გენერალური შეთანხმება ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

  • Word
გენერალური შეთანხმება ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/1949
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 15/08/2000
ძალაში შესვლის თარიღი 25/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000480.00.008.000359
  • Word
02/09/1949
გაურკვეველი, -, 15/08/2000
000000480.00.008.000359
გენერალური შეთანხმება ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

გენერალური შეთანხმება

ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ

პარიზი, 2.IX.1949

ბელგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის სამეფოს, ირლანდიის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის სამეფოს, შვედეთის სამეფოს, თურქეთის რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობები,

ევროპის საბჭოს წესდების მე-40 მუხლის a პუნქტის დებულებებით, დადგენილია რა, რომ წევრების წარმომადგენლებმა და სამდივნომ მისი წევრების ტერიტორიაზე უნდა ისარგებლონ ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელნი არიან მათი მოვალეობების შესასრულებლად;

ზემოხსენებული მუხლის b პუნქტით აიღეს რა საბჭოს წევრებმა ვალდებულება , დადონ შეთანხმება იმ მიზნით, რომ შეასრულონ ხსენებული პუნქტის დებულებები;

ზემოხსენებული b პუნქტის შესრულებისათვის, მინისტრთა კომიტეტმა გაუწია რა რეკომენდაცია წევრ მთავრობებს , მიიღონ ქვემო დებულებები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

ნაწილი I . უფლებასუბიექტურობა - უფლებაუნარიანობა

მუხლი 1

ევროპის საბჭო არის იურიდიული პირი. მას აქვს უფლებამოსილება , დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება და აღძრას საქმე სასამართლოში.

ამ საკითხებში ევროპის საბჭოს სახელით მოქმედებს გენერალური მდივანი.

    მუხლი 2

გენერალური მდივანი ყოველთვის თანამშრომლობს წევრების ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ხელი შეეწყოს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას, უზრუნველყოფილ იქნეს საპოლიციო რეგულირების დაცვა და თავიდან იქნას აცილებული წინამდებარე შეთანხმებაში ჩამოთვლილ პრივილეგიებთან, იმუნიტეტებთან, გათავისუფლებებთან და შეღავათებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი სახით ბოროტად გამოყენება.

 

ნაწილი II. ქონება, ფონდები და აქტივები

    მუხლი 3

საბჭო, მისი ქონება და აქტივები, მათი ადგილმდებარეობისა და იმის მიუხედავად, თუ ვის განკარგულებაში არიან, სარგებლობენ იმუნიტეტით ნებისმიერი სამართალწარმოებისაგან იმ კონკრეტული შემთხვევის გარდა, როდესაც რომელიმე კონკრეტულ საქმეზე მინისტრთა კომიტეტი პირდაპირ იტყვის უარს ამგვარ იმუნიტეტზე. ამასთან, მიიჩნევა, რომ არცერთ შემთხვევაში იმუნიტეტის მოხსნა არ ვრცელდება სასამართლო იძულების ან ქონების ამოღების ზომებზე.

    მუხლი 4

ევროპის საბჭოს ნაგებობები და შენობები ხელშეუხებელნი არიან. საბჭოს ქონება და აქტივები, მათი ადგილმდებარეობისა და იმისდა მიუხედავად, თუ ვის განკარგულებაში იმყოფებიან, სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან ნებისმიერი ფორმის ჩარევისაგან ადმინისტრაციული, სასამართლო თუ საკანონმდებლო ქმედების გზით.

    მუხლი 5

ევროპის საბჭოს არქივები და, ზოგადად, ყველა დოკუმენტი, რომელიც მას ეკუთვნის, ხელშეუხებელია, მიუხედავად იმისა, თუ სად ინახება.

    მუხლი 6

ფინანსური კონტროლით, რეგულაციებით ან ნებისმიერი სახის ფინანსური მორატორიუმებით შეზღუდვების გარეშე,

a) საბჭოს შეუძლია ფლობდეს ნებისმიერ ვალუტას და ჰქონდეს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში;

b) საბჭოს შეუძლია თავისუფლად გადაიტანოს მისი ფონდები ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ერთი ქვეყნის შიგნით და მოახდინოს მის გამგებლობაში არსებული ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში;

c) a და b პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას, ევროპის საბჭო სათანადო ყურადღებას აქცევს წევრის მთავრობის ნებისმიერ წარდგინებას და პატივს სცემს ამ წარდგინებას იმ ზომით, რითაც იგი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს საბჭოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

    მუხლი 7

საბჭო, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება თავისუფლდება:

a) ყველა პირდაპირი გადასახადისაგან; საბჭო, ამასთან, არ მოითხოვს გათავისუფლებას პროცენტებისაგან, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც წარმოადგენს კომუნალური მომსახურების საფასურს;

b) ყველა საბაჟო გადასახადისა და აკრძალვისაგან და იმ ნივთების იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვისაგან, რომლებიც აუცილებელია საბჭოსათვის სამსახურებრივი გამოყენებისათვის; ამ შეღავათით შემოტანილი ნივთები გაიყიდება იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა მათი იმპორტირება, მხოლოდ იმ პირობების დაცვით, რომლებიც მოწონებულია ამ ქვეყნის მთავრობის მიერ;

c) მისი პუბლიკაციების მიმართ ყველა საბაჟო გადასახადისაგან და იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვისა და შეზღუდვისაგან.

 

ნაწილი III. კავშირის საშუალებები

    მუხლი 8

კავშირის ოფიციალური საშუალებების მიმართ, მინისტრთა კომიტეტი და გენერალური მდივანი თითოეული წევრის ტერიტორიაზე სარგებლობენ სხვა მთავრობის დიპლომატიური მისიის წევრისათვის დადგენილი არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით.

მინისტრთა კომიტეტისა და სამდივნოს ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური კავშირი არ ექვემდებარება ცენზურას.

 

ნაწილი IV. წევრების წარმომადგენლები მინისტრთა კომიტეტში

    მუხლი 9

წარმომადგენლები მინისტრთა კომიტეტში, მათი ფუნქციების განხორციელებისას და შეხვედრების ადგილებამდე ან ამ ადგილებიდან მგზავრობის დროს, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:

a) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრების ან დაკავების და მათ პირად ბარგზე ყადაღის დადებისაგან, ასევე, იმუნიტეტი წარმოთქმული და დაწერილი სიტყვების და მათი უფლებამოსილების განხორციელებისას შესრულებული სხვა ქმედების გამო მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის სამართალწარმოებისაგან;

b) ყველა ქაღალდისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა;

c) კოდების გამოყენების და ქაღალდებისა და კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული პაკეტის საშუალებით;

d) მათი და მათი მეუღლეების გათავისფლება საიმიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციისაგან იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ვიზიტით იმყოფებიან ან რომელსაც ტრანზიტით გაივლიან მათი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას;

e) იგივე შეღავათები ვალუტის ან ფულის გადაცვლაზე დაწესებული შეზღუდვების მიმართ, რომლებიც ენიჭებათ შესაბამისი რანგის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს;

f) იგივე იმუნიტეტები და შეღავათები მათი პირადი ბარგის მიმართ, რომლებიც ენიჭებათ შესაბამისი რანგის დიპლომატიური მისიების წევრებს.

    მუხლი 10

იმისათვის, რომ წარმომადგენლებისათვის მინისტრთა კომიტეტში უზრუნველყოფილი იქნეს სიტყვის სრული თავისუფლება და მათი უფლებამოსილებების განხორციელებისას სრული დამოუკიდებლობა, ისინი გააგრძელებენ სარგებლობას იმუნიტეტით ნებისმიერი სახის სამართალწარმოებისაგან წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვების და მათი უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს მათ მიერ შესრულებული ყველა აქტის გამო, მიუხედავად იმისა, კვლავ არიან თუ არა შესაბამისი პირები დაკავებულნი ასეთი მოვალეობების შესრულებით.

    მუხლი 11

პრივილეგიები და იმუნიტეტები წევრების წარმომადგენლებს ენიჭებათ არა მათი პირადი სარგებლობისათვის, არამედ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ მინისტრთა კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებული ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელება. შესაბამისად წევრს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მისი მოვალეობაა მოუხსნას მის წარმომადგენელს იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, წევრის აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და როდესაც იგი შეიძლება მოიხსნას იმ მიზნისათვის ზიანის მიუყენებლად, რომლისთვისაც წარმომადგენელს მინიჭებული აქვს იმუნიტეტი.

    მუხლი 12

a) მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დებულებები არ გამოიყენება სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების მიმართ, რომლის მოქალაქეც არის პირი, ან რომლის ორგანოს წარმომადგენელიც იგი არის ან იყო.

b) ზემოთ ხსენებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 a მუხლებში მიიჩნევა, რომ გამოთქმა ,,წარმომადგენლები” მოიცავს ყველა წარმომადგენელს, წარმომადგენლების მოადგილეებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებს და დელეგაციების მდივნებს.

 

ნაწილი V. წარმომადგენლები საკონსულტაციო ასამბლეაში

    მუხლი 13

დაუშვებელია რაიმე ადმინისტრაციული ან სხვაგვარი შეზღუდვის დაწესება საკონსულტაციო ასამბლეაში წარმომადგენლების ან მათი მოადგილეების თავისუფალ გადაადგილებაზე ასამბლეის შეხვედრის ადგილამდე მგზავრობის ან იქიდან დაბრუნების დროს.

წარმომადგენლებსა და მათ მოადგილეებს, საბაჟო და სავალუტო რეჟიმის მიმართ, ენიჭებათ:

a) თავიანთი მთავრობის მიერ დადგენილი იგივე შეღავათები, რომლებიც ენიჭებათ უფროსი თანამდებობის პირებს, რომლებიც მგზავრობენ საზღვარგარეთ დროებითი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად;

b) სხვა მხარეთა მთავრობების მიერ დადგენილი იგივე შეღავათები, რომლებიც ენიჭებათ უცხოეთის მთავრობათა წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყანაში დროებითი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად.

    მუხლი 14

წარმომადგენლები საკონსულტაციო ასამბლეაში და მათი მოადგილეები სარგებლობენ იმუნიტეტით ნებისმიერი ოფიციალური დაკითხვის, დაპატიმრების და სამართალწარმოებისაგან წარმოთქმული სიტყვების ან ხმის მიცემის გამო, რაც განხორციელებული იქნა მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას.

    მუხლი 15

საკონსულტაციო ასამბლეის სხდომის დროს, წარმომადგენლები ასამბლეაში და მათი მოადგილეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პარლამენტის წევრები, სარგებლობენ:

a) მათ ეროვნულ ტერიტორიაზე ამ ქვეყნებში პარლამენტის წევრებისათვის უზრუნველყოფილი იმუნიტეტებით;

b) სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმუნიტეტით დაპატიმრებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისაგან.

ეს იმუნიტეტი ასევე გამოიყენება, როდესაც ისინი მგზავრობენ საკონსულტაციო ასამბლეის შეხვედრის ადგილამდე ან ადგილიდან. ამასთან, ეს დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევების მიმართ, როდესაც წარმომადგენლები და მათი მოადგილეები დაკავდებიან დანაშაულის ჩადენის, ჩადენის მცდელობის ან დაუყოვნებლივ დანაშაულის ჩადენის შემდეგ და როდესაც ასამბლეა მოუხსნის მათ იმუნიტეტს.

 

ნაწილი VI. საბჭოს თანამდებობის პირები

    მუხლი 16

ქვემო მე-18 მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტებისა და პრივილეგიების გარდა, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე, მათი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები სარგებლობენ იმ იმუნიტეტებით, გათავისუფლებითა და შეღავათებით, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიურ ემისრებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

    მუხლი 17

გენერალური მდივანი განსაზღვრავს თანამდებობის პირთა კატეგორიებს, რომელთა მიმართაც მოხდება ქვემო მე-18 მუხლის დებულებების გამოყენება. იგი აცნობებს ამ კეტგორიებს ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობას. ამ კატეგორიებში ჩართული თანამდებობის პირთა სახელები პერიოდულად ეცნობებათ ზემოხსენებულ მთავრობებს.

    მუხლი 18

ევროპის საბჭოს თანამდებობის პირები:

a) სარგებლობენ იმუნიტეტით სამართალწარმოებისაგან წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვების და მათ მიერ ოფიციალური უფლებამოსილებით და მათი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი აქტის გამო;

b) თავისუფლდებიან მათი ხელფასებისა და ევროპის საბჭოს მიერ მათთვის გადახდილი ანაზღაურებების დაბეგვრისაგან;

c) მათ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად სარგებლობენ იმუნიტეტით საიმიგრაციო შეზღუდვებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისაგან;

d) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით ფულის გადაცვლის საშუალებების მიმართ, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს შესაბამის სახელმწიფოში;

e) მათ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად ეძლევათ იგივე რეპატრიაციის საშუალებები საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან დიპლომატიური ემისრებისათვის;

f) აქვთ უფლება, საბაჟო გადასახადის გარეშე შემოიტანონ მათი ავეჯი და ქონება შესაბამის ქვეყანაში თანამდებობის თავდაპირველად დაკავებისას და, ასევე, დაუბეგრავად გაიტანონ ისინი თავიანთ საცხოვრებელ ქვეყანაში.

    მუხლი 19

პრივილეგიები და იმუნიტეტები თანამდებობის პირებს ენიჭებათ ევროპის საბჭოს ინტერესებში და არა მათი პირადი სარგებლობისათვის. გენერალურ მდივანს აქვს უფლება და მისი მოვალეობაა, მოუხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ თანამდებობის პირს იმ შემთხვევაში, თუკი მისი აზრით, იმუნიტეტი დააბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას და როდესაც იმუნიტეტის მოხსნა შეიძლება ევროპის საბჭოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის მიმართ იმუნიტეტის მოხსნის უფლება აქვს მინისტრთა კომიტეტს.

 

ნაწილი VII. დამატებითი შეთანხმებები

    მუხლი 20

საბჭოს შეუძლია ნებისმიერ წევრთან ან წევრებთან დადოს დამატებითი შეთანხმებები, რომლებითაც მოხდება გენერალური შეთანხმების დებულებების მოდიფიცირება, იმ ზომით, რითაც იგი ეხება შესაბამის წევრს ან წევრებს.

 

ნაწილი VIII. დავები

    მუხლი 21

ნებისმიერი დავა საბჭოსა და კერძო პირებს შორის, რომელიც ეხება საგნების განხორციელებულ მიწოდებას, გაწეულ მომსახურებას ან ევროპის საბჭოს სახელით შეძენილ უძრავ ქონებას, გადაეცემა არბიტრაჟს, გენერალური მდივნის მიერ მინისტრთა კომიტეტის თანხმობით გაცემული ადმინისტრაციული ორდერით განსაზღვრული წესით.

 

ნაწილი IX. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22

წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. შეთანხმება ძალაში შედის დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ხელმომწერები შესანახად ჩააბარებენ მათ სარატიფიკაციო სიგელებს.

მიუხედავად ამისა, წინა პუნქტის დებულებების შესაბამისად შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ საბჭოს ეფექტური საქმიანობის გადადების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენონ იგი წინასწარ ხელმოწერის თარიღიდან, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია მათი შესაბამისი კონსტიტუციური სისტემების მიხედვით.

ამის დასტურად, ქვემორე სრულუფლებიანმა ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე გენერალურ შეთანხმებას.

შესრულებულია პარიზში, 1949 წლის სექტემბრის მე-2 დღეს, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერს.