საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 05/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.05.002.001.
  • Word
107
28/03/2000
სსმ, 29, 05/04/2000
010.240.000.05.002.001.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №107

2000 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

დებულება

თავი I

    მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელ­მწიფო სააგენტო (შემდგომში – „სახელმწიფო სააგენტო“ ან „სააგენ­ტო“) არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სახელმწიფო ზედამხედველობას და რეგულირებას.

2. სახელმწიფო სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროდ და უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საჯაროობას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართ­ველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ენერგე­ტიკული ქარტიის მოთხოვნებით, საქართველოს კანონით „ნავთობისა და გაზის შესახებ“ (შემდგომში – კანონით), საქართველოს კანონმ­დებლობით, ამ დებულებით და სააგენტოს მიერ შემუშავებული შიდა რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით.

4. სახელმწიფო სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელ­მწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.

5. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თა­ნახმად სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს კონტრაქტებს სახელმწიფოს სახელით, გასცეს ლიცენზიები და დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება საქართველოში.

6. სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო სააგენტოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ტექნიკური დახმარება და გრანტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2. სააგენტოს ძირითადი მიზნები:

1. საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა და ნავთობისა და გაზის წიაღისეული რესურსების ათვისების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა.

2. ნავთობისა და გაზის საბადოების შესწავლის სამუშაოების, მათი მარაგებისა და რესურსების სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით ერთიანი ფონდის შექმნა.

3. საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა.

4. საქართველოში ნავთობისა და გაზის წიაღისეული რესურსების მოპოვების ზედამხედველობისა და კონტროლისათვის ეფექტიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, მათ შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების, საოპერაციო და სხვა საკითხების ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა.

5. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

7. „ერთი გაჩერების პრინციპის“ უზრუნველყოფა საქართველოს ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო სააგენტო არის უწყება, სადაც ინვესტორს საშუალება აქვს მიიღოს საჭირო ინფორმაცია ნავთობისა და გაზის რესურსების შესახებ საქართველოში, აგრეთვე გააფორმოს კონტრაქტი და მიიღოს ლიცენზია. თავის მხრივ, ინვესტორი კონტრაქტისა და ლიცენზიის პირობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სახელმწიფო სააგენტოს წინაშე.

    მუხლი 3. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგული­რებელი სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციები:

1. შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული მიწის ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონ­მდებლობის დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ნორმატიული აქტებისა და წესების შემუშავება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად.

5. გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება.

6. სახელმწიფოს სახელით ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში, სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან.

7. სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა, სააგენტოს განაცხადის მიღებისთანავე საქართველოს ყველა სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები.

8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით წარმოშობილი ვალდებულებების შე­სასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთანავე, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელ-მწიფო მმართველობის სუვერენული და მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), ჩამოყალი­ბებისთანავე გადაეცემა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს.

9. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგ­როვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა).

10. სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვა­ლისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

11. ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75 პროცენტზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკ­რულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი.

12. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნავთობისა და გაზის საოპერაციო, გარემოს დაცვის და უსაფრთხოების საკითხების ზედამხედველობა და რეგულირება.

13. ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების კომერციული პირობების ზედამხედველობა.

14. ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამტკიცებს ამ პირობებს საჯარო განხილვის შემდეგ.

15. ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და ყოველწლიურად აქვეყნებს გაწეული მუშაობის ანგარიშს.

    მუხლი 4. სააგენტოს უფლება-მოვალეობები:

1. მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორების, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან.

2. შეუჩეროს ან ვადაზე ადრე შეუწყვიტოს ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ინვესტორის მიერ ხელშეკრულების ან კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

3. განიხილოს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები განაცხა­დებზე, რომლებიც შეტანილია სააგენტოში იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ.

4. ინვესტორის ინიციატივითა და კონკრეტულ ინვესტორთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, სათანადო სიტუაციის გათვა­ლისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების ან ლიცენზიის პირობები „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სხვა სპეციალისტები და უცხოელი ექსპერტები.

6. ნავთობისა და გაზის ოპერაციების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით მოითხოვოს ყველა საოპერაციო და/ან ინვესტორი კომპანიებისაგან საჭირო მეტროლოგიური მოწყობილობების შეძენა და დამონტაჟება.

7. დაადგინოს ნავთობისა და გაზის წიაღისეულით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის გადასახადის ოდენობა, რომელიც აისახება სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიაში. გადასახადის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება პროცენტებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიმართ (დღგ-ს გარეშე).

8. განსაზღვროს ტენდერისა და აუქციონის მოწყობა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის მოსაკრებლები.

9. უზრუნველყოს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ­ყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

10. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრული სხვა საქმიანობები.

11. უზრუნველყოს სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ყველა დადგენილების, წესისა და ნორმის საჯაროობა.

თავი II

    მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა:

1. სააგენტოს უფროსი ერთმმართველობის პრინციპით ახორციე­ლებს სააგენტოს საერთო მართვას. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია დანიშნოს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. მათ უფლებამოსილებას ბრძანებით განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია დაავალოს რომელიმე მოადგილეს სააგენტოს უფროსის ფუნქციების დროებითი შესრულება. სააგენტოს უფროსი ვალდებულია დანიშნოს სამმართველოების (სამსახურების) უფროსები და აგრეთვე სხვა თანამშრომლები. მოადგილეები, სამმართველოების (სამსახურების) უფროსები და თანამშრომლები, ყველანი ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე და შეიძლება განთავისუფლებულ იქნენ სამსახურიდან სააგენტოს უფროსის მიერ.

3. სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეებს, აპარატის ხელმძღ­ვანელსა და წევრებს არა აქვთ უფლება ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური კავშირი საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელ რომელიმე სუბიექტთან.

4. სახელმწიფო სააგენტოს უფროსის უფლებებია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო სააგენტოსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კოორდინაცია გაუწიოს ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებას საქართველოში და გადაწყვიტოს სააგენტოში წამოჭრილი ყველა საკითხი;

ბ) ხელს აწერს კონტრაქტებს და გასცემს ლიცენზიებს სახელმ­წიფოს სახელით;

გ) მისდამი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის ანგა­რიშ­ვალდებულია უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;

დ) ვალდებულია მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო მონა­ცემი, ინფორმაცია სამინისტროებიდან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებიდან და იმ პირთაგან, რომლებიც აწარმოებენ ნავთობისა და გაზის ოპერაციებს საქართველოში;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოადგილეებს, სამმართველოების უფროსებსა და თანამშრომლებს;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს სააგენტოს ცენტრალიზებულ ფონდებს და სპეცსახსრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დარგის ინტერესებიდან გა­მომდინარე, გამოსცემს ბრძანებებს;

თ) ამტკიცებს ნავთობისა და გაზის საბადოების ერთიანი ფონდისა და სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამმართ­ველოების დებულებებს.

თავი III

    მუხლი 6. სახელმწიფო სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები:

1. სახელმწიფო სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველო;

ბ) გეოლოგიური და გეოფიზიკური ანალიზისა და ინფორმაციის ცენტრი;

გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველო;

დ) კონტრაქტებისა და ლიცენზიების (იურიდიული) სამმართველო;

ე) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ვ) ადმინისტრაცია.

თავი IV

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ფინანსური რესურსები, რომლე­ბიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსში.

2. სააგენტოს ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

თავი V

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით.