კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33(40), 16/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.000.630
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2209
25/06/1999
სსმ, 33(40), 16/07/1999
450.040.000.05.001.000.630
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.

ეს კანონი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) საქართველოში ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტრადიციების ასახვა და საერთაშორისო გამოცდილების შემოქმედებითი გააზრება;

ბ) სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედ სამართალსუბიექტთა თანასწორუფლებიანობა, კანონით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტის შენარჩუნებით;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური სრულყოფა;

ე) სამართალსუბიექტთა შორის კომპეტენციათა გამიჯვნა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური ლიბერალიზაცია.

ამ კანონის დანიშნულებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ზემოაღნიშნული პრინციპების დამკვიდრება და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. კანონის მიზანი, მოქმედების სფერო და კანონში გამოყენებული ტერმინები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1.  ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, ისტორიულ დასახლებებში განთავსებულ ურბანისტულ ძეგლებზე, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე, აგრეთვე ურბანისტული ძეგლებისა და უძრავი ძეგლების დამცავ ზონებზე.

2. (ამოღებულია).

3.  სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მესაკუთრეს, შორის ურთიერთობა რეგულირდება ცალკე საკანონმდებლო აქტით.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტიკვარული ნივთი – ასი და მეტი წლის წინათ შექმნილი, კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული საგანი;

ბ) არქეოლოგიური ძეგლი – არქეოლოგიური ნაშთი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი:

ბ.ა) არქეოლოგიური ზონა – არქეოლოგიური დაზვერვის ან გათხრების შედეგად დასაბუთებულად განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც შეიცავს მოძრავი ან უძრავი ძეგლის ნაშთებს ან რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების აღმოჩენა;

ბ.ბ) არქეოლოგიური სამუშაოები – ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადამიანის საქმიანობით შექმნილი სტრუქტურების მიწასა თუ წყალში გამოსავლენად და შესასწავლად; არქეოლოგიური ძეგლის მოკვლევის, გათხრის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და მეცნიერული შესწავლის სრული ციკლი, შესწავლილი მასალის პუბლიკაციის ჩათვლით;

ბ.გ) არქეოლოგიური დაზვერვა – ძეგლის არსებობის, მისი სტრატიგრაფიისა და ქრონოლოგიის ვიზუალურად ან სასინჯი თხრილებით განსაზღვრა;

ბ.დ) არქეოლოგიური გათხრები – არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენის მიზნით ჩატარებული მიწის ან წყალქვეშა სამუშაოები, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა, ადგილზე ფიქსაცია, აღწერა, ლაბორატორიებსა და საცავებში გადატანა, დამუშავება-გაანალიზება და შესაბამისი სამეცნიერო-დოკუმენტური ანგარიშის მომზადება;

გ)  განაშენიანების რეგულირების ზონა – ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-კომპოზიციური სტრუქტურის, განაშენიანებაში არსებულ ძეგლთა მნიშვნელობის განმტკიცებისა და ახალმშენებლობათა ისტორიულ გარემოსთან შერწყმის მოთხოვნები;

დ) დამცავი ზონების სისტემა – დადგენილი წესით დამტკიცებული ტერიტორიების სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა დაიცვას უძრავი ძეგლი, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი და კულტურული ფენა არასასურველი ზეგავლენისაგან;

ე) ისტორიული დასახლება – ისტორიული ქალაქი, დაბა, სოფელი ან მათი ნაწილები, რომელთა ტერიტორიაზეც განთავსებულია ურბანისტული ძეგლები (ანსამბლები, კომპლექსები, კვარტალები, მოედნები, უბნები, ქუჩები, ძველი დაგეგმარებისა და განაშენიანების ნაშთები) და რომელთა ფარგლებშიც მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრული დამცავი ზონების სისტემის მოთხოვნები;

ვ) ისტორიული დასახლების დაცვა – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც აუცილებელია ისტორიული დასახლებისა და მის ტერიტორიაზე განთავსებული ურბანისტული ძეგლის დაცვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისათვის, აგრეთვე მისი უწყვეტი განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრებაში ჰარმონიული ადაპტაციისათვის;

ზ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა – მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ისტორიული დასახლებებისა და მათი ურბანისტული ძეგლების, ისტორიული გარემოს კულტურული ფასეულობის ძირითადი ასპექტების ამსახველ ინფორმაციულ მასალასა და მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქმშენებლობითი რეგლამენტაციის საკითხებს;

თ) კულტურული მემკვიდრეობა – კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას;

ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სამართლებრივ, ინსტიტუციურ, სააღრიცხვო, სამეცნიერო, საპროექტო-საძიებო, ტექნოლოგიურ, პრაქტიკულ, მაკონტროლებელ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, მოვლა-პატრონობასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას;

კ) კულტურის მოძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელსაც გადაადგილება არ უცვლის იმ თვისებას, რომლის გამოც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი, და რომელიც არ წარმოადგენს კულტურის უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს;

ლ) კულტურის უძრავი ძეგლი – მატერიალური კულტურის ძეგლი ან მისი ნაწილი, რომელიც ისტორიულად, ფუნქციურად და კომპოზიციურად შერწყმულია გარემოსთან და რომლის გადაადგილება შეუძლებელია ან დაკავშირებულია რთულ საინჟინრო ღონისძიებებთან და გაუმართლებელია მეცნიერული, ეთიკური და სხვა თვალსაზრისით;

მ) კულტურის უძრავი ძეგლის გადაადგილებული ფრაგმენტი – კულტურის უძრავი ძეგლის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოცალკევებულია კულტურის უძრავი ძეგლისაგან და კანონით აღიარებულია ცალკე უფლების ობიექტად;

ნ) კულტურული ფასეულობა – ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, ტექნიკური, ურბანისტული, ესთეტიკური, მხატვრული და სხვა ფასეულობა;

ო) კულტურული ფენა – მიწის შრეები და წყლით დაფარული ტერიტორია (ფსკერი), რომელიც შეიცავს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის კვალს;

პ) უძრავი ძეგლის ლანდშაფტის დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც მოიცავს ძეგლის გარშემო ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბუნებრივ და ხელოვნურ გარემოს და რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის ოპტიმალურ ექსპოზიციას;

ჟ) უძრავი ძეგლის დაცვის ზონა – უძრავი ძეგლის უშუალოდ გარემომცველი ტერიტორია, რომლის სტატუსი უზრუნველყოფს უძრავი ძეგლის დაცვას ფიზიკური ზეგავლენისაგან;

რ) უძრავი ძეგლის ტერიტორია – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული და მასთან ისტორიულად და ფუნქციურად დაკავშირებული ტერიტორია;

ს) უძრავი ძეგლის გაწმენდა – ძეგლის მცენარეული საფარისაგან, თანამედროვე სამშენებლო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება მიწის არსებული ზედაპირის მოხსნის გარეშე;

ტ) ურბანისტული ძეგლები – მხატვრულად და ისტორიულად ფასეული ანსამბლები, კომპლექსები, კვარტალები, მოედნები, უბნები, ქუჩები და ძველი დაგეგმარების ნაშთები, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ურბანისტული ძეგლები;

უ) ძეგლის ადაპტაცია – ძეგლის ისეთი გადაკეთება, რომელიც შეესაბამება მის ახალ გამოყენებას გარე სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით;

ფ) ძეგლის დასაშვები გამოყენება – ძეგლის ისეთი გამოყენება, რომელიც არ იწვევს მის თვისებათა შეუქცევად ცვლილებებს;

ქ) ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ღ) ძეგლის მოვლა-პატრონობა – ძეგლის მიმართ განხორციელებული ყველა ის ღონისძიება (შენახვა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, რეგენერაცია და ადაპტაცია), რომლის მიზანია მისი, როგორც ძეგლის, ყველა იმ ნიშან-თვისების შენარჩუნება და აღდგენა რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

ყ) ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი – ახალაღმოჩენილი ან ადრე ცნობილი ობიექტი, რომელზედაც ვრცელდება ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

შ) ძეგლის სახელმწიფო აღრიცხვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ჩ) ძეგლის სააღრიცხვო ბარათი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის პირველადი დოკუმენტი, რომელშიც მოკლედაა ასახული ძეგლის რაობა, მდებარეობა, მდგომარეობა და სხვა ძირითადი მონაცემები;

ც) ძეგლის პასპორტი – ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ვრცლადაა ასახული ძეგლის შესახებ არსებული ინფორმაცია;

ძ) ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრი – სახელმწიფოს მიერ წარმოებული ძეგლთა სარეგისტრაციო ნუსხა;

წ)  ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაცია – ძეგლთა აღრიცხვის შემდეგ შედგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს:

წ.ა)    ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიას;

წ.ბ)   ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;

წ.გ)   ძეგლის პასპორტს;

წ.დ)  ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს;

ჭ) ძეგლის რესტავრაცია – ძეგლის დაზიანებული ან დაკარგული ფრაგმენტების მეცნიერული მეთოდებით აღდგენა;

ხ) ძეგლის რეკონსტრუქცია – ძეგლისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, მეტ-ნაკლებად დასრულებული პირვანდელი სახის მიცემა არსებული და ახალი ელემენტების გამოყენებით;

ჯ) ძეგლის სტატუსი – ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მასზე ამ კანონის მოქმედების გავრცელებას;

ჰ) ძეგლის შენახვა – ძეგლზე მუდმივი მზრუნველობა მისი მხატვრული ელემენტების, კონსტრუქციების, საინჟინრო ქსელებისა და მოწყობილობების და საექსპლუატაციო რეჟიმის დასაცავად.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

კარი II. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა და მართვა

თავი II. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა

    მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

   მუხლი 5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელი ორგანოები

1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას ახორციელებენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. სამინისტრო კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 6. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას;

დ) ადგენს ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვის წესებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

ე) აკონტროლებს მოძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საზღვარგარეთ გატანასა და საქართველოში შემოტანას;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების ყოველწლიურ გეგმას;

ზ) გამოავლენს და აღრიცხავს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მოძრავი ძეგლების აღრიცხვას და წარუდგენენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შესატანად;

თ) უზრუნველყოფს კულტურის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;

ი) შესაბამის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დაცვის ზონების დადგენასა და დამტკიცებას;

კ) პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ამ კანონის დაცვაზე;

ლ) რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებული მნიშვნელობის ურბანისტულ ძეგლებსა და ცალკეულ ობიექტებს მათი ნაკრძალებად გამოცხადებისათვის, აგრეთვე აყენებს განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ძეგლების ბაზაზე მუზეუმ-ნაკრძალების შექმნის საკითხს;

მ) ზედამხედველობას უწევს უძრავი ძეგლებისა და მათი დაცვის ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის შედგენისას;

ნ) მოითხოვს ძეგლებზე წარმოებული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების უფლების დამადასტურებელ საბუთს (ნებართვას, არქეოლოგიურ დასკვნას და სხვ.);

ო) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;

პ) ძეგლის შეფასების და ძეგლთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გამოყოფს ექსპერტს ან ქმნის საექსპერტო კომისიას;

ჟ) დადგენილი წესით შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სამუშაოს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

ს) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით არეგულირებს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;

ტ) ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან;

უ) მონაწილეობს ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოების შემსრულებლისა;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აყენებს ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობის საკითხს და შესაბამის ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ, კულტურის ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის საფრთხის შექმნის, მათი დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ქ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;

ღ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო განიხილავს:

ა) ისტორიული დასახლებების დაგეგმარების, განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის პროექტებს;

ბ) ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში და განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრებში ცალკეული შენობების რესტავრაციისა და ახალი შენობა-ნაგებობების პროექტებს;

გ) ქალაქის ისტორიულ გარემოში დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციისა და მათი ახალი, ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათითა და მასშტაბით შერწყმული შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხს კანონით გათვალისწინებულ უწყებებთან ერთად;

დ) ქალაქის ისტორიული ნაწილისა და განაშენიანების რეგულირების ზონის კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების (მცირე ფორმები, საინჟინრო მოწყობილობები, რეკლამები) პროექტებს;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ისტორიული დასახლებების არეალისათვის შემუშავებულ წინადადებებს.

