში, საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს მიერ საერთაშორისო რეესტრის მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, იმ შენატანების გაუთვალისწინებლად, რომლებზედაც მითითებული იყო მე-(3) (V) პუნქტში.

(5) (ა) მე-(3) (V) პუნქტში მითითებული შენატანის დადგენის მიზნით, სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყანა მიეკუთვნება იმავე კლასს, რომელსაც ის ეკუთვნის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კავშირში და იხდის ყოველწლიურ შენატანს კავშირის მიერ ამ კლასისთვის დადგენილი წილობრივი ერთეულის საფუძველზე;

(ბ) სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყნის წლიური შენატანის რაოდენობა ყველა წევრი ქვეყნის მიერ სპეციალური კავშირის ბიუჯეტში შეტანილ საერთაშორისო თანხასთან ისეთივე პროპორციაშია, როგორც მისი წილობრივი კოეფიციენტი ყველა ქვეყნის წილობრივი კოეფიციენტების ჯამთან;

(გ) შენატანის გადახდის თარიღს ადგენს ასამბლეა;

(დ) ქვეყანა ვერ გამოიყენებს ხმის უფლებას სპეციალური კავშირის რომელიმე ორგანოში, თუ მას აქვს დავალიანება შენატანების გადახდასთან დაკავშირებით და, თუ მისი დავალიანება ტოლია ან აჭარბებს მასზე ორი სრული წლის განმავლობაში დაკისრებული შენატანის რაოდენობას. მიუხედავად ამისა, სპეციალური კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ასეთ ქვეყანას ხმის უფლების გამოყენების ნება დართოს, თუ დარწმუნებულია, რომ გადახდის გადავადება მოხდა განსაკუთრებული და გარდაუვალი მიზეზების გამო;

(ე) იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი ფინანსური წლის დაწყებამდე, ბიუჯეტი არაა მიღებული, ფინანსური ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი რჩება იგივე, რაც იყო წინა წელს.

(6) მე-(4) (ა) პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საფასურებისა და საერთშორისო ბიუროს მიერ სპეციალურ კავშირთან მიმართებაში გაწეული სხვა მომსახურეობის ხარჯებისა და საფასურების რაოდენობას ადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს ასამბლეას.

(7) (ა) სპეციალურ კავშირს გააჩნია საბრუნავი საშუალებების ფონდი, რომელიც იქმნება სპეციალური კავშირის თითოეული წევრი ქვეყნის ერთჯერადი გადასახადით. თუ საბრუნავი საშუალებების ფონდი არასაკმარისი გახდება, ასამბლეა დასვამს მისი გაზრდის საკითხს;

(ბ) თითოეული ქვეყნის საწყისი შენატანის რაოდენობა ზემოთ ხსენებულ ფონდში, ან მისი მონაწილეობა ფონდის გასაზრდელად პროპორციულია ამ ქვეყნის, როგორც სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კავშირის წევრის, შენატანისა ამ კავშირის ბიუჯეტში იმ წელს, როდესაც შეიქმნა ფონდი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის გაზრდაზე;

(გ) შენატანების თანაფარდობა და ვადები განისაზღვრება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მოსმენილ იქნება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრი.

(8) (ა) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმება, რომელიც დადებულია იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, ითვალისწინებს, რომ თუ საბრუნავი საშუალებების ფონდი აღმოჩნდება არასაკმარისი, მაშინ ეს ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების სიდიდე და მათი გაცემის პირობები ყველა შემთხვევაში წარმოადგენს შეთანხმების საგანს ამ ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის;

(ბ) წინა (ა) პუნქტით მითითებულ ქვეყანას და ორგანიზაციას გააჩნიათ უფლება წერილობითი ფორმით მოახდინონ ავანსების გაღების ვალდებულების დენონსირება. დენონსაცია ძალაში შედის იმ წლის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც გაიგზავნა შეტყობინება.

(9) ანგარიშის აუდიტი ხორციელდება სპეციალური კავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ან ასამბლეის მიერ დანიშნული გარე აუდიტორების მიერ, ისე როგორც გათვალისწინებულია ფინანსური ინსტრუქციით. ისინი ინიშნებიან მათი თანხმობით, ასამბლეის მიერ.

