სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ

  • Word
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 30/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
30/11/2010
სსმ, 156, 30/11/2010
010240060.21.014.016005
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/11/2010 - 08/07/2011)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1 1

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1) .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს. წესი ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების პროცედურებზე.

2. შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის მიზანია მათი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე.

3. საბჭო თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. დავებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.procurement.gov.ge მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მიღებულად/გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

5. საჩივარი მიღებულად ითვლება მისი ამ წესის შესაბამისად დასაშვებად მიჩნევის მომენტიდან.

    მუხლი 2. გასაჩივრების უფლება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სააგენტოში დავების განხილვის საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობისას დაირღვა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, შესყიდვების პროცედურების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომ.

3. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება:

ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

4. საჩივარი სააგენტოში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონულად სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.procurement.gov.ge მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს დანართი 1 -ით დამტკიცებული ფორმით.

5. ზარალი, რომელიც დავის განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.

    მუხლი 3. საბჭო

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) წარმომადგენლები.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თანამშრომელთა შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს ორ წევრს.

3. არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით და შერჩეული წევრების სია წარედგინება საბჭოს აპარატს.

    მუხლი 4. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საბჭოს აპარატი, რომელიც შედგება სააგენტოს თანამშრომლებისაგან. საბჭოს აპარატი ახორციელებს დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივ პროცედურებს.

2. საბჭოს აპარატი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, განიხილავს სააგენტოში შემოსულ საჩივრისა და თანდართული მასალების შესაბამისობას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მოკლე ტექსტური შეტყობინება). აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე;

ბ) დანართი 1 -ით დადგენილი ფორმის დაუცველად წარმოდგენილი საჩივრის შემთხვევაში, აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომჩივანს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით (ელ. ფოსტა, ტელეფონი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) და განუსაზღვრავს მომჩივანს ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას, არა უმეტეს მომდევნო სამუშაო დღისა. მომჩივანის მიერ, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭოს აპარატი საჩივარს ცნობს დაუშვებლად, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მომჩივანს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დავის განხილვის ვადის ათვლა იწყება ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მისი დასაშვებად ცნობის მომენტიდან;

გ) მიღებული საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით მოხდეს შესაბამისი შესყიდვის პროცედურების შეჩერება;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას და მხარეების (მომჩივანი, მოპასუხე) და დაინტერესებულ პირთა (არსებობის შემთხვევაში) საბჭოს სხდომაზე მოწვევას;

3. დავის განმხილველ სხდომაზე აპარატის წევრი საბჭოს წევრებს მოახსენებს ინფორმაციას საქმის შინაარსის, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობისა და მათი უფლებამოსილების თაობაზე;

4. შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებად მიჩნევისთანავე, აღნიშნულის თაობაზე ეცნობებათ საბჭოს წევრებს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) და მიეთითებათ საჩივრის და მასზე თანდართული მასალების (არსებობის შემთხვევაში) გაცნობის შესაძლებლობის თაობაზე .

    მუხლი 5. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი.

3. საბჭო დავას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ათ კალენდარულ დღეში. საბჭოს უფლება აქვს გამართოს მოსამზადებელი სხდომა.

4. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნს სპეციალისტი, ექსპერტი ან/და თარჯიმანი მხარის ან საბჭოს ინიციატივით.

5. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საბჭოს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევს.

6. ამ წესის მე -4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საბჭოს მოახსენებს იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც იგი მოითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.

7. მომჩივანის მოხსენების შემდეგ, მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი მოახსენებს საბჭოს საკუთარ პოზიციას მტკიცებულებებზე მითითებით.

8. მომჩივნისა და მოპასუხის მოხსენებების შემდეგ, საბჭოს წევრები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას საჩივართან დაკავშირებით, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მომჩივნის მიერ საჩივრის დაკმაყოფილების გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ.

9. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. საბჭოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეს კითხვა.

10. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს წევრების მონაწილეობით იმართება თათბირი საბჭოზე გამოთქმულ მოსაზრებებზე.

11. საბჭოს სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციების ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ყველა მონაწილის ერთდროულ აუდიო -ვიდეო კავშირსა და დოკუმენტების გადაგზავნის შესაძლებლობას ონლაინ - რეჟიმში (ვიდეკონფერენცია).

    მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის წესი

1. მომჩივანსა და მოპასუხეს, ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს, საბჭოს სხდომის გამართვის დრო და ადგილი ეცნობება კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მოკლე ტექსტური შეტყობინება). თუ ამ პუნქტში აღნიშნულ პირებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, დავა განიხილება მათი მონაწილეობის გარეშე.

2. საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვის სხდომის დღეს ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს აპარატის წარდგინების საფუძველზე.

3. საბჭოს სხდომა ტარდება სააგენტოში (ქ. თბილისი, პეკინის ქ. 28.) იმ შემთხვევაში, თუ სხდომა ტარდება წესის მე -5 მუხლის მე -11 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს წევრს/წევრებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომაში ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

4. საბჭო საჩივარს განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საბჭოს ყოველი წევრი საჩივარსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს დავის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

    მუხლი 7. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო უფლებამოსილია:

ა) სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

ბ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

2. თუ საბჭოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, საბჭო უფლებამოსილია:

ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

3. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მისი მიღების დრო და ადგილი, საბჭოს წევრთა ვინაობა, მომჩივნისა და მოპასუხის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა და დავის საგანი;

ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოება ან/და მტკიცებულება, რის საფუძველზეც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა ან დადასტურება, ასევე, სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა იგი;

გ) საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება მიღებულ გადაწყვეტილებას.

5. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. წესის მე -5 მუხლის მე–11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკენფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრს გადაწყვეტილება ეგზავნება ელ. ფოსტის საშუალებით საბჭოს აპარატის მიერ, რომელშიც აისახება საბჭოს თითოეული წევრის მიერ სხდომაზე გამოხატული პოზიცია.   

6. ვიდეოკენფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრი ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელ. ფოსტის მეშვეობით ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებაში ასახულია მის მიერ საბჭოს სხდომაზე გამოხატული პოზიცია, რაც უთანაბრდება მის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას.

7. საბჭოს გადაწყვეტილება საჯაროა და მისი მიღებისთანავე განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. მხარეები უფლებამოსილნი არიან გაასაჩივრონ საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მისი ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

დანართი 1

ს ა ჩ ი ვ ა რ ი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს

 

სადავო ტენედრის №

SPA შეიყვანეთ ინფორმაცია

მომჩივანის სახელი, გვარი / სახელწოდება

შეიყვანეთ ინფორმაცია

პირადი / საიდენტიფიკაციო ნომერი

შეიყვანეთ ინფორმაცია

მისამართი

შეიყვანეთ ინფორმაცია

ტელეფონი

შეიყვანეთ ინფორმაცია

მობ. ტელეფონი

შეიყვანეთ ინფორმაცია

ელ. ფოსტა

შეიყვანეთ ინფორმაცია

შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელება, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი

შეიყვანეთ ინფორმაცია

საჩივრის არსი

შეიყვანეთ ინფორმაცია

საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები

შეიყვანეთ ინფორმაცია

საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალი, გვერდების რაოდენობის მითითებით

შეიყვანეთ ინფორმაცია

საჩივრის წარმდგენის სახელი, გვარი

შეიყვანეთ ინფორმაცია

საჩივრის წარმდგენის პირადი ნომერი

შეიყვანეთ ინფორმაცია

შევსების თარიღი

შეიყვანეთ ინფორმაცია

Description: C:\Users\user\Desktop\sachivari.jpg