დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/03/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 11/02/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000301 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეები“
ადასტურებენ თავის მისწრაფებას ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის თავისუფალი განვითარებისაკენ,
ითვალისწინებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ ინტეგრაციულ ეკონომიკურ კავშირებს,
ისწრაფვიან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,
აღიარებენ, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას,
ხელმძღვანელობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლების შესახებ დეკლარაციის დებულებებით, გამომდინარე თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებებიდან გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა,
განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ ეკონომიკური აქტიურობის ზრდას, სრული დასაქმების უზრუნველყოფას, მწარმოებლურობის ზრდასა და რესურსების რაციონალურ გამოყენებას,
ისწრაფვიან ხელი შეუწყონ მსოფლიო ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებასა და ზრდას, მისი განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრას,
ადასტურებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განზრახვას, გახდნენ ვაჭრობაზე და ტარიფებზე გენერალური შეთანხმების/მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (GATT/WTO) მონაწილე მხარეები, იზიარებენ GATT/WTO-ს მიზნებსა და პრინციპებს და მხედველობაში იღებენ შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც მიღწეულია ურუგვაის მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებათა რაუნდის ფარგლებში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
1. მონაწილე მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და ეკვივალენტური ქმედების მქონე ბეგარას საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჯო ტერიტორიისათვის. გამონაკლისი, თუ მონაწილე მხარეები ჩათვლიან აუცილებლად, ამ სავაჭრო რეჟიმიდან საქონლის შეთანხმებულ ნომენკლატურაზე ფორმდება დოკუმენტებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდში მონაწილე მხარის ტერიტორიიდან წარმოშობილ საქონელში იგულისხმება საერთაშორისო წესების შესაბამისად განსაზღვრული საქონელი.
მუხლი 2
თითოეული მონაწილე მხარე არ განახორციელებს:
– მეორე მონაწილე მხარის საქონლის, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბეგვრას შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონელი;
– იმ საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, რაიმე სპეციალური შეზღუდვებისა და მოთხოვნების შემოღებას, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოიყენება შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილ საქონლის მიმართ;
– მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის საწყობებში მოთავსების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება საკუთარი საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ.
მუხლი 3
მონაწილე მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ეკვივალენტური ღონისძიებებისაგან.
ამ მუხლში მითითებული რაოდენობრივი შეზღუდვები შეიძლება დადგინდეს ცალმხრივად და მკაცრად განსაზღვრული ვადით, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
– შიდა ბაზარზე ამ საქონლის მწვავე დეფიციტის დროს.
– საგადასახადო ბალანსის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე, ან
– თუ რომელიმე საქონელი იმპორტირებულია ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, ან ისეთ პირობებში, რომლებიც ზიანს აყენებენ, ან ემუქრებიან ზიანის მსგავსი ან უშუალოდ კონკურირებადი საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს, ან
– რეექსპორტული ოპერაციების მარეგულირებელი მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.
მონაწილე მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მონაწილე მხარეს სრულ ინფორმაციას ხსენებული შეზღუდვების შემოღების მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების სავარაუდო ვადების შესახებ, რომლის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები და ფორმდება ცალკე ოქმი.
მონაწილე მხარეები ისწრაფვიან კონსულტაციების მეშვეობით გადაჭრან რაოდენობრივი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებული ყველა საკითხები, რომლებიც წარმოიშვება ამ მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად.
ამ მუხლის შესაბამისად ზომების არჩევისას მონაწილე მხარეები პრიორიტეტს მიანიჭებენ. მათ შორის იმ ზომებს, რომლებიც ახდენენ უმცირეს ნეგატიურ გავლენას ამ შეთანხმების მიზნების მიღწევაზე.
მუხლი 4
მონაწილე მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას:
– კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში, ინვესტიციებთან, დაბეგვრასთან, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობასთან და სხვა საფინანსო მომსახურებასთან საბაჟო სამსახურის, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით.
მონაწილე მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.
მონაწილე მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ათანხმებენ ამგვარი ინფორმაციის გაცვლის წესს.
მუხლი 5
მონაწილე მხარეები თანახმა არიან, რომ რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ ქვეყანა-ექსპორტიორის უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი თანხმობით.
მუხლი 6
მონაწილე მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ მოქმედი საბაჟო ტარიფებისა და მათში გამონაკლისების შესახებ.
მუხლი 7
მონაწილე მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკასა და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან მისი შემდეგი მეთოდები, კერძოდ, მაგრამ არ შემოიფარგლება:
– ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის ზოგადი მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ არ შეზღუდონ კონკურენცია, ან დაარღვიონ მისი პირობები მონაწილე მხარეთა ტერიტორიებზე;
– მოქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას მონაწილე მხარეების მთელ, ან მონაწილე მხარის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე.
მუხლი 8
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებიც სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისათვის, საბაჟო პროცედურების ჩატარებისათვის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ გამოიყენონ ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი ცხრანიშნა სავაჭრო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ნომენკლატურა, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერასა და საქონლის კოდირების ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურაზე, ამასთანავე, მონაწილე მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის გაფორმებას ცხრანიშნა განზომილების ფარგლებს გარეთაც.
სავაჭრო ნომენკლატურის საეტალონო პირის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით.
მუხლი 9
მონაწილე მხარეები თანახმანი არიან მასზე, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.
ამასთან დაკავშირებით, ყოველი მონაწილე მხარე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ეხება მონაწილე მხარეთა ეროვნული უშიშროების ინტერესებს, უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ საქონლის ტრანზიტს, რომელიც წარმოშობილია მეორე მონაწილე მხარის და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისთვის, და მიაწოდებს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის არსებულ ყველა საჭირო საშუალებასა და მომსახურებას, რომლის შეთავაზების პირობები არ იქნება უარესი, ვიდრე პირობები, რომლებსაც სთავაზობენ იმავე სახის მომსახურებისა და საშუალებებისათვის საკუთარ ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდავებს.
მონაწილე მხარეები თანახმანი არიან, რომ ტარიფები ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შესრულებულ ტრანზიტზე, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე ტარიფების ჩათვლით, იქნება ეკონომიკურად დასაბუთებული.
მუხლი 10
ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება რომელიმე მონაწილე მხარის უფლებას, გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც იგი თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან, რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებისათვის, რომლის მონაწილეთაც იგი ითვლება ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ზომები ეხება:
– ინფორმაციას ეროვნული უშიშროების ინტერესების შესახებ;
– იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;
– თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებულ წარმოებასა და კვლევას;
– იმ მასალებისა და დანადგარების მიწოდებას, რომელთა გამოყენება ხდება ბირთვულ მრეწველობაში;
საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დაცვას;
ოქროს, ვერცხლს ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს;
ადამიანთა ჯანმრთელობის, მცენარეების, ცხოველთა და გარემოს დაცვას.
მუხლი 11
მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით, მონაწილე მხარეები ჩაატარებენ რეგულარულ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.
მუხლი 12
ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან მონაწილე მხარეთა შორის ადრე დადებული შეთანხმების დებულებებს, რომლებშიც ისინი შეუთავსებელია მათთან, ან მათი იდენტურია.
მუხლი 13
დავები მონაწილე მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით. მონაწილე მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობაში. მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ, რომ ორივე ქვეყნის სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული კონტრაქტებისა და გარიგებების განმარტებისა და შესრულებისას წარმოქმნილი პრეტენზიები და დავები, თუ შეუძლებლი იქნება მათი გადაწყვეტა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების გზით და, თუ არ არის განსაზღვრული სხვა რამ, წარმოადგენენ იმ საარბიტრაჟო სასამართლოების კომპეტენციას, რომლებიც იქმნება იმ მონაწილე მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან იმ მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე, რომელსაც განსაზღვრავენ კონტრაქტის ხელმომწერი მხარეები.
ამ უკანასკნელთ შეუძლიათ აგრეთვე განსაზღვრონ გამოყენებული მატერიალური უფლებები, ნორმები და პროცედურები, აგრეთვე, საქმის მოსმენის ჩატარების ადგილი.
თითოეული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულების აღიარებისა და განხორციელებისათვის.
მუხლი 14
ამ შეთანმხების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების გამომუშავებისათვის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისია, რომელიც ერთ-ერთი მხარის სურვილით შეიკრიბება საქართველოში ან აზერბაიჯანში.
მუხლი 15
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ანგარიშსწორება და გადარიცხვები განხორციელდება მონაწილე მხარეთა უფლებამოსილ ბანკებს შორის შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 16
ამ შეთანხმებაში არაფერი არ უშლის ხელს მონაწილე მხარეებს, შეთანხმების პირობებისა და მიზნების დაურღვევლად, დაამყარონ კავშირი იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მონაწილე მხარეები, ასევე მათ გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 17
ნებისმიერი სახელმწიფო, იმ პირობით, რომ მონაწილე მხარეები იწონებენ ამას, შეიძლება შეუერთდეს ამ შეთანხმების იმ პირობებით, რომლებიც შეთანხმებული იქნება მონაწილე მხარეთა და მიერთების სურვილის მქონე სახელმწიფოებს შორის.
მუხლი 18
ეს შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი ფორმალობის შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების ურთიერთგაცვლის თარიღიდან.
შეთანხმება კარგავს ძალას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ ერთ-ერთი მონაწილე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 8 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანხმების რომელიმე მუხლის ინტერპრეტაციისას უთანხმოების შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები