კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33(40), 16/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.000.630
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2209
25/06/1999
სსმ, 33(40), 16/07/1999
450.040.000.05.001.000.630
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/07/1999 - 18/05/2002)

საქართველოს კანონი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.

ეს კანონი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) საქართველოში ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტრადიციების ასახვა და საერთაშორისო გამოცდილების შემოქმედებითი გააზრება;

ბ) სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედ სამართალსუბიექტთა თანასწორუფლებიანობა, კანონით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტის შენარჩუნებით;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური სრულყოფა;

ე) სამართალსუბიექტთა შორის კომპეტენციათა გამიჯვნა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური ლიბერალიზაცია.

ამ კანონის დანიშნულებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ზემოაღნიშნული პრინციპების დამკვიდრება და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. კანონის მიზანი, მოქმედების სფერო და კანონში გამოყენებული ტერმინები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურის უძრავ ძეგლებზე, უძრავი ძეგლის გადაადგილებად ფრაგმენტებზე, კულტურის მოძრავ ძეგლებზე, აგრეთვე ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტსა და კულტურის უძრავი ძეგლების დამცავ ზონებზე, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

2. ეს კანონი არ ვრცელდება ქალაქთმშენებლობით ძეგლებზე.

3.  სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მესაკუთრეს, შორის ურთიერთობა რეგულირდება ცალკე საკანონმდებლო აქტით.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფასეულობა – ნებისმიერი მატერიალური და არამატერიალური ობიექტი, რომლის მიმართ საზოგადოებას ან მის თითოეულ წევრს აქვს შეფასების პოზიცია და აკუთვნებს მას მნიშვნელოვან როლს თავის ცხოვრებაში;

ბ) მხატვრული ფასეულობა – მხატვრული შემოქმედების შედეგად შექმნილი ფასეულობა;

გ) ანტიკვარული ნივთი – ასი და მეტი წლის წინათ შექმნილი კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული საგანი;

დ) კულტურული მემკვიდრეობა – კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და გადაეცემა თაობიდან თაობას;

ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სამართლებრივ, ინსტიტუციურ, სააღრიცხვო, სამეცნიერო, საპროექტო-საძიებო, ტექნოლოგიურ, პრაქტიკულ, მაკონტროლებელ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, მოვლა-პატრონობასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას;

ვ) მატერიალური კულტურის ძეგლი – კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური ერთეული – უძრავი ან მოძრავი ობიექტი, მისი ნაწილი ან ობიექტთა ერთობლიობა; ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ქალაქთმშენებლობის, არქიტექურული, მხატვრული, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა ფასეულობა, აგრეთვე თანამედროვე წარმოების ნიმუში, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

ზ) კულტურის უძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი ან მისი ნაწილი, რომელიც ისტორიულად, ფუნქციურად და კომპოზიციურად შერწყმულია გარემოსთან და რომლის გადაადგილება შეუძლებელია ან დაკავშირებულია რთულ საინჟინრო ღონისძიებებთან და გაუმართლებელია მეცნიერული, ეთიკური და სხვა თვალსაზრისით;

თ) კულტურის უძრავი ძეგლის გადაადგილებადი ფრაგმენტი – კულტურის უძრავი ძეგლის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოცალკევებულია კულტურის უძრავი ძეგლისაგან და კანონით აღიარებულია ცალკე უფლების ობიექტად;

ი) კულტურის მოძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი, რომლის გადაადგილება არ ცვლის მის იმ თვისებებს, რომელთა გამოც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი, და, რომელიც არ წარმოადგენს კულტურის უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს;

კ) ძეგლის სტატუსი – ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე ამ კანონის მოქმედების გავრცელებას;

ლ) ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი – ახლად აღმოჩენილი ან ადრე ცნობილი ობიექტი, რომელზედაც ვრცელდება ძეგლის მოვლა ­ პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

მ) ძეგლთა სახელმწიფო აღრიცხვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ნ) ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაცია – ძეგლთა აღრიცხვის შემდეგ ფორმათა ერთობლიობა:

ნ.ა) ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

ნ.ბ) ძეგლის სააღრიცხვო ბარათი;

ნ.გ) ძეგლის პასპორტი;

ნ.დ) ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი;

ო) ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია – ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ შედგენილი სია, რომელიც წარმოადგენს მასში შესული ობიექტების დროებითი დაცვისა და მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს;

პ) ძეგლის სააღრიცხვო ბარათი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის პირველადი დოკუმენტი, რომელშიც მოკლედ არის ასახული ძეგლის რაობა, მდებარეობა, მდგომარეობა და სხვა ძირითადი მონაცემები;

ჟ) ძეგლის პასპორტი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ვრცლადაა ასახული ამ ძეგლის შესახებ არსებული ინფორმაცია;

რ) ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი – სახელმწიფოს მიერ წარმოებული ძეგლთა სარეგისტრაციო ნუსხა;

ს) ძეგლის მოვლა-პატრონობა – ძეგლის მიმართ განხორციელებული ყველა ის ღონისძიება (შენახვა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეგენერაცია და ადაპტაცია), რომლის მიზანია მისი, როგორც ძეგლის, თვისებების შენარჩუნება და აღდგენა;

ტ) ძეგლის შენახვა – ძეგლზე მუდმივი მზრუნველობა მისი მხატვრული ელემენტების, კონსტრუქციების, საინჟინრო ქსელებისა და მოწყობილობების და საექსპლუატაციო რეჟიმის დასაცავად;

უ) ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა;

ფ) ძეგლის რესტავრაცია – ძეგლის დაზიანებული ან დაკარგული ფრაგმენტების მეცნიერული მეთოდებით აღდგენა;

ქ) ძეგლის რეკონსტრუქცია – ძეგლისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, მეტ-ნაკლებად დასრულებული პირვანდელი სახის მიცემა არსებული და ახალი ელემენტების გამოყენებით;

ღ) ძეგლის ადაპტაცია – ძეგლის ისეთი გადაკეთება, რომელიც შეესაბამება მის ახალ დასაშვებ გამოყენებას გარე სახის მაქსიმალური შენარჩუნებით;

ყ) ძეგლის დასაშვები გამოყენება – ძეგლის ისეთი გამოყენება, რომელიც არ იწვევს მის თვისებათა შეუქცევად ცვლილებებს;

შ) კულტურული ფენა – მიწის შრეები და წყლით დაფარული ტერიტორია (ფსკერი), რომელიც შეიცავს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვალს;

ჩ) უძრავი ძეგლის ტერიტორია – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული და მასთან ისტორიულად და ფუნქციურად დაკავშირებული ტერიტორია;

ც) დამცავი ზონების სისტემა – დადგენილი წესით დამტკიცებული ტერიტორიების სისტემა, რომლის ფარგლებში მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა უძრავი ძეგლის, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისა და კულტურული ფენის დაცვა არასასურველი ზეგავლენისაგან;

ძ) არქეოლოგიური ზონა – არქეოლოგიური დაზვერვის ან გათხრების შედეგად დასაბუთებულად განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც შეიცავს კულტურულ ფენას და რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების აღმოჩენა;

წ) ლანდშაფტის დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც მოიცავს ძეგლის გარშემო ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს და რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის ოპტიმალურ ექსპოზიციას;

ჭ) განაშენიანების რეგულირების ზონა – ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-კომპოზიციური სტრუქტურის, დაგეგმარების სისტემის, არქიტექტურული იერის, ხასიათისა და მასშტაბის გამოვლენის, აღდგენისა და შენარჩუნების, აგრეთვე განაშენიანებაში უძრავ ძეგლთა მნიშვნელობის განმტკიცებისა და ახალმშენებლობის ისტორიულ გარემოსთან შერწყმის მოთხოვნები;

ხ) უძრავი ძეგლის დაცვის ზონა – უძრავი ძეგლის უშუალოდ გარემომცველი ტერიტორია, რომლის სტატუსი უზრუნველყოფს უძრავი ძეგლის დაცვას ფიზიკური ზეგავლენისაგან.

კარი II. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა და მართვა

თავი II. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა

    მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 მულხი 5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები

1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას ახორციელებენ საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო (შემდგომში – საბჭო).

3. სამინისტრო კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას.

    მუხლი 6. საქართველოს კულტურის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს;

გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას;

დ) ადგენს და ასრულებს ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვის წესებს;

ე) აკონტროლებს მოძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის პროცესს;

ვ) საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების ყოველწლიურ გეგმას.

2. სამინისტროს სხვა ფუნქციებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განსაზღვრავს სამინისტროს დებულება.

    მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ სფეროს მარეგულირებელი საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები შესაბამისი რესპუბლიკების კულტურის სამინისტროების მეშვეობით ამ კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მონაწილეობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

    მუხლი 8. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დეპარტამენტი:

ა) ავლენს და აღრიცხავს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, გარდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი მოძრავი ძეგლებისა, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას;

ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებას;

დ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;

ე) ძეგლთა შეფასებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოყოფს ექსპერტებს ან ქმნის საექსპერტო კომისიებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს და აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

ზ) კონტროლს უწევს უძრავი ძეგლისა და მისი დამცავი ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შედგენის დროს;

თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის სამუშაოს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ აყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს და სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ;

კ) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით კონტროლს უწევს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;

ლ) აწყობს ტენდერებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად;

მ) მონაწილეობს ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღებ კომისიაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოს შემსრულებლისა;

ნ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;

ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და გამოყენებას, აწარმოებს ძეგლთა გამოვლენას, შეგროვებას, მეცნიერულად შესწავლასა და პოპულარიზაციას.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული არქეოლოგიური კომისია გეგმავს, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას და სამინისტროსთან შეთანხმებით გასცემს ამგვარი სამუშაოების ჩატარების ნებართვას (ღია ფურცელს).

3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დებულება.

    მუხლი 10. საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის აღრიცხვასა და აღწერას და პასუხისმგებელია მათ სათანადო დაცვაზე;

ბ) აღრიცხული და აღწერილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას გადასცემს ამ კანონის ძალით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მათი სახელმწიფო რეესტრში შესატანად;

გ) სამინისტროსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაციისა და რესტავრაციის შესახებ.

2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა და საქართველოს სახელმწიფო სარქივო დეპარტამენტის დებულება.

    მუხლი 11. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან იქმნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო.

2. თავისი სტატუსით საბჭო არის სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება 12 მაღალკვალიფიციური სპეციალისტით.

