ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • Word
ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 14/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000805
  • Word
-
16/05/2005
გაურკვეველი, -, 14/09/2010
480150000.03.030.000805
ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის საბჭოს კონვენცია

ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და წინამდებარე კონვენციის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები.

მიიჩნევენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია თავის წევრებს შორის უფრო მყარი ერთიანობის მიღწევა;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით უკანონო ვაჭრობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ამ ვაჭრობის მსხვერპლთა მონურ მდგომარეობამდე მიყვანა;

მიიჩნევენ რა, რომ მსხვერპლთა უფლებების პატივისცემა, მსხვერპლთა დაცვა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს უპირატესი მნიშვნელობის მქონე მიზნებს;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ღონისძიება ან ინიციატივა უნდა ემყარებოდეს არადისკრიმინაციულობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს და ასევე ითვალისწინებდეს ბავშვთა უფლებებს;

ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის 112-ე (2003 წლის 14-15 მაისს) და 114-ე (2004 წლის 12-13 მაისი) სხდომებზე წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ დეკლარაციებს, რომლებიც ევროპის საბჭოს მოუწოდებს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლისაკენ;

ითვალისწინებენ რა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციას (1950) და მის ოქმებს;

ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის შემდეგ რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ: რეკომენდაციის No. R (91) 11 ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური ექსპლუატაციის, პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის და ბავშვებითა და მოზარდებით ვაჭრობის შესახებ; რეკომენდაციას No. R (97) 13 მოწმეების დაშინებისა და დაცვის უფლებების შესახებ; No. R (2000) 11 სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და რეკომენდაციას Rec (2001) 16 სექსუალური ექსპლუატაციისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ; რეკომენდაციას Rec (2002) 5 ძალადობისაგან ქალთა დაცვის შესახებ;

ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ რეკომენდაციებს:

რეკომენდაცია 1325 (1997) ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ქალებით ვაჭრობისა და იძულებითი პროსტიტუციის შესახებ; რეკომენდაციას 1450 (2000) ევროპაში ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ; რეკომენდაციას 1545 (2002) ქალებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ; რეკომენდაციას 1610 (2003) ქალებით ვაჭრობასთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული მიგრაციის შესახებ; რეკომენდაციას 1611 (2003) ევროპაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ; რეკომენდაციას 1663 (2004) მონობა ქვეყნის შიგნით: ყმობა, მომვლელთა სამსახური და პატარძლების გამოძახება ფოსტით;

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 19 ივლისის ჩარჩო- გადაწყვეტილებას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბროლის შესახებ, ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 15 მარტის ჩარჩო გადაწყვეტილებას სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლთა სტატუსის შესახებ და ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის დირექტივას მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის გაცემული ცხოვრების ნებართვების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთ ან რომლებიც ჩართულ იყვნენ უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ქმედებებში და რომლებიც თანამშრომლობენ კომპეტენტურ ორგანოებთან;

მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ და მის ოქმს ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ აღნიშნული აქტების მიერ უზრუნველყოფილი დაცვის სრულყოფისა და მათ მიერ დადგენილი სტანდარტების განვითარების მიზნით;

მხედველობაში იღებენ რა სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;

მხედველობაში იღებენ რა ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომლის მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და მონიტორინგის სპეციალური მექანიზმის შემუშავება,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. მიზნები, მოქმედების ფარგლები, არადისკრიმინაციულობის პრინციპი და განსაზღვრებები

    მუხლი 1- კონვენციის მიზნები

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

a) ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გენდერული თანასწორობა;

b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვისა და დახმარების ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გენდერული თანასწორობა და ასევე ეფექტური გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა;

c) ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2. მონაწილეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით, კონვენციის საფუძველზე იქმნება მონიტორინგის სპეციალური მექანიზმი.

    მუხლი 2 – მოქმედების ფარგლები

წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად, ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.

    მუხლი – 3 არადისკრიმინაციულობის პრინციპი

მონაწილეები წინამდებარე კონვენციის დებულებებს, კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ზომებს განახორციელებენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რომელიც ემყარება სქესს, რასობრივ კუთვნილებას, კანის ფერს, ენას, რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებებს, ეროვნულ ან სოციალურ წარმოშობას, ეროვნული უმცირესობის წევრობას, საკუთრებას, დაბადებას ან სხვა სტატუსს.

    მუხლი 4 – განსაზღვრებები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) „ადამიანებით ვაჭრობა“ ნიშნავს ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას თავშესაფრის მიცემას ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლოატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლოატაციის პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას;

b) „ ადამიანთა ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (a) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალებით;

c) ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება განიხილება როგორც „ადამიანებით ვაჭრობა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალება;

d) „ბავშვი“ ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს;

e) „მსხვერპლი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის ობიექტს ამ მუხლის განსაზღვრების შესაბამისად.

თავი II. პრევენცია, თანამშრომლობა და სხვა ზომები

    მუხლი 5 – ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია

1. თითოეული მონაწილე მიიღებს ზომებს ეროვნულ დონეზე კოორდინაციის განხორციელების ან განმტკიცების მიზნით იმ ორგანოთა შორის, რომლებსაც ევალებათ ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

2. თითოეული მონაწილე შეიმუშავებს და/ან გააძლიერებს ეფექტურ პოლიტიკას და პროგრამებს ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით ისეთი საშუალებების გამოყენების გზით, როგორებიცაა: კვლევა, ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები და სასწავლო პროგრამები, განსაკუთრებით იმ პირთათვის, რომლებიც წარმოადგენენ ტრეფიკინგის სამიზნეს და იმ პროფესიონალებისათვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის სფეროში.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ყველა სახის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების დროს, თითოეულმა მონაწილემ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, გენდერულ თანასწორობასა და განსაკუთრებით ბავშვთა ინტერესების დაცვაზე.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს მიგრაციის კანონიერი ფორმით განხორციელება, შესაბამისი სამსახურების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერი შესვლისა და ყოფნის პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელების გზით.

5. თითოეული მონაწილე გაატარებს სპეციალურ ზომებს, რათა შეამციროს ბავშვების ტრეფიკინგში ჩათრევის შესაძლებლობა, მათთვის დამცავი გარემოს შექმნის გზით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ზომებს, სათანადო შემთხვევებში, განახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ის ერთეულები, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა ან მათთვის დახმარების გაწევის სფეროში.

    მუხლი 6 – მოთხოვნის შესუსტების მიზნით გატარებული ზომები

ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციის ყველა ფორმასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნის შესუსტების მიზნით, რასაც შედეგად მოსდევს ტრეფიკინგი, თითოეული მონაწილე მიიღებს ან გააძლიერებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ ან სხვა ზომებს, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

a) კვლევის ჩატარება ეფექტური პრაქტიკის, მეთოდების და სტრატეგიების სფეროში;

b) საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც მათ ეკისრებათ მოთხოვნის, როგორც ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზის განსაზღვრაში;

c) მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რომლებშიც, შესაბამის შემთხვევებში, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები;

d) პრევენციული ზომების გატარება, რომლების მოიცავს სასკოლო ასაკის ბიჭებისა და გოგონებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სქესობრივი დისკრიმინაციის მიუღებლობისა და მის სავალალო შედეგებზე, გენდერული თანასწორობისა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობაზე.

    მუხლი 7 –  სასაზღვრო ზომები

1. პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, მონაწილეები შესაძლებლობის ფარგლებში გააძლიერებენ სასაზღვრო კონტროლის ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და გამოაშკარავების მიზნით.

2. თითოეული მონაწილე მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა შესაბამის ზომებს, რათა შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუშალოს კომერციული გადამზიდველი კომპანიების მიერ ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3. შესაბამის შემთხვევებში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების დებულებათა შეუზღუდავად, ასეთი ზომები ითვალისწინებს კომერციული გადამზიდველი კომპანიების, მათ შორის ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიის ან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან ოპერატორის ვალდებულებას, დაადგინოს აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ ქვეყანაში შესვლისათვის აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტაცია.

4. თითოეული მონაწილე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს აუცილებელ ზომებს შესაბამისი სანქციების დაწესების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომელთა მიზანია შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ ან გაუუქმდეთ ვიზები იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

6. მონაწილეები გააძლიერებენ თანამშრომლობას სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს შორის კომუნიკაციის პირდაპირი არხების შექმნისა და ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 8 - დოკუმენტაციის უსაფრთხოება და კონტროლი

თითოეული მონაწილე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა:

a) უზრუნველყოს, რომ მის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტაცია ან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ იძლეოდეს მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების, გაყალბების ან უკანონო გზით შეცვლის, რეპროდუცირების ან გაცემის შესაძლებლობას;

b) უზრუნველყოს მონაწილის მიერ ან მისი სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტაციის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთების მთლიანობა და უსაფრთხოება და აღკვეთოს მათი უკანონოდ შექმნა და გაცემა.

    მუხლი 9 - დოკუმენტაციის კანონიერება და ნამდვილობა

ნებისმიერი მონაწილის მოთხოვნით, თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გონივრულ ვადაში შეამოწმებს იმ სამგზავრო დოკუმენტაციის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთების კანონიერებას და ნამდვილობას, რომლებიც გაცემულია ან ივარაუდება რომ გაცემულ იქნა მისი სახელით და რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის მიზნით.

თავი III. მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და განმტკიცების მიზნით გატარებული ზომები და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა

    მუხლი 10 – მსხვერპლთა იდენტიფიკაცია

1. თითოეული მონაწილე თავის კომპეტენტურ ორგანოებში მიავლენს პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება და გააჩნიათ კვალიფიკაცია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მსხვერპლთა, მათ შორის ბავშვების იდენტიფიცირების და მათთვის დახმარების გაწევის სფეროში და უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობას ერთმანეთთან და სხვა შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, და შესაბამის შემთხვევებში, მსხვერპლთათვის გაიცეს ცხოვრების ნებართვები წინამდებარე კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. თითოეული მონაწილე, სხვა მონაწილეებთან და შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სათანადო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ესა თუ ის პირი წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ასეთი პირის ყოფნას კომპეტენტურ ორგანოთა მიერ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესის დასრულებამდე, და ასევე უზრუნველყოფს ასეთი მსხვერპლისათვის მე-12 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაწევას.

3. თუ მსხვერპლის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი ბავშვია, მსხვერპლი ჩაითვლება ბავშვად და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ზომები.

