დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სპს ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | სპს ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი |
მიღების თარიღი | 05/01/2010 |
დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240111, 24/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი |
სპს – ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება
(ახალი რედაქცია – დამტკიცებული 2010 წლის 5 იანვარს)
თავი I. არბიტრაჟში სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სპს – ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფთან არსებული საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (შემდგომში – არბიტრაჟი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავას „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.
4. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები; მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
5. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
6. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.
7. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
8. კანონიერ ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის.
თავი 2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი
მუხლი 2. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი
1. საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან საქმის წარმოების დასრულებამდე მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო პრეტენზია დარჩება განუხილველი.
2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:
ა) საარბიტრაჟო მოსაკრებელი ქონებრივ დავებში განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1,5%-ით, მაგრამ იგი არ უნდა იყოს 500 (ხუთას) ლარზე ნაკლები, ხოლო 100 000 ლარზე მეტი დავის შემთხვევაში –1% (15/12/2010 წ. );
ბ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე შეადგენს 150 ლარს;
გ) კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 300 (სამას) ლარს (15/12/2010 წ.).
3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარე განსაზღვრავს საქმის წარმოებაში მიღების დადგენილებით.
4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) სპეციალისტისა და ექსპერტებისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
დ) ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
ე) გზავნილის ჩაბარებისა და საჯარო შეტყობინებისათვის გაწეული ხარჯები;
ვ) სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც საქმის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე, ხოლო საქმის წარმოების სხვა ხარჯები გადაიხდება მოსარჩელის მიერ, რომელიც დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის მოთხოვნით საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5. თუ საარბიტრაჟო სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
6. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან განუწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდა, ან შეამციროს მისი ოდენობა.
7. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.
8. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
9. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მისი მოთხოვნით ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მხარეთა მორიგების შემთხვევაში საპროცესო ხარჯი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ მხარეები მორიგების აქტით სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
10. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს.
11. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უკან უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებელი არბიტრაჟის მიერ საქმის მომზადებისათვის გაწეული ხარჯების გამოკლებით.
12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელის ნახევარს.
თავი 3. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 3. საარბიტრაჟო განხილვის წესი
1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. საარბიტრაჟო განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის ენა
მხარეებს ან არბიტრაჟს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. პირს, რომელმაც არ იცის საარბიტრაჟო განხილვის ენა, მიეჩინება თარჯიმანი.
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 6. საარბიტრაჟო შეტყობინება
1. მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.უწყებას ხელს აწერს არბიტრი ან არბიტრის თანაშემწე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს წერილობითი, ელექტრონული შეტყობინებით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით. იურიდიულ პირზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს წარმომადგენლობით ან სხვა უფლებამოსილ პირს, კანცელარიას ან ამ იურიდიული პირის ასეთივე დანიშნულების სხვა სტრუქტურულ ერთეულს (28/07/2010 წ.).
2. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება:
ა) თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას;
ბ) თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს ან დამქირავებელს, რომელიც თანახმა იქნება გადასცეს უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა.
უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დროულად ჩააბაროს ადრესატს, ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსიის შეტყობინება (28/07/2010 წ.).
3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრის თანაშემწე.
ა) ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი უწყების ჩაბარება დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
ბ) ტელეგრამით დაბარების შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.
4. საარბიტრაჟო უწყებასთან ერთად არბიტრი მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. არბიტრაჟში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი უნდა გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე და უწყების გაგზავნის შემდეგაც.
5. საარბიტრაჟო გზავნილი/უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. კურიერის მიერ ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.
6. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7დღეს.
7. თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას (28/07/2010 წ.).
8. თუ ადრესატი უარს აცხადებს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა (28/07/2010 წ.).
9. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს (28/07/2010 წ. ).
10. თუ მოპასუხისათვის უწყების ჩაბარება გაძნელებულია, მოსარჩელეს შეუძლია თავისი ინიციატივით ან არბიტრაჟის დავალებით დაეხმაროს არბიტრაჟს მოპასუხისათვის უწყების ჩაბარებაში (28/07/2010 წ.) .
11. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისთვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის (28/07/2010 წ. ).
მუხლი 7. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი არბიტრაჟს წარედგინება და განიხილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-35-ე მუხლების მოთხოვნათა დაცით.
მუხლი 8. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 17-23 მუხლებით.
მუხლი 9. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
არბიტრაჟი მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ :
ა) სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმეობაზე;
ბ) საარბიტრაჟო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი დარჩეს განუხილველი;
გ) არც ერთი მხარე არ გამოცხადდა;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე;
ე) არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი.
იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო პრეტენზიის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
მუხლი 10. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა
1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, არბიტრაჟის წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
2. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, დააზუსტოს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნა.
მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს არბიტრაჟში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).
2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ საარბიტრაჟო განხილვის ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი.
მუხლი12. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით
1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ არბიტრაჟში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ არბიტრაჟში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმისწარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
3. არბიტრაჟში მხარეების წარმომადგენლებად ასევე შეიძლება იყვნენ ადვოკატები და სხვა ქმედუნარიანი პირები. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი13. მტკიცებულებები
საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, მათი შუამდგომლობით არბიტრაჟი იწვევს მოწმეებს, სპეციალისტს ან ექსპერტს; ნიშნავს ექსპერტიზას. არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნისას გამოიყენება „არბიტრაჟის შესახებ“ სქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით დადგენილი წესი.
თავი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა
მუხლი 14. არბიტრთა რაოდენობა
1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.
2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.
მუხლი 15. არბიტრების დანიშვნა
1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.
2. არბიტრის (არბიტრების) და შემადგენლობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.
3. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას:
ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;
ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად. არბიტრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 16. არბიტრის აცილების საფუძვლები
მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 17. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
არბიტრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
თავი 5. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
მუხლი 18. ვადები
1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და ამ დებულებით დადგენილ ვადებში.
2. საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში მიიღება არბიტრაჟში სარჩელის შემოტანიდან 5 დღის ვადაში, რის თაობაზეც არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოებაში მიღების თაობაზე.
3. თუ მხარეთა მიერ არ არის შეთანხმებული არბიტრის/არბიტრების დანიშვნის წესი, საქმეს არბიტრის/არბიტრების დანიშვნამდე ამზადებს არბიტრაჟის თავმჯდომარე. გზავნილი და უწყება მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვროს გონივრული ვადა მოპასუხისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით დადგენილი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
4. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მუხლი 19. არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საპროცესო ვადები
1. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან, თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
3. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 20. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ
განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 21. საარბიტრაჟო დავის განხილვა
საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 22. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა
1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ, მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები
1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები. ასევე, მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
3. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
თავი 6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 36-41-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 25. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
მხარეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 26. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება წარმოებს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე და 45-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 261 . არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები
მხარეს/მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს განჩინებაში მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის “ა.გ”; “ა.ე”; ან/და “ბ.ბ” ქვეპუნქტებზე;
ბ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;
გ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა (06/03/2010 წ.).
მუხლი 262. სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობა (15/12/2010 წ.)
1.სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის, არბიტრაჟს განცხადებით მიმართავს ერთ-ერთი მხარე უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადების წარდგენის შემდეგ არბიტრაჟი უფლებამოსილია:
ა) განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში საქმის განმხილველმა არბიტრმა ან მისი არყოფნის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ დანიშნულმა სხვა არბიტრმა, მიიღოს დადგენილება განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვა;
ბ) მოიწვიოს მხარეები საარბიტრაჟო სხდომაზე ამ დებულების მე-6 მუხლით დადენილი წესით;
გ) მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე ურის თქმის თაობაზე.
თავი 7. დასკვნითი დებულებები
მუხლი 27. არბიტრაჟის შექმნისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი
არბიტრაჟი იქმნება და წყვეტს საქმიანობას სპს – ხაჩიზე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.
მუხლი 28. არბიტრაჟის დებულების დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს პარტნიორთა კრებას. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას ხელს აწერს პარტნიორთა კრების თავმჯდომარე.
მუხლი 29. კანონის მოქმედების უპირატესი ძალა
თუ ამ დებულების რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე ნორმას, ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონის ნორმა.
დოკუმენტის კომენტარები