კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ

  • Word
კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/11/2008
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.000710
  • Word
-
20/10/2005
გაურკვეველი, -, 18/11/2008
480250000.03.030.000710
კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ

 

 იუნესკოს გენერალური კონფერენციის 33-ე სესია, რომელიც ჩატარდა პარიზში 2005 წლის 3-21 ოქტომბერს,

აცხადებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის დამახასიათებელ ნიშანს,

 აცნობიერებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, რომლის დაცვა და ხელშეწყობა აუცილებელია ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ,

აცნობიერებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება კიდევ უფრო ამდიდრებს და მრავალმხრივს ხდის სამყაროს, რომელიც აფართოებს არჩევანის დიაპაზონს და ხელს უწყობს ადამიანების შესაძლებლობებისა ღირებულებებისათვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნას და, აქედან გამომდინარე, წარმოადგენს საზოგადოების, ადამიანების და ერების განუხრელი განვითარების მამოძრავებელ ძალას,

 ითვალისწინებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც ვითარდება დემოკრატიის, შემწყნარებლობის, სოციალური სამართლიანობის და ხალხებისა და კულტურების ურთიერთპატივისცემის პირობებში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ, სახელწიფო და საერთაშორისო დონეებზე,

განსაკუთრებით გამოყოფს რა კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას ადამიანის იმ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული განხორციელების საქმეში, რომელიც განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა თუ საყოველთაოდ აღიარებულ სხვა დოკუმენტებში,

 ხაზგასმით აღნიშნავს რა იმის აუცილებლობას, რომ უნდა მოხდეს კულტურის, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული ელემენტის ინტეგრაცია განვითარების ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკაში, აგრეთვე განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაში გაეროს ათასწლეულის დეკლარაციის (2000) გათვალისწინებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სიღატაკის დაძლევას ეთმობა,

 ითვალისწინებს რა, რომ კულტურა დროსა და სივრცეში სხვადასხვა ფორმას იძენს, ხოლო ეს მრავალფეროვნება გამოიხატება იმ ხალხების და საზოგადოებების თვოთმყოფადობისა და კულტურული თვითგამოხატვის უნიკალური და მრავალფეროვანი ფორმებით, რომლებიც შეადგენს კაცობრიობას,

 აღიარებს რა ტრადიციული ცოდნის, როგორც არამატერიალური და მატერიალური სიმდიდრის წყაროს,

კერძოდ, მკვიდრი ხალხების ცოდნის სისტემების მნიშვნელობას და მათ დადებით წვლილს განუხრელ განვითარებაში, და ასევე ამ ცოდნის შესაბამისი დაცვისა და წინსვლის აუცილებლობას,

აღიარებს რა კულტურული თვითგამოხატვის ფორმების მრავალფეროვნების, მათ შორის, მათი შინაარსის დაცვისთვის საჭირო ზომების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როცა კულტურულ თვითგამოხატვას შეიძლება გაქრობა ან სერიოზული ზიანი ემუქრებოდეს,

ხაზგასმით აღნიშნავს რა კულტურის მნიშვნელობას ზოგადად სოციალური ერთობისთვის და კერძოდ კი მისთვის დამახასიათებელ პოტენციალს საზოგადოებაში ქალების სტატუსისა და როლის ამაღლებისათვის,

აცნობებს რა, რომ კულტურულ მრავალფეროვნებას აძლიერებს იდეების თავისუფალი გავრცელება, და რომ იგი მდიდრდება კულტურებს შორის მუდმივი გაცვლით და ურთიერთქმედებით,

კვლავაც ადასტურებს რა, რომ აზრის, შეხედულებათა გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება, ისევე როგორც მედიის მრავალფეროვნება, ხელშემწყობ პირობებს უქმნის კულტურულ თვითგამოხატვას საზოგადოებაში,

აღიარებს რა, რომ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნება, მისი ტრადიციული ფორმების ჩათვლით, იმ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებსა და ხალხებს თავიანთ იდეებისა ღირებულებების გამოხატვას და ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს,

 ითვალისწინებს რა, რომ ენობრივი მრავალფეროვნება კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტია, და კვლავაც ადასტურებს რა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც განათლება ასრულებს კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში. ითვალისწინებს რა კულტურების სიცოცხლისუნარიანობის დიდ მნიშვნელობას, მათ შორის იმ პირებისათვის, რომლებიც უმცირესობას და მკვიდრ ხალხებს წარმოადგენენ, რაც გამოიხატება მათ თავისუფლებაში, ქმნიდნენ, ავრცელებდნენ და მემკვიდრეობით გადასცემდნენ თავიანთი კულტურული თვითგამოხატვის ტრადიციულ ფორმებს და ხელი მიუწვდებოდეთ მათ გამოყენებაზე თავიანთი განვითარების მიზნით,

ხაზგასმით აღნიშნავს რა კულტურათა ურთიერთქმედების და შემოქმედების გადამწყვეტ მნიშვნელობას, რაც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს კულტურულ თვითგამოხატვას და ზრდის იმ ადამიანთა როლს, რომლებიც მონაწილეობენ კულტურის განვითარებაში მთლიანად საზოგადოების პროგრესის ინტერესებისათვის,

 აღიარებს რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მნიშვნელობას კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მხარდასაჭერად,

მიაჩნია რა, რომ კულტურულ საქმიანობას, კულტურის საქონელს და მომსახურებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული ხასიათი, ვინაიდან ისინი განასახიერებს თვითმყოფადობას, ღირებულება და მნიშვნელობას, და აქედან გამომდინარე, არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ კომერციული ფასეულობა,

 აღნიშნავს რა, რომ გლობალიზაციის პროცესები, რომლებსაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, უპრეცედენტო პირობებს უქმნის კულტურების უფრო ფართო ურთიერთქმედებას და იმავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს კულტურულ მრავალფეროვნებას, კერძოდ, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დისბალანსის რისკის თვალსაზრისით,

აღიარებს რა იუნესკოს განსაკუთრებულ მანდატს, რომლის თანახმადაც გარანტირებული უნდა იყოს კულტურების მრავალფეროვნების პატივისცემა და რომელიც რეკომენდაციას უწევს ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ითვალისწინებს ზეპირი თუ სახვითი გზით იდეების თავისუფალ გავრცელებას, იშველიებს რა იუნესკოს მიერ კულტურულ მრავალფეროვნებასთან და კულტურული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებულ საერთაშორისო დოკუმენტებს, კერძოდ, კულტურული მრავალფეროვნების შესახებ 2001 წლის საყოველთაო დეკლარაციას,

იღებს წინამდებარე, 2005 წლის 20 ოქტომბრის, კონვენციას.

 

I. მიზნები და სახელმძღვანელო პრინციპები

    მუხლი 1. მიზნები

წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

(ა) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;

(ბ) კულტურების აყვავებისა და თავისუფალი ურთიერთქმედების პირობების შექმნა ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე;

(გ) კულტურათაშორისო დიალოგის ხელშეწყობა უფრო ფართო და დაბალანსებული კულტურული თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, მსოფლიოში კულტურათაშორისი პატივისცემის და მშვიდობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით;

(დ) კულტურათა ურთიერთკავშირის ხელშეწყობა ხალხთა ურთიერთკავშირის მიზნით, კულტურული ურთიერთქმედების განვითარების თვალსაზრისით;

(ე) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების პატივისცემის პროპაგანდა და მისი ღიებულების გაცნობიერების გაღრმავება ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე;

(ვ) ყველა ქვეყნისათვის განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის კულტურასა და განვითარებას შორის კავშირის აღიარება, და ამ კავშირის ჭეშმარიტი ღირებულების აღიარების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული მოქმედების მხარდაჭერა;

(ზ) კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების, როგორც თვითმყოფადობის, ღირებულებისა და მნიშვნელობის განსახიერების განსაკუთრებული ხასიათის აღიარება;

(თ) სახელმწიფოების იმ სუვერენული უფლებების აღიარება, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი პოლიტიკისა და ზომების შენარჩუნებასთან, მიღებასა და განხორციელებასთან, რომლებიც შეესაბამება მათ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და შემდგომ ხელშეწყობაზე;

(ი) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სოლიდარობის განმტკიცება პარტნიორობის სულისკვეთებით, კერძოდ, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და შემდგომი ხელშეწყობის საქმეში განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

    მუხლი 2. სახელმძღვანელო პრინციპები

1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპი

 კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმა, ინფორმაციის და კომუნიკაციის თავისუფლება და ასევე ცალკეულ პირთა შესაძლებლობა, აირჩიონ კულტურული თვითგამოხატვის ფორმა. ვერავინ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს იმისთვის, რომ დაირღვეს ან შეიზღუდოს ადამიანის ის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ან გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.

2. სუვერენიტეტის პრინციპი

გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ზომები და პოლიტიკა.

3. ყველა კულტურის თანასწორი ღირსებისა და პატივისცემის პრინციპი

კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა გულისხმობს ყველა კულტურის თანასწორი ღირებისა და პატივისცემის აღიარებას, უმცირესობისა და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელთა კულტურების ჩათვლით.

4. საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპი

საერთაშორისო თანამშრომლობა და სოლიდარობა მიზნად უნდა ისახავდეს ყველა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით განვითარევადი ქვეყნებისთვის, ისეთი შესაძლებლობების მინიჭებას, რომლებიც დაეხმარება მათ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმების შექმნასა და განმტკიცებაში, მათი კულტურის ინდუსტრიის, როგორც ჩამოყალიბების ფაზაში მყოფის, ასევე უკვე არსებულის ჩათვლით, ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე.

5. განვითარების ეკონომიკური და კულტურული ასპექტების ურთიერთშევსების პრინციპი

ვინაიდან კულტურა განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, განვითარების კულტურულ ასპექტებს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკურს, და ადამიანებისა და ხალხების ძირითადი უფლებაა მონაწილეობდნენ ამაში და სარგებლობდნენ მისი შედეგებით.

6. განუხრელი განვითარების პრინციპი

კულტურული მრავალფეროვნება ადამიანებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მისი დაცვა, ხელშეწყობა და შენარჩუნება ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობის მიზნით განუხრელი განვითარების ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნაა.

7. თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი

კულტურული თვითგამოხატვის და ურთიერთგაგების ხელშეწყობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია მთელ მსოფლიოში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების თანასწორი ხელმისაწვდომობა და კულტურებისთვის თვითგამოხატვისა და გავრცელების საშუალებების ხელმისაწვდომობა.

8. გახსნილობისა და წონასწორობის პრინციპი

როცა სახელმწიფოები მიმართავენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობის ზომებს, ისინი უნდა ცდილობდნენ სათანადოდ შეუწყონ ხელი გახსნილობას მსოფლიოს სხვა კულტურების მიმართ და უზრუნველყონ, რომ ეს ზომები შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის მიზნებს.

II. გამოყენების სფერო

    მუხლი 3. გამოყენების სფერო

წინამდებარე კონვენცია ეხება მონაწილეთა იმ პოლიტიკასა და ზომებს, რომლებსაც მონაწილენი კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით იყენებენ.

III. განსაზღვრებანი

    მუხლი 4. განსაზღვრებანი

წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის მიღებულია შემდეგი ტერმინები:

1. კულტურული მრავალფეროვნება

 ,,კულტურული მრავალფეროვნება“ გულისხმობს იმ მრავალფეროვან გზებს, რომელთა მეშვეობითაც ვლინდება ჯგუფებისა და საზოგადოების კულტურა, ასეთი თვითგამოხატვა ხდება როგორც ჯგუფებისა და საზოგადოებებში, ისე მათ შორის.

კულტურული მრავალფეროვნება ვლინდება არა მხოლოდ იმ სხვადასხვა საშვალებებით, რომლებითაც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა გამოიხატება, ვითარდება და ვრცელდება კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, არამედ სხვადასხვა სახის მხატვრული შემოქმედებითაც, აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის საქონლის წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და მოხმარების გზით, გამოყენებული საშვალებებისა და ტექნოლოგიების მიუხედავად.

2. კულტურული შინაარსი

,,კულტურული შინაარსი“ გულისხმობს სიმბოლურ შინაარსს, მხატვრულ ასპექტს და იმ კულტურულ ღირებულებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს კულტურული თვითმყოფადობა ან რომლებიც განასახიერებს ამ კულტურულ თვითმყოფადობას.

3. კულტურული ტვითგამოხატვა

,,კულტურული თვითგამოხატვა“ ნიშნავს გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც წარმოადგენს ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოებების შემოქმედების შედეგს და შეიცავს კულტურულ შინაარსს.

4. კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება ,,კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება,, ნიშნავს ისეთ საქმიანობას, საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც, როცა კონკრეტული ნიშანთვისების, მოხმარების ან მიზნის თვალსაზრისით განიხილება, განასახიერებს ან ატარებს კულტურული თვითგამოხატვის ნიშნებს მათი კომერციული ღირებულების მიუხედავად. კულტურული საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს თვითმიზანს ან ხელს უწყობდეს კულტურული საქონლის წარმოებას ან მომსახურების განხორციელებას.

5. კულტურის ინდუსტრია

,,კულტურის ინდუსტრია“ ნიშნავს წარმოების ისეთ სფეროებს, რომლებიც აწარმოებს და ავრცელებს კულტურის საქონელსა და მომსახურებას, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 პუნქტში ზემოთ.

6. კულტურის პოლიტიკა და ზომები

,,კულტურის პოლიტიკა და ზომები“ ნიშნავს კულტურასთან დაკავშირებულ იმ პოლიტიკასა და ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე, რომლებიც ან ფოკუსირებულია კულტურაზე, როგორც ასეთზე, ან გათვლილია ინდივიდების, ჯგუფების ან საზოგადოებების კულტურულ თვითგამოხატვაზე უშუალო ზემოქმედებისთვის, კულტურული საქმოანობის, კულტურის საქონლის და მომსახურების შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილების და ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

7. დაცვა

,,დაცვა“ ნიშნავს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვასა და განვითარებას. ,,დაცვა“ ნიშნავს ამგვარი ზომების მიღებას.

8. კულტურათაშორისი ურთიერთქმედება

,,კულტურატაშორისი ურთიერთქმედება ნიშნავს სხვადასხვა კულტურების არსებობას, მათ შორის თანასწორ ურთიერთქმედებას და საერთო კულტურული თვითგამოხატვის საერთო ფორმების შექმნის შესაძლებლობას დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით.

 

IV. მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 5. უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი წესი

1. მონაწილენი, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტების შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღიარებენ თავიანთ სუვერენულ უფლებას, ჩამოაყალიბონ და გაატარონ კულტურასთან დაკავშირებული თავიანთი პოლიტიკა, მიიღონ კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის ზომები და განახორციელონ წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების ღონისძიებანი.

2. როცა მონაწილე ახორციელებს პოლიტიკას და იღებს ზომებს თავის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, მისი პოლიტიკა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის დებულებებს.

    მუხლი 6. მონაწილეთა უფლებები სახელმწიფო დონეზე

1. 4.6 მუხლით განსაზღვრული კულტურის პოლიტიკისა და ზომების ფარგლებში და საკუთარი კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებიც მიმართულია მის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ.

2. ამგვარ ზომებში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:

(ა) მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას;

(ბ) ზომები, რომლებიც შესაბამისი ფორმით უზრუნველყოფს შესაძლებლობებს, რათა ადგილობრივმა კულტურულმა საქმიანობამ, კულტურის საქონელმა და მომსახურებამ თავისი ადგილი დაიკავოს მათ ტერიტორიაზე კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების მთელ ერთობლიობაში, მათი შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და სარგებლობის თვალსაზრისით, აგრეთვე ზომები, რომლებიც ეხება ამგვარ კულტურულ საქმიანობასთან, კულტურის საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გამოყენებულ ენას;

(გ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კულტურის დამოუკიდებელ ადგილობრივი ინდუსტრიისა და არაოფიციალური სექტორის საქმიანობისათვის ხელმისაწვდომი იყოს კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონლის და მომსახურების წარმოება, გავრცელება და განაწილება;

(დ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური დახმარების გაწევას;

(ე) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების, შემოქმედი ადამიანების და კულტურის სხვა მოღვაწეების მხარდაჭერას იდეების, კულტურული თვითგამოხატვის და კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლის განვითარებისა და წახალისების საქმეში, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოქმედებითი და სამეწარმეო ხასიათის სტიმულირებას;

(ვ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შექმნასა და მზარდაჭერას, საჭიროებისდა მიხედვით;

(ზ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი მუშაკების და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისებასა და მხარდაჭერას;

(თ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობას საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების გზით.

    მუხლი 7. კულტურული თვითგამოხატვის ხელშეწყობის ზომები

1. მონაწილეები ესწრაფვიან თავიანთ ტერიტორიაზე შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდებსა და სოციალურ ჯგიფებს, რათა:

(ა) შექმნან, აწარმოონ, გაავრცელონ, გაანაწილონ და თავისთვის ხელმისაწვდომი გახადონ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმები, ამასთან, სათანადო ყურადღება დაუთმონ ქალების, ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განსაკუთრებულ პირობებსა და მოთხოვნილებებს, იმ პირთა ჩათვლით, რომლებიც უმცირესობებსა და მკვიდრ ხალხებს განეკუთვნებიან;

(ბ) ხელი მიუწვდებოდეთ მრავალფეროვანი კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმებზე როგორც თავიანთ ტერიტორიებზე, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

2. მონაწილეები ასევე ესწრაფვიან კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების განვითარებაში ხელოვნების მოღვაწეების, შემოქმედებით პროცესში ჩართული სხვა პირების, კულტურული გაერთიანებების და მათი მუშაობის მხარდამჭერი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი წვლილის და როლის აღიარებას.

    მუხლი 8. კულტურული თვითგამოხატვის დაცვის ზომები

1. მე-5 და მე-6 მუხლების შინაარსისთვის ზიანის მიუყენებლად, მონაწილეს შეუძლია განსაზღვროს განსაკუთრებული სიტუაციები, როცა მის ტერიტორიაზე კულტურულ თვითგამოხატვას განადგურების რისკი ექნება, სერიოზული საფრთხე ემუქრება ან რაიმე სხვა სახის გადაუდებელი დახმარება სჭირდება.

2. მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და შენარჩუნებისთვის 1 პუნქტში მითითებული სიტუაციებისას ისე, რომ ეს ზომები წინამდებარე კონვენციის დებულებებს შეესაბამებოდეს.

3. მონაწილეები ამგვარი სიტუაციების წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ 23-ე მუხლში მოხსენიებულ სამთავრობათაშორისო კომიტეტს, ხოლო კომიტეტს შეუძლია შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

    მუხლი 9. ინფორმაციის გაზიარება და გამჭვირვალვება

მონაწილეები:

(ა) თავისი ანგარიშებით იუნესკოს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით მათ ტერიტორიაზე და საერთაშორისო დონეზე;

(ბ) დანიშნავენ წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებისათვის პასუხისმგებელ საკონტაქტო პირს;

(გ) ერთმანეთს გაუზიარებენ და გაუცვლიან ინფორმაციას კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

    მუხლი 10. განათლება და საზოგადოების ინფორმირება

მონაწილეები:

(ა) წაახალისებენ და მხარს დაიჭერენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებას, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამირების და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების დახმარებით;

(ბ) ითანამშრომლებენ სხვა მხარეებთან და საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან წინამდებარე მუხლის მიზნების მისაღწევად;

(გ) ყველა ზომას მიმართავენ შემოქმედების და საწარმოო პოტენციალის განმტკიცების სტლიმულირებისთვის კულტურის ინდუსტრიის სფეროში საგანმანათლებლო, ტრენინგისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავების გზით. ეს ზომები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მათ უარყოფითი ზემოქმედება არ მოახდინონ წარმოების ტრადიციულ ფორმებზე.

    მუხლი 11. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

მონაწილეები აღიარებენ სამოქალაქო საზოგადოების ძირითად როლს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში. მონაწილეები მხარს დაუჭერენ წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისათვის თავიანთ ძალისხმევაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.

    მუხლი 12. საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა

მონაწილენი ესწრაფვიან განამტკიცონ თავიანთი ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ისეთი პირობების შექმნის მიზნით, რომლებიც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობას, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან მე-8 და მე-17 მუხლებში მოხსენიებულ სიტუაციებს, კერძოდ, იმისთვის, რომ:

(ა) ხელი შეუწყონ დიალოგს მხარეებს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ;

(ბ) გააფართოონ სახელმწიფო სექტორის სტრატეგიული და მმართველობითი შესაძლებლობები საზოგადოებრივი კულტურის დაწესებულებებში, პროფესიული და საერთაშორისო კულტურული და გაცვლის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;

(გ) განამტკიცონ პარტნიორობა როგორც სამოქალაქო საზოგადოებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, ისე მათ შორის, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების და ხელშეწყობის მიზნით;

(დ) ხელი შეუწყონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და პარტნიორული ურთიერთობის სტიმულირებას ინფორმაციის გაცვლის გაფართოებისა და კულტურული ურთიერთგაგების გაუმჯობესების და აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების მიზნით;

(ე) წაახალისონ ხელშეკრულებების დადება ერთობლივი წარმოების და განაწილების შესახებ.

    მუხლი 13. კულტურის ინტეგრირება განუხრელი განვითარების პროცესში

მონაწილეები ესწრაფვიან კულტურა ჩართონ განვითარებასთან დაკავშირებულ თავიანთ პოლიტიკაში ყველა დონეზე იმ მიზნით, რომ ხელშემწყობი პირობები შეუქმნან განუხრელ განვითარებას და ამ ფარგლებში წაახალისონ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინება.

    მუხლი 14. თანამშრომლობა განვითარების მიზნით

მონაწილენი ესწრაფვიან თანამშრომლობას განუხრელი განვითარების და სიღატაკის შემცირების მიზნით, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა ხელი შეუწყონ კულტურული დინამიკური სექტორის ჩამოყალიბებას, კერძოდ, შემდეგი საშუალებებით:

(ა) კულტურის ინდუსტრიის განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში შემდეგი გზებით:

(i) კულტურის სფეროში წარმოების და განაწილების შესაძლებლობათა შექმნა და განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში;

(ii) მათი კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონლისა და მომსახურებისთვის გლობალური ბაზრის და განაწილების საერთაშორისო ქსელის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

(iii) სიცოცხლისუნარიანი ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების წარმოქმნისადმი ხელშეწყობა;

(iv) განვითარებად ქვეყნებში შესაბამისი ზომების მიღება, სადაც ეს შესაძლებელია, მათ ტერიტორიებზე განვითარებადი ქვეყნების კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით;

(v) შემოქმედებითს საქმიანობაში მხარდაჭერა და ისეთი პირობების შექმნა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს განვითარებადი ქვეყნების ხელოვნების მუშაკების გადაადგილება;

(vi) განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ისეთ სფეროებში, კერძოდ, როგორიცაა მუსიკა და კინემატოგრაფია;

(ბ) პოტენციალის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლის, აგრეთვე განვითარებად ქვეყნებში ადამიანური რესურსების მომზადების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, იმ სფეროებში, რომლებიც, დაკავშირებულია, კერძოდ, სტრატეგიულ და მმართველობით შესაძლებლობებთან, პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებასთან, კულტურული თვითგამოხატვის წახალისებასა და გავრცელებასთან, მცირე, საშუალო და მიკროსაწარმოების ჩამოყალიბებასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადაცემასთან;

(გ) ტექნოლოგიის გადაცემა წახალისების შესაბამისი ზომების გამოყენებით ტექნოლოგიის და ,,ნოუ-ჰაუს“ გაცვლისათვის, განსაკუთრებით კულტურის ინდუსტრიისა და საწარმოების სფეროში;

(დ) ფინანსური დახმარება შემდეგი გზებით:

(i) კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის ჩამოყალიბება, როგორც ეს აღნიშნულია მე-18 მუხლში;

(ii) ოფიციალური დახმარება განვითარებაში, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური დახმარების ჩათვლით, შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების და მხარდაჭერის მიზნით;

(iii) ფინანსური დახმარების სხვა ფორმები, კერძოდ, როგორიცაა დაბალპროცენტიანი სესხები, გრანტები და დაფინანსების სხვა მექანიზმები.

    მუხლი 15. ურთიერთქმედების მექანიზმები

 მონაწილეები ხელს შეუწყობენ პარტნიორობის განვითარებას როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის, ისე მათ ფარგლებში, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესაძლებლობათა გაფართოების საქმეში განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის მიზნით. განვითარებადი ქვეყნების რეალურ საჭიროებათა გათვალისწინებით აღნიშნული ინოვაციური პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების შემდგომ განვითარებას და პოლიტიკის შემუშავებას, აგრეთვე კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლის და მომსახურების გაცვლას.

    მუხლი 16. უპირატესობის რეჟიმი განვითარებადი ქვეყნებისთვის

განვითარებადი ქვეყნები ხელს შეუწყობენ განვითარებად ქვეყნებთან კულტურულ გაცვლას შესაბამის ინსტიტუციურ და იურიდიულ საფუძველზე განვითარებადი ქვეყნების შემოქმედებითი მუშაკებისთვის და კულტურის სხვა მოღვაწეებისა და პრაქტიკოსებისთვის, ისევე როგორც კულტურის საქონლისა და მომსახურებისათვის უპირატესობის რეჟიმის მინიჭების გზით.

    მუხლი 17. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული თვითგამოხატვისადმი სერიოზული საფრთხის სიტუაციებში

მონაწილეები ითანამშრომლებენ, რათა დახმარება გაუწიონ ერთმანეთს, და, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს მე-8 მუხლში აღწერილი სიტუაციების შემთხვევაში.

    მუხლი 18. კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი

1. ჩამოყალიბებულია კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი (შემდგომში ,,ფონდი”).

2. ფონდი შედგება მიზნობრივი ფონდებისგან და ჩამოყალიბებულია იუნესკოს ფინანსური წესების მიხედვით.

3. ფონდის რესურსები შედგება:

(ა) მონაწილეთა მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შენატანებისაგან;

(ბ) ამ მიზნით იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ასიგნებული ფონდებისაგან;

(გ) სხვა სახელმწიფოებისგან, გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამისგან, სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო თუ კერძო უწყებებისა და ინდივიდებისგან მიღებული შენატანებისა და საჩუქრებისგან ან ანდერძით გადაცემული ქონებისაგან;

(დ) ამ ფონდის სახსრებზე დარიცხული ნებისმიერი პროცენტისაგან;

(ე) ფონდის სასარგებლოდ ორგანიზებული ღონისძიებებიდან შეკრებილი და შემოსული თანხებისაგან;

(ვ) ფონდის შესახებ დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა რესურსებისაგან.

4. ფონდის რესურსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმ სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც დაადგენს 22-ე მუხლში მოხსენიებული მონაწილეთა კონფერენცია.

5. სამთავრობოთაშორისო კომიტეტს შეუძლია მიიღოს შემოწირულობა და დახმარების სხვა ფორმები სპეციფიკურ პროექტებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული მიზნებისთვის, თუკი ეს პროექტები დამტკიცებულია.

6. ფონდში შენატანები არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა პირობებთან, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს.

7. მხარეები ესწრაფვიან, რომ რეგულარულად ხორციელდებოდეს ნებაყოფლობითი შენატანები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის.

    მუხლი 19. ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი და გავრცელება

1. მონაწილეები თანხმდებიან, გაცვალონ ინფორმაცია და გაუზიარონ გამოცდილება, რომელიც ეხება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შესახებ მონაცემების შეკრებას და სტატისტიკას, და ასევე კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკას.

2. იუნესკო, სამდივნოს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახმარებით, ხელს შეუწყობს ყველა საჭირო ინფორმაციის, სტატისტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შეკრებას, ანალიზსა და გავრცელებას.

3. იუნესკო ასევე შექმნის და განაახლებს კულტურული თვითგამოხატვის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორს, სამთავრობო, კერძო და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბანკს.

4. მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობის მიზნით იუნესკო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შესაძლებლობათა შექმნას და გამოცდილების განმტკიცებას იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მას ამგვარი დახმარების თხოვნით მიმართავენ.

5. წინამდებარე მუხლი განსაზღვრული ინფორმაციის შეგროვება ავსებს მე-9 მუხლში განმარტებულ ინფორმაციას.

 

V. კავშირი სხვა სამართლებრივ დოკუმენტებთან

    მუხლი 20. კავშირი სხვა ხელშეკრულებებთან: ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთშევსება და თანაბარი მნიშვნელობა

1. მონაწილენი აღიარებენ, რომ ისინი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ წინამდებარე კონვენციით და ყველა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს, რომელთა მიმართაც ისინი განიხილებიან როგორც მხარეები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე კონვენცია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების თანაბარმნიშვნელოვანია:

(ა) მონაწილენი ხელს შეუწყობენ წინამდებარე კონვენციას და იმ სხვა ხელშეკრულებებს შორის ურთიერთმხარდაჭერას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ; და

(ბ) იმ ხელშეკრულებების ინტერპრეტაციისას ან გამოყენებისას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებების მიღებისას, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე კონვენციის დებულებები.

2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი იქნება გაგებული ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რომელიმე იმ სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაწილეთა უფლებებისა თუ ვალდებულებების შეცვლა, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.

    მუხლი 21. საერთაშორისო კონსულტაციები და კოორდინირება

მონაწილეები იღებენ ვალდებულებებს, მხარი დაუჭირონ წინამდებარე კონვენციის მიზნებსა და პრინციპებს სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ამისათვის მონაწილენი, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს და იმოქმედებენ ამ მიზნებისა და პრინციპების სულისკვეთებით.

VI. კონვენციის ორგანოები

    მუხლი 22. მონაწილეთა კონფერენცია

1. ფუძნდება მონაწილეთა კონფერენცია. ეს კონფერენცია წინამდებარე კონვენციის პლენარული და უზენაესი ორგანო იქნება.

2. მონაწილეთა კონფერენცია რიგით სესიებს გამართავს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, შეიძლება მოიწვიონ მათი რიგგარეშე სესიაც, თუ მას გადაწყვეტს სამთავრობათაშორისო კომიტეტი ან თუ ამის შესახებ მას თხოვნით მიმართავს მონაწილეთა სულ მცირე ერთი მესამედი.

3. მონაწილეთა კონფერენცია პროცედურის თაობაზე საკუთარ წესებს მიიღებს.

4. მონაწილეთა კონფერენციის ფუნქციები იქნება, კერძოდ, შემდეგი:

(ა) სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების არჩევა;

(ბ) სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ გადმოცემული წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა ანგარიშების მიღება და შემოწმება;

(გ) მისი თხოვნით სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება;

(დ) ნებისმიერი სხვა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც საჭიროდ იქნება მიჩნეული წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევისათვის.

    მუხლი 23. სამთავრობათაშორისო კომიტეტი

1. კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის სამთავრობოთაშორისო კომიტეტი (შემდგომში ,,სამთავრობათაშორისო კომიტეტი”) იქნება იუნესკოს ფარგლებში. მასში შევლენ წინამდებარე კონვენციის 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებსაც 29-ე მუხლის თანახმად მონაწილეთა კონფერენცია ოთხი წლის ვადით აირჩევს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.

2. სამთავრობათაშორისო კომიტეტი ყოველწლიურად შეიკრიბება.

3. სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმუშავებს მონაწილეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით და მისი მითითებების საფუძველზე და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.

4. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობა 24-მდე გაიზრდება, როცა წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა რიცხვი 50-ს მიაღწევს.

5. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების არჩევა ეფუძნება თანასწორი გეოგრაფიული წარმომადგენლობის და ასევე როტაციის პრინციპს.

6. წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული სხვა ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, სამთავრობათაშორისო კომიტეტს ექნება შემდეგი ფუნქციები:

(ა) ხელი შეუწყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევას და წაახალისოს და მონიტორინგი გაუწიოს მის განხორციელებას;

(ბ) შეიმუშაოს და მონაწილეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგინოს, მისი მოთხოვნით, წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელების და გამოყენების ოპერატიული სახელმძღვანელო მითითებები;

(გ) გადასცეს მონაწილეთა კონფერენციას წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა მიერ შედგენილი ანგარიშები კომენტარებთან და მათ მოკლე შინაარსებთან ერთად;

(დ) შეიმუშაოს რეკომენდაციები იმ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდება კონვენციის მონაწილეებისაგან კონვენციის შესაბამისი დებულებების, კერძოდ, მე-8 მუხლის თანახმად;

(ე) დაადგინოს იმ კონსულტაციების პროცედურები და სხვა მექანიზმები, რომელთა მიზანია წინამდებარე კონვენციის პრინციპებისა და მიზნების პროპაგანდა სხვა საერთაშორისო ფორუმებზე;

(ვ) შეასრულოს ნებისმიერი სხვა ამოცანები, რომლებსაც მონაწილეთა კონფერენცია დაავალებს.

7. სამთავრობათაშორისო კომიტეტს, თავისი პროცედურული წესების თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები მიიწვიოს სპეციფიკურ საკითხებზე კონსულტაციებისათვის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად.

8. სამთავრობათაშორისო კომიტეტი მოამზადებს საკუთარ პროცედურულ წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მონაწილეთა კონფერენციას.

    მუხლი 24. იუნესკოს სამდივნო

1. კონვენციის ორგანოებს დახმარებას გაუწევს იუნესკოს სამდივნო.

2. სამდივნო მოამზადებს მონაწილეთა კონფერენციის, სამთავრობათაშორისო კომიტეტის დოკუმენტებს და ასევე მათი სხდომების დღის წესრიგს და დაეხმარება გადაწყვეტილებების განხორციელებაში და მათ შესრულების შესახებ ანგარიშების შედგენაში.

 

VII. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 25. დავის გადაჭრა

1. კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შორის რაიმე დავის წამოჭრის შემთხვევაში, მონაწილენი ეცდებიან მის გადაწყვეტას მოლაპარაკების გზით.

2. თუ მონაწილენი ვერ მოახერხებენ დავის გადაჭრას მოლაპარაკების გზით, მაშინ მათ, ერთობლივად, უნდა მიმართონ მესამე მხარეს ან ითხოვონ მისი შუამდგომლობა.

3. თუ არ იქნა გაწეული სათანადო მომსახურება ან შუამდგომლობა ანდა არ იქნა მიღწეული მოლაპარაკების გზით, სათანადო მომსახურებით ან შუამდგომლობით, მონაწილეს შეუძლია დაარეგულიროს ეს წინამდებარე კონვენციის დანართი მოცემული პროცედურის შესაბამისად. მონაწილენი კეთილსინდისიერად განიხილავენ მომრიგებელი კომისიის მიერ შემოტანილ წინადადებას დავის გადაჭრის თაობაზე.

4. კონვენციის რატიფიცირების, მიღების ან მასთან შეერთებისას ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს მორიგების ზემოხსენებულ პროცედურას. ყოველ მონაწილეს, რომელსაც გაკეთებული აქვს ამგვარი განცხადება, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გაუქმება იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის შესაბამის შეტყობინების წარდგენის შემდეგ.

    მუხლი 26. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ კონვენციის რატიფიცირება, მიღება და მასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მასთან შეერთებას იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების მიხედვით.

2. კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 27. კონვენციასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენცია შეერთებისთვის გახსნილია იუნესკოს ყველა არაწევრი სახელმწიფოსთვის, რომლებიც გაეროს ან მისი რომელიმე სპეციალიზებული დაწესებულების წევრები არიან და რომლებსაც იუნესკოს გენერალური კონფერენცია იწვევს კონვენციასთან შესაერთებლად.

2. წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც აქვთ გაეროს მიერ აღიარებული სრული შიდა თვითმმართველობა, მაგრამ არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის მიხედვით, და რომლებიც კომპეტენტური არიან წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან შეერთების კომპეტენციის ჩათვლით.

3. შემდეგი დებულებები ეხება რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს:

(ა) წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც, ქვემოთ მოცემული შემთხვევების გარდა, ისევე ეკისრებათ წინამდებარე კონვენციის დებულებების შესრულება, როგორც მონაწილე სახელმწიფოებს;

(ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ორგანიზაციის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო ასევე წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, ორგანიზაცია და ამგვარი წევრი სახელმწიფო ან სახელმწიფოები თანხმდებიან გაინაწილონ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. პასუხიმგებლობის ამგვარი განაწილება ძალაში შევა მხოლოდ (გ) ქვეპუნქტში აღწერილი შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდეგ. ორგანიზაცია და წევრი სახელმწიფოები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციით მინიჭებული უფლებებით. გარდა ამისა, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის უფლების გამოყენების თვალსაზრისით, აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც არის წევრი სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა. ამგვარი ორგანიზაცია ვერ გამოიყენებს კენჭისყრის უფლებას, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო იყენებს თავის უფლებას და პირიქით.

(გ) რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფო თუ სახელმწიფოები, რომლებიც შეთანხმდებიან პასუხისმგებლობის განაწილებაზე (ბ) პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის ამგვარი შეთავაზებული განაწილების შესახებ მონაწილეებს შემდეგნაირად შეატყობინებენ:

(i) კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტში ორგანიზაციამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს იმ საკითხებში პასუხისმგებლობის განაწილების თაობაზე, რომლებსაც კონვენცია არეგულირებს;

(ii) პასუხისმგებლობის განაწილებაში რაიმე მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების შემთხვევაში რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციამ დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი ამგვარი ცვლილება; თავის მხრივ დეპოზიტარი ამგვარ ცვლილებას მონაწილეებს ატყობინებს;

(დ) იგულისხმება რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მონაწილენი გახდნენ, ინარჩუნებენ კომპეტენციას ყველა იმ საკითხში, რომლებთან დაკავშირებითაც ორგანიზაციისთვის კომპეტენციის გადაცემა არ ყოფილა საგანგებოდ გამოცხადებული ან დეპოზიტარისთვის შეტყობინებული;

(ე) ,,რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შედგება გაეროს ან ნებისმიერი მისი სპეციალიზებული დაწესებულების წევრი სუვერენული სახელმწიფოებისგან და რომელსაც ამ სახელმწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც სათანადოდაა უფლებამოსილი გახდეს მისი მონაწილე მისივე შიდა პროცედურების თანახმად.

4. კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტი შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 28. საკონტაქტო პირი

წინამდებარე კონვენციის მონაწილედ გახდომის შემდეგ, თითოეული მათგანი დანიშნავს საკონტაქტო პირს, როგორც ეს დადგენილია მე-9 მუხლში.

    მუხლი 29. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოების ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის, რომლებმაც რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების შესახებ თავიანთი დოკუმენტები ამ დღეს ან მანამდე გადასცეს. ნებისმიერი სხვა მონაწილე სახელმწიფოსათვის იგი ძალაში შევა იმ დღიდან სამი თვის შემდეგ, როცა შესანახად გადაეცა მისი დოკუმენტი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ შესანახად გადაცემული არანაირი დოკუმენტი არ ჩაითვლება იმ დოკუმენტების დამატებად, რომლებიც შესანახად გადასცეს ამ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა.

    მუხლი 30. ფედერალური ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები

ვინაიდან აღიარებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეებს ერთნაირ ვალდებულებებს აკისრებს მათი კონსტიტუციური სისტემების მიუხედავად, მონაწილეთა მიმართ, რომლებსაც ფედელალური ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები აქვთ, მოქმედებს შემდეგი დებულებები:

(ა) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელებაზეც ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების სამართლებრივი იურისდიქცია ვრცელდება, ფედერარულ ან ცენტრალურ მთავრობას ისეთივე ვალდებულებები ეკისრება, როგორც იმ მონაწილეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ფედერალურ სახელმწიფოებს;

(ბ) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა შესრულებაც ექვემდებარება სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ყოველი სუბიექტის იურისდიქციას, კერძოდ, ისეთების, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები ან კანტონები, რომლებიც ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შესაბამისად ვალდებული არ არიან მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერარული მთავრობა შეატყობინებს, საჭიროების შესაბამისად, ისეთი სუბიექტების კომპეტენტურ ორგანოებს, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები თუ კანტონები, ზემოხსენებულ დებულებებს და მიაწვდის რეკომენდაციას მათი მიღების თაობაზე.

    მუხლი 31. დენონსაცია

1. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მისი დენონსირება.

2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობითი დოკუმენტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

3. დენონსაცია ძალაში შევა დენონსაციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ. იგი არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ მონაწილის ფინანსურ ვალდებულებებს, რომელშიც კონვენციის დენონსაციის მომხდენმა მონაწილემ უნდა შეასრულოს იმ თარიღამდე, როცა კონვენციიდან გასვლა ძალაში შევა.

    მუხლი 32. დეპოზიტარის ფუნქციები

იუნესკოს გენერალური დირექტორი, როგორც წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მოხსენებულს 27-ე მუხლში, და ასევე გაეროს შეატყობინებს, რომ მას შესანახად ჩაჰბარდა 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრული რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა და შეერთების შესახებ ყველა დოკუმენტი და ასევე 31-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დენონსაციის შესახებ.

    მუხლი 33. შესწორებები

1. წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, გენერალურ დირექტორთან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, შეუძლია წამოაყენოს წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანის წინადადება. გენერალური დირექტორი აღნიშნულ შეტყობინებას დაუგზავნის ყველა მონაწილეს. თუ ამგვარი შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეთა სულ ცოტა ნახევარი დაეთანხმება შეთავაზებულ შესწორებას, გენერალური დირექტორი ამ წინადადებას წარადგენს მონაწილეთა კონფერენციის მომდევნო სესიაზე მისი განხილვის და შესაძლო მიღების მიზნით.

2. შესწორებას იღებენ დამსწრე და კენჭისყრის მონაწილე უმრავლესობის ხმათა ორი მესამედით.

3. მიღების შემდეგ წინამდებარე კონვენციის შესწორებები გადაეცემა მონაწილეებს მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების მიზნით.

4. იმ მონაწილეთათვის, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციის შესწორებების რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდნენ მას, აღნიშნული შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ, რაც მონაწილეთა ორი მესამედი შესანახად ჩააბარებს წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენებ დოკუმენტებს. ამის შემდეგ თითოეული მონაწილისათვის, რომელიც მოახდენს შესწორებების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიუერთდება მათ, ამგვარი შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ მონაწილის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

5. მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოყალიბებული პროცედურა არ გამოიყენება 23-ე მუხლის შესწორებების მიმართ, რომელიც ეხება სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობას. ასეთი შესწორებები მათი მიღებისთანავე ძალაში შედის.

6. სახელმწიფო ან 27-ე მუხლში ნახსენები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, რომელიც წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ რაიმე სხვა აზრი არ გამოითქვა, მიიჩნევა:

(ა) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც შეტანილია ამგვარი შესწორებები; და

(ბ) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც არ არის შეტანილი რაიმე შესწორებები რომელიმე მონაწილის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ასეთი შესწორებების მოქმედება.

    მუხლი 34. ავთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენცია შედგენილია არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ექვსივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

    მუხლი 35. რეგისტრაცია

გაეროს წესდების 102-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაეროს სამდივნო იუნესკოს გენერალური დირექტორის თხოვნის საფუძველზე.

 

 დანართი

 მორიგების პროცედურა

    მუხლი 1. მომრიგებელი კომისია

მომრიგებელი კომისია შეიქმნება დავის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით. კომისიის შემადგენლობაში შევა, თუ მონაწილენი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ხუთი წევრი; ორ-ორს დანიშნავს თითოეული მონაწილე, ხოლო თავმჯდომარეს მონაწილეთა შეთანხმების საფუძველზე აირჩევენ.

    მუხლი 2. კომისიის წევრები

თუ დავაში ორ მონაწილეზე მეტია ჩართული, მსგავსი ინტერესების მქონე მონაწილენი კომისიაში თავიანთ წევრებს ერთობლივად, შეთანხმების საფუძველზე დანიშნავენ. თუ ორ ან მეტ მონაწილეს განსხვავებული ინტერესები აქვთ ან თუ ვერ შეთანხმდებიან იმის თაობაზე, აქვს თუ არა საერთო ინტერესები, თავიანთ წევრებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დანიშნავენ.

    მუხლი 3. დანიშვნა

თუ რომელიმე მონაწილე მომრიგებელი კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან ორი თვის განმავლობაში არ დანიშნავს სასურველ წევრს, იუნესკოს გენერალური დირექტორი იმ მონაწილის თხოვნით, რომელმაც ამგვარი კომისიის შექმნის წინადადება წამოაყენა, ასეთ დანიშვნას შემდგომი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს.

    მუხლი 4. კომისიის თავჯდომარე

თუ მომრიგებელი კომისიის თავჯდომარე არ დაინიშნება კომისიის ბოლო წევრის დანიშვნის დღიდან ორი თვის განმავლობაში, იუნესკოს გენერალური დირექტორი, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ასეთ დანიშვნას შემდგომი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს.

    მუხლი 5. გადაწყვეტილებები

მომრიგებელი კომისია გადაწყვეტილებებს მიიღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, იგი თავად დაადგენს საკუთარ პროცედურას. მას შეაქვს დავის გადაჭრის წინადადება, რომელიც მონაწილეებმა კეთილსინდისიერად უნდა განიხილონ.

    მუხლი 6. უთანხმოება

მომრიგებელი კომისიის კომპეტენციასთან დაკავშირებულ უთანხმოებას თავად კომისია გადაწყვეტს.