დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/07/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 13/03/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/03/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00(0).003.000132 |
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს.
ადასტურებენ რა ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი,
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,
მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.
მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.
მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები იზიარებენ აზრს იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი პრინციპების საფუძველზე და შეთანხმდნენ ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის საფუძველზე განავითარონ და გააფართოვონ ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკურ, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, ტრანსპორტის, კულტურის, ინფორმაციის, ტურიზმის, სპორტისა და სხვა დარგებში.
მუხლი 2
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობას, რომლის ძირითადი პრინციპები აისახა 1992 წლის 25 ივნისს ქ. სტამბულში უმაღლეს დონეზე ხელმოწერილ დეკლარაციაში.
მხარეები ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან განავითარონ აღნიშნული თანამშრომლობა, ყოველმხრივ აამაღლონ მისი სტატუსი და ეფექტიანობა, დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ უთანხმოებების პოლიტიკური საშუალებებით გადაჭრას, რეგიონალური უსაფრთხოების და ნდობის სისტემის იდეის განხორციელების საქმეს.
მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, აგრეთვე მრავალმხრივ კონფერენციებსა და ფორუმებში კავკასიასა და მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.
მუხლი 3
ურთიერთობათა შეთანხმებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად მხარეები პერიოდულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ორივე მხარისათვის საინტერესო რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე.
მხარეები საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით შეათანხმებენ აღნიშნული კონსულტაციების დღის წესრიგს, ადგილსა და ვადებს.
მუხლი 4
1. ეს მხარეები გამომდინარე მოსაზრებიდან, რომ სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობა შეადგენს ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს, შეეცდებიან არსებული სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების მოცულობა აიყვანონ მისი პოტენციალური შესაძლებლობების დონეზე, შეიმუშაონ და განახორციელონ ერთობლივ კაპიტალდაბანდებათა პროექტები.
2. მხარეები ხელს შეუწყობენ და უპირატესობას მიანიჭებენ ურთიერთშორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების განვითარებას.
3. მხარეები განავითარებენ მჭიდრო თანამშრომლობას იმ დარგებში,რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მათი მომავლისათვის:
- მრეწველობა;
- ენერგეტიკა;
- სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა;
- ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა;
- ჯანდაცვა;
- კომუნიკაციები.
მუხლი 5
მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკის, მეცნიერების და ტექნიკის სფეროებში გამოცდილების გაზიარებას, მხარს დაუჭერენ ურთიერთობების განვითარებას აღნიშნულ დარგებში არსებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა და გაცნობის მიზნით.
მუხლი 6
მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებისა და ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა საზოგადოებრივ პროფესიულ და ტექნიკურ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საქმიან წრეებს შორის, აგრეთვე გაცვლითი ვიზიტების წახალისებას აღნიშნული საზოგადოებების წარმომადგენელთა შორის და ორივე ქვეყნის ქალაქების დაძმობილებას.
მუხლი 7
ორივე ქვეყანაში დამკვიდრებული ცხოვრების წესის უფრო სრულყოფილად გაცნობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ მათ მოქალაქეთა პირად კონტაქტებს, განავითარებენ უშუალო თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების დარგებში.
მუხლი 8
მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს ორ ქვეყანას შორის მათი მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლისათვის, საკონსულო ურთიერთობათა განვითარების მიზნით ხელს შეუწყობენ შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერას.
მუხლი 9
მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში და ამ მიზნით ხელს შეუწყობენ პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ურთიერკავშირების გაფართოებას.
მუხლი 10
მხარეები ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას გარემოს დაცვას, მჭიდროდ ითანამშრომლებენ შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საკითხში.
მუხლი 11
ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხების განხორციელების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტებს და პარლამენტარებს შორის, ორი ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოების პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას.
მუხლი 12
მხარეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დებულებანი არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ არღვევენ ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს მესამე ქვეყნების მიმართ.
მუხლი 13
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვან ისეთ ორგანიზაციათა, დაჯგუფებათა თუ პიროვნებათა მოქმედება, რომლებიც მიზნად ისახავენ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლას.
მუხლი 14
ეს ხელშეკრულება დადებულია ათი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე აღნიშნული ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე წინასწარ წერილობით არ მიმართავს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
შემდეგ ხელშეკრულებებშიც, მათი მოქმედების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლავაც ძალაში რჩება სამი თვით ადრე წერილობით შეტყობინების პრინციპი, ამგვარი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება კვლავაც გაგრძელებულად ჩაითვლება შემდეგი ხუთი წლის ვადით.
მუხლი 15
აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა კანონმდებლობების შესაბამისად დამტკიცების შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1992 წლის 30 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და თურქულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
თურქეთის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები