ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

  • Word
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000297
  • Word
11/05/1994
გაურკვეველი, -, 16/11/1999
000000430.00.003.000297
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი

 

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, არიან რა ევროპის საბჭოს წევრები,

ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, გამოცხადებულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს;

მხედველობაში იღებენ, რომ ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს მასში გაცხადებულ უფლებათა საყოველთაო და ეფექტიანი აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფას;

მიიჩნევენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა, რისთვისაც ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და მათი შემდგომი ხორცშესხმა;

კვლავაც ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ ძირითადი თავისუფლებებისადმი, რომელთაც ეფუძნება საყო ველთაო სამართლიანობა და მშვიდობა და რომელთა საუკეთესო დაცვა ხორციელდება, ერთი მხრივ, ქმედითი პოლიტიკური დემოკრატიითა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან;

როგორც მთავრობები იმ თანამოაზრე ევროპული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, მზად არიან გადადგან პირველი ნაბიჯები საყოველთაო დეკლარაციით გაცხადებულ გარკვეულ უფლებათა ერთობლივი აღსრულებისათვის, და თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი 1

ადამიანის უფლებათა დაცულობის ვალდებულება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

კარი I

უფლებანი და თავისუფლებანი

 

მუხლი 2

სიცოცხლის უფლება

1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;

ბ. კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

ც. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯან-ყების ან ამბოხების ჩასახშობად.

 

მუხლი 3

წამების აკრძალვა

ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.

 

მუხლი 4

მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა

1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.

2. არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

3. ამ მუხლის გაგებით, �იძულებით ან სავალდებულო შრომად� არ განიხილება:

ა. ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში;

ბ. სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მართლზომიერადაა მიჩნეული;

ც. ნებისმიერი სამსახური, დაკისრებული საგანგებო მდგომარეობის ან საერთო უბედურების ჟამს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლესა და კეთილდღეობას;

დ. ნებისმიერი სამუშაო თუ სამსახური, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.

 

მუხლი 5

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი �უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა. კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;

ბ. კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ც. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;

დ. არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;

ე. პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;

ფ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) ან გადაცემისათვის (ექსტრადიცია).

2. დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.

3. ამ მუხლის 1-ლი (ც) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და იგი აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით.

4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.

5. ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.

 

მუხლი 6

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება

1. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.

2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;

ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;

ც. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;

დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;

ე. ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე.

 

მუხლი 7

არავითარი სასჯელი კანონის გარეშე

1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირის გასამართლებასა და დასჯაზე მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად.

 

მუხლი 8

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

მუხლი 9

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და �რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით.

2. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხო ლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

მუხლი 10

გამოხატვის თავისუფლება

1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 11

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, ამ უფლების განხორციელებაზე დააწესოს კანონიერი შეზღუდვები შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ.

 

მუხლი 12

ქორწინების უფლება

საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ამ უფლების განხორციელებას.

 

მუხლი 13

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება

ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

 

მუხლი 14

დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

 

მუხლი 15

კონვენციიდან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს

1. ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის მიზნით მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მის სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

2. დაუშვებელია წინარე პუნქტის საფუძველზე კონვენციის მე-2 მუხლიდან გადახვევა, გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე, გადახვევა მე-3, მე-4 (პუნქტი 1) და მე-7 მუხლებიდან.

3. ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც იყე-ნებს გადახვევის უფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებებისა და მათი მიზეზების შესახებ. იგი აგრეთვე ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთ ღონისძიებათა შეწყვეტისა და კონვენციის დებულებათა სრულად ამოქმედების თარიღს.

 

მუხლი 16

უცხოელთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

მე-10, მე-11 და მე-14 მუხლები არ გულისხმობს დაბრკოლებას მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის, დააწე სონ შეზღუდვები უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე.

 

მუხლი 17

უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა

ამ კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ადამიანთა ჯგუფის ან ცალკეული პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ასრულებდეს მოქმედებას, რომელიც გამიზნულია, არარად აქციოს ამ კონვენციით გაცხადებული რომელიმე უფლება ან თავისუფლება, ანდა შეზღუდოს იგი იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკუთრივ კონვენციით არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 18

უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული.

