დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4066-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 410010020.05.001.016161 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 05/10/2022)
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
1. ეს კანონი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
2. აკრძალულია გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენება სანაშენე მეცხოველეობასა და მცენარეულ გასამრავლებელ მასალაში.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სელექციონერი:
ა.ა) პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან რომელმაც გამოიყვანა ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში;
ა.ბ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემი ან დავალების გამცემი;
ა.გ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის უფლებამონაცვლე;
ბ) განაცხადი – ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
გ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და სელექციონერის უფლების დამადასტურებელი, დამცავი დოკუმენტი;
დ) ცხოველის ჯიში – ცხოველთა ჯგუფი, რომელსაც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, აქვს გენეტიკურად განპირობებული კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები; ამასთანავე, ზოგი მათგანი სპეციფიკურია და განასხვავებს მას სხვა ცხოველთა ჯგუფებისაგან. ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მდედრი ან მამრი ინდივიდით ან სანაშენე მასალით;
ე) ცხოველის ჯიშის დაცვის კატეგორიები – ტიპი, ხაზი;
ვ) სანაშენე ცხოველი – ჯიშის აღწარმოებისა და გამრავლებისათვის გათვალისწინებული ცხოველი;
ზ) სანაშენე მასალა – სანაშენე ცხოველი, მისი თესლი და ემბრიონი;
თ) საწარმოო დანიშნულების ცხოველი – ცხოველი, რომელიც გამოიყენება ჯიშის აღწარმოების მიზნებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის;
ი) საწყისი ჯიში – სელექციონერის მიერ ახალი ჯიშის გამოსაყვანად შერჩეული ცხოველის ან/და მცენარის ჯიში;
კ) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით;
ლ) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ჯიშის გამრავლებისათვის განკუთვნილი თესლი, მცენარე ან მისი ნაწილი;
მ) მოსავალი – მცენარის ჯიშის გამრავლების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის პროდუქტი;
ნ) მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია – 1961 წლის 2 დეკემბრის „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია“;
ო) კავშირი – მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით.
1. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – „საქპატენტი“) უზრუნველყოფს სელექციონერისათვის სელექციონერის უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების განაცხადებისა და სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ.
2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. „საქპატენტს“ შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადაა „საქპატენტის“ მიერ ახალი ჯიშის დარეგისტრირების დღიდან:
ა) 25 წელი – მცენარის ახალ ჯიშზე, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯიშებისა;
ბ) 30 წელი – ვაზის, მერქნიან, ხეხილოვან, დეკორატიულ, ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ტყის მცენარეთა ახალ ჯიშებზე (მათ შორის, საძირეებისა);
გ) 30 წელი – ცხოველის ახალ ჯიშზე.
თავი II. სელექციონერი და მოწმობის მფლობელი
1. სელექციონერს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის „საქპატენტში“ რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შედეგად წარმოექმნება სელექციონერის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები.
2. თუ სელექციონერი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
3. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში გამოვლენილ და გაუმჯობესებულ იქნა ან გამოყვანილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანასელექციონერად.
4. თანასელექციონერთა შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
1. ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სელექციონერს.
2. რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად გამოვლენილი და გაუმჯობესებული ან გამოყვანილი ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა სელექციონერს ერთად, ისე ცალკეულ მათგანს რეგისტრაციასა და მოწმობის მიღებაზე დანარჩენი სელექციონერების წერილობითი უარის შემთხვევაში.
1. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ ასეთი დავალება სასელექციო საქმიანობას ითვალისწინებს და თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.
2. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის მიღების ან/და ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციიდან და მოწმობის გაცემიდან გამომდინარე სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება.
თუ სამუშაოს მიმცემი უარს ამბობს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციასა და მოწმობის მიღებაზე, რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს.
თუ „საქპატენტში“ ცხოველის ან/და მცენარის ერთ ახალ ჯიშზე სხვადასხვა დროს შეტანილია ორი ან ორზე მეტი განაცხადი, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა ხდება პირველი განმცხადებლის სახელზე.
თავი III. ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების დაცვისუნარიანობა
1. ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში რეგისტრირდება და გაიცემა მოწმობა, თუ ის აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.
2. ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებია: სიახლე, განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.
1. ცხოველის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.
2. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ ჯიშისაგან წარმოებულ სანაშენე ცხოველს ან სანაშენე მასალას სხვა პირი გამოიყენებს:
ა) სელექციონერისათვის ზიანის მიყენების მიზნით;
ბ) ცხოველის ჯიშის საკონკურსო ან საწარმოო გამოცდის ჩასატარებლად;
გ) ცხოველის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხის დადგენის ან სხვა სახის შემოწმების ჩატარების მიზნით.
3. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ნამეტი პროდუქტი გამოიყენება ცხოველის ჯიშისაგან წარმოებულ პროდუქტად აღიარების გარეშე.
1. მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სელექციონერის უფლების მინიჭება აგრეთვე შესაძლებელია მცენარის იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის აღარ არის ახალი, იმ პირობით, რომ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილია ამ კანონის ამოქმედების დღიდან ერთი წლის განმავლობაში და დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა:
ა) მცენარის ჯიში შეტანილი იყო ვაჭრობისათვის დაშვებულ მცენარეთა ეროვნულ კატალოგში;
ბ) კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში მცენარის ჯიში დაცული იყო სელექციონერის უფლებით, ან კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში წარდგენილი იყო განაცხადი და ამ განაცხადის წარდგენას მოჰყვა სელექციონერის უფლების მინიჭება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სელექციონერის უფლების მოქმედების ვადა აითვლება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კატალოგში შეტანის დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სელექციონერის უფლების მინიჭების დღიდან. შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ამ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღი.
4. თუ სელექციონერის უფლება მინიჭებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია გასცეს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია გონივრული პირობებით, რათა მესამე პირმა შეძლოს გააგრძელოს მცენარის ჯიშის გამოყენება, რაც მას კეთილსინდისიერად ჰქონდა დაწყებული სელექციონერის მიერ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანამდე.
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში ითვლება განსხვავებულად, თუ იგი ნათლად განირჩევა სხვა ჯიშისაგან, რომლის არსებობაც „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღისათვის საყოველთაოდ ცნობილია; კერძოდ, განაცხადის შეტანა სელექციონერის უფლების მისანიჭებლად ან ჯიშის ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში შესატანად ნებისმიერ ქვეყანაში ჯიშს ხდის საყოველთაოდ ცნობილად განაცხადის შეტანის დღიდან, თუ განაცხადის შეტანის შედეგად მინიჭებულია სელექციონერის უფლება ან თუ ჯიში შეტანილია ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში.
1. ცხოველის ახალი ჯიში ითვლება ერთგვაროვნად, თუ ამ ჯიშის ცხოველები, გამრავლების თავისებურებების მიუხედავად, ძირითადი კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებებით საკმარისად ერთნაირია.
2. მცენარის ახალი ჯიში ითვლება ერთგვაროვნად, თუ იგი, გამრავლების თავისებურებების მიუხედავად, ძირითადი ნიშან-თვისებებით ერთგვაროვანია.
1. ცხოველის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშნები უცვლელი რჩება განმეორებითი გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს.
2. მცენარის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშან-თვისებები უცვლელი რჩება ერთ ჯერზე მეტად გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს.
თავი IV. ცხოველის და მცენარის ახალი ჯიშების ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
სელექციონერს განაცხადი ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების მოთხოვნით „საქპატენტში“ შეაქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას;
გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს;
დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;
ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
2. ცხოველის ან მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მისი ქართული თარგმანი.
5. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
6. ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი საბუთებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.
თუ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანამდე ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში წარდგენილი იყო სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, უნდა მიეთითოს შესაბამისი ქვეყანა, ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, განაცხადის ნომერი და წარდგენის თარიღი.
1. თუ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღწერილი ცხოველის ახალი ჯიში დაცულია ან/და გასავრცელებლად დაშვებულია სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადს დაურთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ამსახველი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.
2. თუ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღწერილი მცენარის ახალი ჯიში წარდგენილი იყო კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადს დაურთოს პირველი განაცხადის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.
1. განაცხადში ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება შემოთავაზებული უნდა იქნეს სელექციონერის მიერ.
2. ცხოველის ჯიშის დასახელება უნდა მიანიშნებდეს ამ ჯიშზე, უნდა იძლეოდეს მისი ადვილად ამოცნობის საშუალებას, უნდა იყოს მოკლე, უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ზოოლოგიური სახეობის სხვა ცხოველის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს ცხოველის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.
3. მცენარის ჯიში აღნიშნული უნდა იყოს დასახელებით, რომელიც შემდგომ ამ ჯიშის გვარეობითი დასახელება იქნება და შესაძლებელს გახდის მის ადვილად ამოცნობას. იგი უნდა განსხვავდებოდეს იმავე ან ახლოს მდგომი ბოტანიკური სახეობის სხვა მცენარის ჯიშის ყველა დასახელებისაგან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არ უნდა შეურაცხყოფდეს რელიგიურ გრძნობებს, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ციფრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიღებული პრაქტიკაა, და არ უნდა იწვევდეს მცენარის ახალი ჯიშის თვისებების, წარმოშობის, მნიშვნელობის, იდენტურობისა და სელექციონერის ვინაობის აღრევას.
4. თუ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის დასახელება არ აკმაყოფილებს შესაბამისად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ან თუ მესამე პირის უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ამ ჯიშის დასახელების გამოყენებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს ახალი დასახელება.
5. ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოში დაცულ ცხოველის ან მცენარის ჯიშს გასაყიდად სთავაზობს ან ყიდის საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ამ ჯიშის დასახელება გამოიყენოს ჯიშზე სელექციონერის უფლების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მისი უკვე არსებული უფლება ხელს უშლის ასეთ გამოყენებას.
6. თუ ცხოველის ან მცენარის ჯიში გასაყიდად არის შეთავაზებული ან იყიდება, ნებადართულია ჯიშის რეგისტრირებული დასახელების დაკავშირება სასაქონლო ნიშანთან, საფირმო სახელწოდებასთან ან სხვა მსგავს აღნიშვნასთან, იმ პირობით, რომ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება ადვილად ამოსაცნობი იქნება.
განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) განცხადება;
ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა.
1. „საქპატენტში“ცხოველის ან/და მცენარის ერთ ახალ ჯიშზე ორი ან ორზე მეტი განაცხადის შეტანის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადს, რომელიც უფრო ადრე იქნა შეტანილი.
2. სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
3. სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
4. „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის წარდგენის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი, და მისი ქართული თარგმანი.
5. მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში სელექციონერს უფლება აქვს, პრიორიტეტის ვადის ამოწურვის დღიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო თუ პირველი განაცხადი უარყოფილი ან გამოთხოვილია – ამგვარი უარყოფის ან გამოთხოვის დღიდან, განაცხადის ექსპერტიზის მიზნებისათვის „საქპატენტს“ წარუდგინოს ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, საბუთი ან მასალა.
„საქპატენტი“ ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რაც მოიცავს საგანაცხადო მასალების სისრულის და გაფორმების შემოწმებას, განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ჩათვლით.
1. „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი შეტანის დღიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
2. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის ვადაში.
3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 და 22-ე მუხლების მოთხოვნებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას „საქპატენტს“ შეუძლია სელექციონერს მოსთხოვოს ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი მასალის წარდგენა. სელექციონერი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და შესაბამისი მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.
4. თუ სელექციონერი შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ სელექციონერი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, ხოლო საგანაცხადო მასალები დაუბრუნდება სელექციონერს.
5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, განაცხადზე საქმის წარმოება წყდება, რაც ეცნობება განმცხადებელს.
1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში და იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის ჩასატარებლად გადაცემის თაობაზე.
2. ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ;
ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი;
გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება.
3. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.
ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, „საქპატენტს“ წარუდგინოს წერილობითი შედავება, თუ:
ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ამ ჯიშის შეფასებისთვის;
გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში შეტანილია ყალბი მონაცემები;
დ) განაცხადში აღწერილ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის მოთხოვნა სხვა ქვეყანაში ცხოველის ან მცენარის ამ ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველს მოკლებულია.
1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში „საქპატენტი“ შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს.
2. „საქპატენტი“ შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტებული პირის დასკვნის საფუძველზე.
3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ პირს გამოცდის ჩასატარებლად.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა ტარდება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შემოწმების გზით.
3. სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს განაცხადის განხილვის პროცედურული ვადების გაგრძელება, ხოლო მის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში – მათი აღდგენა დადგენილი წესით.
4. სელექციონერს უფლება აქვს, განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
1. საქართველოში ჩატარებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის შედეგებს აფორმებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტებული პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს „საქპატენტს“.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“.
3. გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები განმცხადებლის კომერციული საიდუმლოებაა; „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან შეუთანხმებლად მათი სხვა პირისათვის გადაცემა ითვლება დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ. ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელება, აღწერილობა და სხვა მონაცემები „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და გასცემს მოწმობას, რომელიც სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია.
2. ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში შეიტანება:
ა) ახალი ჯიშის გვარი და სახეობა;
ბ) ახალი ჯიშის დასახელება;
გ) ახალი ჯიშის აღწერილობა და ფოტოგამოსახულება;
დ) სელექციონერის სახელი და მისამართი;
ე) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
3. ცხოველის/მცენარის ახალ ჯიშზე გაცემული მოწმობის ფორმას ადგენს „საქპატენტი“.
4. „საქპატენტი“ ოფიციალურ ბიულეტენში აქვეყნებს: ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გვარსა და სახეობას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობასა და ფოტოგამოსახულებას, სელექციონერის სახელსა და მისამართს, რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს.
5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, დადგენილი წესით გაეცნოს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრს.
1. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია სხვა ქვეყანაში, ცხოველის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
2. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელიც სელექციონერის უფლებით დაცულია კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, მცენარის ეს ჯიში საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას არ ექვემდებარება. ასეთ ჯიშზე შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, სელექციონერის უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი წარედგინება „საქპატენტს“ განაცხადთან ერთად ან განაცხადის შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში. ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
3. თუ „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელზედაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა აკრედიტებულმა პირმა უკვე ჩაატარა გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე და გასცა დადებითი დასკვნა, ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესთან და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.
4. თუ ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული განაცხადები აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შესახებ, მონაცემები შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში, გასცემს მოწმობას და რეგისტრაციის მონაცემებს აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.
ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განმცხადებელს დროებით ენიჭება სელექციონერის იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭებოდა რეგისტრაციის შემთხვევაში. თუ მესამე პირმა ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განახორციელა ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებს სელექციონერის თანხმობას, სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მხოლოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შემდეგ.
თავი V. სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები და მოვალეობები
1. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არის უფლება, თავად განახორციელოს, ნება დართოს ან/და აკრძალოს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის:
ა) წარმოება და კვლავწარმოება (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში)/აღწარმოება (ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში);
ბ) გამრავლების მიზნით კონდიციამდე დაყვანა (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში);
გ) გასაყიდად შეთავაზება, გასხვისება ან უფლებების სხვა სახით გადაცემა;
დ) ექსპორტი;
ე) იმპორტი;
ვ) გასამრავლებელი მასალის შენახვა ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზნებისათვის (მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში);
ზ) სანაშენე მასალის შენახვა ამ პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მიზნებისათვის (ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში).
2. სელექციონერს შეუძლია გარკვეული პირობებითა და შეზღუდვებით გასცეს ნებართვა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქმედებებზე.
3. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აგრეთვე მოწმობით დაცული ცხოველის ჯიშისაგან სხვა პირის მიერ მიღებულ სანაშენე მასალაზე, ამ მასალიდან მიღებულ ცხოველზე და ამ ცხოველიდან მიღებულ პროდუქტზე.
4. ამ კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებები მოსავალთან დაკავშირებით, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით, რომელიც მიღებულია მოწმობით დაცული ჯიშის გასამრავლებელი მასალის უნებართვოდ გამოყენების შედეგად, საჭიროებს სელექციონერის ნებართვას, თუ სელექციონერს არ ჰქონდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ გასამრავლებელ მასალასთან დაკავშირებით.
5. სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება აგრეთვე:
ა) მცენარის ჯიშზე, რომელიც არსებითად წარმოებულია მოწმობით დაცული მცენარის ჯიშისაგან, თუ ეს დაცული მცენარის ჯიში თვითონ არ არის არსებითად წარმოებული ჯიში;
ბ) მცენარის ჯიშზე, რომელიც, ამ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ნათლად არ განირჩევა მოწმობით დაცული მცენარის ჯიშისაგან;
გ) მცენარის ჯიშზე, რომლის წარმოებაც მოითხოვს მოწმობით დაცული მცენარის ჯიშის განმეორებით გამოყენებას.
ცხოველის ჯიში ითვლება სხვა ცხოველის ჯიშისაგან გამოყვანილად, თუ:
ა) იგი გამოყვანილია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის გამოყვანილი საწყისი ჯიშისაგან, და თუ ცხოველთა ამ ჯიშებში ნათლად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები; ამასთანავე, იგი საწყისი ჯიშისაგან ნათლად განსხვავდება ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისებით, რომელიც (რომლებიც) ექვემდებარება აღწერას;
ბ) მასში, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობისა, სრულად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები.
1. მცენარის ჯიში ითვლება სხვა მცენარის ჯიშისაგან არსებითად წარმოებულად, თუ იგი:
ა) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან და ინარჩუნებს არსებითი ნიშნების გამოხატულებას, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია;
ბ) საწყისი ჯიშისაგან განსხვავდება გარეგნული ნიშნებით, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი განსხვავებებისა, და საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია.
2. არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებულ იქნეს: ბუნებრივი ან ინდუცირებული მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის გამორჩევით, ან მცენარის გამორჩევით საწყისი ჯიშის მცენარისგან, უკუშეჯვარებით ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის მეთოდით.
ცხოველის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება:
ა) ცხოველის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე;
ბ) ექსპერიმენტულ-სასელექციო მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე.
1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება:
ა) მცენარის ახალი ჯიშის პირადი მოხმარებისთვის და არაკომერციული მიზნით გამოყენებაზე;
ბ) ექსპერიმენტული მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე;
გ) სხვა ჯიშების შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებაზე, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ ქმედებებზე, რომლებიც განსაზღვრულია იმავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მოწმობით დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალასთან ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ უკავშირდება:
ა) მოწმობით დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებას;
ბ) მოწმობით დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტს იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარისა და სახეობისთვის მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის „მასალა“ ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს:
ა) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას;
ბ) აღებულ მოსავალს, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით;
გ) აღებული მოსავლისაგან მიღებულ ნებისმიერ პროდუქტს.
სელექციონერი ვალდებულია განსაკუთრებული უფლების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის მიღება, რომლისგანაც შესაძლებელია ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში მითითებული ნიშნების მქონე ცხოველის ან მცენარის ჯიშის წარმოება.
დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის დღიდან, თუ დადგინდა, რომ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს:
ა) ცხოველის ან მცენარის ჯიში არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლების მოთხოვნებს;
ბ) სელექციონერის უფლების მინიჭება დაფუძნებული იყო სელექციონერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ამასთანავე, სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაკმაყოფილებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი პირობები;
გ) სელექციონერის უფლება მიენიჭა იმ პირს, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ეს უფლება გადასცა იმ პირს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა სელექციონერის უფლების მინიჭება.
1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, თუ დადგინდა, რომ:
ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში აღარ აკმაყოფილებს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე;
გ) სელექციონერმა არ დააკმაყოფილა უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი მოთხოვნები;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ან მცენარის ჯიშის დასახელება გაუქმდა სელექციონერის უფლების მინიჭების შემდეგ, სელექციონერის მიერ არ იქნა შეთავაზებული სხვა, შესაბამისი დასახელება.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ძალადაკარგულად ან ბათილად იქნეს ცნობილი სელექციონერის მიერ „საქპატენტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე.
3. მონაცემები ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში და ამის თაობაზე ცნობას აქვეყნებს შესაბამის ოფიციალურ ბიულეტენში.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
„საქპატენტისათვის“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე სელექციონერს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოქმედების პერიოდში უფლება აქვს, რეგისტრირებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილება ან დამატება მხოლოდ სელექციონერის ან მისი წარმომადგენლის მისამართთან დაკავშირებით.
თავი VII. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია
1. ლიცენზიარს (სელექციონერს) უფლება აქვს, სხვა პირზე (ლიცენზიატზე) გასცეს რეგისტრირებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის გაცემა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებულ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე.
3. ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული.
4. მარტივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი ინარჩუნებს ყველა განსაკუთრებულ უფლებას და უფლებას, დადოს სხვა მარტივი სალიცენზიო ხელშეკრულებები.
5. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი მხოლოდ ლიცენზიატს გადასცემს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავად კარგავს ამ ხელშეკრულებით გადაცემულ განსაკუთრებულ უფლებებს და უფლებას, დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულებები.
6. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა ითვალისწინებდეს: ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ ზუსტ მონაცემებს, ჯიშის გამოყენების სახეებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ანაზღაურების ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
7. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომლებიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ლიცენზიარს.
8. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული სალიცენზიო ხელშეკრულებით.
1. იძულებითი ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ საჯარო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. იძულებითი ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მანამდე ცდილობდა სელექციონერისაგან ლიცენზიის მიღებას გონივრული პირობებითა და გონივრულ ვადებში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა.
6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
7. იძულებითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სელექციონერმა უნდა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი VIII. სელექციონერის უფლებების დარღვევა და პასუხისმგებლობა
ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენება მესამე პირის მიერ ითვლება სელექციონერის უფლებების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IX. თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვება
1. თესლი და სარგავი მასალა საქართველოში გასავრცელებლად დაიშვება:
ა) ხარისხის სერტიფიკატით;
ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით.
2. თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს და დაამტკიცოს:
ა) ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი;
ბ) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი დებულების დამტკიცება.
5. 2011 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი „ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 12.01.2007, მუხ. 60);
ბ) საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 12.01.2007, მუხ. 61);
გ) საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 43);
დ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29(36), 1999 წელი, მუხ. 157).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონთან მათ შესაბამისობამდე.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4066-რს
დოკუმენტის კომენტარები