საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

  • Word
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/11/2008
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.000711
  • Word
-
17/10/2003
გაურკვეველი, -, 18/11/2008
480250000.03.030.000711
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

პარიზი, 2003 წლის 17 ოქტომბერი

საერთაშორისო კონვენცია

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა გენერალური კონფერენცია, შემდგომში იუნესკო, რომელიც პარიზში 2003 წლის 29 სექტემბერ – 17 ოქტომბერს თავის 32-ე სესიაზე შეიკრიბა,

ეფუძნება რა ადამიანის უფლებათა არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, კერძოდ, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს,

იღებს რა მხედველობაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნების მთავრი ფაქტორის და განუხრელი განვითარების გარანტიის დიდ მნიშვნელობას, რაც ხაზგასმულია იუნესკოს 1989 წლის რეკომენდაციაში ტრადიციული კულტურისა და ფოლკლორის შენარჩუნების შესახებ, იუნესკოს 2001 წლის საყოველთაო დეკლარაციაში კულტურათა მრავალფეროვნების შესახებ და 2002 წლის კულტურის მინისტრების მრგვალი მაგიდის მე-3 შეხვედრაზე მიღებულ სტამბულის დეკარაციაში.

ითვალისწინებს რა მჭიდრო ურთიერთკავშირს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას შორის,

აღიარებს რა, რომ გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესები, რომლებიც ქმნის თანამეგობრობათა შორის დიალოგის განახლების პირობებს, ისევე როგორც შეუწყნარებლობა, დეგრადაციის, გაქრობისა და რღვევის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ამგვარი მემკვიდრეობის დაცვის საშუალებათა ნაკლებობის გამო,

აცნობიერებს რა საყოველთაო მისწრაფებას, უზრუნველყოფილ იქნეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, და ამასთან დაკავშირებით იზიარებს რა საერთო შეშფოთებას,

აღიარებს რა, რომ გაერთიანებები, კერძოდ, მკვიდრი მოსახლეობის გაერთიანებები, ჯგუფები და, ზოგ შემთხვევაში, ცალკეული პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში; დაცვასა და აღდგენაში, ხელს უწყობენ რა ამით კულტურათა გამრავალფეროვნებას და შემოქმედებით საქმიანობას,

აღნიშნავს რა იუნესკოს საქმიანობის დიდ მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, კერძოდ, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის შემუშავებაში,

აღნიშნავს რა, რომ ამჟამად არ არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული სავალდებულო ძალის მქონე მრავალმხრივი საკანონმდებლო აქტი,

მიაჩნია რა, რომ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები, რეკომენდაციები და რეზოლუციები ეფექტიანად უნდა შეივსოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ახალი დებულებებით,

ითვალისწინებს რა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის უფრო ღრმად გაცნობიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობათა მიერ,

მიაჩნია რა, რომ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სულისკვეთებით საერთაშორისო თანამეგობრობამ წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ხელი უნდა შეუწყოს ამგვარი მემკვიდრეობის დაცვას,

იხსენიებს რა იუნესკოს პროგრამებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად გამოცხადების შესახებ,

იღებს რა მხედველობაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ხალხთა დაახლოების, ურთიერთგაცვლისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ფაქტორის ფასდაუდებელ როლს,

იღებს წინამდებარე კონვენციას 2003 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს.

 

I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კონვენციის მიზნები:

წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

ა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) შესაბამისი გაერთიანებების, ჯგუფებისა და ცალკეული პირების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა;

გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და მის ურთიერთაღიარებაზე ყურადღების გამახვილება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;

დ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება.

    მუხლი 2.  განსაზღვრებანი წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის

1. „არამატერიალური კულტურული მემკვიდერობა“ ნიშნავს ადათ-წესებს, წარმოსახვისა და გამოხატვის ფორმებს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, - ასევე მათთან დაკავშირებულ საშუალებებს, საგნებს, არტეფაქტებს და კულტურულ სივრცეებს, - აღიარებულს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. თაობიდან თაობაში გადაცემული ასეთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გაერთიანებებისა და ჯგუფების მიერ მუდმივ განახლებას განიცდის მათი გარემო პირობების, ბუნებასთან მათი ურთიერთმოქმედებისა და ისტორიის შესაბამისად და აყალიბებს მათში თვითმყოფადობისა და მემკვიდრეობითობის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეესატყვისება ადამიანის უფლებების არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და გაერთიანებებს, ჯგუფებსა და ცალკეულ პირებს შორის ურთიერთპატივისცემის, ასევე განუხრელი განვითარების მოთხოვნებს.

2. „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“, როგორც ამას ზემოთ, პუნქტი 1 განსაზღვრავს, ვლინდება, კერძოდ, შემდეგ სფეროებში:

ა) ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით;

ბ) საშემსრულებლო ხელოვნება;

გ) ადათ-წესები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები;

დ) ბუნებასა და სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა და ადათ-წესები;

ე) ხელოსნობის ტრადიციულ დარგებთან დაკავშირებული ცოდნა და ჩვევები.

3. „დაცვა“ ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება.

4. „მონაწილე სახელმწიფო“ ნიშნავს ქვეყნებს, რომლებისთვისაც წინამდებარე კონვენცია სავალდებულოა და ძალაშია შესული.

5. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება 33-ე მუხლში მითითებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მისი მონაწილენი ხდებიან. ამ შემთხვევაში სიტყვები „მონაწილე სახელმწიფოები“ ამ ტერიტორიებსაც ეხება.

    მუხლი 3.  კავშირი სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებთან

წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი:

ა) სტატუსს უცვლიდეს ან დაცვის დონეს უმცირებდეს, იმ არამატერიალურ ღირებულებებს, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში და რომლებთანაც უშუალოდ არის დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ესა თუ ის ელემენტი; ან

ბ) ლახავდეს მონაწილე სახელმწიფოთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და ბიოლოგიური და ეკოლოგიური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტიდან, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები.

 

II. კონვენციის ორგანოები

    მუხლი 4. მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური ასამბლეა

1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური ასამბლეა, შემდგომში „გენერალური ასამბლეა“. გენერალური ასამბლეა წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის სრულუფლებიან ორგანოს.

2. გენერალური ასამბლეა თავის რიგით სხდომებს გამართავს ორ წელიწადში ერთხელ, იგი შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშე სესიებზე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეოის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის, ან მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში.

3. გენერალური ასამბლეა იღებს თავის შინაგანაწესს.

    მუხლი 5. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტი

1. წინამდებარე კონვენციით იუნესკოსთან ფუძნდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტი, შემდგომში „კომიტეტი“. კომიტეტი შედგება 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად ირჩევენ გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი მონაწილე სახელმწიფოები.

2. ამ კომიტეტის წევრი-ქვეყნების რიცხვი გაიზრდება 24-მდე, როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვი 50-ს მიაღწევს.

    მუხლი 6. კომიტეტის არჩევნები და წევრი-ქვეყნების უფლებამოსილებათა ვადები

1. კომიტეტის წევრი-ქვეყნების არჩევნები ხორციელდება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და სამართლიანი როტაციის შესაბამისად.

2. კომიტეტის წევრი-ქვეყნები აირჩევა გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ოთხი წლის ვადით.

3. თუმცა თავდაპირველი არჩევნების შედეგად არჩეული კომიტეტის წევრი-ქვეყნების ნახევარს უფლებამოსილების ვადა განესაზღვრება ორი წლით. ეს ქვეყნები აირჩევა კენჭისყრით თავდაპირველი არჩევნების დროს.

4. გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ანახლებს კომიტეტის წევრი–ქვეყნების შემადგენლობის ნახევარს.

5. იგი ასევე ირჩევს კომიტეტის წევრი-ქვეყნების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების შესავსებად.

6. კომიტეტის წევრი-ქვეყანა არ შეიძლება არჩეულ იქნეს უფლებამოსილების ზედიზედ ორი ვადით.

7. კომიტეტის წევრი-ქვეყნები თავიანთ წარმომადგენლებად ირჩევენ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ კომპეტენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროში.

    მუხლი 7. კომიტეტის ფუნქციები

წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული სხვა მოვალეობებისათვის ზიანის მიუყენებლად, კომიტეტის ფუნქციები მდგომარეობს შემდეგში:

ა) კონვენციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, წახალისება და მისი შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ბ) მოწინავე პრაქტიკასთან დაკავშირებული კონსულტაციების მოწყობა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზომების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

გ) ფონდის სახსრების გამოყენების გეგმის პროექტის მომზადება და, 25-ე მუხლის შესაბამისად; დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეაზე წარდგენა;

დ) ფონდის რესურსების ზრდის საშუალებათა გამოძებნა და, 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ მიზნით აუცილებელი ზომების მიღება;

ე) კონვენციის შესასრულებლად საჭირო დირექტივების მომზადება და გენერალურ ასამბლეაზე დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) 29-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების განხილვა და მათი რეზიუმის სახით გენერალური ასამბლეისათვის მიწოდება;

ზ) მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა და, კომიტეტის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება:

● მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებში ხსენებული წინადადებების სიებში ჩართვა და შერჩევა;

● 22-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო დახმარების გაწევა;

    მუხლი 8. კომიტეტის მუშაობის მეთოდები

1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე და წარუდგენს მოხსენებებს მთელი თავისი საქმიანობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

2. კომიტეტი ამტკიცებს თავის შინაგანაწესს წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.

3. კომიტეტს შეუძლია დროებით შექმნას სპეციალური საკონსულტაციო ორგანოები, რომლებიც საჭიროდ მიაჩნია მის წინაშე დასმული ამოცანის შესასრულებლად.

4. კომიტეტს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ თავის სხდომებზე მიიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები, ასევე ცალკეული პირები, რომელთა კომპეტენცია აღიარებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროში.

    მუხლი 9. საკონსულტაციო ორგანიზაციების აკრედიტაცია

1. კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე გასახილველად წარადგენს წინადადებებს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში აღიარებული კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაციის შესახებ. კომიტეტისათვის ეს ორგანიზაციები ასრულებენ საკონსულტაციო ფუნქციებს.

2. კომიტეტი გენერალურ ასამბლეას ასევე განსახილველად წარუდგენს წინადადებებს აღნიშნული აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და პირობების შესახებ.

    მუხლი 10. სამდივნო

1. იუნესკოს სამდივნო დახმარებას უწევს კომიტეტს.

2. სამდივნო გენერალური ასამბლეისა და კომიტეტისათვის ამზადებს დოკუმენტაციას, ასევე მათი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს და უზრუნველყოფს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას.

 

III. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ეროვნულ დონეზე

    მუხლი 11. მონაწილე ქვეყნების როლი

ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია:

ა) მიიღოს აუცილებელი ზომები მის ტერიტორიაზე არსებული არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად;

ბ) გაერთიანებების, ჯგუფებისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დაცვის ზომების ფარგლებში, მოახდინოს მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ელემენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა.

    მუხლი 12. ჩამონათვალი

1. დაცვის მიზნით იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად თითოეული მონაწილე სახელმწიფო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ადგენს მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ ან რამდენიმე ჩამონათვალს. მსგავსი ჩამონათვალი რეგულარულ განახლებას ექვემდებარება.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო 29-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისათვის პერიოდულად წარდგენილი მოხსენების საფუძველზე, კომიტეტს აწვდის შესაბამის ინფორმაციას ამ ჩამონათვალის შესახებ.

    მუხლი 13. დაცვის სხვა საშუალებები

თითოეული მონაწილე სახელმწიფო, მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და როლის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ატარებს საერთო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლის ამაღლებასა და ამ მემკვიდრეობის დაცვის ჩართვას დაგეგმარების პროგრამებში;

ბ) ნიშნავს ან ქმნის ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს მის ტერიტორიაზე არსებული არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;

გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფრთხის წინაშე არსებული არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეფექტიანობის მიზნით ხელს შეუწყობს კვლევების ჩატარებას სამეცნიერო, ტექნიკურ და ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მეთოდოლოგიის შემუშავებას;

დ) იღებს შესაბამის იურიდიულ, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზომებს, რომელთა მიზანია:

● ხელი შეუწყოს არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში კადრების მომზადების მიზნით შესაბამისი ინსტიტუტების შექმნას ან განმტკიცებას, აგრეთვე ამ მემკვიდრეობის გავრცელებას ფორუმების მეშვეობით, რომლებიც ითვალისწინებს მათ წარმოჩენასა და გაცნობას;

● უზრუნველყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა იმ არსებული პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს ამგვარი მემკვიდრეობის ამა თუ იმ ასპექტის ხელმისაწვდომობის წესებს;

● შექმნას არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციაზე მომუშავე დაწესებულებები და გააადვილოს მისი ხელმისაწვდომობა.

