დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სასაქონლო ნიშნების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1795 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5(12), 24/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.050.000.05.001.000.487 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/02/1999 - 20/12/2005)
საქართველოს კანონი
სასაქონლო ნიშნების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საქპატენტი“ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს;
ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
გ) მადრიდის შეთანხმების პროტოკოლი – 1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების პროტოკოლი;
დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);
ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;
თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
ლ) პატენტრწმუნებული – სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი სახელით მოქმედი „საქპატენტში“ რეგისტრირებული პირი;
მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;
ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი
1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი).
2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
3. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6 bis მუხლის შესაბამისად.
მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც:
ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ:
ბ.ა) შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;
ბ.ბ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება;
ბ.გ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;
გ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;
დ) შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;
ე) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის გერბს, დროშას, ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო, სასინჯ დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენსა და მედალს; საქართველოს ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას, ფულის ნიშანს ან წარმოადგენს მათ იმიტაციას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს ან მფლობელის ნებართვა.
2. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც:
ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით;
ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.
მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები
სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:
ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურია;
ბ) მესამე პირის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მესამე პირის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
ვ) საქართველოში დაცული სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;
ზ) მესამე პირის მიერ რეგისტრირებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
თ) შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნების ან მისი მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენენ – საქართველოს კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე;
ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას საქართველოს კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე;
კ) შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელიც იწვევს აღრევას.
მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება
1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:
ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;
ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სავაჭრო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;
დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.
4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:
ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.;
ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.
მუხლი 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:
ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანს;
ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;
გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, მათ შორის, თუ ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი. ამ შემთხვევაში დაცული სასაქონლო ნიშანი მესამე პირმა უნდა გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 8. სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება საცნობარო ლიტერატურაში
თუ სასაქონლო ნიშნის რეპროდუქცია ლექსიკონში, ენციკლოპედიაში ან სხვა საცნობარო ლიტერატურაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გვარეობით ცნებას იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც იგი რეგისტრირებულია ან მოითხოვება მისი რეგისტრაცია, გამომცემელი, აღნიშნული ნიშნის მფლობელის მოთხოვნით, ვალდებულია ამ საცნობარო ლიტერატურის მომდევნო გამოცემებში აღნიშნოს, რომ გამოქვეყნებული სიმბოლო რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს.
თავი II
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება
მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.
3. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მოქმედი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე, „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავს მხოლოდ „საქპატენტში“ რეგისტრირებული წარმომადგენლის – პატენტრწმუნებულის მეშვეობით.
4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.
5. განაცხადი შეიცავს:
ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;
დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში;
ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;
ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.
6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 10. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღი
განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღად ითვლება „საქპატენტში“ მისი ჩაბარების დღე, თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 11. პრიორიტეტი
1. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. თუ რამდენიმე იდენტურ სასაქონლო ნიშანზე განაცხადი ერთი თარიღითაა შეტანილი, პრიორიტეტი დგინდება სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენების დაწყების თარიღით.
2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.
3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ გამოფენაზე მისი ჩვენების დღიდან შესაბამისი განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა. საგამოფენო და საკონვენციო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ „საქპატენტს“ და განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთები.
5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური გადაიხდება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
1. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.
2. „საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა „საქპატენტს“ წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევისას „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის მოთხოვნით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.
4. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის განაცხადებზე ინფორმაციას გასცემს მხოლოდ პრიორიტეტის დადგენის შემდეგ.
5. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 თვით;
ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი;
გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. თუ აღნიშნული ცვლილებები აფართოებს საქონლის ჩამონათვალს ან არსებითად ცვლის სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნიშანს, ასეთი მასალა მხედველობაში არ მიიღება;
დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე.
6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული ინსტრუქციით „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.“
მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში, ხოლო თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს – ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება დამატებითი მასალის მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად.
3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.
4. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო ასეთი შერჩევის არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.
5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.
მუხლი 14. არსობრივი ექსპერტიზა
1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.
მუხლი 15. გამოქვეყნება
1. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი).
2. თუ განმცხადებელი სარგებლობს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სააპელაციო პალატის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.
3. ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.
მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში
1. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
3. არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ შეიძლება გადაისინჯოს სააპელაციო პალატის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, „საქპატენტში“ უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.
4. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს ექსპერტიზის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 2 თვის ვადაში.
6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 17. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
1. თუ განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან ამ ვადაში არ იქნება შეტანილი საჩივარი სააპელაციო პალატაში, „საქპატენტი“ აწარმოებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).
2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.
მუხლი 18. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე
1. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
2. მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.
მუხლი 19. რეესტრში ცვლილებების შეტანა
1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამასთან, საქონლის ჩამონათვალის ცვლილებისას აკრძალულია მისი გაფართოება. ცვლილება ძალაშია მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.
3. ცვლილებები შეტანილი იქნება მოწმობაშიც.
მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების წარდგენა „საქპატენტში“ და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს მოწმობის მოქმედების მეათე წლის ბოლო 6 თვის ვადაში.
3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილი იქნება რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.
მუხლი 21. სასაქონლო ნიშნის ხელახალი რეგისტრაცია
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში აკრძალულია ამ ნიშნის ხელახალი რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგისტრაციას ითხოვს ამ სასაქონლო ნიშნის ბოლო მფლობელი. ეს წესი ვრცელდება მაშინაც, როდესაც სასაქონლო ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ამ ნიშანზე რეგისტრაციის ვადის გასვლამდე. ამ შემთხვევაში ერთწლიანი ვადა აითვლება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ერთსა და იმავე დღეს ერთ სასაქონლო ნიშანზე „საქპატენტში“ განაცხადს შეიტანს რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ამ ნიშნის ბოლო მფლობელია, უპირატესობა აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ენიჭება მის ბოლო მფლობელს.
მუხლი 22. საფასური
სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების, აღდგენისა და გაგრძელების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური. საფასურის ოდენობა და მისი გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასაშვებია საფასურების ოდენობის გადასინჯვა შესაბამისი საერთაშორისო ნორმების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით.
მუხლი 23. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უცხო ქვეყანაში
საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს სასაქონლო ნიშანი სარეგისტრაციოდ უცხო ქვეყანაში ან მოახდინოს მისი საერთაშორისო რეგისტრაცია.
თავი III
სასაქონლო ნიშნის გამოყენება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება
სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება, მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
მუხლი 25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.
3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ითვალისწინებს საქონლის მთლიან ჩამონათვალს ან მის ნაწილს.
4. საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისების, ხარისხის ან გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.
7. სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
8. სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.
მუხლი 26. სალიცენზიო ხელშეკრულება
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.
2. ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.
3. თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება.
4. განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.
6. სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული, დამზადებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ხარისხს.
7. სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით.
9. ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.
10. სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა ან ლიცენზია არ ვრცელდება მესამე პირის სახელზე ადრე გაცემულ ლიცენზიაზე.
თავი IV
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაკარგვა
მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:
ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით;
ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ ვადა არ გაგრძელდება;
გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე;
დ) თუ არსებობს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადი.
2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:
ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ეს ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება;
ბ) სასაქონლო ნიშანი გახდა გვარეობითი ცნება იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია;
გ) არსებობს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დროს;
დ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, ხარისხის, თვისების, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ.
3. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილზე.
მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი სასამართლოს მიერ მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.
2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილზე, რაც შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
მუხლი 29. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები
1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებებიც შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.
2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებებიც შეწყვეტილად ითვლება სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.
3. ზიანის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.
თავი V
კოლექტიური ნიშანი
მუხლი 30. უფლებები კოლექტიურ ნიშანზე
1. კოლექტიური ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლით შეიძლება იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნად და რომლითაც განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირი ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.
2. კოლექტიური ნიშნის განმცხადებელი და მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ გაერთიანება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. აკრძალულია კოლექტიური ნიშნის გადაცემა ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემა იმ პირზე, რომელიც არ არის კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრი.
4. კოლექტიურ ნიშანზე მთლიანად ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 31. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად
1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვებიდან, გამონაკლისის სახით, კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნას (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე).
2. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ.
3. თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია.
მუხლი 32. კოლექტიური ნიშნის დებულება
1. განაცხადი კოლექტიურ ნიშანზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს თან უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება.
2. კოლექტიური ნიშნის დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) გაერთიანების სახელწოდებას;
ბ) გაერთიანების წევრთა სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
გ) გაერთიანების მიზანს;
დ) კოლექტიური ნიშნით სარგებლობისა და მისი გამოყენების კონტროლის პირობებს;
ე) გაერთიანების წევრთა უფლება-მოვალეობებს კოლექტიურ ნიშანზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
ვ) იმ საქონლის ჩამონათვალსა და ერთიან მახასიათებლებს ან საერთო მაჩვენებლებს, რომლისთვისაც განკუთვნილია კოლექტიური ნიშანი.
3. თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, დებულება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნებისმიერ პირს, რომლის საქონელი წარმოიშვა აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს დებულებით განსაზღვრულ კოლექტიური ნიშნის გამოყენების პირობებს, უფლება აქვს გახდეს გაერთიანების წევრი და ჰქონდეს ამ ნიშნით სარგებლობის უფლება.
4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლექტიური ნიშნის დებულებას.
მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა
ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციისთვის წარდგენილი განაცხადი არ რეგისტრირდება, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იარსებებს.
მუხლი 34. კოლექტიური ნიშნის დაცვის შეზღუდვა
გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები და მესამე პირს აქვს ამ დასახელების გამოყენების მართლზომიერი საფუძველი.
მუხლი 35. გასაჩივრება
პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს კოლექტიური ნიშნით, შეუძლია ამ უფლების დარღვევის თაობაზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში მხოლოდ კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების ნებართვით, თუ კოლექტიური ნიშნის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 36. კოლექტიური ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. კოლექტიური ნიშნის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს „საქპატენტს“ კოლექტიური ნიშნის დებულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. კოლექტიური ნიშნის დებულების ცვლილებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ კანონის 31-ე და 32-ე მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 37. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება
კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია უქმდება:
ა) ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი ამ ნიშანს იყენებს კოლექტიური ნიშნის დებულების დარღვევით.
მუხლი 38. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო
ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი, თუ ის რეგისტრირებული იყო ამ კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუ ბათილად ცნობის საფუძველია კოლექტიური ნიშნის დებულება, ის ბათილად აღარ იქნება ცნობილი, თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის შესახებ, შეასწორებს დებულებას ისე, რომ ბათილად ცნობის საფუძველი აღარ იარსებებს.
თავი VI
სასაქონლო ნიშნების დაცვა ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მიხედვით
მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე
1. ეს კანონი ვრცელდება იმ სასაქონლო ნიშნებზე, რომელთა დაცვა მოითხოვება მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მიხედვით, თუ ამ პროტოკოლით ან კანონის ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილი უნდა იქნეს „საქპატენტში“.
3. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვალის თარგმანი ინგლისურ ენაზე.
მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ
1. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.
2. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში.
3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 41. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე განაცხადის ექსპერტიზა
1. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ განაცხადზე ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა ამ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-14, 27-ე, 28-ე, 37-ე და 38-ე მუხლებში გამოყენებული ტერმინები „რეგისტრაციაზე უარი“, „რეგისტრაციის გაუქმება“ და „რეგისტრაციის ბათილად ცნობა“ სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციაზე განაცხადისათვის შესაბამისად იცვლება ტერმინებით „დაცვაზე უარი“ და „დაცვის გაუქმება“.
მუხლი 42. გამოქვეყნება და გასაჩივრება
1. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალში.
2. არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი დამატებით ქვეყნდება ბიულეტენში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 43. სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობის გამო დაცვის გაუქმება
თუ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობის გამო არსებობს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცვის გაუქმების საფუძველი, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი შეიცვლება თარიღით, როდესაც ამოიწურება მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.
მუხლი 44. ეროვნული განაცხადის წარდგენა გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე
1. მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-9 მუხლის შესაბამისად გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე ეროვნული განაცხადის შეტანისას, განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე.
2. თუ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღისათვის ამოწურულია მადრიდის შეთანხმების პროტოკოლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადები და მიღებული არ არის გადაწყვეტილება დაცვაზე უარის თქმის შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება ამ კანონის შესაბამისად, ექსპერტიზისა და გამოქვეყნების გარეშე.
თავი VII
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვის უზრუნველყოფა
მუხლი 45. პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისათვის
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა;
ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;
დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 46. ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეტანილი განაცხადი და გაცემული მოწმობა
1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც შეტანილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, განიხილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304 დადგენილების მიხედვით.
2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე გაცემული მოწმობა ძალაშია ამ კანონის ამოქმედების შემდეგაც.
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 47. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304 დადგენილება;
ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში სასაქონლო ნიშნის (ნიშანდების) გამოყენების მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ივნისის №483 დადგენილება.
მუხლი 48. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
№1795-IIს
დოკუმენტის კომენტარები