დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 326 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 13/08/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 31/08/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.05.002.002. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2001 - 20/10/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე
საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოსატანი საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით:
1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“.
2. გაუქმდეს:
ა) „გრანტით მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟოზე გატარების წესის, გრანტების აღრიცხვისა და გამოყენების კონტროლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №322 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის შესახებ“ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 22 ოქტომბრის №59 ბრძანება.
ე. შევარდნაძე
დებულება
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ
დებულება შემუშავებულია საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის მოწესრიგების მიზნით.
თავი I
მუხლი 1
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
1. დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად.
2. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, ფილიალი, წარმომადგენლობა ან უშუალოდ დონორი, რომელიც დადგენილი წესით უნაწილებს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებს. თუ დონორი უშუალოდ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, მას ეკისრება იმ უფლება-მოვალეობათა შესრულება, რომლებსაც განსაზღვრავს ეს დებულება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.
3. მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს.
4. მონეტიზაცია – ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის რეალიზაცია, გაცვლითი ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები).
მუხლი 2
1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მომართვა საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით;
ბ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია წარმოადგინოს ორგანიზაციისა და დონორის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია არ მოეთხოვებათ დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციებს).
თუ მიმღები წარმოადგენს ფიზიკურ პირს (პირებს), ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ან შესაბამისი ორგანოებიდან მიმღების სოციალური სტატუსისა და რაოდენობის შესახებ;
გ) დონორსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების ასლი;
დ) დონორის წერილი (ორიგინალი), სადაც უნდა იყოს მითითებული:
დ.ა) ჰუმანიტარული დახმარების მიზანი;
დ.ბ) ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია;
დ.გ) ჰუმანიტარული საქონლის სახეობა;
დ.დ) ჰუმანიტარული საქონლის რაოდენობა;
დ.ე) ჰუმანიტარული საქონლის ღირებულება ინვოისის მიხედვით;
ე) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა, სადაც დეტალურად უნდა იყოს ასახული:
ე.ა) მიმღებთა რაოდენობა;
ე.ბ) განაწილების ადგილი (რეგიონი, რაიონი და სხვ.);
ე.გ) ჰუმანიტარული საქონლის განაწილების დეტალური სქემა;
ე.დ) ჰუმანიტარული საქონლის რაოდენობა;
ე.ე) ჰუმანიტარული საქონლის განაწილების ვადები;
ვ) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი შეტყობინება სრულად არ ასახავს ამავე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია დამატებით წარადგინოს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დეტალური პროგრამა ამავე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ზ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი დადასტურება ამავე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის ვალდებულების აღების თაობაზე;
თ) ინვოისის ან წინასწარი (პროფორმა) ინვოისის ასლი.
2. სოციალურად დაუცველი ფენებისათვის შენობა-ნაგებობების სამშენებლო, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების წარმოების შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა შესაბამისი ორგანოებიდან შენობა-ნაგებობათა მიზნობრივი დანიშნულების შესახებ, ხარჯთა ნუსხა ან დეფექტური აქტი და საშენ მასალათა ჩამონათვალი რაოდენობის მითითებით.
3. უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი; თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიალურად ან ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ბეჭდით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენისა და შესაბამისი იდენტიფიცირების გარეშე არ ხდება.
მუხლი 3
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.
2. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით საქონლის იმპორტიდან 30 კალენდარულ დღეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ინვოისის ასლთან შესადარებლად წარადგინოს ინვოისის ორიგინალი.
3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დასადასტურებლად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს პროგრამის შესრულების ანგარიში, ჰუმანიტარული დახმარების მიმღების წერილობითი დადასტურება. იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს მიმდინარე ანგარიში ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 4
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების მონიტორინგს.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 15 კალენდარულ დღეში წარუდგინოს წერილობითი დასაბუთებული განმარტება და შესაბამისი ცვლილებები ფინანსთა სამინისტროსთან შესათანხმებლად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ განმარტებასა და ცვლილებებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაში. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განმარტებები და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაში შეტანილი ცვლილებები არ შეესაბამება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მიზნებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია იმპორტირებულ/საიმპორტო საქონელს გაუუქმოს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი.
4. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას ასეთ საქონელს ეხსნება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და იბეგრება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6. საქონელი, რომელსაც მიენიჭა ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.
თავი II
მუხლი 5
1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი მომართვა;
ბ) წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის ან წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
გ) გრანტის გამცემისა და გრანტის მიმღების შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
დ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
ე) საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გრანტის მიმღებისათვის გაცემული მოწმობა საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თაობაზე (ასლი);
ვ) ინვოისის ასლი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღებია საქართველოს მოქალაქე.
2. უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი, რომლებსაც გრანტის მიმღები წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი; თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიალურად ან ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ბეჭდით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს გრანტების მონიტორინგს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.
დოკუმენტის კომენტარები