    მუხლი 14. განათლება, საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება და პოტენციალის განმტკიცება

თითოეული მონაწილე სახელმწიფო, იყენებს რა მის განკარგულებაში არსებულ საშუალებებს, თავის ძალისხმევას მიმართავს შემდეგზე:

ა) საზოგადოების მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარების, პატივისცემისა და მისი როლის ამაღლების უზრუნველყოფა შემდეგი საშუალებებით:

● საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამებით, აგრეთვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირებით;

● დაინტერესებული გაერთიანებებისა და ჯგუფებისათვის კონკრეტული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების შეთავაზებით;

● არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების მიზნით მართვისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში სპეციალური ღონისძიებების გატარებით;

● ცოდნის გადაცემის არაფორმალური მეთოდებით;

ბ) საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება ამგვარ მემკვიდრეობას, ასევე წინამდებარე კონვენციის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

გ) ინფორმაციის მიწოდება ისეთი ბუნებრივი სივრცეებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომელთა არსებობა აუცილებელია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისათვის.

    მუხლი 15. გაერთიანებების, ჯგუფებისა და ცალკეული პირების მონაწილეობა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, თითოეული მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, შესაბამის შემთხვევებში ცალკეული პირების შეძლებისდაგვარად ფართო მონაწილეობას, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ მემკვიდრეობის შექმნით, შენარჩუნებითა და გადაცემით, და ასევე, მათ აქტიურ ჩართვას ამ მემკვიდრეობის მართვაში.

 

IV. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საერთაშორისო დონეზე

    მუხლი 16. კაცობრიობის არამტერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციული სია

1. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინოების, მისი მნიშვნელობის გაძლიერებისა და კულტურათა მრავალფეროვნების საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტი, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების წინადადებით, ადგენს, აახლებს და აქვეყნებს რეპრეზენტაციულ სიას.

2. კომიტეტი შეიმუშავებს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს აღნიშნული რეპრეზენტაციული სიის შედგენის, განახლებისა და გამოქვეყნების კრიტერიუმებს.

    მუხლი 17.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას

1. კომიტეტი, დაცვის შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, ადგენს, აახლებს და აქვეყნებს იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას და, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების თხოვნით, ასეთი მემკვიდრეობა შეაქვს სიაში.

2. კომიტეტი შეიმუშავებს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს აღნიშნული სიის შედგენის, განახლებისა და გამოქვეყნების კრიტერიუმებს.

3. განსაკუთრებულად სასწრაფო შემთხვევებში, - რომელთა ობიექტური კრიტერიუმები კომიტეტის წინადადების საფუძელზე მტკიცდება გენერალურ ასამბლეაზე, - დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით კომიტეტს შეუძლია შესაბამისი მემკვიდრეობის ელემენტი შეიტანოს პირველ პუნქტში მოხსენიებულ სიაში.

    მუხლი 18.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამები, პროექტები და ღონისძიებები

1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე და კომიტეტის მიერ შემუშავებული და გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, კომიტეტი ხელს უწყობს მემკვიდრეობის დაცვის იმ ეროვნული, სუბრეგიონალური ან რეგიონალური პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც, მისი აზრით, განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საუკეთესოდ ასახავს წინამდებარე კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს.

2. ამ მიზნით იგი იღებს, იხილავს და ამტკიცებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ფორმულირებულ განაცხადებს საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ.

3. აღნიშნული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, კომიტეტი უზრუნველყოფს მოწინავე პრაქტიკის გავრცელებას მის მიერ დადგენილი საშუალებებით.

 

V. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება

    მუხლი 19. თანამშრომლობა

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და, ასევე, მონაწილე სახელმწიფოებისათვის დახმარების მექანიზმის შემუშავებას არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.

2. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და ჩვეულებითი სამართლის ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, აღიარებენ, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კაცობრიობის საერთო ინტერესს წარმოადგენს და, ამ მიზნით, იღებენ ორმხრივ, ქვერეგიონულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის ვალდებულებას.

    მუხლი 20. საერთაშორისო დახმარების მიზნები

საერთაშორისო დახმარება შესაძლოა გაწეულ იქნეს შემდეგი მიზნებით:

ა) იმ მემკვიდრეობის დაცვა, რომელიც შეტანილია იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაში, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს;

ბ) ჩამონათვალის მომზადება მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად;

გ) ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონულ დონეებზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა;

დ) ნებისმიერი სხვა მიზნის შესრულება, რომელსაც კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს.

    მუხლი 21. საერთაშორისო დახმარების ფორმები

კომიტეტის მიერ მონაწილე სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი დახმარება რეგლამენტირებულია მე-7 მუხლში მოხსენიებული ოპერატიული სახელმძღვანელოთი, ასევე, 24-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებით, და შესაძლოა მიიღოს შემდეგი ფორმები:

ა) დაცვის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებული კვლევები;

ბ) ექსპერტებისა და სტაჟიორების მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) ნებისმიერი საჭირო პერსონალის მომზადება;

დ) ნორმატიული და სხვა აქტების შემუშავება;

ე) ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვ) აღჭურვილობისა და ნოუ-ჰაუს მიწოდება;

ზ) ფინანსური და ტექნიკური დახმარების სხვა ფორმები, განსაზღვრულ შემთხვევებში, დაბალპროცენტიანი სესხების და შემოწირულობების ჩათვლით.

    მუხლი 22. საერთაშორისო დახმარების გაწევის პირობები

1. კომიტეტი ადგენს საერთაშორისო დახმარების შესახებ განაცხადების განხილვის პროცედურას და აზუსტებს, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს აღნიშნული განაცხადება, კერძოდ, გასათვალისწინებელი ზომები, აუცილებელი მოქმედებები და მათთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება.

2. გადაუდებელ შემთხვევებში, დახმარების გაწევის შესახებ განაცხადი კომიტეტის მიერ განიხილება პრიორიტეტულ საფუძველზე.

    მუხლი 23. განაცხადები საერთაშორისო დახმარებაზე

1. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია კომიტეტს წარუდგინოს განაცხადი მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ.

2. მსგავსი განაცხადი შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთობლივად ორი ან მეტი სახელმწიფო მხარის მიერ.

3. განაცხადი უნდა შეიცავდეს 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.

    მუხლი 24. ბენეფიციარი წევრი-სახელმწიფოების როლი

1. წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად, საერთაშორისო დახმარების გამოყოფა რეგულირდება შეთანხმებით ბენეფიციარ მონაწილე სახელმწიფოსა და კომიტეტს შორის.

2. საერთო წესით, ბენეფიციარი მონაწილე სახელმწიფო, მის განკარგულებაში არსებული რესურსების ფარგლებში, მონაწილეობს დაცვის იმ ზომებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში, რომლებისთვისაც გამოყოფილია საერთაშორისო დახმარება.

3. ბენეფიციარი მონაწილე სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს მოხსენებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით გაწეული დახმარების გამოყენების შესახებ.

 

VI. არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფონდი

     მუხლი 25. ფონდის ხასიათი და რესურსები

1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი“, შემდგომში „ფონდი“.

2. ეს ფონდი, იუნესკოს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს მიზნობრივ ფონდს.

3. ფონდის სახსრები შედგება:

ა) მონაწილე სახელმწიფოთა შენატანებისგან;

ბ) იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ამ მიზნით ასიგნებული სახსრებისაგან;

გ) შენატანების, შემოწირულობების ან სამემკვიდრეო ქონებისაგან, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს:

● სხვა ქვეყნების მიერ;

● გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამების, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის; და სხვა საერთაშორსიო ორგანიზაციების მიერ;

● სახელმწიფო ან კერძო ორგანოების ან კერძო პირების მიერ;

● ამ ფონდის სასხრებზე ნებისმიერი პროცენტული დანარიცხებით;

● ფონდის სასარგებლოდ ორგანიზებული ღონისძიებებისაგან მიღებული თანხებით;

● კომიტეტის მიერ შემუშავებული და ფონდის დებულებით თანხებით;

● კომიტეტის მიერ შემუშავებული და ფონდის დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალებებით.

4. სახსრების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი გენერალური ასამბლეის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე.

5. კომიტეტს შეუძლია სხვა ფორმებით მიიღოს ზოგადი ან კონკრეტული მიზნებისათვის განკუთვნილი შენატანები და დახმარებები, რომლებიც დაკავშირებულია განსაზღვრულ პროექტებთან იმ პირობით, რომ ასეთ პროექტებს კომიტეტი მოიწონებს.

6. ფონდში შენატანები არ შეიძლება განხორციელდეს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მოსაზრებებით, რომლებიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთან.