 

კარი II

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

მუხლი 19

სასამართლოს დაარსება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად არსდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ამიერიდან მოიხსენიება, როგორც `სასამართლო~. ის მუდმივმოქმედი ორგანოა.

 

მუხლი 20

მოსამართლეთა ოდენობა

სასამართლოს შემადგენლობაში იმდენი მოსამართლეა, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე.

 

მუხლი 21

სამოსამართლო კრიტერიუმები

1. მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს მაღალი მორალური თვისებები და, ან უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ პირობებს, ან წარმოადგენდეს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნეს.

2. სამოსამართლო საქმიანობას მოსამართლე ახორციელებს თავისი ინდივიდუალური უფლებამოსილებით.

3. თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომე-ლიც შეუთავსებელია მის დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოთ-ხოვნებთან. ამ პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

 

მუხლი 22

მოსამართლის არჩევა

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისაგან მოსამართლეს ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან, მიცემულ ხმათა უმრავლესობით.

 

მუხლი 23

უფლებამოსილების ვადა და თანამდებობიდან

გათავისუფლება

1. მოსამართლეს ირჩევენ ცხრა წლის ვადით. მისი ხელახალი არჩევა შეუძლებელია.

2. მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურება 70 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

3. თანამდებობაზე მოსამართლე რჩება მის შეცვლამდე, თუმცა ის განაგრძობს მასზე გაპიროვნებულ საქმეთა განხილვას.

4. არ შეიძლება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ სხვა მოსამართლეების უმრავლესობა ხმათა ორი მესამედით არ გადაწყვეტს, რომ იგი ვეღარ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს.

 

მუხლი 24

სამდივნო და მომხსენებლები

1. სასამართლოს აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციები და ორგანიზაცია განისაზღვრება სასამართლოს რეგლამენტით.

2. ერთი მოსამართლის შემადგენლობით საქმის განხილვისას, სასამართლოს თანაშემწეობას უწევენ მომხსენებლები, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარებიან. ისინი სასამართლოს სამდივნოს წევრები არიან.

 

მუხლი 25

სასამართლოს პლენუმი

სასამართლოს პლენუმი:

ა. ირჩევს სასამართლოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის ერთ ან ორ მოადგილეს სამი წლით. მათი ხელახალი არჩევა შესაძლებელია;

ბ. ქმნის პალატებს განსაზღვრული ვადით;

ც. ირჩევს სასამართლოს პალატების თავმჯდომარეებს. მათი ხელახალი არჩევა შესაძლებელია;

დ. იღებს სასამართლოს რეგლამენტს;

ე. ირჩევს სასამართლოს განმწესრიგებელსა და მის ერთ ან მეტ მოადგილეს;

ფ. წარადგენს მოთხოვნას 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 26

ერთი მოსამართლის სისტემა, კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა

1. სასამართლოში შემოსულ საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლე, კომიტეტები სამი მოსამართლის შემადგენლობით, პალატები შვიდი მოსამართლის შემადგენლობით და დიდი პალატა ჩვიდმეტი მოსამართლის შემადგენლობით. კომიტეტებს სასამართლოს პალატები ქმნიან განსაზღვრული ვადით.

2. სასამართლოს პლენუმის მოთხოვნით, მინისტრთა კო-მიტეტს შეუძლია, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და განსაზღვრული ვადით, ხუთ წევრამდე შეამციროს პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა.

3. საქმის ერთი მოსამართლის შემადგენლობით განხილვისას, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საჩივარი იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, რომლისგანაც ის მოსამართლედ იქნა არჩეული.

4. მოსამართლე, არჩეული იმ სახელმწიფოსაგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არის პალატის ან დიდი პალატის ეხ ოფფიციო წევრი. თუ ასეთი მოსამართლე არ არის, ან მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოცემული საქმის განხილვაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სახელმწიფოს მიერ წინასწარ წარმოდგენილი კანდიდატების სიიდან სასამართლოს თავმ ჯდომარის მიერ შერჩეული პირი.

