შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 29/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000209
  • Word
-
10/04/1997
გაურკვეველი, -, 22/10/1998
000000430.00.003.000209
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში

პრეამბულა

საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა

არიან რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ.ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენვეციის მონაწილენი;

აქვს რა სურვილი, დადონ შეთანხმება თავიანთ ტერიტორიებსა და მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რეგულარული საჰაერო დაწყებისა და განხორციელების შესახებ;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

ა) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოს მიმართებაში ნიშნავს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს და ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით შეასრულოს ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები ან მსგავსი ფუნქციები და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მმართველს და ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით შეასრულოს ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები ან მსგავსი ფუნქციები;

ბ) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ და მოიცავს:

(I) ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია 94 (ა) მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და

(II) კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად ნებისმიერ დანართს ან ნებისმიერ შესწორებას იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

გ) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ნებისმიერ ოქმს ან მსგავს დოკუმენტს, რომელსაც შეაქვს შესწორებები ამ შეთანხმებაში ან დანართში;

დ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია უფლებამოსილებით ამ შეთანხმების მე-3 მუხლის დებულებების თანახმად.

ე) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრულ მარშრუტებზე მგზავრის, ტვირთის და ფოსტის ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით;

ვ) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის შესაძლებელ დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე და ტერმინი „ტევადობა“ შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებაში ნიშნავს ამ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მოცულობას გამრავლებული ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სიხშირეზე განსაზღვრული დროის პერიოდში მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

ზ) ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობა.

თ) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“ „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შეაბამისი მნიშვნელობა;

ი) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგაზვრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს სააგენტო და საჰაერი გადაზიდვებთან დაკავშირებით ავიაგადამზიდველის მიერ შესრულებული სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულების და პირობების ჩათვლით და არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს.

კ) ტერმინი „მომხმარებლის გადასახადი“ ნიშნავს გადასახადს, რომელიც არის ავიასაწარმოებისათვის დაწესებული აეროპორტის, სააერონავიგაციო ან ავიაციის უშიშროების ქონების ან მოწყობილობების საშუალებებით სარგებლობისათვის.

ამ შეთანხმების მუხლების დასათაურებები არ ზღუდავს ან არ აფართოებს ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების მნიშვნელობას.

    მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს აწარმოოს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, შემდეგი უფლებებით:

ა) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;

ბ) განახორციელონ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჯდომა არაკომერციული მიზნებით;

გ) განახორციელონ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჯდომა ამ შეთანხმების მარშრუტების განაწესის დანართის თანახმად დაწესებულ მარშრუტზე განსაზღვრულ ადგილებში, რათა ჩასხან ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ ან გადმოტვირთონ ტვირთი და ფოსტა, რომელთა გადაყვანა-გადატანა საერთაშორისო მიმართულებით ხორციელდება ცალ-ცალკე ან კომბინირებულად.

2. 1-ლი პუნქტის დებულებების თანახმად არცერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს არ ენჭიება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, ტვირთი ან ფოსტა ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.

    მუხლი 3. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით დანიშნოს ავიასაწარმო დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და უარი განაცხადოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა.

2. ასეთი დანიშვნის მიღებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ხელისუფლება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის თანახმად დაუყოვნებლივ მისცემს ამგვარ დანიშნულ ავიასაწარმოს შესაბამის ექსპლუატაციის ნებართვას.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს უნარი შესწევს შეასრულოს იმ კანონების და წესების პირობები, რომლებიც კონვენციის დებულებათა თანახმად ჩვეულებრივ გამოიყენება პირველი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის ნებართვის მიცემაზე ან ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მას არა აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ავიასაწარმოს დამნიშვნელ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მოქალაქეებს აქვთ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და რეალური კონტროლი ან ორივე.

5. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტის პირობების შესრულების შემდგომ ამგვარად დანიშნულ და ნებართვით აღჭურვილ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ექსპლუატაცია არ შეიძლება განხორციელდეს მანამდე, სანამ ამ შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად, ამ ხაზებისათვის დაწესებული ტარიფი ძალაში არ შევა.

    მუხლი 4. ექსპლუატაციის ნებართვის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს გააუქმოს ექსპლუატაციის ნებართვა, შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ან მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ამ ავიასაწარმოს უნარი არ შესწევს შეასრულოს იმ კანონებისა და წესების პირობები, რომლებიც კონვენციის თანახმად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფალთა მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას, ან,

ბ) ეს ხელშემკვრელი მხარე არ არსი დარმწუნებული, რომ დანიშნული ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზედ რეალური კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნრშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელშია; ან,

გ) ავიასაწარმო არ ასრულებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და/ან წესებს, რომელმაც მას ეს უფლებები მიანიჭა, ან,

დ) ეს ავიასაწარმო რაიმე სხვა სახით არღვევს ამ შეთანმხებით გათვალისწინებულ პირობებს.

2. თუ ამ მუხლის 1 პუნქტში მოცემული ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება, შეჩერება ან პირობების წაყენება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და/ან წესების შემდგომი დარღვევა, ამ უფლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად კონსულტაციების ჩატარების შემდეგ.

    მუხლი 5. კანონებისა და წესების გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, წესები და პროცედურები, რომლებიც შეეხება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში დაკავებულ საჰაერო ხომალდის მის ტერიტორიაზე შესვლას, გაჩერებასა და გასვლას ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, შესრულებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისას, ამ ტერიტორიაზე ყოფნისას და გამოსვლისას.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც შეეხება შესვლა–გასვლას, ტერიტორიაზე ყოფნას ან ტრანზიტს, ემიგრაციას ან იმიგრაციას და საპასპორტო, საბაჟო და საკარანტინო წესების შესრულებას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ და ეკიპაჟის, მგზავრების მიერ ან მათი სახელით, ეს წესები სრულდება აგრეთვე ტვირთისა და ფოსტის მიმართ, პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით ყოფნისას, სარგებლობისას, ამ ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას და გამოსვლისას.

3. მგზავრები, ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადატანა ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით ხორციელდება და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ამ მიზნისათვის გამოყოფილ ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტით გადატანილი ტვირთი და ბარგი განთავისუფლდება საბაჟო და სხვა მსგავსი გადასახადებისაგან.

    მუხლი 6. მოწმობათა ცნობა

1. ამ შეთანხმებით განსაზღვრული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, ერთი ხელშემკვრელი მხარე ცნობს ფრენის ვარგისიანობის და საკვალიფიკაციო მოწმობებს, რომლებიც გაცემულია ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოქმედების ძალა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ და რომლებიც ისევ ძალაშია ამ პირობით, თუ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაცემულია ასეთი მოწმობები ან მინჭიებული აქვთ მოქმედების ძალა, შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც კონვენციის თანახმად, არსებობს ან შეიძლება დადგინდეს, ან აღემატება მათ.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას უარი თქვას თავის ტერიტორიაზე ფრენის მიზნით საკვალიფიკაციო მოწმობისა და სხვა მოწმობების ცნობაზე, რომლებიც გაცემულია მის მოქალაქეებზე ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოქმედების ძალა მეორე ხელშემკვრელი მხარის ან სხვა სახელმწიფოს მიერ.

3. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ რომელიმე პიროვნებისათვის ან დანიშნული ავიასაწარმოსათვის ან დაწესებული მარშრუტით შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდისათვის მიცემულმა ზემოთ 1-ლ და 2 პუნქტში აღნიშნულმა მოწმობების პრივილეგიებმა და მოწმობებმა შეიძლება გამოიწვიონ კონვენციის თანახმად დაწესებულ სტანდარტებთან შეეუთანხმებლობა და ამგვარი განსხვავება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის რეგისტრირებული. მაშინ მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციებსი ჩატარება ამ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად პირველი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან, რათა მხარეები დარწმუნდნენ, რომ განხილული პრაქტიკა მათთვის მისაღებია. თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, ეს ფაქტი გახდება საფუძველი ამ შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენებისა.