    მუხლი 26. მონაწილე სახელმწიფოების შენატანები ფონდში

1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანების შეუზღუდავად, ვალდებულებას იღებენ არანაკლებ წელიწადში ერთხელ შეიტანონ შენატანები, რომელთა თანხა, დაანგარიშებული ყველა ქვეყნისათვის ერთიანი პროცენტული განაკვეთით, განისაზღვრება გენერალური ასამბლეის მიერ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ასამბლეა დამსწრე მონაწილე სახელმწიფოთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც არ გაუკეთებიათ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი. მონაწილე სახელმწიფოს აღნიშნული შენატანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს იუნესკოს ჩვეულებრივ ბიუჯეტში მისი შენატანის 1%-ს.

2. თუმცა წინამდებარე კონვენციის 32-ე ან 33-ე მუხლებში ხსენებულ ნებისმიერ სახელმწიფოს, მისი სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების მომენტში შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ იქნება შეზღუდული წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით.

3. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის გაკეთების შემდეგ, შესაძლებელია გააუქმოს თავისი განაცხადი, რის შესახებაც მან უნდა აუწყოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. განაცხადის გაუქმება, ამ სახელმწიფოსათვის დაკისრებულ შენატანთან მიმართებაში, ძალაში შედის გენერალური ასამბლეის მომდევნო სხდომის გახსნის თარიღიდან.

4. კომიტეტის მიერ თავისი საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, განაცხადის წარმდგენმა მონაწილე სახელმწიფოებმა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენატანები რეგულარულად, არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, უნდა განახორციელონ. ეს თანხა დაახლოებით უნდა შეადგენდეს იმ შენატანთა თანხას, რომელსაც ეს მონაწილე სახელმწიფოები განახორციელებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეზღუდულნი იქნებოდნენ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით.

5. კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელსაც აქვს მიმდინარე ან გასული კალენდარული წლის სავალდებულო ან ნებაყოფლობითი შენატანების დავალიანება, ეს დებულება არ ვრცელდება თავდაპირველ არჩევნებზე. ასეთ სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე წარმოადგენენ კომიტეტის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი არჩევნების მომენტიდან.

    მუხლი 27. დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანები ფონდში

26-ე მუხლით გათვალისწინებული თანხის გარდა ნებაყოფლობითი შენატანების მსურველი მონაწილე სახელმწიფოები ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ კომიტეტს, რათა მან შესაბამისად დაგეგმოს თავისი საქმიანობა.

    მუხლი 28. თანხების მობილიზების მიზნით ჩატარებული საერთაშორისო კამპანიები

 მონაწილე სახელმწიფოები შეძლებისდაგვარ მხარდაჭერას უწევენ ფონდში თანხების მობილიზების მიზნით იუნესკოს ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიებს.

 

VII. მოხსენებები

    მუხლი 29. მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებები

მონაწილე სახელმწიფოები, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით, წარუდგენენ კომიტეტს მოხსენებებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი და წინამდებარე კონვენციის შესრულების მიზნით მიღებული სხვა ზომების შესახებ.

    მუხლი 30. კომიტეტისთვის წარდგენილი მოხსენებები

1. კომიტეტი, გენერალური ასამბლეის ყოველ სესიაზე წარადგენს თავისი საქმიანობისა და 29-ე მუხლში მითითებული მონაწილე სახელმწიფოების მოხსენებების საფუძველზე მომზადებულ მოხსენებას.

2. ეს მოხსენება წარედგინება იუნესკოს გენერალურ კონფერენციას.

 

VIII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 31. კავშირი კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად აღიარებასთან

1. კომიტეტს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეაქვს ის ნიმუშები, რომლებიც აღიარებულია კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე.

2. კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღნიშნული შედევრების რეპრეზენტაციულ სიაში შეტანა არანაირი სახით არ განსაზღვრავს სიაში ნიმუშების შემდგომ შეტანას მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად.

3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ დაუშვებელია რაიმე სახის აღიარება.

 

IX დასკვნითი დებულებები

    მუხლი 32. რატიფიცირება, მიღება და დამტკიცება

1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება იუნესკოს წევრ-სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების მიხედვით.

2. მიღების ან დამტკიცების სარატიფიკაციო სიგელები, დოკუმენტები მიღების ან დამტკიცების შესახებ შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 33. მიერთება

1. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლია იუნესკოს არაწევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებსაც ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია სთავაზობს ამ კონვენციასთან მიერთებას.

2. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლიათ ასევე სრული შიდა თვითმმართველობის მქონე ტერიტორიულ ერთეულებს, რომლებიც ასეთად აღიარებულია გაეროს მიერ, მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად, არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის, და მინიჭებული აქვთ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების კომპეტენცია.

3. მიერთების დოკუმენტი შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ მდივანს.

    მუხლი 34. ძალაში შესვლა

წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარეის დღიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთი სარატიფიკაციო სიგელები ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად გადასცეს მითითებულ დღეს ან უფრო ადრე. სხვა ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან.

    მუხლი 35. ფედერაციული ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები

ფედერაციული ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოებისათვის გამოიყენება შემდეგი დებულებები:

ა) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების იურისდიქციაში შედის, ფედერალური ან ცენტრალური მთავრობის ვალდებულებანი ისეთივე იქნება, რაც არაფედერალური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებანი;

ბ) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერაციაში შემავალი იმ შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტონების იურისდიქციაში შედის და, რომლებიც, ფედერაციის საკონსტიტუციო სისტემის შესაბამისად, არ არიან ვალდებულნი მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერალური მთავრობა აღნიშნულ დებულებებს, მათი მიღების რეკომენდაციითურთ, გააცნობს შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტინების შესაბამის მმართველ ორგანოებს.

    მუხლი 36. დენონსაცია

1. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება.

2. დენონსაციის ნოტიფიცირება ხდება წერილობითი აქტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს დირექტორს.

3. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის აქტის მიღებიდან 12 თვის შემდეგ. კონვენციიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე დენონსაცია არანაირი სახით არ ცვლის იმ მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელმაც განახორციელა დენონსაცია.

    მუხლი 37. დეპოზიტორის ფუნქციები

იუნესკოს გენერალური დირექტორი, როგორც წინამდებარე კონვენციის დეპოზიტორი, 33-ე მუხლში მითითებულ ორგანიზაციის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს, ასევე გაეროს, ატყობინებს 32-ე და 33-ე მუხლებში მოხსენიებული ყველა სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების, აგრეთვე, 36-ე მუხლში მითითებული დენონსაციის აქტების შესახებ.

    მუხლი 38. შესწორებები

1. მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციაში შესწორებები შეუძლია წერილობითი შეტყობინებით შესთავაზოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. გენერალური დირექტორი ყველა მონაწილე სახელმწიფოს უგზავნის ამ შეტყობინებას.

თუ აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა ნახევარზე მეტი დადებითად უპასუხებს ამ წინადადებას, გენერალური დირექტორი განსახივლელად ან შესაძლო მისაღებად წარადგენს გენერალური ასამბლეის მომდევნო სესიაზე.

2. შესწორებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედით.

3. წინამდებარე კონვენციაში შესწორებები, მათი მიღების შემდეგ, ექვემდებარება მონაწილე სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიერთებას.

4. შესწორებები ძალაში შედის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის თანხმობით წინამდებარე კონვენციის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციაში შესწორებების რატიფიცირება, მიიღეს, დაამტკიცეს ან მიუერთდნენ მათ. მომავალში, ყოველი მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს შესწორების რატიფიცირებას, მიიღებს, დაამტკიცებს ან მიუერთდება მას, აღნიშნული შესწორება ძალაში შევა სახელმწიფო მხარის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ საკუთარი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ.

5. მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურა არ ვრცელდება მე–5 მუხლთან დაკავშირებულ შესწორებებზე, რომელიც შეეხება კომიტეტის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობას.

6. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ სხვა განზრახვის შესახებ წინადადებას არ გააკეთებს, ჩაითვლება:

ა) წინამდებარე კონვენციის, -მიღებული შესწრებებით, -მხარედ;

ბ) წინამდებარე კონვენციის მხარედ, მასში შესწორებების მიღების გარეშე, იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლისთვისაც ეს შესწორებები სავალდებულო არ არის.

    მუხლი 39. ტექსტების ავთენტიკურობა

წინამდებარე კონვენცია შედგენილია ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ექვსივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

    მუხლი 40. რეგისტრაცია

წინამდებარე კონვენცია, გაეროს 102-ე მუხლის შესაბამისად, იუნესკოს გენერალური დირექტორის თხოვნით, რეგისტრირდება გაეროს სამდივნოში.