5. დიდ პალატას აგრეთვე შეადგენენ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პალატის თავმჯდომარეები და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული სხვა მოსამართლეები. როცა საქმე განსახილველად გადაეცემა დიდ პალატას 43-ე მუხლის საფუძველზე, დიდი პალატის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გადაწყვეტილების გამომტანი პალატის ვერცერთი მოსამართლე, გარდა პალატის თავმჯდომარისა და მოსამართლისა იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა მოცემულ საქმეში.

 

მუხლი 27

ერთი მოსამართლის უფლებამოსილება

1. ერთ მოსამართლეს შეუძლია მიუღებლად ცნოს ან განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხოს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური საჩივარი, თუ ამგვარი განჩინების მიღება შესაძლებელია საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე.

2. ეს განჩინება საბოლოოა.

3. თუ ერთი მოსამართლე მიუღებლად არ ცნობს ან საქმეთა ნუსხიდან არ ამორიცხავს საჩივარს, ის საქმეს გადასცემს კომიტეტს ან პალატას შემდგომი განხილვისთვის.

 

მუხლი 28

კომიტეტების უფლებამოსილება

1. კომიტეტს შეუძლია, ერთხმივი განჩინებით, 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური საჩივარი:

ა. მიუღებლად ცნოს ან ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, თუ ამგვარი განჩინების მიღება შესაძლებელია საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე; ან

ბ. ცნოს საჩივარი მისაღებად და ამავე დროს გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუ საჩივარში დასმული საკითხები, რომლებიც კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებას ეხება, სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტის საგანია.

2. 1-ლი პუნქტის თანახმად გამოტანილი განჩინებები და გადაწყვეტილებები საბოლოოა.

3. თუ მოსამართლე, არჩეული იმ ხელშემკვრელი მხარისგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არ არის კომიტეტის წევრი, კომიტეტს შეუძლია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ეს მოსამართლე, რომელიც კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ადგილს დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მიიღება ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის იმის მიხედვით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა მაღალი ხელშემკვრელი მხარე 1-ლი (ბ) პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენებას.

 

მუხლი 29

პალატის გადაწყვეტილება საჩივრის მისაღებობისა და საქმის არსებითი მხარის შესახებ

1. თუ 27-ე ან 28-ე მუხლებით გათვალისწინე ბული განჩინება ან 28-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდი ვიდუალური საჩივრის მისაღებობასა და არსებით მხარეს პალატა იხილავს. საჩივრის მისაღებობის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანა ცალკეც შეიძლება.

2. პალატა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ 33-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრის მისაღებობისა და საქმის არსებითი მხარის შესახებ. საჩივრის მისაღებობის შესახებ განჩინება გამოიტანება ცალკე, თუ, გამონაკლის შემთხვევაში, სასამართლომ სხვა რამ არ გადაწყვიტა.

 

მუხლი 30

დიდი პალატისათვის იურისდიქციის დათმობა

თუ პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისათვის სერიოზულ საკითხს, ან თუ პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს უწინდელ გადაწყვეტილებასთან შეუთავსებელი შედეგი, გადაწყვეტილების გამოტანამდე პალატას შეუძლია თავისი იურისდიქცია დაუთმოს დიდ პალატას, თუ არცერთი მხარე ამის წინააღმდეგი არ არის.

 

მუხლი 31

დიდი პალატის უფლებამოსილება

დიდი პალატა:

ა. განიხილავს 33-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ საჩივრებს, როდესაც მას თავისი იურისდიქცია დაუთმო პალატამ 30-ე მუხლის მიხედვით, ან როდესაც მას საქმე გადაეცა 43-ე მუხლის საფუძველზე;

ბ. განიხილავს მინისტრთა კომიტეტის მიერ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სასამართლოსთვის დაქვემდებარებულ საკითხებს; და

ც. განიხილავს 47-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოთ-ხოვნებს საკონსულტაციო დასკვნის მიცემის თაობაზე.

 

მუხლი 32

სასამართლოს იურისდიქცია

1. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომელიც მას გადაეცემა 33-ე, 34-ე, 46-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად.

2. სასამართლოს იურისდიქციასთან დაკავშირებულ ყოველ გვარ სადავო საკითხს თავად სასამართლო გადაწყვეტს.

 

მუხლი 33

სახელმწიფოთაშორისი საქმეები

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია სასამართლოში აღძრას საკითხი სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხა-რის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნაგულვები დარღვევის შესახებ.

 

მუხლი 34

ინდივიდუალური საჩივარი

საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან ცალკეულ პირთა ჯგუფმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მსხვერპლია რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევისა. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება.

 

მუხლი 35

მისაღებობის წინაპირობები

1. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდასამართლებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაგებით და არ არის გასული ექვს თვეზე მეტი საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.

2. სასამართლო მიუღებლად ცნობს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ საჩივარს, თუ ის:

ა. ანონიმურია, ან

ბ. არსებითად იგივეა, რაც სასამართლოს მიერ უკვე განხი ლული საჩივარი, ან უკვე გადაეცა მოკვლევის ან მოგვარების სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ინსტანციას და არ შეიცავს ახალ შესატყვის ფაქტობრივ გარემოებებს.

3. სასამართლო მიუღებლად ცნობს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ საჩივარს, თუ ის მიიჩნევს, რომ:

ა. საჩივარი შეუთავსებადია კონვენციისა და მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად უსაფუძვლოა ან წარმოადგენს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას; ან

ბ. მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერცერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული.

4. სასამართლო უარს ეტყვის ყველა საჩივარს, რომელსაც მიუღებლად ცნობს ამ მუხლის საფუძველზე. ამის უფლება მას აქვს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

 

მუხლი 36

მესამე მხარის ჩართვა

1. პალატის ან დიდი პალატის მიერ �განსახილველ ყველა საქმეზე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის მოქალაქეც არის მომჩივანი, უფლება აქვს წარუდგინოს სასამართლოს წერილობითი განმარტება და მონაწილეობა მიიღოს საქმის მოსმენაში.

2. მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მიზნით, წერილობითი განმარტების წარსადგენად ან საქმის მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არ წარმოადგენს პროცესის მხარეს მოცემულ საქმეში, ან სხვა დაინტერესებული პირი, რომელიც არ არის მომჩივანი ამ საქმეზე.

3. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს შეუძლია წერილობითი შენიშვნები წარადგინოს პალატის ან დიდი პალატის მიერ განსახილველ ყველა საქმეზე და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომებში.

 

მუხლი 37

საჩივრის ამორიცხვა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან

1. პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს შეუძლია განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხოს საჩივარი, თუ გარემოებათა ძალით ის დაასკვნის, რომ:

ა. მომჩივანს აღარ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს თავის საჩივარს;

ბ. დავა გადაწყდა;

ც. სასამართლოს მიერ დადგენილი რაიმე სხვა მიზეზით საჩივრის შემდგომი შესწავლა აღარ არის გამართლებული, თუმცა სასამართლო მაინც განაგრძობს საჩივრის შესწავლას, თუ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა დაცულობა ამას მოითხოვს.

2. სასამართლოს შეუძლია, აღადგინოს საჩივარი განსახილველ საქმეთა ნუსხაში, თუ გარემოებათა ძალით ამას გამართლებულად მიიჩნევს.

 

მუხლი 38

საქმის განხილვა

სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, შეუდგება საქმის გარემოებათა გამოძიებას, რომლის ქმედითი წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას ყველა აუცილებელი საშუალებით.

 

მუხლი 39

მორიგების პროცედურა

1. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად, კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებით.

2. 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარმართული პროცედურა კონფიდენციალურია.

3. თუ მორიგება მიღწეულია, სასამართლო საჩივარს ამორიცხავს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების არსის მოკლე გადმოცემით შემოიფარგლება.

4. სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მასში მოცემული მორიგების პირობების შესრულებას.

 

მუხლი 40

ღია სასამართლო მოსმენა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა

1. საქმის სასამართლო მოსმენა ღიაა, თუ გამონაკლის შემთხვევაში სასამართლომ სხვა რამ არ გადაწყვიტა.

2. სასამართლოს განმწესრიგებელთან შენახული დოკუმენტები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, თუ სასამართლოს თავმჯდომარემ სხვა რამ არ გადაწყვიტა.

 

მუხლი 41

სამართლიანი დაკმაყოფილება

თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.

 

მუხლი 42

პალატის გადაწყვეტილება

პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებით გათვა ლისწინებული პირობების არსებობისას.

 

მუხლი 43

დიდი პალატისათვის საქმის გადაცემა

1. პალატის გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.

2. დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დაეთანხმება ამ მოთხოვნას, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან _ საერთო მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს.

3. თუ კოლეგია დაეთანხმება მოთხოვნას, დიდი პალატა საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 44

საბოლოო გადაწყვეტილება

1. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა.

2. პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა, როდესაც:

ა. მხარეები განაცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემას, ან

ბ. პალატის გადაწყვეტილების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში მათ არ მოუთხოვიათ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა, ან

ც. დიდი პალატის კოლეგია უარყოფს 43-ე მუხლის საფუძველზე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნას.

3. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნდება.

 

მუხლი 45

გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთება

1. სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება, რომელიც საჩივარს მისაღებად ან მიუღებლად ცნობს, უნდა დასაბუთდეს.

2. თუ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთხმივ აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია მას დაურთოს ცალკე აზრი.

 

მუხლი 46

გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება

1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები �კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.

2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

3. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება ყოვნდება გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლე-მის გამო, მას შეუძლია სასამართლოს განმარტებისათვის მიმართოს. ეს გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის უფლებამოსილი წევრების ხმათა ორი მესამედით.

4. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომიტეტს შეუძლია, ამ მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ხელშემკვრელმა მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

5. თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. თუ სასამართლო ასეთ დარღვევას ვერ დაადგენს, იგი საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც წყვეტს საქმესთან დაკავშირებულ პროცედურას.

 

მუხლი 47

საკონსულტაციო დასკვნები

1. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, სასამართლოს შეუ ძლია გასცეს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების სამართლებრივ საკითხებზე.

2. ამგვარი დასკვნა არ უნდა ვრცელდებოდეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება კონვენციის I კარითა და ოქმებით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა შინაარსსა და მათ ფარგლებს, და არც ისეთ საკითხებზე, რომელთა განხილვა სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტს შესაძლოა მოუწიოს კონვენციის შესაბამისად აღძრული პროცედურის შედეგად.

3. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვის შესახებ მიიღება კომიტეტზე დასწრების უფლების მქონე წარმომადგენელთა ხმების უმრავლესობით.

 

მუხლი 48

სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია

სასამართლოს გადასაწყვეტია, განეკუთვნება თუ არა მი ნისტრთა კომიტეტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა საკონსულტაციო დასკვნის შესახებ სასამართლოს იურისდიქციას 47-ე მუხლის გაგებით.

 

მუხლი 49

საკონსულტაციო დასკვნის დასაბუთება

1. სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა უნდა დასაბუთდეს.

2. თუ საკონსულტაციო დასკვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთხმივ აზრს, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, მას დაურთოს ცალკე აზრი.

3. სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს.

 

მუხლი 50

სასამართლოს შენახვის ხარჯები

სასამართლოს შენახვის ხარჯებს გაიღებს ევროპის საბჭო.

 

მუხლი 51

მოსამართლის პრივილეგიები და იმუნიტეტი

თავისი უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში მოსამართლე სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს წესდების მე-40 მუხლითა და მის საფუძველზე დადებული შეთანხმებებით.

 

კარი III

სხვადასხვა დებულებები

 

მუხლი 52

გენერალური მდივნის მოთხოვნა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შესაბამისი მოთ-ხოვნით, ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს განმარტებას, თუ რა გზით უზრუნველყოფს მისი შიდა სამართალი კონვენციის დებულებათა სრულად განხორციელებას.

 

მუხლი 53

აღიარებულ უფლებათა უზრუნველყოფა

ამ კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ მან შეზღუდოს ან ხელყოს ადამიანის უფლებანი და ძირითადი თავისუფლებანი, რომლებიც აღიარებულია მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართლით ან მისი მონაწილეობით დადებული ნებისმიერი შეთანხმებით.

 

მუხლი 54

მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილება

ამ კონვენციის ვერცერთი დებულება ვერ ხელყოფს მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილებას, რომლითაც ის აღჭურვილია ევროპის საბჭოს წესდების საფუძველზე.

 

მუხლი 55

დავის მოგვარების სხვა საშუალებათა უარყოფა

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ, საგანგებო შეთანხმების გარეშე, არ მიმართავენ მათ შორის მოქმედ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს ან დეკლარაციებს, რათა ამ კონვენციის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავა, საჩივრის წარდგენის გზით, განსახილველად დაუქვემდებარონ მოგვარების სხვა პროცედურას, გარდა ამ კონვენციით გათვალისწინებულისა.

 

მუხლი 56

კონვენციის მოქმედება სივრცეში

1. კონვენციის რატიფიკაციისას ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების მეშვეობით, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ვრცელდება ყველა ან რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.

2. შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე კონვენცია გავრცელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ოცდამეათე დღიდან.

3. თუმცა ასეთ ტერიტორიებზე კონვენციის დებულებათა გამოყენება მოხდება ადგილობრივი მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით.

4. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს ფიზიკური პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფის საჩივრები კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე.

 

მუხლი 57

დათქმები

1. ამ კონვენციის ხელმოწერის ან �რატიფიკაციის შესაბამისი სიგელების დეპონირებისას, კონვენციის რომელიმე კონკრეტული დებულების მიმართ ყოველ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა, თუ მის ტერიტორიაზე ამ დროს მოქმედი რომელიმე კანონი ამ დებულებას არ შეესაბამება. საერთო ხასიათის დათქმები ამ მუხლით დაუშვებელია.

2. ამ მუხლის საფუძველზე გაკეთებული ნებისმიერი დათქმა უნდა შეიცავდეს შესაბამისი კანონის არსის მოკლე გადმოცემას.

 

მუხლი 58

დენონსაცია

1. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია შეუძლია მის მიმართ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის შემდეგ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ექვსი თვით ადრე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით. გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს სხვა მაღალ ხელ შემკვრელ მხარეებს.

2. დენონსაცია არ ათავისუფლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ისეთი ქმედებისათვის, რომელიც წარმოადგენს ამ ვალდებულებათა შესაძლო დარღვევას და ჩადენილია დენონსაციის ძალაში შესვლამდე.

3. ამავე პირობის თანახმად, ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც შეწყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას, ვერ იქნება ვერც კონვენციის მონაწილე მხარე.

4. კონვენციის დენონსაცია ამ მუხლის წინარე პუნქტების შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, რომელზედაც მისი გავრცელება გამოცხადდა 56-ე მუხლის საფუძველზე.

 

მუხლი 59

ხელმოწერა და რატიფიკაცია

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევ რებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. ევროპის კავშირს შეუძლია მიუერთდეს ამ კონვენციას.

3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ათი სიგელის დეპონირების შემდეგ.

4. იმ ხელმომწერის მიმართ, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიკაციას, კონვენცია ძალაში შედის შესაბამისი რატიფიკაციის სიგელის დეპონირებისთანავე.

5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრს ატყობინებს კონვენციის ძალაში შესვლის, რატიფიკაციის მომხდენ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ვინაობისა და ყოველი შემდგომში დეპონირებული რატიფიკაციის სიგელის შესახებ.

შესრულებულია რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი უგზავნის კონვენციის ყველა ხელმომწერს.