შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის

  • Word
შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 12/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000568
  • Word
-
02/03/2005
გაურკვეველი, -, 12/12/2005
480610000.03.030.000568
შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის

ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველო,

რომელსაც წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შემდგომში ნატო,

რომელიც წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მისი აღმატებულება, ბატონი იაპ დე ჰოოპ სხეფერი,

შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ითვალისწინებენ რა, რომ პასუხად 1994 წლის 10-11 იანვარს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მიერ “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში სამონაწილეოდ პარტნიორი ქვეყნების მიწვევის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტისა, საქართველო დათანხმდა მიწვევაზე “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში და 1994 წლის 23 მარტს ხელი მოაწერა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ჩარჩო ხელშეკრულებას;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის “ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ” 1995 წლის 19 ივნისს ქ. ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმებისა და “ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების 1995 წლის 19 ივნისს ქ. ბრიუსელში გაფორმებული დამატებითი ოქმის წევრი;

იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წლის 12 დეკემბერს საქართველომ და ნატო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ;

იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წლის 12 დეკემბერს საქართველომ მოაწერა ხელი ქცევის კოდექსს;

ითვალისწინებენ რა, რომ “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების პრინციპებისა და დებულებების შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალების გაგზავნასა და მიღებაზე წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმებების საგანს;

განზრახული აქვს რა ხელი შეუწყონ ოპერაციების განხორციელებას; და

აღიარებენ რა სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობას;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1 განსაზღვრებანი:

„ოპერაცია” ნიშნავს ნატო-ს ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის ქვეშ ნატო-ს, ნატო-ს ძალების, ნატო-ს პერსონალისა და ნატო-ს კონტრაქტორების მიერ წარმოებულ მხარდაჭერას, განხორციელებას, მომზადებას, მონაწილეობას და აღსრულებას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

 ,,ნატო” ნიშნავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და აგრეთვე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ სამხედრო შტაბ-ბინას;

 ,,ნატო-ს ძალები” ნიშნავს სამხედრო და სამოქალაქო პირად შემადგენლობას, სამხედრო აღჭურვილობას, სატრანსპორტო საშუალებებს, მცურავ და საფრენ ტექნიკას და საბრძოლო ტექნიკას, რომელიც ეკუთვნის ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და ნატო-ს არაწევრი/პარტნიროი ქვეყნების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ასრულებენ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებიც მოქმედებენ ნატო-ს ხელმძღვანელობის და ზედამხედველობის ქვეშ ან ოპერაციის მხარდასაჭერად.

 ,,ნატო-ს პერსონალი” ნიშნავს სამხედრო პირად შემადგენლობას და სამოქალაქო პერსონალს, რომელიც ინიშნება, მიმაგრებულია ან დაქირავებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, მისი წევრი სახელმწიფოს ან არაწევრი/პარტნიორი ქვეყნის მიერ, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად და რომელიც მოქმედებს ნატო-ს ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის ქვეშ ან ოპერაციის მხარდასაჭერად, იმ პერსონალის გამოკლებით, რომელიც ადგილობრივად იქნება დაქირავებული საქართველოში.

 ,,ნატო-ს კონტრაქტორები” ნიშნავს არაადგილობრივ კომერციულ ფირმებსა და საწარმოებს, რომელთა ანაზღაურება ხდება ნატო-ს და ნატო-ს წევრი ქვეყნების და ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების მიერ, ოპერაციის ფარგლებში ნატო-ს საქონლითა და მომახურეობით უზრუნველყოფისათვის. იგი მოიცავს კონტრაქტორთა მიერ დაქირავებულ, ოპერაციის ფარგლებში მოქმედ პერსონალს, ასევე ქვეკონტრაქტორებს და მათ მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს. ზემოთ აღნიშნულში არ შედიან ადგილობრივი კონტრაქტორები, მათ მიერ დაქირავებული პერსონალი, ქვეკონტრაქტორები და მათ მიერ დაქირავებული თანამშრომლები.

„ტრანზიტი” ნიშნავს საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთას ხმელეთით, წყლით ან ჰაერით. იგი მოიცავს შესვლისა და გასვლის პუნქტებსა და პროცედურებს. იგი მოიცავს დროებით შეყოვნებებსა და შეჩერებებს სატრანზიტო მარშრუტზე. იგი მოიცავს ნატო-ს პერსონალის, კონტრაქტორების, აღჭურვილობისა ან ტვირთების, საბრძოლო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, სატრანსპორტო საშუალებების, მცურავი და საფრენი ტექნიკის დრეობით განლაგებას ან დროებით კონსტრუქციების აგებას ტრანზიტისა და ტვირთის სათანადო მიწოდების განხორციელების მიზნით;

„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა” - სამხედრო და სამოქალაქო დახმარება, რომელსაც საქართველოს მხარე გაუწევს ნატო-ს ძალებს, ნატო-ს პერსონალსა და ნატო-ს კონტრაქტორებს, რომლებიც განლაგებულნი არიან, მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გაივლიან მას;

„ტერიტორია” - ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, მათ შორის ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს, შიდა და ტერიტორიულ წყლებს, რომელზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად;

„შესვლისა და გასვლის პუნქტები” - გასასვლელი პუნქტები, საიდანაც ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელება.

„ტრანზიტის დრო” - დროის ის მონაკვეთი, რომელიც საჭიროა ნატო-ს ძალებისა და მათი აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიის გავლით გადასაადგილებლად.

    მუხლი 2

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებებით განისაზღვრება ის პროცედურები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი. აღნიშნული პროცედურები ვრცელდება ნატო-ზე, ნატო-ს ძალებზე, ნატო-ს პერსონალზე, ნატო-ს კონტრაქტორებზე, ასევე ყველა სახის აღჭურვილობაზე ან ტვირთებზე, საბრძოლო ტექნიკაზე, იარაღზე, საბრძოლო მასალებზე, ფეთქებად ნივთიერებებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, მცურავ და საფრენ ტექნიკაზე, აპარატურასა და დანადგარებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ოპერაციასთან.

წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, ნატო წინასწარ ატყობინებს საქართველოს მხარეს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც ტრანზიტით გაივლიან საქართველოს ტერიტორიას აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში.

2. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ასევე გამოიყენება ნებისმიერი ნატო-ს არაწევრი ქვეყნის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ამ ოპერაციაში, იმ პირობით, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ ნატო-ს არაწევრ ქვეყანას დადებული ექნება შეთანხმება ნატო-სთან და ეს ქვეყანა ნატო-სა და საქართველოს წერილობით აცნობებს, რომ მისთვის ერთმნიშვნელოვნად მისაღებია წინამდებარე შეთანხმების პირობები მასში გათვალისწინებული ვალდებულებების ჩათვლით. წინამდებარე შეთანხმების დებულებები საქართველოს თანხმობის საფუძველზე გავრცელდება ნატო-ს არაწევრ ქვეყანაზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს ტერიტორიული წყლების მშვიდობიანი გავლით გადაკვეთისას, საქართველოს მხარეს უნდა მიეწოდოს ტრანზიტის დეტალები, რომლებიც მოიცავს მარშრუტებს, ქვეყანაში შემოსვლის და ქვეყნიდან გასვლის პუნქტებს, ასევე მონაცემებს იმ მომსახურების და/ან ობიექტების შესახებ, რომელთა გამოყენებას წინასწარ მოითხოვს ნატო, ნატო-ს ძალები და მისი პერსონალი.

2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს შეატყობინოს დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ნატო-ს ესაჭიროება ტრანზიტის და/ან განლაგების ნებართვა და/ან მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ნატო-ს მიერ დაგეგმილი ტრანზიტის და/ან განლაგების და/ან მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოსათვის წინასწარ შეტყობინების ვადები; ასევე ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალის სახეობები და რაოდენობა, მათი გადაადგილების დრო და მარშრუტები, განლაგების ადგილები, პერსონალისა და აღჭურვილობის დისლოკაციის ადგილების ჩათვლით, შესაბამისი აღჭურვილობისა და ტრანზიტით გამავალი ძალებისა და პერსონალის შესახებ სხვა დეტალები, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება შემდგომი შესაბამისი შეთანხმებებით საქართველოსა და ნატო-ს შორის. ეს შეთანხმებები, მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე და სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა ასახავდნენ ნატო-ს დოქტრინასა და პრაქტიკას.

    მუხლი 4

1. თითოეული მხარე ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალის, აღჭურვილობის ან ტვირთების, საბრძოლო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, სატრანსპორტო საშუალებების, მცურავი და საფრენი ტექნიკის, აპარატურისა და დანადგარების უსაფრთხო ტრანზიტი და/ან განლაგება.

2. საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის და/ან მასზე განლაგების დროს უნდა განახორციელოს ნატო-ს, ნატო-ს ძალების და მისი პერსონალის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მცურავი და საფრენი საშუალების, ასევე ტრანზიტისა და/ან განლაგების დროს ოპერაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებები, ნატო-სთვის რაიმე გადასახადის ან საზღაურის მოთხოვნის გარეშე. ნატო-ს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს უსაფრთხოებისა და დაცვის დამატებითი ღონისძიებების გატარება, რისთვისაც გადახდილი იქნება შესაბამისი საზღაური, გონივრულ ფარგლებში.

3. ნატო-ს წევრი ქვეყნები უფლებამოსილნი არიან ტრანზიტისა და განლაგების დროს უზრუნველყონ მათი ძალების, პერსონალის და აღჭურვილობის უსაფრთხოებისა და დაცვისათვის აუცილებელი სათანადო ღონისძიებების გატარება.

4. მოთხოვნის შემთხვევაში, ქართულმა მხარემ უნდა მიანიჭოს დაშვების უფლება უახლოეს, სათანადოდ აღჭურვილ აეროდრომზე ნატო-ს ძალების, ნატო-ს პერსონალის ან ნატო-ს კონტრაქტორების კუთვნილ ან მათი სახელით მოქმედ ნებისმიერ საჰაერო ხომალდის ფრენისას საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს.

    მუხლი 5

1. ნატო-ს კონტრაქტორებზე, ადგილობრივი კონტრაქტორების გამოკლებით, რომლებიც მოქმედებენ ოპერაციის ფარგლებში, არ ვრცელდება ადგილობრივი კანონმდებლობა ან ნორმატიული აქტები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელბიც ეხება კონტრაქტების პირობებსა და მოქმედების ვადებს.

2. ნატო-ს კონტრაქტორებზე, ადგილობრივი კონტრაქტორების გამოკლებით, რომლებიც მოქმედებენ ოპერაციის ფარგლებში, არ ვრცელდება ადგილობრივი კანონმდებლობა ან ნორმატიული აქტები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება მათი თანამშრომლობის, ფირმების და საწარმოების რეგისტრაციასა და ლიცენზირებას და მათ ეძლევათ უფლება გააფორმონ კონტრაქტები საქონლისა და მომსახურების შეძენის და ასევე შენობების შეძენა-აშენების თაობაზე, თუმცა, ის კონტრაქტები და ქვეკონტრაქტები, რომლებიც გაფორმებული იქნება საქართველოში ადგილობრივ ფირმებთან და საწარმოებთან ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთახმებით გათვალისწინებულ პირობებს.

    მუხლი 6

თუ წინამდებარე შეთანხმება სხვაგვარად არ განსაზღვრავს, ოპერაციასთან მიმართებაში უნდა გამოყენებულ იქნეს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმება და სიტუაციიდან გამომდინარე მისი დამატებითი ოქმი.

    მუხლი 7

1. ოპერაციის წარმართვისათვის აუცილებელი ყველა შენობა-ნაგებობების, ობიექტების, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, სხვა საგნების აგება, შეძენა ან იჯარით აღება უნდა მოხდეს საქართველოსა და ნატო-ს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა ითვალისწინებდეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ ნატო-ს დოქტრინის პრინციპებს.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან იმ შენობა-ნაგებობების, ობიექტების, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შემდგომი განკარგვის საკითხზე, რომლებიც შეძენილი, დამონტაჟებული, განახლებული ან აგებული იქნა ნატო-სა და ნატო-ს ძალების მიერ.

    მუხლი 8

ოპერაციისთვის საჭირო ყველა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გავლისას, საბაჟო პროცედურები განხორციელდება ნატოს შესაბამისი დოკუმენტაციის გამოყენებით და მასში ჩამოთვლილი ყველა ერთეული საქართველოს ტერიტორიაზე განთავისუფლებული იქნება საბაჟო და იმპორტ/ექსპორტთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო გადასახადებისგან. ნატო, ნატო-ს ძალები და ნატოს პერსონალი გათავისუფლებული იქნება საბაჟო დეკლარაციების წარდგენისგან.

    მუხლი 9

1. საქართველოს მთავრობამ, სათანადო ღონისძიებების გატარებით, ხელი უნდა შეუწყოს ნატო-ს ძალების, ნატო-ს პერსონალის და ნატო-ს კონტრაქტორების, მთელი აღჭურვილობის ან ტვირთების, საბრძოლო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალების, სატრანსპორტო საშუალებების, მცურავი და საფრენი ტექნიკის, აპარატურისა და დანადგარების გადაადგილებას პორტების, აეროპორტების, რკინიგზისა და საავტომობილო გზების გამოყენებით.

2. ნატო-ს, ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს კონტრაქტორების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, მცურავი და საფრენი ტექნიკა, ტრანზიტის ან განლაგების დროს არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზირების და/ან სარეგისტრაციო პროცედურებს.

    მუხლი 10

1. ნატო-ს ძალებს, ნატო-ს პერსონალს და კონტრაქტორებს, მათ სახმელეთო ტრანსპორტს, მცურავ და საფრენ ტექნიკას და აღჭურვილობას ეძლევათ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებისა და აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო გზებისა და პორტების გამოყენების უფლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის გარეშე.

2. საქართველომ არ უნდა დააკისროს რაიმე გადასახადი და/ან მოსაკრებელი ნატო-ს ძალებს, ნატო-ს პერსონალს და ნატო-ს კონტრაქტორებს მათ მიერ კომუნალური მომსახურებით, ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ობიექტებით სარგებლობისთვის.

3. ნატო-ს ძალებმა, ნატო-ს პერსონალმა და ნატო-ს კონტრაქტორებმა უნდა გადაიხადონ მათ მიერ მოთხოვნილი და მიღებული მომსახურების საფასური გონივრულ ფარგლებში, მაგრამ ტრანზიტი არ უნდა შეფერხდეს ამგვარი მომსახურების საფასურის გადახდის დაყოვნების გამო.

    მუხლი 11

ნატო-ს ძალებს უფლება აქვთ გამოფინონ ნატო-ს დროშა და/ან ამ ძალების შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების ეროვნული დროშები, ნატო-ს ძალების ყველა სახის უნიფორმებზე, ტრანსპორტსა და სხვა ობიექტებზე.

    მუხლი 12

ნატო-ს ძალებს უფლება აქვთ ისარგებლონ თავისი სატელეკომუნიკაციო საშუალებებით და გამოიყენონ საქართველოს ელექტრომაგნიტურ ტალღათა სპექტრის სექტორი, დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული პირობების თანახმად, რომელიც გაფორმდება საქართველოს მთავრობასა და ნატო-ს შორის.

    მუხლი 13

მხარეთა შორის, ასევე დაქვემდებარებული შტაბებისა ან ნატო-ს წევრი ინდივიდუალური ქვეყნების მიერ შეიძლება გაფორმდეს დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც განსაზღვრავენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რიგი დებულებების შესრულების პროცედურებსა და მექანიზმებს.

    მუხლი 14

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებისთვის, მხარეებმა უნდა გაცვალონ საჭირო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს ცირკულირებისათვის დასაშვებ საიდუმლო ინფორმაციასაც. აღნიშნული ინფორმაციის დაცვა განხორციელდება საქართველოსა და ნატო-ს შორის 1994 წლის 12 დეკემბერს უსაფრთხოების შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 15

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების და სიტუაციიდან გამომდინარე, მისი დამატებითი ოქმის დებულებათა შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბოლო ორ დოკუმენტს.

2. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმება უნდა ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ საქართველოსა და ოპერაციაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მათ შორის იმ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ეთანხმებიან შეთანხმების დებულებებს, რის შესახებაც წერილობითი ფორმით აცნობებენ საქართველოსა და ნატო-ს. ოპერაციაში მონაწილე ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეწყვიტოს მის მიერ ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ამგვარი აღიარება საქართველოსა და ნატო-სადმი და წერილობითი მიმართვიდან 30 დღის შემდეგ.

3. ყველა საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებით, დარეგულირდება „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების დებულებებით.

4. წინამდებარე შეთანხმება არანაირად არ ზღუდავს „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების მხარეთა უფლებას ცალ-ცალკე დამატებით დაამყარონ ხელშეკრულებები „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრმაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებაზე.

    მუხლი 16

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ახდენს გავლენას ნებისმიერ არსებულ შეთანხმებაზე, რომლის მონაწილენიც არიან მხარეები.

    მუხლი 17

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს მხოლოდ მხარეთა მიერ დიპლომატიური გზების მეშვეობით.

    მუხლი 18

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მათი რატიფიცირების შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება გადაისინჯოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ხოლო შესწორებები ძალაში შევა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად.

3. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ნებისმიერ დროს, ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.

4. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ ყველა გადაუჭრელი და სადავო საკითხი, რომლებიც წარმოიშვება შეთანხმების შესრულებისას, დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2005 წლის 2 მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენაზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს სახელით

სალომე ზურაბიშვილი

(ხელმოწერილია)

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელით

იაპ დე ჰოოპ სხეფერი

(ხელმოწერილია)