კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ

  • Word
კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/1949
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 31/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 22/06/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.000.000348
  • Word
01/07/1949
ვებგვერდი, -, 31/05/2000
000000430.00.000.000348
კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 98

კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ[1]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა ჟენევაში შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ და შეიკრიბა 1949 წლის 8 ივნისს თავის ოცდამეთორმეტე სესიაზე, დაადგინა რა მიიროს რიგი წინადადებებისა პროფკავშირებში გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების თაობაზე, რაც წარმოადგენს სესიის დღის წესრიგის მეოთხე პუნქტს, გადაწყვიტა რა მისცეს ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა, იღებს ამა პირველ დღეს ათას ცხრაას ორმოცდა ცხრა წლის ივლისის თვისა ქვემორე კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს 1949 წლის კონვენცია პროფკავშირებში გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების შესახებ:

    მუხლი 1

1. მუშაკები სარგებლობენ სათანადო დაცვით ნებისმიერი დისკრიმინაციული მოქმედების წინააღმდეგ, რაც მიმართულია პროფკავშირული გაერთიანების თავისუფლების შელახვისაკენ სამუშაოზე მიღებისას.

2. ასეთი დაცვა გამოიყენება განსაკუთრებით იმ ქმედებათა მიმართ, რომელთა მიზანია:

a) დაუქვემდებარონ მუშაკის მიღება სამუშაოზე ან მის მიერ სამუშაოს შენარჩუნების მოთხოვნას, რათა იგი არ გაწევრიანდეს პროფკავშირში ან გამოვიდეს პროფკავშირიდან;

b) გაათავისუფლონ ან სხვა ნებისმიერი ხერხით ზიანი მიაყენონ მუშაკს იმ საფუძველზე, რომ იგი არის პროფკავშირების წევრი ან მონაწილეობს პროფკავშირულ საქმიანობაში არასამუშაო დროს ანდა, სამუშაოს მიმცემის თანხმობით, სამუშაო დროსაც.

    მუხლი 2

1. მუშაკთა და სამუშაოს მიმცემთა ორგანიზაციები სარგებლობენ სათანადო დაცვით ერთმანეთის მხრიდან ან მათი აგენტების ან წევრების მხრიდან ორგანიზაციის შექმნასა და მართვაში ჩარევის ნებისმიერი აქტის წინააღმდეგ.

2. კერძოდ, ქმედებები, რომელთაც მიზნად აქვთა მუშაკთა ორგანიზაციის დაფუძნება სამუშაოს მიმცემთა ან სამუშაოს მიმცემთა ორგანიზაციის ბატონობის ქვეშ ან მუშაკთა ორგანიზაციების მხარდაჭერა დაფინანსების ან სხვა გზით, იმ მიზნით, რათა ასეთი ორგანიზაციები სამუშაოს მიმცემთა ან სამუშაოს მიმცემთა ორგანიზაციების კონტროლქვეშ მოაქციონ, განიხილება როგორც ჩარავე წინამდებარე მუხლის მნიშვნელობით.

    მუხლი 3

სადაც ეს საჭიროა, იქმნება ქვეყნის პირობებისადმი შესაბამისი აპარატი, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროფკავშირებში გაერთიანებების უფლების პატივისცემა, როგორც იგი განისაზღვრება წინა მუხლებით.

    მუხლი 4

სადაც საჭიროა, მიიღება ქვეყნის პირობებისადმი შესაბამისი ზომები, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს მოლაპარაკებათა წარმოების პროცედურის სრულ განვითარებასა და გამოყენებას ნებაყოფლობით საფუძველზე ერთის მხრივ სამუშაოს მიმცემთა და მათ ორგანიზაციებსა და, მეორეს მხრივ, მუშაკთა ორგანიზაციებს შორის, რათა დარეგულირდეს შრომის პირობები კოლექტიურ ხელშეკრულებათა დადების გზით.

    მუხლი 5

1. ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება, რა ზომით იქნება გამოყენებული წინამდებარე კონვენციით განთვალისწინებული გარანტიები შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მიმართ.

2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 19 მუხლის 8 პუნქტში გადმოცემული პრინციპების შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ არ განიხილება როგორც არსებული კანონების, სასამართლო გადაწყვეტილებების, ჩვეულებების ან შეთანხმებების ხელყოფა, რომლებიც ანიჭებენ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის პირად შემადგენლობას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ უფლებებს.

    მუხლი 6

წინამდებარე კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე და იგი არავითარ შემთხვევაში არ განიმარტება როგორც ზიანის მომტანი მათი უფლებების ან მდგომარეობისადმი.

    მუხლი 7

ოფიციალური დოკუმენტები წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს სარეგისტრაციოდ.

    მუხლი 8

1. წინამდებარე კონვენცია აერთიანებს მხოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ წევრებს, ვისი სარატიფიკაციო დოკუმენტებიც დარეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი დაარეგისტრირებს ორგანიზაციის ორი წევრის დოკუემნტებს რატიფიკაციის შესახებ.

3. შემდგომში წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ორგანიზაციის თითოეული წევრის მიმართ თორმეტი თვის შემდეგ მისი სარატიფიკაციო დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან.