4. როგორც კი მოხდება უპატრონო ბავშვის, როგორც მსხვერპლის იდენტიფიცირება, თითოეული მონაწილე:

a) უზრუნველყოფს, რათა ბავშვს დაენიშნოს კანონიერი მეურვე, ორგანიზაცია ან ორგანო, რომელიც დაიცავს ასეთი ბავშვის ინტერესებს;

b) მიიღებს აუცილებელ ზომებს მისი ვინაობისა და მოქალაქეობის დადგენის მიზნით;

c) ყველაფერს იღონებს მისი ოჯახის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, თუ ეს შედის ბავშვის ინტერესებში.

    მუხლი 11 – პირადი ცხოვრების დაცვა

1. თითოეული მონაწილე დაიცავს მსხვერპლთა პირად ცხოვრებასა და ვინაობას. მათთან დაკავშირებული პირადი მონაცემები ექვემდებარება შენახვას და გამოყენებას „პირად მონაცემთა ავტომატური დამუშავებისაგან პირთა დავის შესახებ“ კონვენციის პირობათა შესაბამისად (ETS No.108) .

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვის ვინაობა ან მისი ვინაობის დასადგენად საჭირო მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ცნობილი საინფორმაციო საშუალებებით ან ნებისმიერი სხვა გზით, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა ბავშვის ოჯახის წევრების დადგენის ან მისი კეთილდღეობის და დაცვის სხვაგვარად უზრუნველყოფის მიზნით.

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, როგორც ეს განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თითოეული მონაწილე განიხილავს ისეთი ზომების გატარების შესაძლებლობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საინფორმაციო საშუალებებს მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და ვინაობის დაცვაში, თვითრეგულირების, ან რეგულირების ან ერთობლივი რეგულირების ზომების გატარების გზით.

    მუხლი 12 – მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა

1. თითოეული მონაწილე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას. ასეთი დახმარება მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

a) ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მინიმუმს: სათანადო და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება;

b) პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;

c) მთარგმნელთა და თარჯიმანთა მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში;

d) მათთვის გასაგებ ენაზე კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება მათი იურიდიული უფლებებისა და იმ მომსახურებათა შესახებ, რომლებითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა;

e) დახმარების გაწევა იმ მიზნით, რომ მათი უფლებები და ინტერესები სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი და დაცული დამნაშავეთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე;

f) ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

2. თითოეული მონაწილე მხედველობაში მიიღებს მსხვერპლის უსაფრთხოებისა და დაცვის საჭიროებებს.

3. ამასთან, თითოეული მონაწილე აუცილებელ სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას გაუწევს იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე და რომელთაც არა აქვთ საკმარისი სახსრები და საჭიროებენ ასეთ დახმარებას.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, ექნებათ შრომის ბაზრით სარგებლობის, პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღების უფლება.

5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მიიღებს ზომებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების იმ ერთეულებთან თანამშრომლობის მიზნით, რომლებიც მუშაობენ მსხვერპლისათვის დახმარების გაწევის სფეროში.

6. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა დამოკიდებული არ იყოს მის სურვილზე მოწმედ გამოვიდეს სასამართლო პროცესზე.

7. ამ მუხლის დებულებათა განხორციელების მიზნით, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების გაწევა მოხდეს შეთანხმებისა და ინფორმირებულობის საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა განსაკუთრებული საჭიროებებისა და ბინით უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ბავშვთა უფლებების გათვალისწინებით.

    მუხლი 13 – ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის პერიოდი

1. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებლობაში გაითვალისწინებს ზეგავლენას დაძლევისა და გამორკვევის 30-დღიან პერიოდს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოცემული პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ასეთი პერიოდი საკმარისი იქნება აღნიშნული პირისათვის, რათა მან დაძლიოს და თავი დააღწიოს ტრეფიკიორთა ზეგავლენას და/ან მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება გამოცემულ იქნეს განკარგულება ამ პირის გაძევების შესახებ. ეს ნორმა არ ზღუდავს კომპეტენტურ ორგანოთა უფლებას განახორციელონ თავიანთი საქმიანობა შესაბამისი სამართალწარმოების ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით, დანაშაულებათა გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის დროს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მონაწილეები ამ პირებს დართავენ თავიანთ ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას.

2. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ მე-12 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზომებით.

3. მონაწილეები ვალდებულნი არ არიან დაიცვან ეს პერიოდი, თუ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის ინტერესებს, ან თუ გამოირკვევა, რომ მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა საფუძველს არის მოკლებული.

    მუხლი 14 – ცხოვრების ნებართვა

1. თითოეული მონაწილე მსხვერპლის სახელზე გასცემს ნებართვას, რომელსაც შეიძლება ვადა გაუგრძელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემთხვევაში:

a) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია მისი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე;

b) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია გამოძიების ან სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს კომპეტენტურ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ბავშვის მსხვერპლის სახელზე ცხოვრების ნებართვა გაიცემა, თუ ეს იურიდიული თვალსაზრისით აუცილებელია და თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესები. საჭიროების შემთხვევაში  ამგვარ ნებართვას შეიძლება ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობების დაცვით;

3. ცხოვრების ნებართვის განუახლებლობა ან გაუქმება რეგულირდება მონაწილის შიდა კანონმდებლობის მიხედვით;

4. თუ მსხვერპლი წარადგენს განაცხადს რაიმე სხვა სახის ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით, შესაბამისმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს რომ ეს პირი ფლობს ან ფლობდა ცხოვრების ნებართვას 1 პუნქტის შესაბამისად.

5. იმ მონაწილეთა ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის 40-ე მუხლი, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ ნებართვის მინიჭება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად განხორციელდეს პირის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს თავშესაფარი.

    მუხლი 15 – კომპენსაცია და იურიდიული დახმარება

1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, მსხვერპლთათვის, მათ მიერ კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარებისთანავე, ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი სასამართლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ.

2. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ იურიდიული დახმარება და უფასო იურიდიული კონსულტაცია თავისი შიდა კანონმდებლობის პირობათა შესაბამისად.

3. თითოეული მონაწილე თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ კომპენსაცია დანაშაულის ჩამდენ პირთაგან.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსხვერპლთა საკომპენსაციო ფონდის შექმნის ან ასეთი ზომების ან პროგრამების განხორციელების გზით, რომლებიც მიზნად ისახავს მსხვერპლთათვის სოციალური დახმარების გაწევასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას, რაც შეიძლება დაფინანსდეს 23-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების შედეგად ამონაგები თანხებიდან.

    მუხლი 16 – მსხვერპლთა რეპატრიაცია და დაბრუნება

1. მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, ხელს შეუწყობს ამ პირის დაბრუნებას არამართებული ან უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე, პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით.

2. როდესაც ერთი მონაწილე მსხვერპლს უბრუნებს სხვა მონაწილეს, ასეთი დაბრუნება უნდა განხორციელდეს პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით და სასამართლო პროცესზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ამასთან, სასურველია, რომ ეს დაბრუნება ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს.

3. მიმღები მონაწილის მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღები მონაწილე გადაამოწმებს, არის თუ არა მოცემული პირი მისი მოქალაქე, ან ჰქონდა თუ არა მას მუდმივი ცხოვრების უფლება მის ტერიტორიაზე მიმღების მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს.

4. შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე მსხვერპლის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, გასცემს, მიმღები მონაწილის მოთხოვნით, ისეთ სამგზავრო დოკუმენტაციას ან სხვა სახის ნებართვას, რომელიც აუცილებელია ამ პირის მის ტერიტორიაზე შესვლის ან ხელმეორედ შესვლისათვის.

5. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია რეპატრიაციის ისეთი პროგრამების განხორციელებისათვის, რომლებიც მოიცავს შესაბამის ეროვნულ ან საერთაშორისო ინსტიტუტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი პროგრამები მიზნად ისახავს რევიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. თითოეული მონაწილე, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების გზით, ხელს შეუწყობს მსხვერპლთა რეინტეგრაციას იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ბრუნდებიან, განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე რეინტეგრაციის ჩათვლით. ბავშვების შემთხვევაში, ეს პროგრამები ითვალისწინებს განათლების უფლებითა და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას და ზომების გატარებას ბავშვის ოჯახში ან შესაბამის მზრუნველობით დაწესებულებაში დაბინავების მიზნით.

6. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, შესაბამის შემთხვევებში ნებისმიერ სხვა მონაწილესთან თანამშრომლობის გზით, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ინფორმაციით იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის დახმარების გაწევა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი დაბრუნებულ ან რეპატრირებულ იქნენ. ასეთი სტრუქტურებია: სამართალდამცავი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები.

7. ბავშვი მსხვერპლი არ იქნება დაბრუნებული რომელიმე სახელმწიფოში ბავშვის დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი რისკისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე.

    მუხლი 17 – გენდერული თანასწორობა

თითოეული მონაწილე, წინამდებარე თავით გათვალისწინებული ზომების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობისა და გენდერული თანაბარუფლებიანობის დამკვიდრებას.

თავი IV. სისხლის სამართლის მატერიალური ნორმები

    მუხლი 18 – ადამიანებით ვაჭრობის კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა წინამდებარე მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მისი განზრახ განხორციელების შემთხვევაში, გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.

    მუხლი 19 – მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობის კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე განიხილავს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომების გატარების შესაძლებლობას, რომლებიც აუცილებელია, რათა თავის შიდა კანონმდებლობაში სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს პირის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც წარმოადგენს ექსპლოატაციას წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, თუ ამგვარი მომსახურებით სარგებლობა ხორციელდება წინასწარი შეცნობით იმისა, რომ ეს პირი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია.

    მუხლი 20 – მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა შემდეგი ქმედებები გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილია განზრახ და ადამიანებით ვაჭრობის განხორციელების მიზნით:

a) მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაყალბება;

b) ასეთი დოკუმენტის მოპოვებით ან მიწოდება;

c) სხვა პირის მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მითვისება, მოშორება, დამალვა, დაზიანება ან განადგურება.

    მუხლი 21 –  მცდელობა და დახმარება ან წაქეზება

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს, მათი განზრახ ჩადენის შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის მე-18 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დახმარების გაწევა ან წაქეზება.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის (a) პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა, თუ მას აქვს წინასწარგანზრახული ხასიათი.

    მუხლი 22 იურიდიული პირის პასუხისმგებლობა

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელსაც ფიზიკური პირი სჩადის ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ, ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის წევრი, სადაც მას უკავია წამყვანი თანამდებობა, ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებულია:

a) მის უფლებამოსილებასთან შეასრულოს იურიდიული პირის წარმომადგენლის როლი;

b) მის უფლებამოსილებასთან მიიღოს გადაწყვეტილებები იურიდიული პირის სახელით;

c) მის უფლებამოსილებასთან განახორციელოს კონტროლი იურიდიული პირის შიგნით.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეული მონაწილე გაატარებს საჭირო ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული ფიზიკური პირის მხრიდან განუხორციელებელმა ზედამხედველობამ ან კონტროლმა შესაძლებელი გახადა ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილებით, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ.

3. მონაწილის იურიდიული პრინციპების შესაბამისად, იურიდიულ პირს შესაძლებელია დაეკისროს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციულ სამართლებ­რივი პასუხისმგებლობა.

4. ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა ზღუდავდეს იმ ფიზიკურ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.

    მუხლი 23 – სანქციები და ზომები

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა მე-18-21-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის შემოღებულ იქნეს ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები. მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულების შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილია ფიზიკურ პირთა მიერ, ასეთი სანქციები მოიცავს სასჯელის ისეთ ზომას, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ექსტრადაცია.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ 22-ე მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემული იურიდიული პირის მიმართ განხორციელდეს ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სისხლის სამართლებრივი ან არასისხლის სამართლებრივი სანქციები ან ზომები, ფულადი სანქციების ჩათვლით.

3. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაულებათა იარაღების ან მათი ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების, ან იმ ქონების კონფისკაციას ან სხვა სახით ჩამორთმევას, რომლის ღირებულებაც შეესაბამება ასეთ შემოსავლებს.

4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმ დაწესებულების დროებით ან სამუდამოდ დახურვის მიზნით, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანებით ვაჭრობის მიზნით, კეთილსინდისიერ მესამე მონაწილეთა უფლებების შეუზღუდავად, ან რომლებიც აუცილებელია, რათა დანაშაულის ჩამდენ პირს აეკრძალოს, დროებით ან სამუდამოდ, ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომლის განმავლობაშიც ჩადენილ იქნა ასეთი დანაშაული.

    მუხლი 24 – დამამძიმებელი გარემოებები

თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი დანაშაულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას, შემდეგი სახის გარემოებები მიჩნეულ იქნეს დამამძიმებელ გარემოებებად:

a) დანაშაული განზრახ ან უხეში დაუდევრობით საფრთხეში აგდებდა მსხვერპლის სიცოცხლეს;

b) დანაშაული ჩადენილ იქნა ბავშვის წინააღმდეგ;

c) დანაშაული ჩადენილ იქნა საჯარო მოსამსახურის მიერ სამასახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს;

d) დანაშაული ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში.

    მუხლი 25 – ნასამართლეობა

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს სხვა მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციაში მითითებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენები.

    მუხლი 26 – სასჯელის გამომრიცხავი გარემოება

თითოეული მონაწილე თავისი სამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლთ არ დაეკისროთ სასჯელები კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის გამო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ.

თავი V. გამოძიება, სამართალდევნა და საპროცესო კანონმდებლობა

    მუხლი 27. ზომების გატარება ცალმხრივად და თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე

1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება ან მათთან დაკავშირებით სამართლებრივი დევნის განხორციელება არ იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ან მის მიერ გაკეთებულ საბრალდებო განაცხადზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილ იქნა მის ტერიტორიაზე.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ იმ დანაშაულის მსხვერპლმა, რომელიც ჩადენილ იქნა მონაწილის და არა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ეს პირი ცხოვრობს, შეიტანოს საჩივარი იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც ის ცხოვრობს. თუ იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც შეტანილ იქნა საჩივარი, არ გააჩნია ამ საჩივრის განხილვის კომპეტენცია, იგი დაუყოვნებლივ გადასცემს საჩივარს იმ მონაწილის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული. საჩივარი განიხილება იმ მონაწილის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული.

3. საკანონმდებლო ან სხვა ზომების განხორციელების გზით და თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თითოეული მონაწილე ნებისმიერ იმ ჯგუფს, ფონდს, ასოციაციას ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მისცემს შესაძლებლობას დახმარება გაუწიოს და/ან მხარი დაუჭიროს მსხვერპლს, მისივე თანხმობით, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში.

    მუხლი 28 – მსხვერპლთა, მოწმეთა და იმ პირთა დაცვა, რომლებიც თანამშრომლობენ სამართლებრივ ორგანოებთან

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო დ სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული შურისძიება ან დაშინება, ეფექტური და სათანადო დაცვით უზრუნველყოფილ იქნან:

a) მსხვერპლნი;

b) ის პირები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციას აწვდიან საგამოძიებო ან სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებს ან სხვაგვარად თანამშრომლობენ მათთან;

c) მოწმეები, რომლებიც ჩვენებას იძლევიან წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ;

d) აუცილებლობის შემთხვევაში იმ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც მითითებულია ქვეპუნქტში (a) და (c).

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა სახის დაცვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ დაცვას, ადგილმდებარეობისა და ვინაობის შეცვლას და სამსახურის შოვნაში დახმარების გაწევას.

3. მსხვერპლი ბავშვის მიმართ გატარდება სპეციალური დაცვითი ზომები ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ იმ ჯგუფების, ფონდების, ასოციაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ახორციელებენ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, უზრუნველყოფილ იქნან შესაბამისი დაცვით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათთვის სამაგიეროს გადახდა ან დაშინება ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ.

5. თითოეული მხარე განიხილავს სხვა სახელმწიფოებთან შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობას წინამდებარე მუხლის განხორციელების მიზნით.

    მუხლი 29 – სპეციალიზებული ორგანოები და მაკოორდინირებელი ორგანოები

1. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ ზომებს პირების ან ორგანოების სპეციალიზების მიზნით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში. მონაწილის საკანონმდებლო სისტემის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ასეთი პირები ან ორგანოები ისარგებლებენ აუცილებელი დამოუკიდებლობით, რაც მათ მისცემს თავიანთი ფუნქციების ეფექტურად და უმართებულო ზეწოლის გარეშე განხორციელების საშუალებას. ასეთი პირები ან ასეთ ორგანოთა პერსონალი თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ისარგებლებს შესაბამისი ტრეინინგით და ფინანსური რესურსებით.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავიანთი სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა საჯარო სამსახურების მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკისა და ღონისძიებების კოორდინირების მიზნით, რაც განხორციელდება საკორდინაციო ორგანოების შექმნის გზით.

3. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს შესაბამისი მოხელეებისათვის სასწავლო კურსების ჩატარებას ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ადამიანის უფლებათა შესახებ ტრინინგის ჩათვლით. ამგვარი ტრეინინგი შეიძლება ითვალისწინებდეს რომელიმე კონკრეტული სამსახურის სპეციფიკას და ორიენტირებული იყოს შემდეგი საკითხების შესწავლაზე: ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით გამოყენებული მეთოდიკა, ტრეფიკიორთა მიმართ განხორციელებული სამართალდევნა და მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ტრეფიკიორთაგან მსხვერპლთა დაცვის ჩათვლით.

4. თითოეული მონაწილე განიხილავს ეროვნული მომხსენებლის დანიშვნის ან სხვა მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ტრეფიკინგის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და მათ მიერ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის მიზნით.

    მუხლი 30. სასამართლო პროცესი

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის, კერძოდ კი მისი მე-6 მუხლის შესაბამისად, თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სასამართლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნეს:

a) მსხვერპლთა პირადი ცხოვრების და საჭიროების შემთხვევაში, ვინაობის დაცვა;

b) მსხვერპლთა უსაფრთხოება და მათი დაცვა, რათა მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დაშინების მეთოდები.

თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ბავშვი მსხვერპლის შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებათა უზრუნველყოფისა და მათთვის სპეციალური დაცვის ზომებით სარგებლობის უფლების მინიჭების გზით.

    მუხლი 31 – იურისდიქცია

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერ დანაშაულზე თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილია:

a) მის ტერიტორიაზე; ან

b) იმ გემზე, რომელიც დაცურავს ამ მონაწილის დროშით; ან

c) იმ თვითმფრინავზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ მონაწილის კანონმდებლობის შესაბამისად; ან

d) მისი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე იმ პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი, თუ დანაშაული დასჯადია იმ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, სადაც იგი ჩადენილ იქნა, ან თუ დანაშაული ჩადენილ იქნა იქ, სადაც არ ვრცელდება არცერთი სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქცია;

e) მისი მოქალაქის წინააღმდეგ.

2. თითოეულ მონაწილეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საშუალებით განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ მუხლის 1(d) და (e) პუნქტებით გათვალისწინებული იურისდიქციის წესები.

3. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის, ექსტრადირების მოთხოვნის მიღების შემდეგ, არ ახდენს მის ექსტრადირებას სხვა სახელმწიფოსათვის მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე.

4. თუ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე მონაწილე, შესაბამისი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის დადგენის მიზნით.

5. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს მონაწილის მიერ თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის გამოყენების შესაძლებლობას.

თავი VI. საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან

    მუხლი 32 – საერთაშორისო თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები და ზომები

მონაწილეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად და მოქმედი საერთაშორისო და რეგიონული აქტების და ერთგვაროვანი ან შემხვედრითი კანონმდებლობისა და შიდა კანონების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებების გამოყენების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

- ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

- მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა;

- წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიება ან სასამართლო პროცესების ჩატარება.

    მუხლი 33 – საფრთხის ქვეშ მყოფ ან დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ზომები

1. როდესაც მონაწილეს, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ 28-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული პირის სიცოცხლეს, თავისუფლებას ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სხვა მონაწილის ტერიტორიაზე ემუქრება საფრთხე, ინფორმაციის მფლობელი მონაწილე ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა მონაწილეს დაცვის შესაბამისი ზომების გატარების მიზნით.

2. მონაწილეებმა შეიძლება განიხილონ თანამშრომლობი გაძლიერების შესაძლებლობა დაკარგული პირების, განსაკუთრებით კი დაკარგული ბავშვების მოძიების მიზნით, თუ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ დაკარგული წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს. ამ მიზნით მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები.

    მუხლი 34 – ინფორმაცია

1. მოთხოვნის მიმღები მონაწილე მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს დაუყოვნებლივ აცნობებს წინამდებარე თავის შესაბამისად განხორციელებული ზომების საბოლოო შედეგის შესახებ. მოთხოვნის მიმღები მონაწილე ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს ნებისმიერი ისეთი გარემოების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად აყოვნებს მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელებას.

2. მონაწილეს შეუძლია, თავისი კანონმდებლობის ფარგლებში, წინასწარი თხოვნის გარეშე, სხვა მონაწილეს გადასცეს მის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია, თუ ის მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცესის დაწყებასა და განხორციელებაში, ან შეიძლება საფუძველი მისცეს ამ მონაწილეს მოითხოვოს თანამშრომლობა წინამდებარე თავის შესაბამისად.

