დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საპატენტო კანონი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1791 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5(12), 24/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.040.000.05.001.000.485 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (11/05/2000 - 04/05/2010)
საქართველოს საპატენტო კანონი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების _ გამოგონებების, სასარგებლო მოდელებისა და სამრეწველო ნიმუშების შექმნასთან, მათ გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საქპატენტი“ _ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი;
ბ) საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;
გ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება _ 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);
ე) სამრეწველო საკუთრების ობიექტი _ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში;
ვ) პატენტი _ ამ კანონის შესაბამისად გაცემული დამცავი დოკუმენტი;
ზ) შემოტანილი პატენტი _ უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე ამ კანონის შესაბამისად გაცემული პატენტი;
თ) განმცხადებელი _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;
ი) განაცხადი _ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, პატენტის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
კ) საერთაშორისო განაცხადი _ საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;
ლ) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა _ საგანაცხადო მასალების სისრულის, გაფორმებისა და მათში აღწერილი ობიექტის ერთიანობის შემოწმება;
მ) პრიორიტეტი _ უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს ადრე შეტანილი განაცხადი უფრო გვიან შეტანილის მიმართ;
ნ) საკონვენციო პრიორიტეტი _ პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყანაში პატენტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღით, ამ კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად;
ო) საგამოფენო პრიორიტეტი _ პრიორიტეტი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს განმცხადებელმა პარიზის კონვენციის სხვა მონაწილე ქვეყანაში პატენტის მიღების მიზნით განაცხადის მიწოდების შემთხვევაში და რომელიც დგინდება ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ექსპონირების თარიღით, ამ კონვენციის მე_ 11 მუხლის თანახმად;
პ) პატენტრწმუნებული _ სამრეწველო საკუთრების სფეროში სხვისი სახელით მოქმედი „საქპატენტში“ რეგისტრირებული პირი;
ჟ) დეპოზიტარიუმი _ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა.
მუხლი 3
გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა პატენტი, რომელიც ადასტურებს ავტორობას და ანიჭებს პატენტის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე.
მუხლი 4
1. გამოგონების უცხოური პატენტის მფლობელის სახელზე შეიძლება გაიცეს შემოტანილი პატენტი.
2. შემოტანილი პატენტი გაიცემა უცხოეთში დაპატენტებულ იმ გამოგონებაზე, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა პატენტუნარიანობის ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით.
3. შემოტანილი პატენტი პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს, აწარმოოს, ან გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ არ აძლევს უფლებას აუკრძალოს მესამე პირს ასეთი პროდუქციის საზღვარგარეთიდან შემოტანა.
მუხლი 5
1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 20 წლით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.
2. შემოტანილი პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება უცხო ქვეყნის ძირითადი პატენტის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.
3. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 8 წლით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.
4. სამრეწველო ნიმუშის პატენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 15 წლით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღიდან.
მუხლი 6
1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა.
2. სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს სასარგებლო მოდელის ფორმულა.
3. სამრეწველო ნიმუშის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს საკუთრივ ნიმუშის ან მის გამოსახულებაში წარმოდგენილი დამახასიათებელი არსებითი ნიშნების ერთობლიობა.
მუხლი 7
1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე, რომლებიც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, პატენტი გაიცემა მხოლოდ მათი განსაიდუმლოების შემდეგ, ამ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გასაიდუმლოება დასაშვებია ორი წლის ვადით, რაც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი ორი წლით.
3. საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II. „საქპატენტი“
მუხლი 8
„საქპატენტი“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს.
მუხლი 9
„საქპატენტთან“ ფუნქციონირებს სააპელაციო პალატა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მოპოვების პროცედურასთან დაკავშირებულ დავას.
მუხლი 10
1. „საქპატენტის“ ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. „საქპატენტს“ ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 11
1 „საქპატენტის“ ფინანსური წყაროებია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებსა და არსობრივ ექსპერტიზასთან, დამცავი დოკუმენტების გაცემასთან, რეგისტრაციასთან და ძალაში შენარჩუნებასთან, აპელაციასთან და ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურები, აგრეთვე საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები.
2. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება „საქპატენტის“ ანგარიშზე, რომლებსაც განკარგავს მხოლოდ „საქპატენტი“. „საქპატენტის“ მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ანგარიშზე.
3. დასაშვებია „საქპატენტისათვის“ სახსრების, მათ შორის, გრანტების დადგენილი წესით გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. „საქპატენტი“ ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს „საქპატენტის“ ყველა ხარჯი და მისი დაფარვის წყარო.
5. „საქპატენტის“ ბიუჯეტს ამტკიცებს „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი.