3. საბჭო იქმნება 5 წლის ვადით და მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

    მუხლი 12. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში:

ა) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;

ბ) ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ ძეგლთა დაცვის ორგანოებთან;

გ) უზრუნველყოფენ გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებით დაცვას და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების წინადადებით მიმართავენ სამინისტროს;

დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

    მუხლი 13. ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავისი მიზნების შესახებ საქმიანობის დაწყებამდე წერილობით აცნობონ სამინისტროს.

    მუხლი 14. კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანა და საქართველოში შემოტანა

კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

კარი III. უძრავი ძეგლის დაცვა

თავი III. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია, აღრიცხვა, რეგისტრაცია და მისთვის სტატუსის მინიჭება

    მუხლი 15. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია

1. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია ხდება მისი სახეობების, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური და სხვა მახასიათებლებისა და მისი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

2. უძრავი ძეგლის სახეობებია:

ა) არქეოლოგიური ძეგლი (ნაქალაქარი, ნასოფლარი და სხვა);

ბ) ისტორიული ძეგლი (ისტორიულ პროცესთან, მოვლენასთან ან პირთან დაკავშირებული ადგილი);

გ) ქალაქთმშენებლობის, საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი (ისტორიული დასახლება და მისი სისტემები; საინჟინრო თუ სხვა სისტემები, არქიტექტურული კომპლექსი, ანსამბლი ან მისი ნაწილი, ბაღები, პარკები);

დ) არქიტექტურის ძეგლი (სამოქალაქო, საკულტო, თავდაცვითი, სამრეწველო, სამეურნეო და სხვა შენობა-ნაგებობანი ან მათი ნაწილები და ფრაგმენტები, მათ შორის, თანამედროვე ტიპობრივი მშენებლობის ნიმუშები);

ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ფრესკა, რელიეფი, ქანდაკება, მენჰირი, ქვაჯვარი, სტელა, საფლავის ქვა და სხვა);

ვ) მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი.

3. უძრავ ძეგლთა ქრონოლოგიური დაყოფა და მათი ტიპოლოგიური ჯგუფების განსაზღვრა ხდება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმებით.

4. უძრავი ძეგლები მათი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული უძრავი ძეგლი;

ბ) ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ძეგლი.

    მუხლი 16. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი, თუ მას აქვს ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები.

2. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსს საბჭოს დასკვნის საფუძველზე ანიჭებს სამინისტრო.

3. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან ენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 17. უძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა

1. უძრავი ძეგლი კარგავს სტატუსს, თუ იგი განადგურდა ან დაზიანდა ისე, რომ დაკარგა უძრავი ძეგლის ნიშნები და ძეგლის აღდგენა შეუძლებელია.

2. ამგვარი ობიექტის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 18. უძრავი ძეგლისთვის კატეგორიის მინიჭება

1. უძრავი ძეგლისთვის კატეგორიის მინიჭება ხდება საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ეროვნული კატეგორიის უძრავ ძეგლებს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად არსებული წესით წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

3. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი უძრავი ძეგლები სარგებლობენ იუნესკოს რეკომენდაციებითა და რეზოლუციებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრივილეგიებითა და შეღავათებით.

4. უძრავ ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. უძრავ ძეგლს ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიას, ადგილობრივი მმართველობის შესაბამის ორგანოს წარდგინებით, ანიჭებს სამინისტრო.

    მუხლი 19. უძრავი ძეგლისთვის კატეგორიის შეცვლა

უძრავი ძეგლისთვის კატეგორიის შეცვლა ხდება საბჭოს მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-5 მუხლში ჩამოთვლილი ორგანოების მიერ და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით.

    მუხლი 20. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაცია

1. უძრავი ძეგლი და უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვა-რეგისტრაციას, მიუხედავად მათი მესაკუთრის ვინაობისა.

2. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს:

ა) უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

ბ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი;

გ) უძრავი ძეგლის პასპორტი;

დ) უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი.

3. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებსა და მათი შევსების, დამტკიცების, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

4. უძრავ ძეგლზე ახალი ცნობების მოკვლევის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია ექვემდებარება შევსებას.

    მუხლი 21. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სამართლებრივი რეჟიმი

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე მისი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანის მომენტიდან ვრცელდება უძრავი ძეგლების მიმართ ამ კანონით დადგენილი წესები.

2. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით აცნობოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, რომლებიც განსაზღვრავენ ობიექტის დროებითი დაცვის რეჟიმს.

3. სამინისტრო ვალდებულია ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შესახებ სათანადო შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში ობიექტის კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით ჩაატაროს ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული წესით მის კლასიფიკაციასა და მისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

4. ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება სამინისტროს დებულებით „ობიექტის კულტურული ფასეულობის დასადგენი ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“.

    მუხლი 22. უძრავი ძეგლის აღნიშვნა

უძრავი ძეგლი აღინიშნება დაცვითი, საანოტაციო, მემორიალური დაფით ან სხვა მცირე არქიტექტურული ფორმით, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 23. უძრავი ძეგლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. ინფორმაცია უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების, კატეგორიის შეცვლის ან სტატუსის დაკარგვის შესახებ ვრცელდება სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ძეგლთა შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

ა) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შესახებ – სახელმწიფო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის შესახებ – შესაბამის ადგილობრივ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთანავე დეპარტამენტი ვალდებულია მის მესაკუთრეს (მფლობელს) გაუგზავნოს მოთხოვნა დაცვითი ხელშეკრულების დადების შესახებ.

3. დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უძრავი ძეგლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

თავი IV. საკუთრება უძრავ ძეგლზე

    მუხლი 24. უძრავი ძეგლის მესაკუთრე

1. უძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) ფიზიკური პირი;

დ) იურიდიული პირი.

2. ის უძრავი ძეგლი, რომლის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხადდება სახელმწიფო საკუთრებად.

    მუხლი 25. უძრავი ძეგლის მესაკუთრის უფლება­მოვალეობანი

1. უძრავი ძეგლის მესაკუთრე უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს უძრავი ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მიიღოს შემოსავალი უძრავი ძეგლის ნებადართული წესით გამოყენების გზით;

გ) ისარგებლოს კანონით დადგენილი საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისაგან მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური კონსულტაცია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული უძრავი ძეგლის შესახებ;

ე) სახელმწიფოს მიერ უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შემთხვევაში მოითხოვოს სათანადო ანაზღაურება.

2. უძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) დაიცვას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლი, გაიღოს ხარჯები მისი მოვლა-პატრონობისათვის;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს, მათი მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია უძრავი ძეგლის შესახებ, თუ ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან კანონით დადგენილ სხვა საიდუმლოებას;

გ) უძრავი ძეგლის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე დეპარტამენტთან გააფორმოს დაცვითი ხელშეკრულება, ამ ძეგლის დაცვითი რეჟიმის მითითებით;

დ) ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს უძრავი ძეგლის მდგომარეობის შემოწმებაში;

ე) აცნობოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს უძრავი ძეგლის მდგომარეობის ცვლილების შესახებ;

ვ) დაიცვას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმი;

ზ) დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას უძრავი ძეგლის, მისი ნაწილებისა თუ ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა, ხოლო უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში – მიწის სამუშაოების ჩატარება, მიცვალებულთა დაკრძალვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მოსპობა, ან უძრავი ძეგლის ისეთი ექსპლუატაცია, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;

თ) ხელი შეუწყოს უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარებას დადგენილი წესით;

ი) უზრუნველყოს უძრავი ძეგლის დათვალიერება მის მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 26. უძრავი ძეგლის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. უძრავი ძეგლის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება იგივე მოვალეობები, რაც უძრავი ძეგლის მესაკუთრეზე.

2. უძრავი ძეგლის მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებებით.

    მუხლი 27. მემკვიდრეობითი უფლებები უძრავ ძეგლზე

უძრავ ძეგლზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მემკვიდრეობითი უფლება.

    მუხლი 28. უძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ძეგლზე საკუთრების უფლების ნებისმიერი მოტივით გადაცემა (გასხვისება) აკრძალულია. ეს ძეგლი შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სხვა უძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მესაკუთრის მიერ სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ. მესაკუთრემ სამინისტროს სათანადო შეტყობინება უნდა გაუგზავნოს გასხვისებამდე ერთი თვით ადრე.

3. უძრავი ძეგლის გასხვისებისას ან სარგებლობაში გადაცემისას მის დამცავ ზონას შეუნარჩუნდება იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც უძრავ ძეგლს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ ფორმდება ძეგლის დაცვითი ხელშეკრულება სამინისტროსა და იმ პირს შორის, ვისაც სარგებლობაში გადაეცა უძრავი ძეგლი.

    მუხლი 29. უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევა

1. უძრავი ძეგლი მესაკუთრეს (მფლობელს) იძულებითი წესით ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს უძრავი ძეგლის დაცვას, რის გამოც ძეგლს ემუქრება დაზიანების, განადგურების ან გატაცების საფრთხე.

2. უძრავი ძეგლის მესაკუთრის დაუდევრობით უძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დეპარტამენტი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს დეპარტამენტის მოთხოვნებს, დეპარტამენტს შეუძლია, უძრავი ძეგლის ჩამორთმევევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ან უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შესახებ.

    მუხლი 30. საკუთრების უფლება უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ახლად აღმოჩენილ ობიექტზე

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ახლად აღმოჩენილ ობიექტზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი ამ ობიექტის აღმომჩენსა და იმ ტერიტორიის მესაკუთრეს შორის, რომლის ტერიტორიაზედაც იქნა აღმოჩენილი ობიექტი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქოსამართლებრივი ნორმებით.

2. თუ ახლად აღმოჩენილ ობიექტს მიენიჭება ეროვნული კატეგორია და არსებობს ამ ობიექტის მესაკუთრის თანხმობა, სათანადო ანაზღაურების საფუძველზე ობიექტი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი V. უძრავი ძეგლის დაცვა

    მუხლი 31. უძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი

უძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და გარემოს შენარჩუნება, რომლებიც შეადგენს მის მხატვრულ, ისტორიულ, მეცნიერულ, ესთეტიკურ და სულიერ ფასეულობას და რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 32. დამცავი ზონების სისტემა და მათი რეჟიმები

1. უძრავი ძეგლის, ძეგლთა კომპლექსების, ანსამბლების, მათი ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების მიზნით იქმნება დამცავი ზონების სისტემა, რომელიც შედგება შემდეგი ზონებისაგან:

ა) არქეოლოგიური ზონა;

ბ) ძეგლის დაცვის ზონა;

გ) განაშენიანების რეგულირების ზონა;

დ) ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონა.