3. ასეთი ინფორმაციის მიწოდებამდე, ინფორმაციის მიმწოდებელმა მონაწილემ შეიძლება მოითხოვოს, რომ დაცულ იქნეს ინფორმაციის კონფიდენციალურობა ან მოხდეს მისი გამოყენება გარკვეული პირობების დაცვით. თუ ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს არ შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება, ის ამის შესახებ აცნობებს ინფორმაციას მიმწოდებელ მონაწილეს, რომელიც შემდგომ გადაწყვეტს გადაცემულ უნდა იქნეს თუ არა ინფორმაცია. თუ მიმღები მონაწილე ინფორმაციას მიიღებს გარკვეული პირობების დაცვის პირობით, იგი ვალდებული იქნება შეასრულოს ეს პირობები.

4. ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილ იქნა მე-13, მე-14 და მ-16 მუხლების შესაბამისად და რომლის მიწოდებაც აუცილებელია ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მონაწილის მოთხოვნით გადაეცემა დანიშნულებისამებრ, გაჭიანურების გარეშე, წინამდებარე კონვენციის მე-11 მუხლის გათვალისწინებით.

    მუხლი 35 – სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

თითოეული მონაწილე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო მოხელეებს ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბების მიზნით, წინამდებარე კონვენციის მიზნების შესაბამისად.

თავი VII. მონიტორინგის განხორციელების მექანიზმი

    მუხლი 36 – ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი

1. ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში GRETA) მონიტორინგს გაუწევს მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.

2. GRETA შედგება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 წევრისაგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის დაცვითა და მრავალდარგობრივი გამოცდილების გათვალისწინებით. ამ წევრებს აირჩევს მონაწილეთა კომიტეტი 4 წლის ვადით წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მონაწილეთა მოქალაქეების მხრიდან. ეს ვადა ექვემდებარება განახლებას მხოლოდ ერთხელ.

3. GRETA- ს წევრების არჩევა განხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

a) წევრები უნდა წარმოადგენდნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირებს, მათ უნდა გააჩნდეთ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის, მსხვერპლთათვის დახმარების გაწევისა და დაცვის ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ან უნდა ჰქონდეთ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სფეროებში მუშაობის პროფესიული გამოცდილება;

b) წევრები თავად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ჯგუფის მუშაობაში, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი თავიანთი ფუნქციების შესრულებისას და უნდა შეეძლოთ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება;

c) GRETA-ს ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე;

d) წევრები უნდა წარმოადგენდნენ ძირითად საკანონმდებლო სისტემებს.

4. GRETA-ს წევრების არჩევის პროცედურას განსაზღვრავს მინისტრთა კომიტეტი წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვამი თანხმობის მიღების შემდეგ, კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. GRETA დაამტკიცებს თავის საპროცედურო წესს.

    მუხლი 37 – მონაწილეთა კომიტეტი

1. მონაწილეთა კომიტეტი შედგება წინამდებარე კონვენციის იმ სახელმწიფო მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები და წინამდებარე კონვენციის იმ მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.

2. მონაწილეთა კომიტეტს იწვევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. მისი პირველი სხდომა ჩატარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში GRETA-ს წევრების არჩევის მიზნით. ამის შემდეგ სხდომები გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მონაწილეთა ერთი-მესამედი.

3. მონაწილეთა კომიტეტი მიიღებს თავის საპროცედურო წესს.

    მუხლი 38 – პროცედურა

1. შეფასების პროცედურა ვრცელდება კონვენციის მონაწილეებზე და იგი იყოფა რაუნდებად, რომელთა ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს GRETA. თითოეული რაუნდის დასაწყისში GRETA განსაზღვრავს იმ სპეციალურ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება შეფასების პროცედურა.

2. GRETA განსაზღვრავს ასეთი შეფასების განხორციელებისათვის ყველაზე მართებულ მეთოდს. შეფასების თითოეული რაუნდისათვის GRETA-ს შეუძლია შეადგინოს კითხვარი, რომლის საფუძველზეც მოხდება მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების შეფასება. ასეთი კითხვარი მიეწოდება ყველა მონაწილეს,. მონაწილეები შეავსებენ კითხვარს, ამავე დროს ისინი შეასრულებენ GRETA-ს ნებისმიერ მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

3. GRETA-ს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისაგან.

4. სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოებთან და მათ მიერ დანიშნულ „საკონტაქტო პირთან“ თანამშრომლობითა და აუცილებლობის შემთხვევაში, დამოუკიდებელი ეროვნული ექსპერტების დახმარებით, GRETA-ს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს ქვეყნებში ვიზიტების ჩატარებას. ამ ვიზიტების განმავლობაში, GRETA-ს შეიძლება დახმარება გაუწიონ კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულმა ექსპერტებმა.

5. GRETA მოამზადებს ანგარიშის პროექტს, რომელიც შეიცავს იმ დებულებათა განხორციელების ანალიზს, რომელთა მიხედვითაც შედგენილია შეფასება და ასევე წინადადებებსა და მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრას მონაწილემ მის წინაშე მდგარი პრობლემები. ანგარიშის პროექტი კომენტარისათვის გადაეცემა იმ მონაწილეს, რომელიც გადის შეფასებას. თავისი ანგარიშის შედგენისას GRETA გაითვალისწინებს ამ კომენტარებს.

