თამბაქოს კონტროლის შესახებ

თამბაქოს კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4059-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.016142
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4059-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
340150000.05.001.016142
თამბაქოს კონტროლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/12/2010 - 17/05/2017)

საქართველოს კანონი

თამბაქოს კონტროლის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში.

    მუხლი 2. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები

საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარებას;

ბ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას;

გ) თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას და თამბაქოს ნაწარმის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას;

დ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას;

ე) თამბაქოს მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ვ) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს;

ზ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებას;

თ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას;

ი) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას;

კ)  თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში საზოგადოების მონაწილეობას;

ლ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას;

მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი ნაწარმი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომლებიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;

ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) დასაღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;

ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს;

გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;

დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;

ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი;

ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას;

ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა;

თ) ინგრედიენტი – ყველა ნივთიერება, რომელიც ემატება თამბაქოს, მათ შორის, ნივთიერებები, რომლებიც ემატება თამბაქოს ფოთოლსა და თამბაქოს სხვა ნატურალურ თუ გადამუშავებულ ნაწარმს, აგრეთვე არათამბაქოს მასალა, რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისას და წარმოდგენილია ამ ნაწარმის საბოლოო ფორმაშიც, შეცვლილი სახითაც კი;

ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

კ) თამბაქოს ნაწარმის შემცველები – თამბაქოს ნაწარმის კვამლში შემავალი ნიკოტინი, კუპრი და მხუთავი აირი;

ლ) ხარისხი – უვნებელი თამბაქოს იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესთან; 

მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა;

ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად;

ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება;

პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;

ჟ) საშიში ნივთიერება – ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება;

რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება;

ს) კონტროლი – თამბაქოს და მისი ნედლეულის, აგრეთვე თამბაქოს მწარმოებლისა და რეალიზატორის ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება;

ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი;

უ) თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე; ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.

    მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოყენებული  ღონისძიებები

1. თამბაქოს მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების გამოყენების დაშვების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.  

2. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) თამბაქოს ნაწარმზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანის წესი.

3. მინისტრის ნორმატიული აქტით იზღუდება ან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის დამზადებისას ან მანიპულირებისას გარკვეული მეთოდების გამოყენების დაშვება.

4. თამბაქოს ნაწარმის შემცველების გაზომვა უნდა ჩაატაროს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე იმ ლაბორატორიის შესახებ, სადაც გაზომვა ჩატარდა.

    მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 

1. აკრძალულია 18 წლამდე პირთა ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში.

2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია:

ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;

ბ) ყველა სახის სამედიცინო, სასწავლო, სახელმწიფო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში;

გ) სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება; 

დ) ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია;

ე) შეფუთვის გარეშე;

ვ) 18 წლამდე პირებზე;

ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით;

თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი დამზადებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;

ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანით.

3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, სხვა მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშობის საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის საშუალებით, მისი განაწილებით მონაწილეობა.

4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე.

5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორს უფლება აქვს, თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირის არასრულწლოვანებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 6. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი

1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“.

2. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას.

3. მინისტრი ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილებებისა და თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერის კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.

4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს.

5. სამედიცინო გაფრთხილებები ექვემდებარება როტაციას შემდეგი სახით:

ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება უნდა გამოიყენოს იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე;

ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა აირჩიოს 3 დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება და სურვილის შემთხვევაში – შესაბამისი პიქტოგრამები იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე.

6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად), ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, და უნდა იყოს:

ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;

ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან არ უნდა მოსცილდეს მას;

გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 3 მმ-ზე ნაკლები და 4 მმ-ზე მეტი;

დ) განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.

7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერა უნდა განთავსდეს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე და უნდა იყოს:

ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;

ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან არ უნდა მოსცილდეს მას;

გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე ნაკლები და 2 მმ-ზე მეტი;

დ) განთავსებული შეფუთვის მცირე გვერდზე, გარდა ზედა და ქვედა გვერდებისა, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.

8. სამედიცინო გაფრთხილება ან/და თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან რაიმე გამოსახულებით.

    მუხლი 7. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქტისაგან დაცვა

1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქტისაგან დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს შეფუთვაზე (თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.

2. აკრძალულია ფალსიფიცირებული თამბაქოს წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

3. თამბაქოს მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ზომები თამბაქოს ხარისხის შიდა საწარმოო კონტროლის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 8. დამხმარე საგნების გამოყენება

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია დამხმარე საგნების გამოყენება, მანიპულირება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია, თუ არსებობს ამ საგნებიდან საშიში ნივთიერებების თამბაქოში ან მათ ზედაპირზე გადასვლის საშიშროება.    

    მუხლი 9. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

1. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულებისათვის და გამოფენებისათვის, აგრეთვე მფლობელის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი თამბაქოს ხარისხზე.

    მუხლი 10. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა

1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, დახურულ სპორტულ ნაგებობებში;

ბ) სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობებში;

გ) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე;

დ) იმ შენობასა და დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების გარდა, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, სამუშაო და მასობრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში, აგრეთვე მატარებელსა და საზღვაო ხომალდში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალური მოსაწევი ადგილისა (ადგილებისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან უზრუნველყონ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა.

4. სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში (დასაშვებია ადგილის მოწყობა მხოლოდ ხელოვნური ვენტილაციით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვერ უზრუნველყოფენ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფას სულ მცირე იმ პარამეტრებით, რომლებიც დადგენილია ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

6. მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის  მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა, აგრეთვე მომხმარებელთათვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც თამბაქოს მოწევა დასაშვებია. ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.

7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა ან/და შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.

8. დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებული არიან:

ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომების მიღება;

ბ) თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესების შესახებ მასალა დაწესებულებაში განათავსონ თვალსაჩინო ადგილებში.

    მუხლი 11. კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი

ამ კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გამოცხადდეს ძალადაკარგულად:

ა) „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 121);

ბ) „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 165);

გ) „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 209).

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონთან მათ შესაბამისობამდე.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4059-რს

12. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3924-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 11. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3923-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 10. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2127-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/12/2022 9. 20/05/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/876 - ვებგვერდი, 24/05/2022 8. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1349-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 7. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7015-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 6. 16/10/2019 - საქართველოს კანონი - 5128-Iს - ვებგვერდი, 23/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4910-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 4. 13/12/2018 - საქართველოს კანონი - 3956-Iს - ვებგვერდი, 25/12/2018 3. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3121-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 2. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1278-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 1. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 859-IIს - ვებგვერდი, 30/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას