დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4533 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 23/04/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.05.001.002.777 |
საქართველოს კანონი
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღმზრდელო დაწესებულების/საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულების მიერ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებასთან;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება/საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულება.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტებთან ან/და პროფესიულ სტუდენტებთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს წერილობითი ხელშეკრულებები.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლისათვის
1. ლიცენზიის ფლობისათვის ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლის პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების, მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი სასკოლო გეგმა შესაბამისი საფეხურის/საფეხურების ყველა კლასისათვის უნდა შეესაბამებოდეს სათანადო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმას და მასში დასახულ მიზნებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) თითოეული საფეხურის სასწავლო გეგმა მოდულების ან სასწავლო კურსების მიხედვით;
ბ.ბ) სპეციალობების ჩამონათვალი მისაღწევი აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული კვალიფიკაციის ჩვენებითა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ვადის მითითებით;
ბ.გ) საათების განაწილება მოდულების მიხედვით, საგნების ჩამონათვალი, სათანადო კრედიტების ან აკადემიური საათების მითითებით, შეფასების ფორმები;
ბ.დ) მოდულებში შემავალი სასწავლო კურსების მოკლე აღწერა (მინიმუმ 50 სიტყვა);
გ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის მაძიებელს/მფლობელს კვალიფიკაციების მიხედვით უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები;
დ) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.
2. ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლის პედაგოგიური კადრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების, მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საფეხურის, საგნების/საგნობრივი ჯგუფების შესაბამისი სერტიფიცირებული მასწავლებლებით;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს აკადემიური პერსონალით. თანამშრომლები, რომლებიც შეადგენენ აკადემიურ პერსონალს, უნდა აკმაყოფილებდნენ წარდგენილ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს:
ბ.ა) ჰქონდეთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ბ.ბ) ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ.გ) სწავლობდნენ დოქტორანტურის პროგრამით იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ1) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკადემიური პერსონალის გარდა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთ პროგრამებს შეიძლება ასწავლიდნენ მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება;
ბ2) საშემსრულებლო სპეციალობების განხორციელების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთ სპეციალობებს შეიძლება ასწავლიდნენ უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომლებსაც არა აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;
გ) სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სახელობო განათლების მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება, გავლილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი და იგი სერტიფიცირებული უნდა იყოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სახელობო განათლების ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, გავლილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი და იგი სერტიფიცირებული უნდა იყოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის დაწესებულებაში დასაქმებულ აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. დაწესებულებაში ყოველ 16 აღსაზრდელზე უნდა იყოს არანაკლებ 1 აღმზრდელისა.
3. ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი, სახელობო და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად ამ მუხლის მე-4–მე-10 პუნქტებით დადგენილ პირობებს.
4. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტითა და შესაბამისად ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით დადგენილ პირობებს და ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 საერთო ფართობისა და არანაკლებ 2 მ2 საკლასო ფართობისა, მაგრამ არანაკლებ:
ა.ა) 200 მ2 საერთო და 100 მ2 საკლასო ფართობისა – დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიისათვის;
ა.ბ) 100 მ2 საერთო და 500 მ2 საკლასო ფართობისა – საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიისათვის;
ა.გ) 400 მ2 საერთო და 200 მ2 საკლასო ფართობისა – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიისათვის.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის უფლება შენობა-ნაგებობების ფართობის ფლობასა და სარგებლობაზე დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: არანაკლებ 6 წლის ვადით – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის ან დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის მისაღებად, ხოლო არანაკლებ 3 წლის ვადით – საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის მისაღებად. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა საშუალებები. სასწავლო დანიშნულების ნივთები წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ:
ა) 50 მოსწავლისათვის – დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიისათვის;
ბ) 25 მოსწავლისათვის – საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიისათვის;
გ) 100 მოსწავლისათვის – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიისათვის.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც საჭიროა სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს და ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1000 მ2 საერთო ფართობისა ერთ მისამართზე. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს ერთ სტუდენტზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობისა, რომელიც გამოიყენება სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისათვის (აუდიტორია, ლაბორატორია და სხვა). შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
გ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა, ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების წიგნისა, მაგრამ სულ არანაკლებ 2000 დასახელების წიგნისა;
დ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს 25 სტუდენტზე არანაკლებ 1 კომპიუტერისა, მაგრამ სულ არანაკლებ 8 კომპიუტერისა;
ე) ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუდიტორიების, სახელოსნოს და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
9. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 2 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
ბ) ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 2 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
10. მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს/ოთახებს: ერთ აღსაზრდელზე არანაკლებ 6 მ2 ფართობისა. საძინებელ ოთახში მოთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა;
ა.ბ) არანაკლებ 25 მ2 ფართობის ოთახს კარანტინისათვის:
ა.გ) სამზარეულოს;
ა.დ) სასადილოს;
ა.ე) ტუალეტს/ტუალეტებს, საშხაპეს/საშხაპეებს, პირსაბანს/პირსაბანებს 16 აღსაზრდელზე არანაკლებ ერთისა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელზე – 10 აღსაზრდელზე არანაკლებ ერთისა, რომელიც/რომლებიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საჭიროებებზე;
ა.ვ) ეზოს – არანაკლებ 8 მ2 ფართობისა თითო აღსაზრდელზე;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა რაოდენობის, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელის შესაბამისი სააღმზრდელო დანიშნულების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, სკამები ან სხვა ნივთები;
გ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს გამოყოფილი უნდა ჰქონდეს ერთ აღსაზრდელზე, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, თითო ტუმბო და საწოლი, ყოველ 4 აღსაზრდელზე – 1 კარადა;
დ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს ყოველ 4 აღსაზრდელზე, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, არანაკლებ 1 სასადილო მაგიდისა და ერთ აღსაზრდელზე არანაკლებ 1 შესაბამისი სკამისა;
ე) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები.“.
6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება
1. ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.
2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.“.
7. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-8 პუნქტები:
„5. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
6. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით.
7. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
8. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს;
ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;
გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4533–Iს
დოკუმენტის კომენტარები