შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 06/03/1998
ძალაში შესვლის თარიღი 09/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000126
  • Word
-
24/05/1994
ვებგვერდი, -, 06/03/1998
000000430.00.003.000126
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკა და ავსტრიის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

–ხელმძღვანელობენ რა ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების სურვილით,

–ისწრაფვიან რა საქონელბრუნვისა და ეკონომიკური, სამრეწველო- ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს და მტკიცე საფუძველს შექმნის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისათვის,

–საბაზრო ეკონომიკის პრონციპებიდან გამომდინარე ,

–ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

1. საქართველოს რესპუბლიკა და ავსტრიის რესპუბლიკა ერთმანეთს მიანიჭებენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს საბაჟო გადასახადებთან და სხვა მოსაკრებლებთან, აგრეთვე საქონლის გატანა-შემოტანისას საბაჟო გადასახადებისა და სხვა ანაბრების მოკრების წესთან მიმართებაში.

2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება, კერძოდ იმ შეღავათებსა და უპირატესობებზე, რომლებსაც ერთ-ერთი მხარე ანიჭებს ან მიანიჭებს მომავალში:

ა) მეზობელ ქვეყნებს სასაზღვრო ვაჭრობის გაადვილების მიზნით;

ბ) ქვეყნებს, რომლებიც მასთან ერთად შედიან საბაჟო კავშირში, თავისუფალი ან დიფერენციული ვაჭრობის ზონაში, რომლებიც უკვე არსებობენ ან შეიქმნებიან მომავალში;

გ) მესამე ქვეყნებს დადებული მრავალმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებშიც მეორე მხარე არ მონაწილეობს.

    მუხლი 2

მხარეები ორივე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის საწარმოებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებსა და დაწესებულებებს (შემდგომში „საწარმოებად“ წოდებულნი) შორის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

    მუხლი 3

1.მხარეები, თავიანთი შესაძლებლობებისა და თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ეკონომიკური, სამრეწველო, ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას.

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებობს შემდეგ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობა:

–სასოფლო და სატყეო მეურნეობა, მაღალმთიანი მეცხოველეობა;

–სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ტექნიკა;

–კვების მრეწველობა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის და ტრანსპორტირების გაუმჯობესება;

–მსუბუქი მრეწველობა, მაღალხარისხოვანი კონკურენტუნარიანი ტექსტილის, საქსოვი, ფეხსაცმელის და ტყავის საქონლის წარმოების ჩათვლით;

–ენერგეტიკა, მესამე ქვეყნების ბაზრებზე თანამშრომლობის ჩათვლით;

–ჯანდაცვა, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება;

–სამკურნალო და მინერალური წყლები;

–ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა;

–ხის გადამამუშავებელი ელექტროხელსაწყოები და ტექნიკა;

–ელექტრონული და ელექტოტექნიკური მრეწველობა;

–მეტალურგია, ფერადი მეტალურგიის ჩათვლით და ლითონგადამამუშავებელი წარმოება;

–არსებული წარმოებების რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, გაფართოება და ავტომატიზაცია, თავდაცვის მრეწველობის საწარმოთა კონვერსიის ჩათვლით;

–გარემოს, ბუნების, ლანდშაფტის და ნიადაგის დაცვა, მცენარეთა დაცვისათვის ბიოლოგიური სამუშაოებების წარმოებისა და გამოყენების ჩათვლით;

–მინერალური ნედლეულის მოძებნა, რეწვა, გამდიდრება და შემდგომი გადამუშავება, აგრეთვე მინერალური ნედლეულისა და სამთო მრეწველობის პროდუქციის მარკეტინგი;

–ელექტროსადგურების გაფართოება და რეკონსტრუქცია, კერძოდ ჰიდროენერგეტიკის სფეროში, ელექტროგადაცემის მაღალი ძაბვის ხაზების, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მილსადენების ქსელის გაფართოება და რეკონსტრუქცია;

–ნავთობმოსაპოვებელი ტექნიკა;

–მშენებლობა, სამშენებლო მასალები და ტექნიკის წარმოება;

–ტურისტული კომპლექსების და დასასვენებელი ცენტრების პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია;

ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელია განხორციელდეს შემდგეგ ფორმაში:

–ერთობლივი საწარმოების შექმნა;

–ფირმათა წარმომადგენლობისა და ფილიალების შექმნა;

–ინვესტირება და საწარმოს კაპიტალში მონაწილეობა;

–ნოუ-ჰაუს ტექნოლოგიის გადაცემა, სხვა გამოკვლევების და ლიცენზიების გაცვლა აგრეთვე გაცვლა სხვა უფლებებისა და სხვა სტანდარტებისა და ნორმების ჰარმონიზაცია;

–სერთიფიცირება;

–ფინანსური, საბანკო, სადაზღვევო, სამარკეტინგო, საკონსალტინგო და სხვა მომსახურების გაწევა;

–ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შემუშავება;

–ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზაცია და ჩატარება, ეკონომიკურ საკითხებში დელეგაციებისა და ექსპერტების გაცვლა;

–იურიდიული, ეკონომიკური, სტატისტიკუტი, ტექნიკური დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლა;

3. თანამშრომლობის ყველა სფეროში პროექტები განხორციელდება მაღალი ეკონომიკური სტანდარტების შესაბამისი მოწინავე ტექნოლოგიების საფუძველზე.

    მუხლი 4

მხარეები, ეკონომიკურად მომგებიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ ძირითადი ყურადღება მიაქციონ თანამშრომლობას შემდეგ სფეროში:

–ენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა;

–სარკინიგზო ქსელები;

–ნაოსნობა;

–საჰაერო მიმოსვლა;

–საგზაო ქსელები;

–ტელეკომუნიკაცია;

–სატრანსპორტო საქმე;

–ნარჩენების მეორადი გადამუშავება და უტილიზაცია;

–ნიადაგის გაუმჯობესება და საწყალოსნო მეურნეობა.

    მუხლი 5

მხარეები შეთანხმდნენ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

1. მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის განვითარებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ტურიზმისა და მოგზაურობის კონვენციის რეკომენდაციებისა (რომი, 1963წ.) და „ტურიზმის ქარტიისა და ტურისტის კოდექსის” (სოფია, 1985წ.) საფუძველზე.

2. ტურიზმის სფეროში პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ეკონომიკური სამრეწველო ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა განხორციელდება გარემოს დაცვის პრინციპების დაცვითა და ტურიზმის მაღალ დონეზე ორგანიზებით.

    მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ სამრეწველო საკუთრების დაცვას და მის უზრუნველყოფას, შესაძლებლობების ფარგლებში, საკუთარი კანონმდებლობით, კერძოდ სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის საფუძველზე, აგრეთვე შეათანხმებენ ღონისძიებებს ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოებისათვის.

    მუხლი 7

ანგარიშსწორება და გადასახადები საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

    მუხლი 8

1.აღნიშნული შეთანხმებით გათვალისიწინებული საქონელბრუნვა აგრეთვე ეკონომიკური, სამრეწველო - ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა განხორციელდება კომერციულ საფუძველზე;

2. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მხარეების საწარმოებს, ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და ურთიერთმიწოდებადი საქონლის ნომენკლატურის გაზრდის მიზნით შეუძლიათ ვაჭრობა აწარმოონ მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ბარტერული და შემხვედრი გარიგებით.

3.ორივე ქვეყნის საწარმოთა შორის ვაჭრობა განხორციელდება მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასების საფუძველზე.

    მუხლი 9

1.მხარეები მიმართავენ კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიეთვაჭრობაში ადგილი ექნება რაიმე საქონლის შემოტანის ისეთ რაოდენობებს, ან ისეთ ფასებში ან ისეთ პირობებზე, რომლებსაც მოაქვთ ან შეუძლიათ მოუტანონ საგრძნობი ზარალი ანალოგიური ან კონკრეტული საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს.

ამ შემთხვევაში მხარე, რომელიც თხოვნით მიმართავს კონსულტაციის ჩატარების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გადასცემს მეორე მხარეს სიტუაციის დაწვრილებით შესწავლისათვის აუცილებელ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სიტუაციის დაწვრილებით შესწავლისათვის.

2. თუ კონსულტაციების დროს მხარეები დაადგენენ, რომ ადგილი აქვს 1 პუნქტში აღნიშნულ სიტუაციას, მაშინ უნდა მოხდეს ექსპორტის შეზღუდვა, ან უნდა განხორციელდეს სხვა ზომები ამ ზარალის აღსაკვეთად ან თავიდან ასაცილებლად.

3. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, კონსულტაციების თაობაზე განცხადების შემომტან მხარეს უფლება აქვს შეზღუდოს შესაბამისი საქონლის შემოტანა იმ დონით და იმ ვადით, რომელიც აუცილებელია ამ ზარალის აღსაკვეთად, ან ასეთ შემთხვევაში მეორე მხარეს უფლება ეძლევა არ შეასრულოს პირველი მხარის წინაშე აღებული ვალდებულებები ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით ექვივალენტური რაოდენობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ გადავადების შეუსრულებლობას შეუძლია საგრძნობი ზარალის მიყენება, დროებითი ზომების მიღება შეიძლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ასეთ შემთხვევაში მხარე, რომელიც მიმართავს აღნიშნულ ზომებს, დაუყოვნებლივ და წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს ამის შესახებ, რის შემდეგაც დაუყონებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები.

5. მხარეების მიერ ამ მუხლში გათვალისწინებული ზომების შერჩევისას, უპირატესობა უნდა მიეცეს იმ ღონისძიებებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების შემდეგ ფუნქციონირებაზე მინიმალურ ნეგატიურ გავლენას მოახდენენ.

    მუხლი 10

მხარეები ცნობენ მცირე და საშუალო საწარმოების ორმხრივი საგარეო ურთიერთობების უფრო აქტიური მონაწილეობის სარგებლობასა და აუცილებლობას.

    მუხლი 11

1. მხარეები რეკომენდაციას გაუწევენ თავიანთ საწარმოებს, წარმოქმნილი დავები გადაწყვიტონ პირველ რიგში მეგობრული გზით, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე.

2. თითოეულ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მხარეები წაახალისებენ საარბიტრაჟო რეგლამენტის გამოყენებას, რომელიც შემუშავებულია საერთაშორიო ვაჭრობის სამართლის შესახებ გაეროს კომისიის მიერ (UNCITRAL), და იმ კონვენციის ერთ–ერთი მონაწილე სახელმწიფოს საარბიტრაჟო ორგანოებისადმი მიმართვის უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და სისრულეში მოყვანის შესახებ, რომელიც დადებულია 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-ორკში.

    მუხლი 12

ამ შეთანხმების შეცვლის ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში მისი დებულებები ძალაში რჩება ორივე ქვეყნის საწარმოთა შორის ამ შეთანხმების მოქმედების დროს დადებული კონტრაქტებისათვის, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად არ შესრულდა ამ შეთანხმების შეცვლის ან მისი მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის.

    მუხლი 13

1. აღნიშნული შეთანხმებით იქმნება შერეული კომისია, რომელიც შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის სურვილით საქართველოს რესპუბლიკაში ან ავსტრიის რესპუბლიკაში მონაცვლეობით.

2.შერეული კომისიის ამოცანებში, კერძოდ, შედის;

ა) ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების ანალიზი;

ბ) წინადადებების შემუშავება ორი ქვეყნის საწარმოებს შორის ეკონომიკური, სამრეწველო, ტექნიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

გ) რეკომენდაციების მიცემა ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 14

 ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოებები მხარეთა შორის გადაწყდება მოლაპარაკებების გზით მე-13 მუხლში მოხსენებული შერეული კომისისს ფარგლებში.

    მუხლი 15

1. ერთ-ერთი ან ორივე მხარის ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (ეეს) ან ევროპის კავშირში (ეთ) ან მათ სამართალმემკვიდრე ორგანიზაციებში შესვლის დღიდან მონაწილე მხარეები შეიზღუდებიან ამ მუხლში მოხსენებული ორგანიზაციების წევრის სტატუსით.

2. ასეთ შემთხვევაში მხარეები გამართავენ მოლაპარაკებას ამ შეთანხმების შესახებ.

    მუხლი 16

1.ეს შეთანხმება იდება ორი წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი ერთი წლით თუ ერთ-ერთი მხარე ამ შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე წერილობით, დიპლომატიური არხებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.

2.წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას და შედის ძალაში მესამე თვის პირველი რიცხვიდან იმ თვის შემდეგ, როდესაც მოხდება სარატიფიკაციო სიგელთა გაცვლა.

შესრულებულია ვენაში 1994 წლის 24 მაისს, ორ ორიგინალად თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე, ამავე დროს ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვთ.

საქართველოს რესპუბლიკის სახელით

ავსტრიის რესპუბლიკის სახელით