    მუხლი 7. საავიაციო უშიშროება

1. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ მიერ აღებული ურთიერთვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ჩარევისაგან. შეადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილ „საჰაერო ხომალდზე ჩადენილ დანაშაულობათა და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“, 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილ „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“– კონვენციების დებულებათა შესაბამისად.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გაუწევს მას ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა მუქარის აღკვეთის მიზნით.

3. ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთობისას იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი დანართებად წოდებული და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დანართებად წოდებული საავიაციო უშიშროების დებულებათა თანახმად იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიმართ გამოიყენება, ხელშემკვრელი მხარეები მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზე, და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტის ექსპლუატანტებს, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა მასზედ, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ამ ექსპლუატანტებს მე-3 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებათა დაცვა, რომლებიც საჭიროა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, მის ფარგლებში ყოფნისა და ამ ტერიტორიიდან გამოსვლისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და მათი ხელბარგი, განახორციელოს ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აგრეთვე დადებითად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას, განახორციელოს უსაფრთხოების სათანადო სპეციალური ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

5. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი ხელში ჩაგდების მუქარის დროს ან სხვა უკანონო ქმედობათა არსებობისას, რომელიც მიმართულია საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა ან სააერონავიგაციო საშუალებათა წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციების გაადვილებით და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ.

    მუხლი 8. კომერციული შესაძლებლობები

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება ჰქონდეს მისი საკუთარი წარმომადგენლობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას; შეიყვანოს და ჰყავდეს მის ტერიტორიაზე მმართველი, სავაჭრო, ტექნიკური, მომსახურე პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით.

3. გენერალური აგენტის ან გენერალური სავაჭრო აგენტის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, ეს აგენტი დანიშნულ უნდა იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი კანონებისა და წესების თანახმად.

4. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება მიიღოს მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების რეალიზაციაში, უშუალოდ ან მისი აგენტის მეშვეობით და ნებისმიერ პირს ექნება საშუალება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები ნაციონალური კანონებისა და წესების შესაბამისად.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას მოთხოვნსი საფუძველზე გადარიცხოს მის ქვეყანაში, უცხოური ვალუტის გადაცვლის ძალაში არსებული წესების შესაბამისად, მოგების ნამატი, რომელიც მოპოვებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებულ ხაზებზე მგზავრების, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის შედეგად.

6. თუ ერთი მხარე დააწესებს შეზღუდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მიღებული მოგების ნამატის გადარიცხვაზე, მეორე მხარეს ექნება უფლება დააწესოს მსგავსი შეზღუდვები მეორე მხარის ავიასაწარმოსათვის.

    მუხლი 9. საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, გაათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს, მისი ეროვნული კანონების შესაბამისად, იმპორტის შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახადებისაგან, სხვა სახის ბეგარისაგან, შემოწმებისათვის დაწესებული გადასახადისაგან და ხსვა ეროვნული გადასახადისა და მოსაკრებლისაგან საჰაერო ხომალდზე, საწვავზე, საპოხ ზეთებზე, ტექნიკურ მოწყობილობებზე, სათადარიგო ნაწილებზე ძრავების ჩათვლით, სატაბელო საბორტო ქონებაზე, საჰაერო ხომალდზე არსებულ მარაგზე და სხვა ნივთებზე, რომლებიც გამიზნულია გამოსაყეებლად ან გამოყენებულია მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც ექსპლუატაციას უწევს შეთანხმებულ ხაზებს, ასევე როგორც ბილეთების მარაგი, ავიაზედნადები, ნებისმიერი ნაბეჭდი მასალა, რომელსაც დაბეჭდილი აქვს ზევიდან საწარმოს განმასხვავებელი ნიშნები და ჩვეულებრივი სარეკლამო მასალა, რომელიც ვრცელდება გადასახადის გარაშე ამ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ.

2. ამ მუხლით მინიჭებული გადასახადისაგან გათავისუფლება, რომელიც განხილულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, გამოიყენება იმ ნივთების მიმართ, რომლებიც:

ა) შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით;

ბ) შენარჩუნებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩამოსვლისას ან გამგზავრებისას;

გ) ატანილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე და გამიზნულია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას მოსახმარად; მიუხედავად იმისა, გამოყენებული ან მოხმარებულია თუ არა ეს უკლებლივ იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელიც ანიჭებს გადასახადებისაგან გათავისუფლებას იმ პირობით, რომ ეს საგნები არ არის გასხვისებული აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. სატაბელო საბორტო ქონება ისევე, როგორც ის მასალა და მარაგი, რომელიც ჩვეულებრივ ინახება თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება ჩამოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების ნებართვით. ამ შემთხვევაში, ისინი შეიძლება მოთავსებულ იქნენ აღნიშნული ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ იქამდე, სანამ არ იქნებიან შეტანილნი ან სხვაგვარად განწესებულნი საბაჟო წესების შესაბამისად.

    მუხლი 10. სამომხმარებლო გადასახადი

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააწესოს ან მისცეს უფლება დაწესებულ იქნეს სამართლიანი და გონივრული გადასახადები აეროპორტებითა და მის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით სარგებლობისათვის.

მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ ამგვარი გადასახადები არ უნდა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მისი ეროვნული საჰაერო ხომალდის მიერ, ამგვარი აეროპორტებითა და საშუალებებით სარგებლობა მსგავს საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატაციისას.

    მუხლი 11. ტევადობის დადგენის წესები და განრიგების დამტკიცება

1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და თანაბარი, რათა მათ მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, შეთანხმებული ხაზების ექსპლოუატაციისას, გაითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ინტერესებს იმგვარად, რომ ზიანი არ მიაყენოს მის მიერ განხორციელებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს იგივე მარშრუტებზე ან მათ მონაკვეთზე.

3. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოთა მიერ შეთანხმებული ხაზების ექპლუატაციის პირველხარისხოვან მიზანს უნდა წარმოადგენდეს დატვირთვის რეალური კოეფიციენტის არსებობისას ისეთი ტევადობის უზრუნველყოფა, რმოელიც უპასუხებს ავიასაწარმოს დანიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიასა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის მგზავრების, ტვირთისა და ფოსტსი გადაყვანა-გადაზიდვის არსებულ და გონივრულ მოსალოდნელ მოთხოვნილებებს.

4. იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომელთაც არ დაუნიშნავთ ავიასაწარმო გამავალი დადგენილი მარშრუტების არსებულ პუნქტებში, სადაც აყვანილ–ატანილ ან ჩამოყვანილ–ჩამოტანილი არიან მგზავრები, ტვირთი და ფოსტა, განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვები  შეთანხმებული უნდა იქნეს ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის.

5. ტევადობა, მიმოსვლის სიხშირისა და ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოთა მიერ შეთანხმებულ ხაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტიპის ჩათვლით შეთანხმებულ უნდა იქნეს საავიაციო ხელისუფალთა შორის დანიშნულ ავიასაწარმოთა რეკომენდაციების გათვალისწინებით. დანიშნულმა ავიასაწარმოებმა უნდა წარმოადგინონ რეკომენდაციები, მათ შორის სათანადო კონსულტაციების შემდგომ ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოყალიბებული დებულებების გათვალისწინებით.

6. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ მე-5 პუნქტში განხილული საკითხები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების მეშვეობით. სანამ მიღწეული იქნება ამგვარი შეთანხმება, დანიშნული ავიასაწარმოების მიერ უზრუნველყოფილი ტევადობა დარჩება უცვლელი.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად ფრენის განრიგები არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღით ადრე დადგენილ მარშრუტებზე მიმოსვლის დაწყებამდე.

ეს აგრეთვე ეხება შემდგომ ცვლილებებს სპეციალურ შემთხვევებში დროის ეს შეზღუდვა შეიძლება შემცირებულ იქნეს, რაც წარმოადგენს აღნიშნულ ხელისუფლების დამტკიცების საგანს.

    მუხლი 12. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფები

1. ხელშემკვრელი მხარეების ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული ხაზებისათვის ტარიფები დაწესებული იქნება გონივრულ ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის ექსპლუატაციის ღირებულება, რეალური შესაძლებელი მოგება, მომსახურების მახასიათებლები და, სადაც ეს შესაძლებელია, სხვა ავიასაწარმოების ტარიფები, რომლებიც აწარმოებენ განსაზღვრული ხაზების ექსპლუატაციას იმავე მარშრუტების მთლიან მონაკვეთზე ან ამ მონაკვეთის ნაწილზე.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ტარიფები დაწესებული იქნება შემდეგი წესების შესაბამისად:

ა) თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები არიან ავიასაწარმოების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, მაგ., საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია, ტარიფების დაწესების მექანიზმის და შეთანხმებულ ხაზებთან დაკავშირებით ტარიფის შესახებ უკვე არსებული რეზოლუციის მეშვეობით. ტარიფები შეთანხმებულ იქნება ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ტარიფის შესახებ ამ რეზოლუციის თანახმად. თუ ამ მუხლის გამოყენებისას სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თითოეული დანიშნული ავიასაწარმო პასუხისმგებელია მხოლოდ მისი საავიაციო ხელისუფლების მიმართ, რომ ამგვარად შეთანხმებული ტარიფები იქნება გონივრული და სამართლიანი;

ბ) როდესაც შეთანხმებულ ხაზებთან დაკავშირებით ტარიფის შესახებ არ არსებობს რეზოლუცია ან როდესაც რომელიმე ან ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები არ არიან ზემო აღნიშნული (ა) პუნქტის მიხედვით ავიასაწარმოების ასოციაციის წევრები, ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები თვითონ შეთანხმდებიან შეთანხმებული ხაზებისათვის ტარიფების დაწესების შესახებ.

გ) ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთ ტარიფების ძალაში შესვლის წარდგენილ თარიღამდე არანაკლებ სამოცი (60) დღით ადრე. ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს აღნიშნულ ხელისუფალთა თანხმობით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოები ვერ შეთანხმდნენ ტარიფების შესახებ ან სადაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ დაუნიშნავს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის ავიასაწარმო ან ზემოაღნიშნული გ) ქვეპუნქტის მიხედვით განსაზვრული სამოცი (60) დღის პირველი ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, რომ იგი არ ეთანხმება ზემოაღნიშული „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, მაშინ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალნი შესაბამის ტარიფებს დაადგენენ ურთიერთშეთანხმების გზით.

3. ა) არცერთი ტარიფი არ შევა ძალაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ არ დაამტკიცა იგი.

ბ) ამ მუხლის დებულებების შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაშია მანამდე, სანამ არ დამტკიცდება ახალი ტარიფები.

4. თუ საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდნენ ამ მუხლის დებულებების თანახმად მათთვის წარდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ვერ დაადგინეს ნებისმიერი ტარიფის ოდენობა, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე-15 მუხლის დებულებათა საფუძველზე.

5. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება არ ეთანმხება დაწესებულ ტარიფს, მაშინ ისინი შეატყობინებენ ამის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას და დანიშნული ავიასაწარმოები, საჭიროების შემთხვევაში, შეეცდებიან მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას. თუ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ახალი ტარიფის დადგენა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, გამოყენებულ იქნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოყალიბებული პროცედურული წესები.

    მუხლი 13. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა

თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მოთხოვნის შემთხვევაში მიაწვდის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან და ამ ტერიტორიისაკენ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვების შესახებ შესაბამის ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ იქნეს მომზადებული და წარდგენილი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ თავიანთი ეროვნული საავიაციო ხელისუფლებისადმი, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას სურვილი აქვს მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან დამატებითი სტატისტიკური მონაცემები, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი დამატებითი სტატისტიკური მონაცემების მოწოდების საკითხი გადაწყდება ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის ორმხრივი განხილვისა და შეთანხმების გზით.

    მუხლი 14. კონსულტაციები და ცვლილებები

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ან მის საავიაციო ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ან მის საავიაციო ხელისუფლებასთან.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის ან მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი კონსულტაცია დაიწყება მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.

3. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს საერთაშორისო შეთანხმებების დადებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური პროცედურული წესების შესრულების შესახებ.

4. მიუხედავად მე-3 პუნქტის დებულებებისა, ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრულ მარშრუტის განაწესთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება პირდაპირ შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ. ისინი ძალაში შევა ამის დამადასტურებელი დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ.

    მუხლი 15. სადავო საკითხების მოგვარება

1. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა ამ შეთანხმების და მისი დანართის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან მოლაპარაკებების გზით გადაჭრან დავა.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, ისინი შეიძლება შეთანხმდნენ, რომ საკონსულტაციო დასკვნისათვის დავა გადაეცეს რომელიმე პიროვნებას ან ორგანიზაციას.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანმხებას 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დავა გადაეცემა სამი არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს და მესამე არბიტრი დაინიშნება ამგვარად დანიშნული ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს თითო არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ და მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით, დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით, იმ პირობით, რომ თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, საბჭოს უფროსი ვიცე–პრეზიდენტს ან თუ იგიც ასეთივე მოქალაქეა, საბჭოს უფროს წევრს, რომელიც არ არის ასეთივე მოქალაქე, შეიძლება მიმართონ თხოვნით მოახდინოს საჭირო დანიშვნები. მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას და განსაზღვრავს საარბიტრაჟო სასამართლოს ჩატარების ადგილს.

4. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს თავის საკუთარ პროცედურულ წესებს.

5. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.

6. ხელშემკვრელი მხარეები თავის თავზე იღებენ შეასრულონ ამ მუხლის მიხედვით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

7. თუ და რამდენადაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ან მისი დანიშნული ავიასაწარმო არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმების შესაბამისად მისთვის მინიჭებული უფლებები და პრივილეგიები.

    მუხლი 16. მოქმედების შეწყვეტა

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ, იმავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

ამ შემთხვევაში ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ეს შეტყობინება შეთანხმების საფუძველზე არ იქნა გამოთხოვილი უკან ამ პერიოდის გასვლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე არ დაადასტურებს შეტყობინების მიღებას, იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.

    მუხლი 17. მრავალმხრივ კონვენციებთან შესაბამისობა

იმ შემთხვევაში, თუ საერთო მრავალმხრივი კონვენცია ან შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის დარგში შევა ძალაში ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის, ეს შეთანხმება და მისი დანართი შეიძლება შესწორებულ იქნეს შესაბამისად.

    მუხლი 18. რეგისტრაცია

ეს შეთანხმება, მისი დანართი და მათი ყველა შესწორება რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    მუხლი 19. ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება შევა ძალაში ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაგზავნილი ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მიღების დღიდან.

რის დასადასტურებლადაც ქვემოთ ხელმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ რწმუნებულებმა შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 10 აპრილს, ორ პირად, ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

(ხელმოწერილია)

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

საბერძნეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

დანართი

მარშრუტების განრიგი

1. განრიგი 1

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციასაც განახორციელებს საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო.

პუნქტი საქართველოში – ათენი, საბერძნეთი.

2. განრიგი 2

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო.

პუნქტები საბერძნეთში – თბილისი, საქართველო.

3. შუალედური პუნქტები და ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ. მეხუთე თავისუფლება შიძლება გამოყენებულ იქნეს ამგვარ პუნქტებსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას შორის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება შეთანმხება დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის და დამტკიცებული იქნება ხელშემკვრელ მხარეთა შესაბამის საავიაციო ხელისუფლებათა მიერ.