    მუხლი 12 (9-12 მუხლების შესწორებები)

(1) წინადადებები მე-9, მე-10, მე-11 მუხლებისა და ამ მუხლებში შესწორებების შეტანის შესახებ შეიძლება წაყენებულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის ან გენერალური დირექტორის მიერ. ეს წინადადებები გენერალური დირექტორის მიერ ეგზავნება ასამბლეის წევრ ქვეყნებს ასამბლეაზე მათ განხილვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.

(2) წინა, (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში შესწორებების შეტანა ხორციელდება ასამბლეის მიერ. შესწორებების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმათა სამი მეოთხედი, იმის გათვალისწინებით, რომ მე-9 მუხლსა და ამ პუნქტში შესწორებების მისაღებად საჭიროა ხმათა ოთხი მეხუთედი.

(3) ნებისმიერი შესწორება მუხლებში, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობით შეტყობინებებს ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული შესწორებების მიღებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების შესახებ იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც შესწორებების მიღების მომენტში არიან ასამბლეის წევრები. აღნიშნულ მუხლებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებულია ამ გზით, სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შესწორებების ძალაში შესვლის მომენტისათვის უკვე არიან ასამბლეის წევრები ან გახდებიან მისი წევრები ამ თარიღის გასვლის შემდეგ იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებას, ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აღიარეს ასეთი შესწორებები.

    მუხლი 13 (ინსტრუქციები; რევიზია)

(1) შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად საჭირო დეტალები განსაზღვრულია ინსტრუქციით.

(2) შეთანხმების გადასინჯვა შეიძლება სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების კონფერენციებზე.

    მუხლი 14 (რატიფიკაცია და მიერთება; ძალაში შესვლა; პარიზის კონვენციის 24-ე მუხლთან (ტერიტორიები) კავშირი; 1958 წლის აქტთან მიერთება)

(1) სპეციალური კავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიკაცია ხოლო, თუ მას ხელი ჯერ არა აქვს მოწერილი, შეუძლია მიუერთდეს მას.

(2) (ა) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ შედის სპეციალურ კავშირში, მაგრამ სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის წევრია, შეუძლია მიუერთდეს ამ აქტს და ამ გზით გახდეს სპეციალური კავშირის წევრი;

(ბ) მიერთების შესახებ შეტყობინება უზრუნველყოფს მიერთებული ქვეყნის ტერიტორიაზე ზემოთ ხსენებული დებულებების გამოყენებას ადგილწარმოშობის დასახელებებისათვის, რომლებიც მიერთებისას წარმოადგენენ საერთაშორისო რეგისტრაციის ობიექტეს.

(გ) მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიუერთდა ამ აქტს, შეუძლია ერთი წლის ვადაში განაცხადოს საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებული რომელი ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართ სურს მე-5(3) მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება.

(3) რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ დოკუმენტების დეპონირება ხდება გენერალურ დირექტორთან.

(4) ეს შეთანხმება იყენებს სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის 24-ე მუხლის დებულებებს.

(5) (ა) იმ ხუთი ქვეყნისათვის, რომლებმაც პირველებმა მოახდინეს მათი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირება, ეს აქტი ძალაში შედის ასეთი მეხუთე დოკუმენტის შეტანიდან სამი თვის შემდეგ;

(ბ) ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის ეს აქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება გენერალურ დირექტორს, თუ რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის მითითებული. მეორე შემთხვევაში ამ ქვეყნისათვის აქტი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(6) რატიფიკაციას ან მიერთებას ავტომატურად მოსდევს ამ აქტის ყველა დებულებითა და ყველა უპირატესობით სარგებლობა.

(7) არსებული აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანას შეუძლია მიუერთდეს ამ შეთანხმების 1958 წლის 31ოქტომბრის საწყის აქტს, მხოლოდ ამ აქტის რატიფიკაციისა და მასთან მიერთებასთან ერთად.

    მუხლი 15 (შეთანხმების ხანგრძლივობა; დენონსაცია)

(1) არსებული შეთანხმება ძალაშია, ვიდრე მისი წევრია არა ნაკლებ ხუთი ქვეყნისა.

(2) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია არსებული აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორისათვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ასეთი დენონსაცია განაპირობებს 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყისი აქტის დენონსაციასაც და ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ეს დენონსაცია; სპეციალური კავშირის სხვა ქვეყნებისთვის არსებული შეთანხმება მთლიანად ძალაში რჩება და ექვემდებარება შესრულებას.

(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.

(4) ნებისმიერი ქვეყნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება არ გამოიყენება, ვიდრე არ გავა ხუთწლიანი ვადა იმ დღიდან, როდესაც ეს ქვეყანა გახდა სპეციალური კავშირის წევრი.

    მუხლი 16 (1958 წლი აქტის გამოყენება)

(1) (ა) არსებული აქტი ცვლის 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყის აქტს სპეციალური კავშირის იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია ან მიუერთდნენ მას;

(ბ) თავის მხრივ, სპეციალური კავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ამ აქტის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას, ვალდებულია სპეციალური კავშირის იმ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობისას, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიუერთდნენ მას, იმოქმედოს 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყისი აქტის მიხედვით.

(2) სპეციალურ კავშირს გარეთ მყოფი ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამ აქტის მონაწილენი, იყენებენ ამ აქტის ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციებისათვის, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ბიუროში, სპეციალური კავშირის ნებისმიერი იმ წევრი ქვეყნის უწყების მოთხოვნით, რომელიც არ არის ამ აქტის მონაწილე, იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ქვეყნების მიმართ ეს რეგისტრაციები აკმაყოფილებენ ამ აქტის მოთხოვნებს. რაც შეეხება საერთაშორისო რეგისტრაციებს, რომელიც ხორციელდება ქვეყნების მიერ, რომლებიც არ შედიან სპეციალურ კავშირში, მაგრამ გახდნენ ამ აქტის მონაწილენი, ასეთი ქვეყნები აღიარებენ, რომ სპეციალური კავშირის ზემოხსენებული ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ 1958 წლის 31 ოქტომბრის საწყისი აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

    მუხლი 17 (ხელმოწერა, ენები, დეპოზიტარის ფუნქციები)

(1) (ა) ხელის მოწერა ხორციელდება არსებული აქტის მხოლოდ ერთ ეგზემპლარზე, ფრანგულ ენაზე და შესანახად გადაეცემა შვედეთის მთავრობას;

(ბ) ოფიციალური ტექსტი დგინდება გენერალური დირექტორის მიერ, დაინტერესებულ მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, იმ სხვა ენებზე, რომელსაც განსაზღვრავს ასამბლეა.

(2) ეს აქტი ხელმოსაწერად ღიაა სტოკჰოლმში 1968 წლის 13 იანვრამდე.

(3) გენერალური დირექტორი შვედეთის მთავრობის მიერ დამოწმებულ ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის ორ ასლს უგზავნის სპეციალური კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას.

(4) გენერალური დირექტორი ახორციელებს ამ აქტის რეგისტრაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(5) სპეციალური კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას გენერალური დირექტორი ატყობინებს ხელმოწერების, რატიფიკაციისა და მიერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების, ამ აქტის დებულებების ძალაში შესვლის, დენონსაციისა და დეკლარაციის შესახებ მე-14 მუხლის მე-(2)(გ) და მე-(4) პუნქტების შესაბამისად.

    მუხლი 18 (გარდამავალი დებულებები)

(1) პირველი გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე, ამ აქტში მითითება ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროზე ან გენერალურ დირექტორზე მიიჩნევა მითითებად სპეციალური კავშირის ბიუროზე, სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციაზე ან მის დირექტორზე.

(2) სპეციალური კავშირის ქვეყნებს, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიუერთდნენ მას, ორგანიზაციის დამაარსებელი კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში შეუძლიათ სურვილისამებრ ისარგებლონ ამ აქტის მე-19–მე-12 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, თითქოს ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ მუხლების შესრულებაზე. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ამ უფლებების გამოყენების სურვილი, ამის შესახებ წერილობით ატყობინებს გენერალურ დირექტორს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. ასეთი ქვეყნები მიიჩნევა ასამბლეის წევრებად აღნიშნული ვადის გასვლამდე.



[1] მუხლებს სათაურები მიეცა მათი იდენტიფიცირების გაიოლების მიზნით. ხელმოწერილ ფრანგულ ტექსტში არ არის არცერთი სათაური.