ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31(38), 14/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050.030.010.05.001.000.610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2159
23/06/1999
სსმ, 31(38), 14/07/1999
050.030.010.05.001.000.610
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/07/1999 - 28/12/2005)

საქართველოს კანონი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას (იმპორტირებისას) ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ ხელშეკრულების დებულებებს სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა თაობაზე.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლების მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;

ბ) საავტორო უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოადგენს უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე წარმოებული საქონლის ასლს და რომელიც საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;

გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – ნებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

დ) კონტრაფაქციული პროდუქცია – ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს;

ე) „დე-მინიმის“ იმპორტი – არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელი, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

 

 

თავი II

საქონლის შეჩერება

 მუხლი 3. საქონლის შეჩერება საბაჟო ორგანოების მიერ

უფლების მფლობელს, რომელსაც საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის შეჩერება.

    მუხლი 4. განცხადება

1. უფლების მფლობელი, რომელიც მოითხოვს საქონლის შეჩერებას ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს წერილობით წარუდგენს:

ა) იმის სათანადო დასაბუთებას, რომ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლების მფლობელის უფლებები;

ბ) საქონლის დეტალურ აღწერას – საბაჟო ორგანოების მიერ მისი ამოცნობის გაადვილების მიზნით;

გ) სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოფის გარანტიას. ასეთი უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების წარმოდგენით, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

2. მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები და ეცნობებათ საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ შესაბამის ღონისძიებათა ჩატარებისათვის დადგენილი ვადების შესახებ.

    მუხლი 5. საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა

თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან 14 დღის განმავლობაში უფლების მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოში სარჩელის შეტანას, შეჩერებული საქონელი ექვემდებარება გაშვებას.

    მუხლი 6. ზარალის ანაზღაურება

სასამართლოს შეუძლია მოსარჩელეს დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც საქონლის შეჩერებით განიცადა იმპორტიორმა, ექსპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან საქონლის მესაკუთრემ.

    მუხლი 7. შემოწმების ჩატარებისა და ინფორმაციის მიღების უფლება

სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი კონფიდენციალური ინფორმაციისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე უზრუნველყოფს უფლების მფლობელის მიერ შეჩერებული საქონლის შემოწმების ჩატარებას. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი იმპორტიორს ან ექსპორტიორს ატყობინებს ამგვარი შემოწმების ჩატარების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს მის დასწრებას შემოწმებაზე და საქონლის შემოწმების თანაბარ შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი უფლების მფლობელს აცნობებს ტვირთის გამგზავნის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ტვირთის მიმღების ვინაობას და მისამართს, აგრეთვე მოცემული საქონლის რაოდენობას.

    მუხლი 8. ღონისძიებები

1. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოაქვს გადაწყვეტილება მოცემული საქონლის განადგურების ან განკარგვის შესახებ.

2. საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

3. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი არ დაუშვებს კონტრაფაქციული პროდუქციის ექსპორტს ან რეექსპორტს.

    მუხლი 9. „დე-მინიმის“ იმპორტი

ეს კანონი არ გამოიყენება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონლის მიმართ, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

თავი III

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10. გარდამავალი დებულება

დაევალოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში გამოსცეს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 23 ივნისი

№2159-IIს