2. დამცავი ზონების დადგენას უზრუნველყოფს დეპარტამენტი სამინისტროსა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად და მტკიცდება მათი ერთობლივი ბრძანებით.

3. განაშენიანების რეგულირებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას დამცავი ზონების რეჟიმი.

5. დამცავი ზონების რეჟიმი გამორიცხავს მის ფარგლებში ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელმაც შეიძლება დაზიანების, განადგურების ან აღქმის გაუარესების საფრთხე შეუქმნას კულტურულ ფენებს, უძრავ ძეგლებს, ძეგლთა ანსამბლებსა და მათ გარემოს.

6. თუ უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ფარგლებში ხორციელდება ისეთი საქმიანობა (აფეთქება, ვიბრაცია, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და ა.შ.), რომელიც საფრთხეს უქმნის უძრავ ძეგლს, სამინისტროს მოთხოვნით ამგვარი საქმიანობა იზღუდება ან იკრძალება.

7. უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ ისეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უძრავ ძეგლს, სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აყენებს საკითხს ამ საქმიანობის შეჩერების, შეზღუდვის, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში – შეწყვეტის შესახებ.

    მუხლი 33. უძრავი ძეგლის დასაშვები გამოყენება

1. უძრავი ძეგლის გამოყენება დასაშვებია თავდაპირველი დანიშნულებით ან დეპარტამენტის წერილობითი ნებართვის საფუძველზე – სხვა დანიშნულებით, თუ მისი გამოყენება არ არღვევს ძეგლის დაცვით რეჟიმს.

2. უძრავი ძეგლის დასაშვები გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს მისი დაცვის პირობებს და აკმაყოფილებდეს ამ კანონის მოთხოვნებს.

    მუხლი 34. მუზეუმ-ნაკრძალი

1. უძრავი ძეგლისა და მისი გარემოს დაცვის მიზნით იქმნება მუზეუმ-ნაკრძალი.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ძეგლისა და მისი კომპლექსის ბაზაზე იქმნება მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მუზეუმ-ნაკრძალის ძირითად ფუნქციას შეადგენს უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობა, მისი პოპულარიზაცია, ტურისტების მიზიდვა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

4. მუზეუმ-ნაკრძალში არსებული ექსპონატ-ნაგებობების გამოყენების წესს განსაზღვრავს ეს კანონი, შესაბამისი დებულება და სათანადო წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია.

    მუხლი 35. უძრავ ძეგლთა გათვალისწინება მიწის კადასტრსა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში

1. აუცილებელია უძრავ ძეგლთა, მათი ტერიტორიებისა და დამცავი ზონების გათვალისწინება მიწის კადასტრსა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში (განსახლებისა და დარგობრივ სქემებში, რაიონული დაგეგმარების სქემებსა და პროექტებში, დასახლებათა გენერალურ სქემებსა და გეგმებში, დეტალური დაგეგმარებისა და განაშენების პროექტებში და ა.შ).

2. აღნიშნული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია თანხმდება სამინისტროსთან.

    მუხლი 36. მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დაპროექტებისა და წარმოების აუცილებელი პირობები

1. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო, სამელიორაციო, საგზაო, ნავთობისა და გაზსადენი მაგისტრალების და სხვა სახის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტების განხორციელება ხდება სამინისტროს, დეპარტამენტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე.

2. მიწისზედა ძეგლების აღრიცხვა­პასპორტიზაციასა და დაცვას, ისევე როგორც განათხარი ძეგლების დაცვას, რესტავრაციასა და კონსერვაციას უზრუნველყოფს სამინისტრო, ხოლო მშენებლობისათვის და რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი მიწის ფართობის არქეოლოგიურ დაზვერვას, ექსპერტიზას, გათხრებს, მეცნიერულად შესწავლის ორგანიზებას და შესაბამის დაწესებულებებთან და უწყებებთან ურთიერთობას ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც განზრახული აქვთ მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო ან სხვა სამუშაოების ჩატარება (საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურების აგება, მიწისა და სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება, კარიერის დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის ამოღება და ა.შ.), ვალდებულნი არიან დაპროექტების პროცესში, სამუშაოების დაწყებამდე 3 თვით ადრე, არქეოლოგიური და სხვა ძეგლთა დაცვითი სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს წარუდგინონ სათანადო განაცხადი. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნის საფუძველზე სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს ვადა.

4. ის იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის, საერთაშორისო და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის მასშტაბურ მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, დაპროექტებისა და მშენებლობის ღირებულების ხარჯთაღრიცხვაში ითვალისწინებენ არქეოლოგიური გათხრების, მეთვალყურეობის, წინასწარი დაზვერვის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ფიქსაციის, მეცნიერული შესწავლის, პუბლიკაციისა და დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებელ თანხებს.

    მუხლი 37. უძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთების, გადაადგილების ან დაშლის აკრძალვა

1. აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის თვითნებური გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა.

2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა დასაშვებია სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:

ა) უძრავი ძეგლის გადარჩენა;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.

3. უძრავი ძეგლის ნებადართული გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა აისახება უძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.

თავი VI. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები და პირობები

    მუხლი 38. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები

1. უძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) დაზვერვა;

ბ) გაწმენდა;

გ) გათხრა;

დ) კონსერვაცია;

ე) რესტავრაცია;

ვ) რეკონსტრუქცია;

ზ) რეგენერაცია;

თ) ადაპტაცია.

2. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ძირითად სტადიებად:

ა) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო;

ბ) საპროექტო-საძიებო სამუშაო;

გ) პროექტის რეალიზაცია.

3. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების კონკრეტულ წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 39. უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების პირობები

1. ამ კანონის 38-ე მუხლში ჩამოთვლილი სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან მხოლოდ სათანადო სერტიფიკატის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. სამინისტროსა და დეპარტამენტის ანგარიშებზე მობილიზებული ფულადი სახსრების გამოყენება უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია მხოლოდ ტენდერის წესით.

3. უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოს მიმღებ კომისიაში მონაწილე დეპარტამენტის სპეციალისტთა სამივლინებო ხარჯებს გაიღებს ძეგლის მესაკუთრე ან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოს შემსრულებელი.

    მუხლი 40. უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირება და სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირება

1. დებულებას უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირების შესახებ ერთობლივად შეიმუშავებენ და ამტკიცებენ სამინისტრო და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დებულებას სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ ერთობლივად შეიმუშავებენ და ამტკიცებენ სამინისტრო და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.

3. ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესები და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.

4. არქეოლოგიური გათხრების წარმოების ნებართვას ერთობლივად გასცემენ სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული არქეოლოგიური კომისია.

    მუხლი 41. უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უძრავ ძეგლზე სამუშაოდ დაშვების წესი

უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები უძრავ ძეგლზე სამუშაოდ დაიშვებიან:

ა) დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის საფუძველზე;

ბ) მხოლოდ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად;

გ) სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებისას – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული არქეოლოგიური კომისიის ნებართვით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 42. მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე

1. უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით ეკისრება ამ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზიის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2. უძრავ ძეგლზე სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების შემთხვევაში მოქმედებს პასუხისმგებლობის შემდეგი ფორმები:

ა) ქონებრივი პასუხისმგებლობა;

ბ) ლიცენზიის შეჩერება;

გ) ლიცენზიის ჩამორთმევა;

დ) სერტიფიკატის ჩამორთმევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ფორმები.

კარი IV. მოძრავი ძეგლის დაცვა

თავი VII. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია, აღრიცხვა, რეგისტრაცია და მისთვის სტატუსის მინიჭება

    მუხლი 43. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია

1. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია ხდება მისი სახეობის, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური თუ სხვა მახასიათებლებისა და მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

2. მოძრავი ძეგლის სახეობებია:

ა) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუში;

ბ) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში;

გ) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები;

დ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები ან/და მათი ფრაგმენტები;

ე) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული საკულტო დანიშნულების ნივთი;

ვ) ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები, გუჯრები და ბეჭდვითი გამოცემები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება;

ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, მათ შორის, ფოტო-, ფონო-, კინო-, ვიდეომასალები;

თ) ეთნოგრაფიული ნივთები;

ი) უნიკალური ავეჯი და მუსიკალური ინსტრუმენტები;

კ) მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლები;

ლ) სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, აგრეთვე თანამედროვე წარმოების ტირაჟირებადი ნივთები.

    მუხლი 44. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება

1. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიენიჭება მოძრავი ძეგლის სტატუსი, თუ მას აქვს ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები.

2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსს საბჭოს დასკვნის საფუძველზე ანიჭებს სამინისტრო.

3. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან.

    მუხლი 45. მოძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა

1. ძეგლი კარგავს მოძრავი ძეგლის სტატუსს, თუ მას აღარ აქვს მოძრავი ძეგლის ნიშნები, განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია.

2. მოძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 46. მოძრავი ძეგლის კატეგორიები

მოძრავი ძეგლი მისი მხატვრული, ისტორიული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი;

ბ) ეროვნული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი.

    მუხლი 47. მოძრავი ძეგლისთვის კატეგორიის მინიჭება

1. მოძრავ ძეგლს კატეგორია ენიჭება საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2. მოძრავ ძეგლს განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მოძრავ ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. მოძრავ ძეგლს ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიას ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით ანიჭებს სამინისტრო.

    მუხლი 48. მოძრავი ძეგლისთვის კატეგორიის შეცვლა

მოძრავი ძეგლისთვის კატეგორიის შეცვლა ხდება საბჭოს მოტივირებული დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-5 მუხლში ჩამოთვლილი ორგანოების მიერ და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით.

    მუხლი 49. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სამართლებრივი რეჟიმი

1. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე ვრცელდება მოძრავი ძეგლის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესები.

2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და სამინისტროს, რომელიც განსაზღვრავს ობიექტის დროებითი დაცვის რეჟიმს.

3. სამინისტრო ვალდებულია მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შესახებ სათანადო შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა ობიექტის კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს იგი მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში, არსებული წესით უზრუნველყოს მისი კლასიფიკაცია და მისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება.

    მუხლი 50. მოძრავი ძეგლის აღრიცხვა

1. მოძრავი ძეგლი და მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, განურჩევლად მათი მესაკუთრისა, ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას.

2. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს:

ა) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

ბ) მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი;

გ) მოძრავი ძეგლის პასპორტი;

დ) მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი.

3. მოძრავი ძეგლის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო გასცემს სათანადო საბუთს.

4. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებსა და მათი შევსების, დამტკიცების, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

5. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში შეტანასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აფინანსებს სახელმწიფო.

6. მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია, მიმართოს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მის საკუთრებაში არსებული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე.

    მუხლი 51. მოძრავი ძეგლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა

მოძრავი ძეგლის მესაკუთრეს (მფლობელს) უფლება აქვს მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

თავი VIII. საკუთრება მოძრავ ძეგლზე

    მუხლი 52. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე

1. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) ფიზიკური პირი;

დ) იურიდიული პირი.

2. ახლად აღმოჩენილი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, რომლის მესაკუთრე ცნობილი არ არის ან შეუძლებელია კანონით განსაზღვრულ ვადებში მისი ვინაობის დადგენა, ცხადდება აღმომჩენის საკუთრებად. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობაა ძეგლთა მოძიება, არქეოლოგიური გათხრების ჩატარება ან ძეგლზე მეთვალყურეობა.

3. თუ ცნობილია იმ ტერიტორიის მესაკუთრე, რომელშიც აღმოჩენილია მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, მაშინ ამ უკანასკნელის მესაკუთრე (მესაკუთრეები) განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმომჩენს უფლება აქვს არ გამოააშკარაოს თავისი ვინაობა.

5. მოძრავი ძეგლი, რომლის მესაკუთრეა სახელმწიფო, არ შეიძლება იყოს გასხვისებული იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე.

    მუხლი 53. მოძრავი ძეგლის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

1. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს მოძრავი ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მიიღოს შემოსავალი მოძრავი ძეგლის კანონიერი გამოყენების გზით;

გ) ისარგებლოს კანონით დადგენილი საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით;

დ) დეპარტამენტისაგან მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური კონსულტაცია მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის შესახებ.

2. სახელმწიფოს მიერ მოძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შემთხვევაში მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო ანაზღაურება.

3. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობა;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს მოძრავ ძეგლში მომხდარი ცვლილებების ან მისი გატაცების შესახებ;

გ) არ დაუშვას მოძრავი ძეგლის, მისი ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დაშლა ან ძეგლის ისეთი გადაადგილება თუ ექსპლუატაცია, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;

დ) ხელი შეუწყოს მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარებას დადგენილი წესით;

ე) მოძრავი ძეგლის გასხვისების შემთხვევაში ინფორმაცია ძეგლის დაცვის პირობების შესახებ გადასცეს ახალ მესაკუთრეს;

ვ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ლიცენზირებულ სპეციალისტებს ძეგლის მდგომარეობის შემოწმებაში. თუ არსებობს მოძრავი ძეგლის მდგომარეობის შემოწმების დასაბუთებული აუცილებლობა და მესაკუთრე (მფლობელი) არ იძლევა ინფორმაციას მის საკუთრებაში არსებული ძეგლის შესახებ, სამინისტრო იღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოძრავი ძეგლის შემოწმება;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

    მუხლი 54. მოძრავი ძეგლის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. მოძრავი ძეგლის მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ვრცელდება იგივე მოვალეობანი, რაც მოძრავი ძეგლის მესაკუთრეზე.

2. მოძრავი ძეგლის მფლობელი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებებით.

    მუხლი 55. მემკვიდრეობითი უფლება მოძრავ ძეგლზე

მოძრავ ძეგლზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მემკვიდრეობითი უფლება.

    მუხლი 56. მოძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა

1. მოძრავი ძეგლის გასხვისების შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია წინასწარ აცნობოს სამინისტროს გასხვისების პირობები.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლი არ ექვემდებარება განსახელმწიფოებრივებას.

3. აუქციონის ჩატარების ორგანიზატორები ვალდებულნი არიან აუქციონზე გასატანი ნივთების ნუსხა აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გაუგზავნონ სამინისტროს.

    მუხლი 57. მოძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევა

1. მოძრავი ძეგლი მესაკუთრეს (მფლობელს) იძულებითი წესით ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მოძრავი ძეგლის სათანადო დაცვას, რის გამოც ძეგლს ემუქრება დაზიანების ან განადგურების საფრთხე.

2. მოძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დეპარტამენტი ვალდებულია, წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას მოძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს დეპარტამენტის მოთხოვნებს, დეპარტამენტს შეუძლია, უძრავი ძეგლის ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ან უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შესახებ.

თავი IX. მოძრავი ძეგლის დაცვა

    მუხლი 58. მოძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი

მოძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შეადგენს მის ისტორიულ, მხატვრულ, ესთეტიკურ და სულიერ ფასეულობას და რისთვისაც ძეგლს მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 59. მოძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთებისა და დანაწევრების აკრძალვა

1. აკრძალულია მოძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთება, დანაწევრება ან მისი სახის რამენაირი შეცვლა.

2. მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება ან დანაწევრება დასაშვებია დეპარტამენტის წერილობითი ნებართვის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:

ა) მოძრავი ძეგლის გადარჩენა;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.

3. მოძრავი ძეგლის ნებადართული გადაკეთების ან დანაწევრების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.

    მუხლი 60. მოძრავი ძეგლის დაცვის პირობების უზრუნველყოფა

თუ მესაკუთრეს (მფლობელს) არ გააჩნია მოძრავი ძეგლის შენახვისა და დაცვისათვის სათანადო პირობები და არც შეუძლია დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადებში ამ პირობების შექმნა, იგი ვალდებულია მოძრავი ძეგლი მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სხვა პირს მის მიერ ძეგლის დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო პირობების შექმნამდე.

თავი X. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები და პირობები

    მუხლი 61. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები

1. მოძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) გაწმენდა;

ბ) კონსერვაცია;

გ) რესტავრაცია;

დ) რეგენერაცია.

2. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ძირითად სტადიებად:

ა) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო;

ბ) პრაქტიკული სამუშაო.

    მუხლი 62. მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების პირობები

1. მოძრავ ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოს ჩასატარებლად სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან მხოლოდ სათანადო სერტიფიკატის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირები (ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაზე).

2. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ დგება სათანადო დოკუმენტაცია, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოძრავი ძეგლის მესაკუთრეს (მფლობელს).

    მუხლი 63. მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირება და სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირება

დებულებას მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირებია და სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. სპეციალისტებს საკვალიფიკაციო სერტიფიკატი მიეცემათ მოძრავი ძეგლის სახეობისა და მასზე ჩასატარებელი სამუშაოების სირთულის მიხედვით.

    მუხლი 64. უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მოძრავ ძეგლზე სამუშაოდ დაშვების წესი

უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები მოძრავ ძეგლზე სამუშაოდ დაიშვებიან:

ა) დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის საფუძველზე;

ბ) მხოლოდ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად;

გ) სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

    მუხლი 65.   მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე

1. მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით ეკისრება ამ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზიის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2. მოძრავ ძეგლზე სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების შემთხვევაში მოქმედებს პასუხისმგებლობის შემდეგი ფორმები:

ა) ქონებრივი პასუხისმგებლობა;

ბ) ლიცენზიის შეჩერება;

გ) ლიცენზიის ჩამორთმევა;

დ) სერტიფიკატის ჩამორთმევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ფორმები.

თავი XI. ანტიკვარული საგნებით ვაჭრობის რეგულირება

    მუხლი 66. ანტიკვარული საგნებით ვაჭრობის წესი

მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით ანტიკვარული საგნებით ვაჭრობა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

    მუხლი 67. ანტიკვარული საგნებით მოვაჭრის მოვალეობა

ანტიკვარული საგნებით მოვაჭრე ვალდებულია სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით აწარმოოს მასთან სარეალიზაციოდ შესული ნივთების სარეგისტრაციო ჟურნალი.

კარი V. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები

თავი XII. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება

    მუხლი 68. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება                    

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ფინანსდება:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან;

ბ) ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) სახსრებით;

გ) მიზნობრივი ფონდებიდან;

დ) საიჯარო გადასახადებიდან;

ე) სპეციალური შემოსავლების ანარიცხებიდან;

ვ) შემოწირულობებით;

ზ) ლატარიის მოწყობით მიღებული მოგებიდან;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროგრამების განხორციელებისათვის გაცემული გრანტებით;

ი) უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით;

კ) ყველა იმ სხვა შემოსავლით, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 69. კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სახსრების გამოყენება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ხმარდება:

ა) ძეგლთა დაცვის ორგანოების საქმიანობას;

ბ) სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. ავტონომიური და სხვა სახელმწიფოებრივი ტერიტორიული ერთეულები წლიური ბიუჯეტების დამტკიცებისას ითვალისწინებენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დასაცავად საჭირო თანხებს. აღნიშნული თანხები დეპარტამენტთან შეთანხმებით ხმარდება ძეგლთა მოვლა-პატრონობას.

    მუხლი 70. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდები იქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XIII. ძეგლის დაზღვევა და შეღავათები კულტურული მემვიდრეობის დაცვისათვის

    მუხლი 71. ძეგლის დაზღვევა

ძეგლის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 72. შეღავათები

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან წარმოებს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი VI. საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

 

თავი XIV. საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

    მუხლი 73. საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში

1. საქართველო მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.

2. საქართველო ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებთან მიერთებაზე.

    მუხლი 74. საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საქართველო ზრუნავს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

    მუხლი 75. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება საქართველოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 76. დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის უძრავი ძეგლისგადაცემის აკრძალვა

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების განსათავსებლად უძრავი ძეგლის საკუთრების უფლებით ან ნებისმიერი ფორმით სარგებლობისათვის გადაცემა აკრძალულია.

კარი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 77. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ 1977 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 1977 წლის დეკემბერი, მუხ.184).

    მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) არქეოლოგიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის კულტურული მემკვიდრეობის საკუთრების სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) დებულება საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შესახებ“;

ვ) დებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს შესახებ“;

ზ) დებულება უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირების შესახებ“;

თ) დებულება სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ“;

ი) დებულება მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირებისა და სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ“;

კ) დებულება უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ“;

ლ) დებულება მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ“;

მ) დებულება ანტიკვარიატით ვაჭრობის წესის შესახებ“.

თავი XVI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 79. კანონის ამოქმედება

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2209–IIს