6. აღნიშნულის გათვალისწინებით, GRETA შეიმუშავებს თავის ანგარიშს და დასკვნებს შესაბამისი მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა განხორციელების მიზნით გატარებული ზომების შესახებ. ეს ანგარიში და დასკვნები გადაეგზავნება შესაბამის მონაწილეს და მონაწილეთა კომიტეტს. GRETA-ს ანგარიში და დასკვნები საჯარო გახდება მათი დამტკიცებისთანავე, შესაბამისი მონაწილის საბოლოო კომენტარებთან ერთად.

7. ამ მუხლის 1-ლ-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შეუზღუდავად, GRETA-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშისა და დასკვნების საფუძველზე, მონაწილეთა კომიტეტს შეუძლია ამ მონაწილისათვის მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც (a) შეეხება GRETA-ს დასკვნების განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღებას და აუცილებლობის შემთხვევაში, ამ დასკვნების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების თარიღის დადგენას და (b) მიზნად ისახავს ამ მონაწილესთან თანამშრომლობის ხელშეწყობას წინამდებარე კონვენციის სათანადოდ განხორციელების მიზნით.

თავი VIII. ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან

    მუხლი 39 – ურთიერთმიმართება ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებითა და ქალებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთის და სასჯელთა დადგენის შესახებ ოქმთან, რომელიც ავსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებითა და ქალებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთის და სასჯელთა დადგენის შესახებ ოქმიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც ავსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამ ოქმით გათვალისწინებული დაცვის გაძლიერებას და მასში მითითებული სტანდარტების შემდგომ სრულყოფას.

    მუხლი 40 – ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან

1. წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან ან იქნებიან წინამდებარე კონვენციის მონაწილეები და რომლებიც არეგულირებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს და უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უფრო ფართო დახმარების გაწევას და მნიშვნელოვან დაცვას.

2. წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების ან მასში გათვალისწინებული პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

3. მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კავშირის წევრებს, თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში გამოიყენებენ თანამეგობრობისა და ევროპის კავშირის იმ ნორმებს, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც არეგულირებს მათ წინაშე მდგარ კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის საგნისა და მიზნის და ასევე სხვა მონაწილეებთან მიმართებაში მისი სრულად გამოყენების შეუზღუდავად.

4. წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს სახელმწიფოთა და ცალკეულ პირთა იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ ენიჭებათ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანირატული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობისა და განსაკუთრებით, 1951 წელი კონვენციისა და 1967 წლის ოქმის საფუძველზე, რომლებიც შეეხება ლტოლვილთა სტატუსს და მათი ისეთი სახელმწიფოსათვის გადაუცემლობის პრინციპს, სადაც მათ ემუქრებათ არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ( principle of non-refoulement).

თავი IX. კონვენციაში შესწორებების შეტანა

    მუხლი 41- შესწორებები

1. მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებული წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მას გადასცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამეგობრობას, 42-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 43-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან შეერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს.

2. მონაწილის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება გადაეცემა GRETA-ს, რომელიც მას გადასცემს მინისტრთა კომიტეტს შემოთავაზებულ შესწორებასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმის მიზნით.

3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და GRETA-ს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, მას შეუძლია დაამტკიცოს შესწორება.

4. მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორების ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს მისი მიღების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის იმ დღის შემდგომი ერთთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველს დღეს, როდესაც მონაწილეები გენერალურ მდივანს შეატყობინებენ მათ მიერ შესწორების მიღების შესახებ.

თავი X. საბოლოო დებულებები

    მუხლი 42 – ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და იმ არაწევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში და ევროპის თანამეგობრობისთვის.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც 10 ხელმომწერი სახელმწიფო, რომელთა შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ 8 წევრი სახელმწიფოა, გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით წინა პუნქტის დებულებათა შესაბამისად.

2. 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, ან ევროპის თანამეგობრობისთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულობასთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც ეს სახელმწიფო მოახდენს თავისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებას.

    მუხლი 43 – კონვენციასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციისა და მათგან ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია კონვენციის შემუშავებაში, მიუერთდეს მას. გადაწყვეტილება მიიღება ევროპის საბჭოს წესდების მე-20(d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით და იმ სახელმწიფო მონაწილეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი თანხმობით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წარმოდგენილნი იყვნენ მინისტრთა კომიტეტში.

2. ნებისმიერი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონვენციას უერთდება, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

    მუხლი 44 – ტერიტორიული გავრცელების ფარგლები

1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, შემდგომში ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის გზით, წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს დეკლარაციაში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის აგებს პასუხს და რომლის სახელითაც ის უფლებამოსილია დადოს შეთანხმებები. ასეთ ტერიტორიასთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ დეკლარაციის მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის გასვლიდან პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია ამ დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაუქმდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. გაუქმება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

    მუხლი 45 – დათქმები

დათქმა არ შეიძლება გაკეთდეს წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით, გარდა 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა.

    მუხლი 46 – დენონსაცია

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველ დღეს.

    მუხლი 47 – შეტყობინება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამეგობრობას, და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციაზე ხელის მოსაწერად 42-ე მუხლის შესაბამისად და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციასთან შეერთების მიზნით 43-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ:

b) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ;

c) 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d) 41-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების შესახებ და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

e) 46-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

f) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, ნოტიფიკაციის ან შეტყობინების შესახებ;

g) 45-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. ვარშავაში 2005 წლის მაისის მე-16 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, ევროპის თანამეგობრობას და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება.