შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანაშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანაშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 15/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000061
  • Word
-
15/08/1995
გაურკვეველი, -, 31/12/1997
000000430.00.003.000061
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანაშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანაშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლებიც შემდგომში იწოდებიან „ხელმომწერ მხარეებად“,

იღწვიან, რომ განაგრძონ და გააღრმავონ ისტორიული მეგობრობა და თანამშრომლობა,

სურთ, რომ კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელმომწერი მხარეები, ორივე ქვეყნის კანონებისა და დადგენილებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან და სტაბილურ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

    მუხლი 2

ა) ხელმომწერი მხარეები მიანიჭებენ ერთმანეთს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს საექსპორტო და საიმპორტო ლიცენზიების გაცემისას, საბაჟო გადასახადებისა და საქონლის/პროდუქციის ექსპორტთან, იმპორტთან და მათ ტრანზიტთან დაკავშირებით ყველა სხვა გადასახადებისა და ბეგარების აკრეფვისას.

ბ) ხელმომწერი მხარეები საექსპორტო და საიპორტო ლიცენზიების ან ნებართვების გაცემისას, მაშინ როდესაც ასეთი ლიცენზიების/ნებართვების გაცემა გათვალისწინებულია მათი წესების მიხედვით, ერთმანეთს მიანიჭებენ არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

    მუხლი 3

ნებისმიერი უპირატესობა, თანხმობა, პრივილეგია ან იმუნიტეტი, რომელსაც რომელიმე მონაწილე მხარე მიანიჭებს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ ან მესამე ქვეყანაში ჩასატანად განკუთვნილ პროდუქციას, უნდა მიენიჭოს დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე მსგავს პროდუქციას, წარმოებულს რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ან მათ ტერიტორიაზე საიმპორტოდ განკუთვნილს.

    მუხლი 4

მე-2 და მე-3 მუხლების დებულებები არ ვრცელდება იმ ნებართვებზე თუ დროის ხანგრძლივობაზე, რომელსაც ითვალისწინებს:

ა) თითოეული ხელმომწერი მხარის მიერ საზღვრისპირა ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით მეზობელი ქვეყნებისადმი მინიჭებულ უპირატესობებს;

ბ) იმ უპირატესობებს ან შეღავათებს, რომელიც რომელიმე ხელმომწერმა მხარემ მიანიჭა ნებისმიერ ქვეყანას ამ შეთანხმების დადების მომენტისათვის ან ამ უპირატესობის ან შეღავათის სანაცვლოდ არსებობდნენ 1947 წლის 10 აპრილამდე;

გ) უპირატესობებს ან შეღავათებს, რომლებიც გაიცემა განვითარებად ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიზნით და ღიაა განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობისათვის და რომელთა წევრიც არის ან შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე;

დ) იმ საბაჟო კავშირებიდან და/ან თავისუფალი სავაჭრო ზონიდან გამომდინარე უპირატესობებს, რომლის მონაწილეც არის ან შეიძლება გახდეს თითოეული ხელმომწერი მხარე;

ე) უპირატესობებს და შეღავათებს, რომლებსაც ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე გასცემს ან შეიძლება გასცეს საერთაშორისო სავაჭრო პირობების ლიბერალიზაციისათვის გათვალისწინებული მრავალმხრივი ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების საფუძველზე.

    მუხლი 5

ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ურთიერთვაჭრობის გარდა ასეთი თანამშრომლობა მოიცავს სამრეწველო განვითარების სფეროს, ერთობლივი საწარმოების შექმნას, მათ შორის მესამე ქვეყნებთანაც, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განვითარებას, ეკოლოგიას, კადრების მომზადებას და აგრეთვე ურთიერთსაინტერესო სხვა დარგების განვითარებას.

    მუხლი 6

     ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ მათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის კავშირების დამყარებას დელეგაციების გაცვლის, ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობისა და ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით და საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციების ფილიალების, კომპანიების, ფირმების, ბანკების და ა.შ. დაარსებას ერთმანეთის ტერიტორიაზე თავიანთი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად.

    მუხლი 7

     საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტი განხორციელდება ორი ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დადებული კონტრაქტების საფუძველზე, საერთაშორისო ფასებში, თითოეული ქვეყნის კანონებისა და წესების საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის გათვალისწინებით. არცერთი ხელმომწერი მხარე არ იქნება კომერციული გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.

    მუხლი 8

კომერციული და არაკომერციული ხასიათის ყველა სახის ანგარიშსწორებები საქართველოსა და ინდოეთს შორის განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, თუ ხელმომწერ მხარეებს შორის არ იქნება სხვაგვარი შეთანხმება.

    მუხლი 9

თითოეული ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი ბარტერული გარიგებების, საკომპენსაციო ხელშეკრულებების, ლიზინგისა და ბაი-ბეკის შეთანხმებების ან საქმიანი ურთიერთობების სხვა საერთაშორისო ცნობილი ფორმების საფუძველზე მათი კანონებისა და წესების გათვალისწინებით.

    მუხლი 10

ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ხელმომწერი მხარეები გამართავენ კონსულტაციებს რიგ-რიგობით თბილისსა და დელიში ამ შეთანხმების დაუბრკოლებელი შესრულების ხელშესაწყობად და ამ შეთანხმების განხილვისა და შესრულების შედეგად წარმოშობილი დავების გადასაჭრელად.

    მუხლი 11

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. ამ შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეთა შორის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

    მუხლი 12

ეს შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ამ შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდებით, თუ ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორეს შეთანხმების შეწყვეტის სურვილის შესახებ.

ამის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

ხელმოწერილია ქ. თბილისში, 1995 წლის 15 აგვისტოს ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, ჰინდისა და ინგლისურ ენებზე და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ტექსტის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)