3. სამინისტროს სხვა ფუნქციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ სფეროს მარეგულირებელი საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები შესაბამისი რესპუბლიკების კულტურის სამინისტროების მეშვეობით ამ კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მონაწილეობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და გამოყენებას, აწარმოებს ძეგლთა გამოვლენას, შეგროვებას, მეცნიერულად შესწავლასა და პოპულარიზაციას.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული არქეოლოგიური კომისია გეგმავს, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას და სამინისტროსთან შეთანხმებით გასცემს ამგვარი სამუშაოების ჩატარების ნებართვას (ღია ფურცელს).

3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დებულება.

    მუხლი 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის აღრიცხვასა და აღწერას და პასუხისმგებელია მის სათანადოდ დაცვაზე;

ბ) აღრიცხული და აღწერილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამინისტროს მათ ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შესატანად;

გ) სამინისტროსთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაციისა და რესტავრაციის შესახებ.

2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის სხვა ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით და საარქივო დეპარტამენტის დებულებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 11. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისია

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 12. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში:

ა) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;

ბ) ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ ძეგლთა დაცვის ორგანოებთან;

გ) უზრუნველყოფენ გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დროებით დაცვას და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების წინადადებით მიმართავენ სამინისტროს;

დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 13. ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან შეასრულონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან თავისი მიზნების შესახებ საქმიანობის დაწყებამდე წერილობით აცნობონ სამინისტროს.

    მუხლი 14. კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანა და საქართველოში შემოტანა

კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

კარი III. ისტორიული დასახლებებისა და ურბანისტული ძეგლების დაცვა

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

თავი III. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია, აღრიცხვა, რეგისტრაცია და მისთვის სტატუსის მინიჭება

    მუხლი 15. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია

1. უძრავი ძეგლის კლასიფიკაცია ხდება მისი სახეობების, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური და სხვა მახასიათებლებისა და მისი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

2. უძრავი ძეგლის სახეობებია:

ა) არქეოლოგიური ძეგლი (ნაქალაქარი, ნასოფლარი და სხვა);

ბ) ისტორიული ძეგლი (ისტორიულ პროცესთან, მოვლენასთან ან პირთან დაკავშირებული ადგილი);

გ) ქალაქთმშენებლობის, საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი (ისტორიული დასახლება და მისი სისტემები; საინჟინრო თუ სხვა სისტემები, არქიტექტურული კომპლექსი, ანსამბლი ან მისი ნაწილი, ბაღები, პარკები);

დ) არქიტექტურის ძეგლი (სამოქალაქო, საკულტო, თავდაცვითი, სამრეწველო, სამეურნეო და სხვა შენობა-ნაგებობანი ან მათი ნაწილები და ფრაგმენტები, მათ შორის, თანამედროვე ტიპობრივი მშენებლობის ნიმუშები);

ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ფრესკა, რელიეფი, ქანდაკება, მენჰირი, ქვაჯვარი, სტელა, საფლავის ქვა და სხვა);

ვ) მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლი.

3. უძრავ ძეგლთა ქრონოლოგიური დაყოფა და მათი ტიპოლოგიური ჯგუფების განსაზღვრა ხდება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმებით.

4. უძრავი ძეგლები მათი მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული უძრავი ძეგლი;

ბ) ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ძეგლი.

    მუხლი 16. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი, თუ მას აქვს ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები.

2. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან ენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 17. უძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა

1. ძეგლი კარგავს უძრავი ძეგლის სტატუსს, თუ იგი განადგურდა ან დაზიანდა ისე, რომ დაკარგა უძრავი ძეგლის ნიშნები და ძეგლის აღდგენა შეუძლებელია.

2. უძრავი ძეგლის ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 18. უძრავი ძეგლისთვის კატეგორიის მინიჭება

1. უძრავ ძეგლს კატეგორია ენიჭება კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ეროვნული კატეგორიის უძრავ ძეგლებს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად არსებული წესით წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

3. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი უძრავი ძეგლები სარგებლობენ იუნესკოს რეკომენდაციებითა და რეზოლუციებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრივილეგიებითა და შეღავათებით.

4. უძრავ ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. უძრავ ძეგლს ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიას, ადგილობრივი მმართველობის შესაბამის ორგანოს წარდგინებით, ანიჭებს სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 19. უძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა

უძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა ხდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომისიის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 20. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაცია

1. უძრავი ძეგლი და უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვა-რეგისტრაციას, მიუხედავად მათი მესაკუთრის ვინაობისა.

2. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს:

ა) უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

ბ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი;

გ) უძრავი ძეგლის პასპორტი;

დ) უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი.

3. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებსა და მათი შევსების, დამტკიცების, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

4. უძრავ ძეგლზე ახალი ცნობების მოკვლევის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია ექვემდებარება შევსებას.

    მუხლი 21. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სამართლებრივი რეჟიმი

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე მისი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანის მომენტიდან ვრცელდება უძრავი ძეგლების მიმართ ამ კანონით დადგენილი წესები.

2. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით აცნობოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, რომლებიც განსაზღვრავენ ობიექტის დროებითი დაცვის რეჟიმს.

3. სამინისტრო ვალდებულია ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შესახებ სათანადო შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში ობიექტის კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით ჩაატაროს ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული წესით მის კლასიფიკაციასა და მისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

4. ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება სამინისტროს დებულებით „ობიექტის კულტურული ფასეულობის დასადგენი ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“.

    მუხლი 22. უძრავი ძეგლის აღნიშვნა

უძრავი ძეგლი აღინიშნება დაცვითი, საანოტაციო, მემორიალური დაფით ან სხვა მცირე არქიტექტურული ფორმით, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი უძრავი ძეგლის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 23. უძრავი ძეგლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. ინფორმაცია უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების, კატეგორიის შეცვლის ან სტატუსის დაკარგვის შესახებ ვრცელდება სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ძეგლთა შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

ა) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შესახებ – სახელმწიფო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის შესახებ – შესაბამის ადგილობრივ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთანავე სამინისტრო ვალდებულია მის მესაკუთრეს (მფლობელს) გაუგზავნოს მოთხოვნა დაცვითი ხელშეკრულების დადების შესახებ.

3. სამინისტრო ვალდებულია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უძრავი ძეგლის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

თავი III1. ისტორიული დასახლების ქალაქმშენებლობითი რეგულირება

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

    მუხლი 231. ისტორიული დასახლების დაცვა

1. ისტორიული დასახლების დაცვა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და იგი გათვალისწინებული უნდა იქნეს რაიონული და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების ყველა დონეზე. ისტორიული დასახლების სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, კომისიის წარდგინების საფუძველზე.

2. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის მოთხოვნა განაპირობებს ქალაქმშენებლობით-სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის შეზღუდვას, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ დასახლების ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.

3. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები ადგენენ ქალაქმშენებლობითი რეგულირების განსაკუთრებულ წესს, რომელიც წარმოადგენს ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის თანამიმდევრულ და ურთიერთდაკავშირებულ ღონისძიებათა სისტემას.

4. ისტორიული დასახლების, მისი ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვასა და ქალაქმშენებლობით განვითარებას შორის წონასწორობის სტრატეგიისა და ურბანისტული ძეგლების დაცვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა ხდება ისტორიული დასახლების გენერალური გეგმით. ამ პრინციპების დეტალიზების, ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვის კონკრეტული ქალაქმშენებლობითი საკითხები წყდება დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტით. გენერალური გეგმისა და დეტალური დაგეგმარების პროექტის დონეზე შემუშავებული ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ეფუძნება დასახლების ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 232. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა

1. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა)  ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს, როგორც უმნიშვნელოვანესი ქალაქმაფორმირებელი ელემენტების ისტორიული დასახლების გეგმარებით სტრუქტურაში ლოკალიზების თავისებურების ამსახველ გრაფიკულ და ტექსტურ მასალას;

ბ)  არქიტექტურულ გეგმარებით და სივრცით-კომპოზიციურ ასპექტებს ძირითად ისტორიულ ეტაპებზე;

გ)  არქიტექტურულ-კომპოზიციური დომინანტების ვიზუალურ-სივრცითი კავშირებისა და მათი გავლენის ზონების ანალიტიკურ სქემებს;

დ)     არქეოლოგიური ძეგლებისა და მნიშვნელოვანი კულტურული ფენების საზღვრებს;

ე) ბუნებრივი ლანდშაფტის იმ მნიშვნელოვანი ელემენტების ამსახველ გრაფიკულ მასალას, რომლებიც უზრუნველყოფს დასახლების ისტორიული პანორამისა და ლოკალური ხედების სრულყოფილ აღქმას;

ვ)  იმ მასივების განაშენიანების და ცალკეული შენობა-ნაგებობების დაფიქსირებას, რომლებიც არღვევენ დასახლების ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურასა და სივრცობრივ ორგანიზაციას, ზღუდავენ ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს აღქმის პირობებს, საფრთხეს უქმნიან მათ შენარჩუნებას;

ზ) ურბანისტული ძეგლის გარემოსათვის მიუღებელ ახალმშენებლობათა შეზღუდვას ან აკრძალვას, ცალკეულ შენობა-ნაგებობათა მასშტაბის, სტრუქტურისა და პროპორციების დადგენასთან დაკავშირებული ქალაქმშენებლობითი ურბანისტული რეგლამენტაციის შემუშავებას;

თ) ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოსათვის შეუსაბამო ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მდგომარეობის, საჰაერო აუზის დაბინძურების წარმოშობის წყაროებისა და ზონების დაფიქსირებასა და შეფასებას;

ი)  ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს მახასიათებლებისა და იერის გაუმჯობესების ზომებს, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების წინადადებებს.

2. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მასალები მტკიცდება ამ კანონის მოთხოვნებით გათვალისწინებული და ქალაქმშენებლობის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისინი თან ერთვის ისტორიული დასახლების დამცავი ზონების პროექტებს.

3. ურბანისტული ძეგლებისა და ისტორიული გარემოს დამცავი ზონების სისტემა წარმოადგენს ამ დასახლების გენერალური გეგმის, დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის განუყოფელ ნაწილს.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

    მუხლი 233. ისტორიული დასახლებისა და მისი ურბანისტული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისტორიული დასახლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი წინადადებების მიწოდების გზით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ინფორმაციის ხელმისაწვდომობით უზრუნველყოფენ საზოგადოების უფლების რეალიზაციას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომლებშიც მიეთითება ამ გადაწყვეტილების განხილვის ადგილი და თარიღი.

3. ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივ განხილვას აფინანსებს ისტორიული დასახლების დაცვით ზონებში კონკრეტული პროექტის დამკვეთი.

4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) ისტორიული დასახლების დაცვის საკითხებზე წინადადებები შეიტანონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში;

ბ) საკუთარი სახსრებით მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩაატარონ ექსპერტიზა ისტორიული დასახლების დაცვის განსახილველ პროექტებზე. მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები უნდა ეფუძნებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს;

გ) განსახილველ პროექტზე მოამზადონ ალტერნატიული წინადადება ან დააფიქსირონ დამოუკიდებელი აზრი ექსპერტების მოწვევის გარეშეც.

5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უნდა განიხილონ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარდგენილი წინადადებები.

6. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ დასვან საკითხი ასეთ გადაწყვეტილებათა სასამართლო წესით გაუქმებისა და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების იმ თანამდებობის პირთა ადმინისტრაციული ან სხვა სახის პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც დაარღვიეს ამ კანონის მოთხოვნები.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

თავი IV. საკუთრება უძრავ ძეგლზე

    მუხლი 24. უძრავი ძეგლის მესაკუთრე

1. უძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) ფიზიკური პირი;

დ) იურიდიული პირი.

2. არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

    მუხლი 25. უძრავი ძეგლის მესაკუთრის უფლება­მოვალეობანი

1. უძრავი ძეგლის მესაკუთრე უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს უძრავი ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მიიღოს შემოსავალი უძრავი ძეგლის ნებადართული წესით გამოყენების გზით;

გ) ისარგებლოს კანონით დადგენილი საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით;

დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისაგან მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური კონსულტაცია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული უძრავი ძეგლის შესახებ;

ე) სახელმწიფოს მიერ უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შემთხვევაში მოითხოვოს სათანადო ანაზღაურება.

2. უძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) დაიცვას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლი, გაიღოს ხარჯები მისი მოვლა-პატრონობისათვის;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს, მათი მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია უძრავი ძეგლის შესახებ, თუ ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან კანონით დადგენილ სხვა საიდუმლოებას;

გ) უძრავი ძეგლის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან გააფორმოს დაცვითი ხელშეკრულება, ამ ძეგლის დაცვითი რეჟიმის მითითებით;

დ) ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს უძრავი ძეგლის მდგომარეობის შემოწმებაში;

ე) აცნობოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელ ორგანოებს უძრავი ძეგლის მდგომარეობის ცვლილების შესახებ;

ვ) დაიცვას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმი;

ზ) სამინისტროს წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას უძრავი ძეგლის, მისი ნაწილებისა თუ ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა, ხოლო უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში – მიწის სამუშაოების ჩატარება, მიცვალებულთა დაკრძალვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მოსპობა ან უძრავი ძეგლის ისეთი ექსპლუატაცია, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;

თ) ხელი შეუწყოს უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარებას დადგენილი წესით;

ი) უზრუნველყოს უძრავი ძეგლის დათვალიერება მის მიერ დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 26. უძრავი ძეგლის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. უძრავი ძეგლის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება იგივე მოვალეობები, რაც უძრავი ძეგლის მესაკუთრეზე.

2. უძრავი ძეგლის მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებებით.

    მუხლი 27. მემკვიდრეობითი უფლებები უძრავ ძეგლზე

უძრავ ძეგლზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მემკვიდრეობითი უფლება.

    მუხლი 28. უძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ძეგლზე საკუთრების უფლების ნებისმიერი მოტივით გადაცემა (გასხვისება) აკრძალულია. ეს ძეგლი შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გამონაკლისს წარმოადგენს საცხოვრებელი ფონდი, რომლის გადაცემა საკუთრებაში დასაშვებია ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. სხვა უძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მესაკუთრის მიერ სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ. მესაკუთრემ სამინისტროს სათანადო შეტყობინება უნდა გაუგზავნოს გასხვისებამდე ერთი თვით ადრე.

3. უძრავი ძეგლის გასხვისებისას ან სარგებლობაში გადაცემისას მის დამცავ ზონას შეუნარჩუნდება იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც უძრავ ძეგლს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ძეგლის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ ფორმდება ძეგლის დაცვითი ხელშეკრულება სამინისტროსა და იმ პირს შორის, ვისაც სარგებლობაში გადაეცა უძრავი ძეგლი.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

    მუხლი 29. უძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევა

1. უძრავი ძეგლი მესაკუთრეს (მფლობელს) იძულებითი წესით ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს უძრავი ძეგლის დაცვას, რის გამოც ძეგლს ემუქრება დაზიანების, განადგურების ან გატაცების საფრთხე.

2. უძრავი ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიზეზით უძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 30. საკუთრების უფლება უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ახლად აღმოჩენილ ობიექტზე

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ახლად აღმოჩენილ ობიექტზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი ამ ობიექტის აღმომჩენსა და იმ ტერიტორიის მესაკუთრეს შორის, რომლის ტერიტორიაზედაც იქნა აღმოჩენილი ობიექტი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქოსამართლებრივი ნორმებით.

2. თუ ახლად აღმოჩენილ ობიექტს მიენიჭება ეროვნული კატეგორია და არსებობს ამ ობიექტის მესაკუთრის თანხმობა, სათანადო ანაზღაურების საფუძველზე ობიექტი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი V. უძრავი ძეგლის დაცვა

    მუხლი 31. უძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი

უძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და გარემოს შენარჩუნება, რომლებიც შეადგენს მის მხატვრულ, ისტორიულ, მეცნიერულ, ესთეტიკურ და სულიერ ფასეულობას და რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 32. დამცავი ზონების სისტემა და მათი რეჟიმები

1. უძრავი ძეგლის, ძეგლთა კომპლექსების, ანსამბლების, მათი ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების მიზნით იქმნება დამცავი ზონების სისტემა, რომელიც შედგება შემდეგი ზონებისაგან:

ა) არქეოლოგიური ზონა;

ბ) ძეგლის დაცვის ზონა;

გ) განაშენიანების რეგულირების ზონა;

დ) ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონა.

2. დამცავი ზონების დადგენას უზრუნველყოფენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ამტკიცებენ ერთობლივი ბრძანებით.

3. განაშენიანების რეგულირებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას დამცავი ზონების რეჟიმი.

5. დამცავი ზონების რეჟიმი გამორიცხავს მის ფარგლებში ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელმაც შეიძლება დაზიანების, განადგურების ან აღქმის გაუარესების საფრთხე შეუქმნას კულტურულ ფენებს, უძრავ ძეგლებს, ძეგლთა ანსამბლებსა და მათ გარემოს.

6. თუ უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ფარგლებში ხორციელდება ისეთი საქმიანობა (აფეთქება, ვიბრაცია, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და ა.შ.), რომელიც საფრთხეს უქმნის უძრავ ძეგლს, სამინისტროს მოთხოვნით ამგვარი საქმიანობა იზღუდება ან იკრძალება.

7. უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ ისეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უძრავ ძეგლს, სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აყენებს საკითხს ამ საქმიანობის შეჩერების, შეზღუდვის, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში – შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 33. უძრავი ძეგლის დასაშვები გამოყენება

1. უძრავი ძეგლის გამოყენება დასაშვებია თავდაპირველი დანიშნულებით ან შესაბამისი ნებართვის საფუძველზე – სხვა დანიშნულებით, თუ მისი გამოყენება არ არღვევს ძეგლის დაცვით რეჟიმს.

2. უძრავი ძეგლის დასაშვები გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს მისი დაცვის პირობებს და აკმაყოფილებდეს ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 34. მუზეუმ-ნაკრძალი

1. უძრავი ძეგლისა და მისი გარემოს დაცვის მიზნით იქმნება მუზეუმ-ნაკრძალი.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ძეგლისა და მისი კომპლექსის ბაზაზე იქმნება მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მუზეუმ-ნაკრძალის ძირითად ფუნქციას შეადგენს უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობა, მისი პოპულარიზაცია, ტურისტების მიზიდვა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

4. მუზეუმ-ნაკრძალში არსებული ექსპონატ-ნაგებობების გამოყენების წესს განსაზღვრავს ეს კანონი, შესაბამისი დებულება და სათანადო წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია.

    მუხლი 35. უძრავ ძეგლთა გათვალისწინება მიწის კადასტრსა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში

1. აუცილებელია უძრავ ძეგლთა, მათი ტერიტორიებისა და დამცავი ზონების გათვალისწინება მიწის კადასტრსა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში (განსახლებისა და დარგობრივ სქემებში, რაიონული დაგეგმარების სქემებსა და პროექტებში, დასახლებათა გენერალურ სქემებსა და გეგმებში, დეტალური დაგეგმარებისა და განაშენების პროექტებში და ა.შ).

2. აღნიშნული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია თანხმდება სამინისტროსთან.

    მუხლი 36. მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დაპროექტებისა და წარმოების აუცილებელი პირობები

1. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო, სამელიორაციო, საგზაო, ნავთობსადენი და გაზსადენი მაგისტრალების და სხვა სახის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტები ხორციელდება სამინისტროს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე.

2. მიწისზედა ძეგლების აღრიცხვა­პასპორტიზაციასა და დაცვას, ისევე როგორც განათხარი ძეგლების დაცვას, რესტავრაციასა და კონსერვაციას უზრუნველყოფს სამინისტრო, ხოლო მშენებლობისათვის და რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი მიწის ფართობის არქეოლოგიურ დაზვერვას, ექსპერტიზას, გათხრებს, მეცნიერულად შესწავლის ორგანიზებას და შესაბამის დაწესებულებებთან და უწყებებთან ურთიერთობას ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც განზრახული აქვთ მსხვილმასშტაბიანი სამშენებლო ან სხვა სამუშაოების ჩატარება (საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურების აგება, მიწისა და სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება, კარიერის დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის ამოღება და ა.შ.), ვალდებულნი არიან დაპროექტების პროცესში, სამუშაოების დაწყებამდე 3 თვით ადრე, არქეოლოგიური და სხვა ძეგლთა დაცვითი სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს წარუდგინონ სათანადო განაცხადი. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნის საფუძველზე სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს ვადა.

4. ის იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის, საერთაშორისო და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის მასშტაბურ მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, დაპროექტებისა და მშენებლობის ღირებულების ხარჯთაღრიცხვაში ითვალისწინებენ არქეოლოგიური გათხრების, მეთვალყურეობის, წინასწარი დაზვერვის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ფიქსაციის, მეცნიერული შესწავლის, პუბლიკაციისა და დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებელ თანხებს.

5. მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოთა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 37. უძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთების, გადაადგილების ან დაშლის აკრძალვა

1. აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის თვითნებური გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა.

2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:

ა) უძრავი ძეგლის გადარჩენა;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.

3. უძრავი ძეგლის ნებადართული გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა აისახება უძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.

4. უძრავი ძეგლის დაკარგული არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ აღსადგენი არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების სრული იდენტიფიკაციისა და ზუსტ მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული საპროექტო დოკუმენტაციის ბაზაზე.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

თავი VI. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 38. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები

1. უძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) დაზვერვა;

ბ) გაწმენდა;

გ) გათხრა;

დ) კონსერვაცია;

ე) რესტავრაცია;

ვ) რეკონსტრუქცია;

ზ) რეგენერაცია;

თ) ადაპტაცია;   

ი) ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება;

კ) ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება;

ლ) ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა.

2. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ძირითად სტადიებად:

ა) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო;

ბ) საპროექტო-საძიებო სამუშაო;

გ) პროექტის რეალიზაცია.

3. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების კონკრეტულ წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 39. უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების პირობები

1. სამინისტროს ანგარიშზე მობილიზებული ფულადი სახსრების გამოყენება უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრთა – სამინისტროს სპეციალისტთა სამივლინებო ხარჯებს გაიღებს ძეგლის მესაკუთრე ან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შემსრულებელი.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 40. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეები და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები

1. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეებია:

ა) უძრავი ძეგლის დაზვერვის ნებართვა;

ბ) უძრავი ძეგლის გაწმენდის ნებართვა;

გ) უძრავი ძეგლის გათხრის ნებართვა;

დ) უძრავი ძეგლის კონსერვაციის ნებართვა;

ე) უძრავი ძეგლის რესტავრაციის ნებართვა;

ვ) უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციის ნებართვა;

ზ) უძრავი ძეგლის ადაპტაციის ნებართვა;

თ) უძრავი ძეგლის რეგენერაციის ნებართვა;

ი) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთების ნებართვა;

კ) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილების ნებართვა;

ლ) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლის ნებართვა.

2. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა ერთჯერადია.

3. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:

ა) მშენებლობის ნებართვა;

ბ) საპროექტო დოკუმენტაცია;

გ) ნებართვის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ – იმ პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 41. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 42.   პასუხისმგებლობა უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე

პასუხისმგებლობა უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

კარი IV. მოძრავი ძეგლის დაცვა

თავი VII. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია, აღრიცხვა, რეგისტრაცია და მისთვის სტატუსის მინიჭება

    მუხლი 43. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია

1. მოძრავი ძეგლის კლასიფიკაცია ხდება მისი სახეობის, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური თუ სხვა მახასიათებლებისა და მხატვრული, ისტორიული, მეცნიერული, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

2. მოძრავი ძეგლის სახეობებია:

ა) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუში;

ბ) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში;

გ) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები;

დ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები ან/და მათი ფრაგმენტები;

ე) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული საკულტო დანიშნულების ნივთი;

ვ) ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები, გუჯრები და ბეჭდვითი გამოცემები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება;

ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, მათ შორის, ფოტო-, ფონო-, კინო-, ვიდეომასალები;

თ) ეთნოგრაფიული ნივთები;

ი) უნიკალური ავეჯი და მუსიკალური ინსტრუმენტები;

კ) მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლები;

ლ) სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

    მუხლი 44. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება

1. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიენიჭება მოძრავი ძეგლის სტატუსი, თუ მას აქვს ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები.

2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 45. მოძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა

1. ძეგლი კარგავს მოძრავი ძეგლის სტატუსს, თუ მას აღარ აქვს მოძრავი ძეგლის ნიშნები, განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია.

2. მოძრავი ძეგლის ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 46. მოძრავი ძეგლის კატეგორიები

მოძრავი ძეგლი მისი მხატვრული, ისტორიული, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობის მნიშვნელობის შესაბამისად მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი;

ბ) ეროვნული მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის მოძრავი ძეგლი.

    მუხლი 47. მოძრავი ძეგლისთვის კატეგორიის მინიჭება

1. მოძრავ ძეგლს კატეგორია ენიჭება კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. მოძრავ ძეგლს განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მოძრავ ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. მოძრავ ძეგლს ადგილობრივი მნიშვნელობის კატეგორიას ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით ანიჭებს სამინისტრო.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 48. მოძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა

მოძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა ხდება კომისიის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებულ ორგანოთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 49. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის სამართლებრივი რეჟიმი

1. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე ვრცელდება მოძრავი ძეგლის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესები.

2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და სამინისტროს, რომელიც განსაზღვრავს ობიექტის დროებითი დაცვის რეჟიმს.

3. სამინისტრო ვალდებულია მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შესახებ სათანადო შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა ობიექტის კულტურული ფასეულობის დადგენის მიზნით უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს იგი მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში, არსებული წესით უზრუნველყოს მისი კლასიფიკაცია და მისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება.

    მუხლი 50. მოძრავი ძეგლის აღრიცხვა

1. მოძრავი ძეგლი და მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, განურჩევლად მათი მესაკუთრისა, ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას.

2. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს:

ა) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

ბ) მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი;

გ) მოძრავი ძეგლის პასპორტი;

დ) მოძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი.

3. მოძრავი ძეგლის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო გასცემს სათანადო საბუთს.

4. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებსა და მათი შევსების, დამტკიცების, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

5. მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში შეტანასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აფინანსებს სახელმწიფო.

6. მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია, მიმართოს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მის საკუთრებაში არსებული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანის თაობაზე.

    მუხლი 51. საკუთრების უფლება ახალაღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლზე

ახალაღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, განურჩევლად მისი აღმოჩენის ადგილისა, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

თავი VIII. საკუთრება მოძრავ ძეგლზე

    მუხლი 52. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე

1. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) ფიზიკური პირი;

დ) იურიდიული პირი.

2. ახლად აღმოჩენილი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, რომლის მესაკუთრე ცნობილი არ არის ან შეუძლებელია კანონით განსაზღვრულ ვადებში მისი ვინაობის დადგენა, ცხადდება აღმომჩენის საკუთრებად. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობაა ძეგლთა მოძიება, არქეოლოგიური გათხრების ჩატარება ან ძეგლზე მეთვალყურეობა.

3. თუ ცნობილია იმ ტერიტორიის მესაკუთრე, რომელშიც აღმოჩენილია მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი, მაშინ ამ უკანასკნელის მესაკუთრე (მესაკუთრეები) განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმომჩენს უფლება აქვს არ გამოააშკარაოს თავისი ვინაობა.

5. მოძრავი ძეგლი, რომლის მესაკუთრეა სახელმწიფო, არ შეიძლება იყოს გასხვისებული იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე.

    მუხლი 53. მოძრავი ძეგლის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

1. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს მოძრავი ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მიიღოს შემოსავალი მოძრავი ძეგლის კანონიერი გამოყენების გზით;

გ) ისარგებლოს კანონით დადგენილი საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით;

დ) სამინისტროსაგან მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური კონსულტაცია მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის შესახებ.

2. სახელმწიფოს მიერ მოძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევის შემთხვევაში მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს სათანადო ანაზღაურება.

3. მოძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობა;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს მოძრავ ძეგლში მომხდარი ცვლილებების ან მისი გატაცების შესახებ;

გ) არ დაუშვას მოძრავი ძეგლის, მისი ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დაშლა ან ძეგლის ისეთი გადაადგილება თუ ექსპლუატაცია, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;

დ) ხელი შეუწყოს მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარებას დადგენილი წესით;

ე) მოძრავი ძეგლის გასხვისების შემთხვევაში ინფორმაცია ძეგლის დაცვის პირობების შესახებ გადასცეს ახალ მესაკუთრეს;

ვ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ლიცენზირებულ სპეციალისტებს ძეგლის მდგომარეობის შემოწმებაში. თუ არსებობს მოძრავი ძეგლის მდგომარეობის შემოწმების დასაბუთებული აუცილებლობა და მესაკუთრე (მფლობელი) არ იძლევა ინფორმაციას მის საკუთრებაში არსებული ძეგლის შესახებ, სამინისტრო იღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოძრავი ძეგლის შემოწმება;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 54. მოძრავი ძეგლის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. მოძრავი ძეგლის მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ვრცელდება იგივე მოვალეობანი, რაც მოძრავი ძეგლის მესაკუთრეზე.

2. მოძრავი ძეგლის მფლობელი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებებით.

    მუხლი 55. მემკვიდრეობითი უფლება მოძრავ ძეგლზე

მოძრავ ძეგლზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მემკვიდრეობითი უფლება.

    მუხლი 56. მოძრავი ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა

1. მოძრავი ძეგლის გასხვისების შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია წინასწარ აცნობოს სამინისტროს გასხვისების პირობები.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლი არ ექვემდებარება განსახელმწიფოებრივებას.

3. აუქციონის ჩატარების ორგანიზატორები ვალდებულნი არიან აუქციონზე გასატანი ნივთების ნუსხა აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე გაუგზავნონ სამინისტროს.

    მუხლი 57. მოძრავი ძეგლის იძულებითი წესით ჩამორთმევა

1. მოძრავი ძეგლი მესაკუთრეს (მფლობელს) იძულებითი წესით ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მოძრავი ძეგლის სათანადო დაცვას, რის გამოც ძეგლს ემუქრება დაზიანების ან განადგურების საფრთხე.

2. მოძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას მოძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

თავი IX. მოძრავი ძეგლის დაცვა

    მუხლი 58. მოძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი

მოძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შეადგენს მის ისტორიულ, მხატვრულ, ესთეტიკურ და სულიერ ფასეულობას და რისთვისაც ძეგლს მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.

    მუხლი 59. მოძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთებისა და დანაწევრების აკრძალვა

1. აკრძალულია მოძრავი ძეგლის თვითნებური გადაკეთება, დანაწევრება ან მისი სახის რამენაირი შეცვლა.

2. მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება ან დანაწევრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:

ა) მოძრავი ძეგლის გადარჩენა;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.

3. მოძრავი ძეგლის ნებადართული გადაკეთების ან დანაწევრების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოძრავ ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 60. მოძრავი ძეგლის დაცვის პირობების უზრუნველყოფა

თუ მესაკუთრეს (მფლობელს) არ გააჩნია მოძრავი ძეგლის შენახვისა და დაცვისათვის სათანადო პირობები და არც შეუძლია სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ამ პირობების შექმნა, იგი ვალდებულია მოძრავი ძეგლი მისი დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო პირობების შექმნამდე, მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სხვა პირს.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

თავი X. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 61. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები

1. მოძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) გაწმენდა;

ბ) კონსერვაცია;

გ) რესტავრაცია;

დ) რეგენერაცია;

ე) ძეგლის ან მისი ნაწილის დანაწევრება.

2. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ძირითად სტადიებად:

ა) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო;

ბ) პრაქტიკული სამუშაო.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 62. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 63. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეები და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები

1. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეებია:

ა) მოძრავი ძეგლის გაწმენდის ნებართვა;

ბ) მოძრავი ძეგლის კონსერვაციის ნებართვა;

გ) მოძრავი ძეგლის რესტავრაციის ნებართვა;

დ) მოძრავი ძეგლის რეგენერაციის ნებართვა;

ე) მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დანაწევრების ნებართვა.

2. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა ერთჯერადია.

3. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:

ა) ნებართვის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ – იმ პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები;

ბ) მოძრავ ძეგლზე სამუშაოების განმახორციელებელი პირის შესაბამის სამუშაოთა წარმოების არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 64. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის ამოქმედება

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის ამოქმედება განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 65. პასუხისმგებლობა მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე

პასუხისმგებლობა მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

თავი XI. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 66. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება

მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა დაიშვება მხოლოდ სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 67. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები

1. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.

2. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა გაიცემა სამი წლის ვადით.

3. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:

ა) შესაბამისი სათავსოს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაცია შენობის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების შესახებ;

გ) დოკუმენტაცია შენობის ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის შესახებ;

დ) სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის ყოლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

    მუხლი 671. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

კარი V. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

თავი XII. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება

    მუხლი 68. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება                    

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ფინანსდება:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან;

ბ) ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) სახსრებით;

გ) მიზნობრივი ფონდებიდან;

დ) საიჯარო გადასახადებიდან;

ე) სპეციალური შემოსავლების ანარიცხებიდან;

ვ) შემოწირულობებით;

ზ) ლატარიის მოწყობით მიღებული მოგებიდან;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროგრამების განხორციელებისათვის გაცემული გრანტებით;

ი) უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით;

კ) ყველა იმ სხვა შემოსავლით, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 69. კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სახსრების გამოყენება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ხმარდება:

ა) ძეგლთა დაცვის ორგანოების საქმიანობას;

ბ) სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. ავტონომიური და სხვა ტერიტორიული ერთეულები წლიური ბიუჯეტის დამტკიცებისას ითვალისწინებენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დასაცავად საჭირო თანხებს. აღნიშნული თანხები სამინისტროსთან შეთანხმებით ხმარდება ძეგლთა მოვლა-პატრონობას.

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

    მუხლი 70. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდები იქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XIII. ძეგლის დაზღვევა და შეღავათები კულტურული მემვიდრეობის დაცვისათვის

    მუხლი 71. ძეგლის დაზღვევა

ძეგლის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 72. შეღავათები

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან წარმოებს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი VI. საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

 

თავი XIV. საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

    მუხლი 73. საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში

1. საქართველო მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.

2. საქართველო ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებთან მიერთებაზე.

    მუხლი 74. საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საქართველო ზრუნავს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

    მუხლი 75. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება საქართველოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 76. დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის უძრავი ძეგლისგადაცემის აკრძალვა

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების განსათავსებლად უძრავი ძეგლის საკუთრების უფლებით ან ნებისმიერი ფორმით სარგებლობისათვის გადაცემა აკრძალულია.

თავი XIV1. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 761. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ.,მუხ.68

კარი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 77. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ 1977 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1977 წლის დეკემბერი, მუხ. 184).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით დამცავი ზონების დადგენამდე მოქმედებს „ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №68 დადგენილების სათანადო დებულებები და საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც დადგენილია ცალკეული ქალაქების, უძრავი ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების დამცავი ზონები.

საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2406 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.5

    მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) არქეოლოგიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის კულტურული მემკვიდრეობის საკუთრების სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) დებულება საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შესახებ“;

ვ) დებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს შესახებ“;

ზ) დებულება უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირების შესახებ“;

თ) დებულება სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ“;

ი) დებულება მოძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ლიცენზირებისა და სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიცირების შესახებ“;

კ) დებულება უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ“;

ლ) დებულება მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესის შესახებ“;

მ) დებულება ანტიკვარიატით ვაჭრობის წესის შესახებ“.

თავი XVI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 79. კანონის ამოქმედება

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2209–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.     საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი 1462 - სსმ I, 16, 05.06.2002 წ., მუხ.68

2.     საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი 2133 - სსმ I, 13, 02.06.2003 წ., მუხ.69

3.     საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი 309 - სსმ I, 20, 16.07.2004 წ., მუხ.104

4.     საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი 2406 - სსმ I, 1, 04.01.2006 წ., მუხ.5

5.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი 4708 - სსმ I, 18, 22.05.2007 წ., მუხ.138

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.