    მუხლი 9

1. განცხადებები, გაგზავნილნი შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორის სახელზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35 მუხლის 2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, შეიცავენ მითითებებს:

a) ტერიტორიების თაობაზე, რომლის მიმართაც ორგანიზაიის დაინტერესებული წევრი იღებს ვალდებულებას უცვლელად გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის დებულებები;

b) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც იგი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის დებულებები ცვლილებებით, და ამ ცვლილებათა დეტალების თაობაზე;

c) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც კონვენცია გამოყენებული არ იქნება, და ასეთ შემთხვევაში მიზეზთა თაობაზე, რომელთა გამოც იგი არ იქნება გამოყენებული;

d) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც იგი გადადებს თავის გადაწყვეტილებას დებულების შემდგომ განხილვამდე.

2. წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის a და b ქვეპუნქტებში ხსენებული ვადლებულებები ითვლებიან სარატიფიკაციო დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად და იწვევენ ასეთსავე შედეგებს.

3. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია ახალი განცხადების მეშვეობით უარი თქვას ყველა დათქმაზე ან მათ ნაწილზე, რომელთაც შეიცავს მისი წინა განცხადება წინამდებარე მუხლის I პუნქტის b, c და d ქვეპუნქტების ძალით.

4. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია პერიოდებში, რომელთა განმავლობაშიც წინამდებარე კონვენცია შეიძლება დენონსირებულ იქნას 11 მხულის დებულებათა შესაბამისად, გაუგზავნოს გენერალურ დირექტორს ახალი განცხადება, რომელიც ცვლის სხვა ნებისმიერი მიმართებით წინა ნებისმიერი განცხადების პირობებს და აცნობებს არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ტერიტორიებზე.

    მუხლი 10

1. განცხადებებში, რომლებიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35 მუხლის 4 და 5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად, აღინიშნება გამოყენებულ იქნება თუ არა წინამდებარე კონვენციის დებულებები მოცემული ტერიტორიისადმი ცვლილებებით ან ცვლილებათა გარეშე; თუ განცხადებაში მითითებულია, რომ კონვენციის დებულებები გამოყენებული იქნება ცვლილებებით, მასში დაზუსტდება სახელდობრ რაში მდგომარეობენ ეს ცვლილებები.

2. ორგანიზაციის დაინტერესებულ წევრს ან წევრებს ანდა საერთაშორისო ხელისუფლებას შეუძლიათ ნებისმიერ დროს ახალი განცხადების მეშვეობით სრულიად ან ნაწილობრივ უარი თქვან უფლებაზე გამოიყენონ რომელიმე წინა განცხადებაში დათქმული ცვლილებები.

3. როგანიზაციის დაინტერესებულ წევრს ან წევრებს ანდა საერთაშორისო ხელისუიფლებას შეუძლიათ პერიოდებში, როდესაც წინამდებარე კონვენცია შეიძლება დენონსირებულ იქნას 11 მუხლის დებულებათა შესაბამისად, გაუგზავნონ გენერალურ დირექტორს ახალი განცხადება, რომელიც ცვლის სხვა ნებისმიერი მიმართებით წინა ნებისმიერი განცხადების პირობებს და აცნობებს არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ტერიტორიებზე.

    მუხლი 11

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, შეუძლია მისი ძალაში თავდაპირველი შესვლიდან ათწლიანი პერიოდის ამოწრუვის შემდგომ მოახდინოს მისი დენონსირება დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით, რომელიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის. დენონსაცია ძალაში შედის სადენონსაციო აქტის რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის თოთოეული წევრი, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, და რომელიც ერთი წლის ვადაში წინა პუნქტში მითითებული ათწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ არ ისარგებლებს თავისი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებით, შებოჭილი იქნება შემდგომი ათწლიანი პერიოდით და შემდგომში შეეძლება წინამდებარე კონვენციის დენონსირება ყოველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვისას წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 12

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი ატყობინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ყველა სარატიფიკაციო დოკუმენტის, განცხადებებისა და დენონსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც მიიღება ორგანიზაციის წევრებისაგან.

2. ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მეორე დოკუმენტის მიღების თაობაზე, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღზე.

    მუხლი 13

შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაეროს გენერალურ მდივანს სარეგისტრაციოდ უგზავნის, გაეროს წესდების 102 მუხლის შესაბამისად, სრულ ცნობებს რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის, განცხადებისა და სადენონსაციო აქტის თაობაზე, რომლებიც დარეგისტრირებულია მის მიერ წინა მუხლის დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 14

ყოველთვის როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო თვლის ამას აუცილებლად, იგი წარუდგენს გენერალურ კონფერენციას მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და წყვეტს, ჩართულ იქნას თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში საკითხი მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის თაობაზე.

    მუხლი 15

1. იმ შემთხვევაში თუკი კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არაა გათვალისწინებული, მაშინ:

a) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება იწვევს წინამდებარე კონვენციის ავტომატურ, 11 მუხლის მიუხედავად, დენონსაციას, იმ პირობით, რომ ახალი გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;

b) დაწყებული ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან წინამდებარე კონვენცია იხურება რატიფიკაციისათვის ორგანიზაციის წევრების მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ყოველ შემთხვევისათვის ძალაში რჩება თავისი ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება.

    მუხლი 16

წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.



[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1951 წლის 18 ივლისი. ადრეულ თარგმანებში ამ კონვენციას ერქვა „კონვენცია კოლექტიური მოლაპარაკებების ორგანიზაციისა და წარმოების უფლების პრინციპთა გამოყენების შესახებ“.