თავი III. პატენტუნარიანობა
მუხლი 12
1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი გამოგონება, რომელიც პატენტუნარიანია და აკმაყოფილებს სიახლის, საგამომგონებლო დონისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.
2. გამოგონება ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.
3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ განაცხადის შეტანის თარიღისათვის ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღისათვის, იგი სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.
4. გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და საქმიანობის სხვა სფეროებში.
5. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ გახდა ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.
6. გამოგონების სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, სხვა საინფორმაციო წყაროს გარდა, მიეკუთვნება „საქპატენტში“ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. სიახლე დგინდება მხოლოდ ერთი საინფორმაციო წყაროს განხილვის საფუძველზე.
7. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება „საქპატენტში“ განსახილველად წარდგენილი განაცხადები გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე.
8. ტექნიკის არსებული დონით ცნობილი ნივთიერებები და ნარევები შეიძლება მიჩნეულ იქნეს პატენტუნარიანად, თუ ისინი გამოიყენება აქამდე უცნობი დანიშნულებით.
მუხლი 13
1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი სასარგებლო მოდელი, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.
2. სასარგებლო მოდელი ახალია, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.
3. სასარგებლო მოდელის სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და საქმიანობის სხვა სფეროებში.
4. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც საყოველთაოდ გახდა ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, აგრეთვე, საქართველოში გამოყენებით და რომელიც შეეხება იმავე დანიშნულების მოწყობილობებს, ნივთიერებებსა და ხერხებს განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.
5. სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას, ტექნიკის დონეს სხვა საინფორმაციო წყაროს გარდა, მიეკუთვნება „საქპატენტში“ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. სიახლე დგინდება მხოლოდ ერთი საინფორმაციო წყაროს განხილვის საფუძველზე.
მუხლი 14
1. პატენტით შეიძლება დაცულ იქნეს ისეთი სამრეწველო ნიმუში, რომელიც წარმოადგენს ნაკეთობის მხატვრულ-კონსტრუქციულ გარეგან სახეს და რომელიც აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს.
2. სამრეწველო ნიმუში ახალია, თუ მისი არსებითი ნიშნების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის ესთეტიკურ თავისებურებებს, საყოველთაოდ არ არის ცნობილი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.
3. სამრეწველო ნიმუშის სიახლის დადგენისას მხედველობაში მიიღება „საქპატენტში“ შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.
4. სამრეწველო ნიმუში სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი მრავალჯერადი დამზადება.
მუხლი 15
ინფორმაციის გახსნა გამოგონების, სასარგებლო მოდელის, ან სამრეწველო ნიმუშის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ, რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის პატენტის მიღების უფლება აქვს, ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც ეს ინფორმაცია ავტორისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ხელმისაწვდომი გახდა), რაც სხვა შემთხვევაში იმოქმედებდა განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის პატენტუნარიანობაზე, არ მოახდენს გავლენას:
ა) გამოგონების პატენტუნარიანობაზე, თუ ინფორმაცია გახსნილია 12 თვის განმავლობაში მასზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე;
ბ) სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის პატენტუნარიანობაზე, თუ ინფორმაცია გახსნილია 6 თვის განმავლობაში მათზე განაცხადის შეტანის თარიღამდე ან, თუ მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტის თარიღამდე.
მუხლი 16
გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად არ მიიჩნევა:
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, ან მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული კონსტრუირების შედეგი;
გ) ალგორითმები და პროგრამები გამომთვლელი მანქანებისათვის;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშობების, გათამაშების წესები;
ე) მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი;
ვ) ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა;
ზ) ინფორმაციის წარდგენა,
თუ განაცხადში წარმოდგენილია ამ მუხლის „ა- ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტები.
მუხლი 17
პატენტი არ გაიცემა:
ა) გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც იწვევს არაჰუმანურ, ამორალურ და/ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებას;
ბ) გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებზე, ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში;
გ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;
დ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშის გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს, მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს;
ე) სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც ეხება:
ე.ა) შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგან სახეს, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა;
ე.ბ) თხევადი, აირისებრი, ფხვიერი და სხვა არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებს;
ე.გ) ნაკეთობებს, რომელთა გარეგანი სახე განპირობებულია არსებითი ნიშნების მხოლოდ ტექნიკური ან ფუნქციური დანიშნულებით;
ე.დ) უშუალოდ ნაბეჭდ პროდუქციას.
თავი IV. ავტორი და პატენტმფლობელი
მუხლი 18
1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება, სასარგებლო მოდელი ან სამრეწველო ნიმუში.
2. ავტორობა უვადოდ დაცული განუსხვისებელი უფლებაა.
3. თუ ავტორი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
4. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში შეიქმნა რამდენიმე პირის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაავტორად.
5. ურთიერთობანი თანაავტორთა შორის განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 19
1. პატენტის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.
2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ასევე ცალკეულ მათგანს სხვა დანარჩენი ავტორების მიერ პატენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
მუხლი 20
1. მუშაკის მიერ შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან და რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ პატენტი სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მაშინ მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან დამატებით მიიღოს გამოგონების გამოყენების ფარდი გასამრჯელო.
2. თუ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შექმნა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ლიცენზიისა და პატენტის შესყიდვის უპირატესი უფლება.
3. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში, პატენტის მიღების უფლება განისაზღვრება დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.
მუხლი 21
1. მუშაკი ვალდებულია სამუშაოს მიმცემს დაუყონებლივ შეატყობინოს წერილობით მის მიერ შექმნილი გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შესახებ.
2. თუ სამუშაოს მიმცემი, რომელსაც მუშაკმა აცნობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან დავალებასთან დაკავშირებით შექმნილი გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შესახებ, შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში „საქპატენტში“ არ წარადგენს განაცხადს, მაშინ მუშაკს უფლება აქვს თვითონ მიიღოს პატენტი.
მუხლი 22
1. თუ „საქპატენტში“ ერთსა და იმავე გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე სხვადასხვა დროს არის წარდგენილი ორი ან რამდენიმე განაცხადი, პატენტი გაიცემა პირველ განმცხადებელზე.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადები „საქპატენტში“ ერთსა და იმავე დღეს არის წარდგენილი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, პატენტის გაცემის საკითხს გადაწყვეტს სასამართლო.
თავი V. განაცხადის წარდგენა
მუხლი 23
1. განაცხადს „საქპატენტში“ წარადგენს ავტორი, სამუშაოს მიმცემი ან მათი უფლებამონაცვლე.
2. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი ან სამრეწველო ნიმუში ორი ან მეტი პირის ერთობლივი (თანაზიარი) შემოქმედებითი შრომის შედეგად არის შექმნილი, ისინი განაცხადს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთობლივად წარადგენენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა თითოეული მათგანის შემოქმედებითი წილი გამოგონების შექმნაში განსხვავებულია.
3. თუ რომელიმე ავტორი უარს ამბობს განაცხადის შეტანაზე, განაცხადის წარდგენის უფლება ენიჭება დანარჩენ ავტორებს.
4. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს პატენტრწმუნებულის მეშვეობით.
5. განაცხადის წარდგენა ხდება „საქპატენტში“ საგანაცხადო მასალების უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით.
მუხლი 24
1. განაცხადი გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ავტორი და ის პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;
ბ) გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას;
გ) გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას;
დ) ნახაზებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსის ასახსნელად;
ე) რეფერატს, რომელიც არ გამოიყენება ტექნიკის დონის დასადგენად და გააჩნია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი;
ვ) სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასახსნელად.
2. განაცხადი სამრეწველო ნიმუშის პატენტის მისაღებად უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულია სამრეწველო ნიმუშის ავტორი და ის პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას;
ბ) სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებას ან თვით ნიმუშის ნაკეთობას;
გ) აუცილებლობისას სამრეწველო ნიმუშის აღწერილობას, ნახაზებს და სხვა მასალებს.
მუხლი 25
1. ყოველ განაცხადს „საქპატენტში“ წარდგენის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. თუ განაცხადი წარდგენილია პატენტრწმუნებულის მეშვეობით, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს განმცხადებლის მიერ გაცემული მინდობილობა.
3. თუ განაცხადი წარდგენილია ავტორის უფლებამონაცვლის მიერ, საგანაცხადო მასალებს განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 26
1. განცხადება პატენტის მიღების თაობაზე წარდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები ნებისმიერ ენაზე.
2. „საქპატენტში“ საგანაცხადო მასალების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა მიწოდების დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქართული თარგმანის წარდგენა.
3. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება.
4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ რეპროდუცირებად მასალას, რომელიც შეუძლებელია აღიწეროს განაცხადში ისეთი სისრულით, რომ სპეციალისტისათვის ცხადი იყოს მისი განხორციელების შესაძლებლობა, ან, თუ ეს ბიოლოგიური მასალა არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დეპოზიტორიუმის მიერ გაცემული ბიოლოგიური მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ფორმულა შედგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით, ასახავდეს მის არსს და ეფუძნებოდეს აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მუხლისაგან. სასარგებლო მოდელის ფორმულა უნდა შედგებოდეს ერთი მუხლისაგან.
6. სამრეწველო ნიმუშის გამოსახულება უნდა იძლეოდეს გარეგანი სახის სრულ და დეტალურ წარმოდგენას.
7. სამრეწველო ნიმუშის აღწერილობა უნდა შეიცავდეს მისთვის დამახასიათებელ არსებით ნიშნებს.
მუხლი 27
განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ჩაითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია შემდეგი მასალები:
ა) გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე _ განცხადება პატენტის მისაღებად, აღწერილობა, ფორმულა და ნახაზები, თუ ისინი აუცილებელია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის არსის ასახსნელად;
ბ) სამრეწველო ნიმუშზე _ განცხადება პატენტის მისაღებად, სამრეწველო ნიმუშის გამოსახულება ან ნაკეთობა.
მუხლი 28
1. განაცხადი გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად უნდა ეხებოდეს ერთ გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.
2. განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე პატენტის მისაღებად უნდა ეხებოდეს ერთ სამრეწველო ნიმუშს, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ნაკეთობას (ვარიანტს), ნაკეთობათა ნაკრებს (კომპლექტს), თუ ისინი გაერთიანებულია ერთი მხატვრულ-კონსტრუქციული იდეით.
მუხლი 29
1. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოცალკევებული განაცხადი;
ბ) შეცვალოს წარდგენილი განაცხადის აღწერილობა, ფორმულა და ნახაზები;
გ) გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამოცალკევებული განაცხადის საგანსა და ცვლილებებს უნდა შეიცავდეს ადრე წარდგენილი განაცხადი. ამ პირობით მას უნარჩუნდება ადრე შეტანილი განაცხადის შეტანის თარიღი.
3. გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა, ცვლილების შეტანა და განაცხადის გარდაქმნა დასაშვებია პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მუხლი 30
1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი გამოგონებასა ან სასარგებლო მოდელზე წარადგინოს „საქპატენტში“ პარიზის კონვენციის წევრ ქვეყანაში ადრე შეტანილი განაცხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი, ხოლო სამრეწველო ნიმუშზე _ ექვსი თვის განმავლობაში.
2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე წარადგინოს „საქპატენტში“ პარიზის კონვენციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ექსპონირების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. საგამოფენო და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
3. თუ განმცხადებელმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო აღნიშნულ ვადებში ვერ შეძლო განაცხადის შეტანა „საქპატენტში“ საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვით.
4. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის უფლებით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს „საქპატენტში“ განაცხადის წარდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან ორი თვის განმავლობაში და თან დაურთოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან წარადგინოს იგი „საქპატენტში“ საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:
ა) დამატებითი მასალების წარდგენის თარიღით, თუ განმცხადებელმა ისინი გააფორმა დამოუკიდებელი განაცხადის სახით და წარადგინა „საქპატენტში“ სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, რომ დამატებითი მასალები არ მიიღება მხედველობაში, რადგან ისინი ცვლიან განცხადებული ობიექტის არსს;
ბ) „საქპატენტში“ იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია ამ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის არსი, თუ განაცხადი, რომლითაც მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი, შევიდა გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში, ხოლო სარეწველო ნიმუშზე უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, უფრო ადრინდელი განაცხადი გატანილად ითვლება;
გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, ყოველი მათგანისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობების დაცვით.
6. პრიორიტეტი არ დადგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე მოთხოვნილია უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და რომელზედაც საქმის წარმოება შეწყდა.
მუხლი 31
1. საქართველოში შექმნილ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განაცხადის უცხო ქვეყნის საპატენტო უწყებაში წარდგენამდე, განმცხადებელი ვალდებულია შეიტანოს განაცხადი „საქპატენტში“ და სთხოვოს მას უცხო ქვეყანაში დაპატენტების ნებართვა.
2. „საქპატენტი“ ვალდებულია ექვსი თვის განმავლობაში აცნობოს განმცხადებელს თავისი გადაწყვეტილება გამოგონების ან სასარგებლო მოდელის უცხო ქვეყანაში დაპატენტების თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს გადაწყვეტილება არ ეცნობა, მას შეუძლია წარადგინოს განაცხადი უცხო ქვეყანაში დასაპატენტებლად.
თავი VI. საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა
მუხლი 32
1. „საქპატენტი“ ატარებს საპატენტო ექსპერტიზას, რის საფუძველზედაც გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.
2. ექსპერტიზის მსვლელობისას „საქპატენტს“ შეუძლია მოითხოვოს განმცხადებლისაგან დამატებითი მასალების წარდგენა ან განაცხადში ცვლილების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება.
მუხლი 33
1.„საქპატენტი“ წარდგენილი განაცხადის შეტანის თარიღს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში ადასტურებს ერთი თვის ვადაში.
2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის 27_ ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, „საქპატენტი“ განმცხადებელს სთხოვს აღნიშნული მასალების წარდგენას შეტყობინების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ განმცხადებელი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება.
4. თუ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობაში მითითებულია ნახაზები, რომლებიც არ იყო წარდგენილი განაცხადში, „საქპატენტი“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინელ ვადაში მოითხოვს განმცხადებლისაგან მათ წარდგენას. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწირებულ ვადაში შეასრულებს ამ მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული ნახაზების მიღების დღე. თუ განმცხადებელი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება განაცხადის მიღების თარიღი, ხოლო ნებისმიერი აღნიშვნა ნახაზებზე ამოღებულად ჩაითვლება.
მუხლი 34
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
2. განაცხადზე საქმის წარმოება წყდება, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური ექსპერტიზის მოთხოვნებს.
მუხლი 35
1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი გამოგონებაზე აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ აწარმოებს კვლევას განაცხადში აღწერილი გამოგონების ტექნიკის დონის დასადგენად, რის საფუძველზედაც ატარებს სიახლის ექსპერტიზას და ადგენს დოკუმენტურ დასკვნას.
2. „საქპატენტი“ დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდისას უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებას ექვსი თვის განმავლობაში.
3. განაცხადი გამოგონებაზე, რომელზედაც განმცხადებელმა არ გადაიხადა კვლევისათვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური, განიხილება როგორც განაცხადი სასარგებლო მოდელზე.
მუხლი 36
1. „საქპატენტი“ უგზავნის განმცხადებელს დოკუმენტურ დასკვნას ტექნიკის დონის შესახებ. განმცხადებელს შეუძლია დასკვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს „საქპატენტში“ გამოგონების ფორმულის ახალი რედაქცია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გამოგონების აღწერილობის არსობრივ ფარგლებს, ან წარადგინოს წერილობითი პასუხი.
2. თუ დოკუმენტური დასკვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში განმცხადებელმა არ წარადგინა შესწორება ან დასაბუთებული შეპასუხება და განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმის მოთხოვნებს, „საქპატენტს“ გამოაქვს წინასწარი გადაწყვეტილება გამოგონების პატენტის გაცემის თაობაზე.
მუხლი 37
1. გამოგონების პატენტის გაცემის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდისას „საქპატენტი“ აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში-ბიულეტენი) და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად.
2. ბიულეტენში მონაცემების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში დაინტერესებულ პირს, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეუძლია „საქპატენტში“ შეიტანოს პატენტუნარიანობის კრიტერიუმების უარყოფასთან დაკავშირებული დასაბუთებული შედავება პატენტის გაცემის თაობაზე.
3. „საქპატენტი“ მესამე პირის მიერ ამ ვადაში წარდგენილ შედავების მასალებს უგზავნის განმცხადებელს, რომელსაც შეუძლია ორი თვის განმავლობაში წარუდგინოს „საქპატენტს“ წერილობითი პასუხი ან შეცვალოს გამოგონების ფორმულა.
4. თუ განმცხადებელმა ამ ვადაში არ წარადგინა „საქპატენტში“ დასაბუთებული შეპასუხება ან არ შეიტანა ცვლილება გამოგონების ფორმულაში, „საქპატენტი" ორი თვის ვადაში განიხილავს მესამე პირის შედავებას და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე.
მუხლი 38
1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სასარგებლო მოდელზე აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, „საქპატენტი“ ერთი თვის განმავლობაში ატარებს ექსპერტიზას სიახლეზე მის მიერ რეგისტრირებული განაცხადებისა და გაცემული პატენტების გათვალისწინებით.
2. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სასარგებლო მოდელზე აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, „საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე.
მუხლი 39
თუ დადასტურდა, რომ განაცხადი სამრეწველო ნიმუშზე აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, მაშინ „საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე.
მუხლი 40
„საქპატენტი“ გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის პატენტის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, აქვეყნებს მონაცემებს ბიულეტენში. გარდა ამისა, „საქპატენტი“ აქვეყნებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის აღწერილობას.
მუხლი 41
1. პატენტის გაცემის თაობაზე მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, “საქპატენტი“ ახორციელებს გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) და გასცემს პატენტს.
2. პატენტის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს „საქპატენტი“.
3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს რეესტრს.
4. პატენტის ძალაში შესანარჩუნებლად გადაიხდება დადგენილი წესით განსაზღვრული წლიური საფასური.
მუხლი 42
1. „საქპატენტს“ გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე მთლიანად ან მათ ნაწილზე, თუ განაცხადი:
ა) ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც ამ კანონის მე- 16 მუხლის შესაბამისად არ მიიჩნევა გამოგონებად და სასარგებლო მოდელად;
ბ) ეხება გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს, რომლებზედაც ამ კანონის მე- 17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა;
გ) არ აკმაყოფლებს სიახლეზე პატენტუნარიანობის მოთხოვნების კრიტერიუმს;
დ) არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26- ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;
ე) შეიცავს ფორმულას, რომელიც არ გამომდინარეობს აღწერილობიდან;
ვ) თავისი აღწერილობითა და ფორმულით არ იძლევა ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას;
ზ) შეიცავს ერთი დამოუკიდებელი მუხლით წარმოდგენილი გამოგონების ფორმულას, რომელშიც აღწერილია ერთზე მეტი გამოგონება და რომელიც არ იქნა დაყოფილი „საქპატენტის“ მოთხოვნით ან განმცხადებლის ინიციატივით;
თ) ეხება გამოგონების პირველადი აღწერილობიდან გამოცალკევებულ განაცხადს, რომლის არსი არ არის მოცემული პირველად აღწერილობაში.
2. თუ უარყოფითი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ განაცხადის ნაწილს, მაშინ ფორმულის შესაბამისი მუხლები ამოიღება.
მუხლი 43
„საქპატენტს“ გამოაქვს უარყოფითი გადაწყვეტილება სამრეწველო ნიმუშის პატენტის გაცემის თაობაზე, თუ განაცხადი ეხება ისეთ ნიმუშს, რომელზედაც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა.
მუხლი 44
განაცხადზე საქმის წარმოება წყდება დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურების გადაუხდელობის შემთხვევაში.
მუხლი 45
განმცხადებელს უფლება აქვს გამოქვეყნებამდე გამოითხოვოს განაცხადი.
მუხლი 46
1. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროცედურული ვადების გაგრძელება დადგენილი წესით.
2. განმცხადებელს, მის მიერ პროცედურული ვადების დარღვევის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს „საქპატენტისაგან“ ამ ვადების აღდგენა დადგენილი წესით.
მუხლი 47
1. პატენტზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის პროცედურული, პატენტის გაცემის, ძალაში შესანარჩუნებელი წლიური და სხვა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური. საფასურის ოდენობა და მისი გადახდის პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
2. დასაშვებია საფასურების გადასინჯვა საერთაშორისო ნორმების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით.
თავი VII. საპატენტო უფლებებით სარგებლობის ფარგლები
მუხლი 48
1. პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი, ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები.
2. პატენტმფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას, სასარგებლო მოდელს, სამრეწველო ნიმუშს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია.
მუხლი 49
თუ პატენტმფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი ითვლება ამ ხერხით მიღებულად.
მუხლი 50
თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია, მაშინ:
ა) პატენტის გასხვისება ან ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა პატენტმფლობელის თანხმობით;
ბ) პატენტმფლობელს უფლება აქვს პატენტით დაცული ობიექტი გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში სხვა პატენტმფლობელთა თანხმობის გარეშე.
მუხლი 51
განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.
მუხლი 52
პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) პატენტმფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული ნაწარმის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდგომ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება;
ბ) გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს;
გ) გამოგონების, სასარგებლო მოდელისა ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენება რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემთხვევით ან დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
დ) გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს.
მუხლი 53
თუ რომელიმე პირი გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღამდე, ან იმ პირველი განაცხადის შეტანის თარიღამდე, რომელიც პარიზის კონვენციით დადგენილი პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძველია, კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით, სასარგებლო მოდელით ან სამრეწველო ნიმუშით, ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის, მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად (წინათსარგებლობის უფლება).
მუხლი 54
1. პატენტმფლობელის მიერ წლიური საფასურის გადაუხდელობა იწვევს პატენტის მოქმედების შეწყვეტას.
2. თუ პატენტმფლობელმა საპატიო მიზეზით არ გადაიხადა წლიური საფასური, მას უფლება აქვს შუამდგომლობა აღძრას „საქპატენტის“ წინაშე პატენტის მოქმედების აღდგენის თაობაზე.
3. შუამდგომლობა აღიძვრება სამი თვის განმავლობაში, დადგენილი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგაც და გადაწყვეტილება აღდგენის შესახებ შეიტანება რეესტრში.
4. პატენტის მოქმედების აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანისას პატენტი აღდგენილად ჩაითვლება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის განმავლობაში გადახდილი იქნება წლიური საფასური.
მუხლი 55
ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის ძალის დაკარგვის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანს შეადგენს, უფლება აქვს განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).
მუხლი 56
პატენტი ძალას კარგავს „საქპატენტში“ პატენტმფლობელის მიერ საკუთარ პატენტზე წერილობითი უარის შეტანის შემთხვევაში.
მუხლი 57
1. პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტებს, რომლებზედაც ამ კანონის თანახმად პატენტი არ გაიცემა;
დ) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც დადგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ე) თუ პატენტმფლობელს არ ჰქონდა უფლება პატენტზე ამ კანონის მე-20 ან 21-ე მუხლების შესაბამისად.
2. პატენტმფლობელის მიერ შემოტანილი პატენტით დაცული გამოგონების გამოუყენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში იწვევს შემოტანილი პატენტის გაუქმებას. ამასთან, გამოყენებად არ ჩაითვლება შემოტანილი პატენტით დაცული გამოგონების საფუძველზე დამზადებული პროდუქციის იმპორტი საქართველოში.
მუხლი 58
პატენტის სრულ ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას უკუქცევითი ძალა აქვს პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღიდან.
თავი VIII. ლიცენზია გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის გამოყენებაზე
მუხლი 59
1. პატენტის მფლობელს ან მის უფლებამონაცვლეს (ლიცენზიარი) უფლება აქვს გასცეს სხვა პირზე (ლიცენზიატი) ლიცენზია.
2. ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული.
3. მარტივი ლიცენზია ლიცენზიარს უტოვებს პატენტიდან გამომდინარე ყველა უფლებას.
4. განსაკუთრებული ლიცენზია ლიცენზიარს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიების გაცემის უფლებას.
მუხლი 60
1. პატენტმფლობელს ან მის უფლებამონაცვლეს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი და თხოვნით მიმართოს „საქპატენტს“ რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ პატენტზე, რომელზედაც ცხადდება ღია ლიცენზია, არ არის გაცემული განსაკუთრებული ლიცენზია.
2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ მარტივი.
3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნებისმიერ პირს გამოიყენოს პატენტი პატენტმფლობელთან შეთანხმებული პირობებით. თუ შეთანხმების მიღწევა არ ხერხდება, გამოყენების პირობებს ადგენს სასამართლო.
4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას საპროცედურო საფასურის თანხა ორჯერ მცირდება.
5. პატენტმფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს „საქპატენტს“ ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. თუ სალიცენზიო ხელშეკრულება არ დადებულა ან აღარ მოქმედებს, ან ლიცენზიის ყველა მფლობელი თანახმაა, მაშინ „საქპატენტი“ აკმაყოფილებს აღნიშნულ თხოვნას.
მუხლი 61
1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე შეიძლება გაიცეს იძულებითი ან ოფიციალური ლიცენზია. იძულებითი ან ოფიციალური ლიცენზია გაიცემა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული იძულებითი ლიცენზიების კომისიის გადაწყვეტილებით.
2. იძულებითი ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ მარტივი. იგი გაიცემა პატენტის გაცემის თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
3. იძულებითი ლიცენზიის მოთხოვნა, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული ვადის განმავლობაში გამოგონება ან სასარგებლო მოდელი არ გამოიყენებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ან გამოიყენებოდა არასაკმარისად, აგრეთვე თუ შეუძლებელია მათი გამოყენება სხვა, უფრო ადრინდელი პატენტის დარღვევის გარეშე.
4. იძულებითი ლიცენზია შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე დაინტერესებული პირი ცდილობდა ნებართვის მიღებას პატენტმფლობელისაგან ან მისი უფლებამონაცვლისაგან გონივრული პირობებით და გონივრულ ვადაში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
5. ოფიციალური ლიცენზია, იძულებითი ლიცენზიის ნაირსახეობაა და გაიცემა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით, თუ დასაბუთებულ იქნა ეროვნული თავდაცვის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყენების აუცილებლობა. ოფიციალური ლიცენზია შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ოთხწლიანი ვადის გასვლამდე.
6. ოფიციალური ლიცენზიის გაცემა პატენტმფლობელის ან მისი უფლებამონაცვლის თხოვნით შეიძლება გადაიდოს, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლით, იმ პირობით, რომ პატენტმფლობელი იკისრებს საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნილება.
7. პატენტის გამოყენება ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე შეიძლება განახორციელოს როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო პირმა, რომელსაც დაასახელებს ლიცენზიის გაცემის მომთხოვნი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო ან სასამართლო.
8. ოფიციალური ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება გამოყენების სფერო, მოქმედების ვადა, ლიცენზიარისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
მუხლი 62
1. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. იგი მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარდეს „საქპატენტში“ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
2. ლიცენზიაში შეტანილი არსებითი ცვლილებები მხარეთა სურვილით შეიძლება დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარდეს „საქპატენტში“ ამ ცვლილებების შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. მონაცემები გაცემული ლიცენზიისა და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.
თავი IX. გამომგონებელთა შეღავათები და პრივილეგიები
მუხლი 63
1. გამოგონების ავტორს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლება აქვს გამოგონებას მიაკუთვნოს თავისი სახელი ან სპეციალური დასახელება.
2. საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე განმცხადებელი შეიძლება გათავისუფლდეს საფასურის გადახდისაგან, გარდა პატენტის ძალაში შესანარჩუნებელი წლიური საფასურისა.
მუხლი 64
გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის ავტორებისათვის სხვა შეღავათები და პრივილეგიები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი X. პატენტრწმუნებული
მუხლი 65
1. პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, ან მისი წარმომადგენელი „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავს რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით.
2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის მიერ გაცემული მინდობილობით.
მუხლი 66
მოთხოვნებს პატენტრწმუნებულის მიმართ, ატესტაციისა და რეგისტრაციის პირობებს ადგენს დებულება პატენტრწმუნებულთა შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 67
მონაცემები პატენტრწმუნებულის შესახებ „საქპატენტს“ შეაქვს რეესტრში. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით გაეცნოს რეესტრს.
თავი XI. საპატენტო დავა და პასუხისმგებლობა
მუხლი 68
განმცხადებელს, დაინტერესებულ პირს „საქპატენტის“ მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან 3 თვის განმავლობაში უფლება აქვს საპატენტო ექსპერტიზის გადაწყვეტილება გაასაჩივროს „საქპატენტის“ სააპელაციო პალატაში.
მუხლი 69
1. პატენტმფლობელს უფლება აქვს პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის თაობაზე წარადგინოს სარჩელი.
2. განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის თაობაზე აღძრას სარჩელი, თუ პატენტმფლობელი პატენტის დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის განმავლობაში თვითონ არ წარადგენს სარჩელს სასამართლოში.
მუხლი 70
დაპატენტებული გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე დამზადება, გამოყენება, ჩართვა სამოქალაქო ბრუნვაში ან სხვაგვარად სარგებლობა, მათი არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა ავტორისა) „საქპატენტის“ მიერ გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, საიდუმლო გამოგონების, სასარგებლო მოდელის გამჟღავნება, ავტორობის მითვისება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 71
გასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საზღვარგარეთ დასაპატენტებლად განაცხადის წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XII. საერთაშორისო განაცხადი
მუხლი 72
1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადების მიმართ, რომლებიც „საქპატენტში“ წარდგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად.
2. საერთაშორისო განაცხადზე „საქპატენტი“ საქმეს აწარმოებს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისა და დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 73
1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.
2. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც აღნიშნულია საქართველო და რომელიც გამოქვეყნებულია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების 21- ე მუხლის თანახმად, იმავე უფლებების მქონეა, რასაც ითვალისწინებს ამ კანონის 51- ე მუხლი.
მუხლი 74
1. საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის „საქპატენტი“ მოქმედებს, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება".
2. „საქპატენტში“, როგორც „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის შეტანა ხდება ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთან, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახდილი უნდა იქნეს „საქპატენტში" საერთაშორისო განაცხადის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში.
მუხლი 75
1. „საქპატენტი“ მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“ იმ საერთაშორისო განაცხადების მიმართ, რომლებშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
2. „საქპატენტი“ მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“ იმ საერთაშორისო განაცხადების მიმართ, რომლებშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, იმ შემთხვევაში, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.
თავი XIII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76
განაცხადებზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება პატენტის გაცემის ჩათვლით გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებების მიხედვით.
თავი XIV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 77
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებები.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეიქმნას იძულებითი ლიცენზიების კომისია.
4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინსპექციასა და „საქპატენტს“ შეიმუშაონ ნორმატიული აქტი საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების წესის შესახებ.
5. დაევალოს „საქპატენტს“:
ა) შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს დებულება სააპელაციო პალატის შესახებ;
ბ) შეიმუშაოს დებულება პატენტრწმუნებულების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
მუხლი 78
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცემულ პატენტებს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
# 1791-IIს
დოკუმენტის კომენტარები