დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 902-1ს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 480330000.05.001.000245 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 15.07.2017, №969)
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ
თავი I. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენება და დაცვა
ეს კანონი, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციებისა (შემდგომში – ჟენევის კონვენციები) და მათი 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმების (შემდგომში – დამატებითი ოქმები) შესაბამისად, ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვენის 1965 წლის XX საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული ეროვნული საზოგადოებების მიერ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემების გამოყენების წესებიდან გამომდინარე, იცავს:
ა) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებს თეთრ ფონზე (შემდგომში – ემბლემა);
ბ) სახელწოდებებს „წითელი ჯვარი” და „წითელი ნახევარმთვარე”;
გ) სამედიცინო-სანიტარიული ტრანსპორტისა და პერსონალის საიდენტიფიკაციო-განმასხვავებელ ნიშნებს.
1. ემბლემა გამოიყენება ამ კანონის შესაბამისად, ჟენევის კონვენციებითა და დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც დაცვითი და განმასხვავებელი ფუნქციების მქონე ნიშანი.
2. ემბლემა არის შეიარაღებული კონფლიქტების, სოციალური და სტიქიური უბედურებების დროს დაჭრილთა, დაავადებულთა და დაზარალებულთა ტანჯვის შემსუბუქების სიმბოლო; იგი საჭიროებს რეგლამენტირებულ გამოყენებას და პატივისცემით მოპყრობას.
3. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაცვითი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა არის ვიზუალური გამოხატულება იმ დაცვისა, რომელსაც ჟენევის კონვენციები და დამატებითი ოქმები ანიჭებს სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო-სანიტარიულ შენაერთსა და ტრანსპორტს.
4. დაცვითი ფუნქციის მქონე ემბლემა ფორმით იდენტურია განმასხვავებელი ფუნქციის მქონე ემბლემისა, მაგრამ ზომით მაქსიმალურად დიდია, რათა მისი შორიდან შემჩნევა შეიძლებოდეს.
5. განმასხვავებელი ფუნქციის მქონე ემბლემა დაცვითი ფუნქციის მქონე ემბლემასთან შედარებით მცირე ზომისაა და აღნიშნავს პირისა თუ ობიექტის კავშირს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან.
საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციათაგან მხოლოდ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას აქვს უფლება, გამოიყენოს სახელწოდება „წითელი ჯვარი”.
საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის გამოყენების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს;
ბ) საავადმყოფოებს, აგრეთვე დაჭრილთა, დაავადებულთა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებით დაკავებულ სხვა სამოქალაქო სამედიცინო ობიექტებს;
გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.
1. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დაცვითი ფუნქციით გამოყენების უფლება შეიძლება მიეცეთ შემდეგ პირებსა და ობიექტებს:
ა) პირები:
ა.ა) მეომარი მხარეების მიერ სამხედრო ძალების სამედიცინო-სანიტარიული სამსახურების დასახმარებლად ნებაყოფლობით საფუძველზე მოწვეული სხვა ორგანიზაციების სამედიცინო პერსონალი, რომელთა საქმიანობასაც აკონტროლებს ხელისუფლება;
ა.ბ) ამ კონფლიქტში ნეიტრალური და სხვა ქვეყნების წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების თანამშრომლები;
ა.გ) სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციის მქონე ორგანოს სამედიცინო პერსონალი;
ა.დ) ხელისუფლების მიერ უფლებამოსილი სამოქალაქო საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, რომელიც კონფლიქტის ან ევაკუაციის ზონაში იმყოფება;
ა.ე) სამხედრო ძალებისა და მათი სამედიცინო-სანიტარიული სამსახურების თანმხლები სასულიერო პირები.
ბ) ობიექტები:
ბ.ა) სამხედრო ძალების სამედიცინო და სანიტარიული ობიექტები;
ბ.ბ) სამედიცინო დაწესებულებები;
ბ.გ) სამედიცინო დანიშნულების შენობები;
ბ.დ) სამედიცინო აღჭურვილობა;
ბ.ე) საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, მატარებელი, ავტომობილი, გემი და სხვა), რომლებიც დაჭრილთა გადაყვანას და სამედიცინო საშუალებების გადატანას ემსახურებიან;
ბ.ვ) ჰოსპიტლები;
ბ.ზ) ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სანაპირო-სამაშველო ტრანსპორტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირებისა და ობიექტების შესახებ მონაცემები ეცნობება მეომარ მხარეებს.
ამ კანონის მე-5 მუხლში აღნიშნული პირებისა და ობიექტების თითოეულ კატეგორიაზე ემბლემის დაცვითი ფუნქციით გამოყენების საერთო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო-სანიტარიული სამსახურების დამხმარე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფორმირებები წითელი ჯვრის ემბლემას იყენებენ დაცვითი ფუნქციით.
ამ კანონის მე-5 მუხლში აღნიშნულმა პირებმა და მე-12 მუხლში აღნიშნული ორგანიზაციების წამომადგენლებმა, რომლებსაც აქვთ საგანგებო მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ემბლემის გამოყენების უფლება, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ფოტოსურათითა და რელიეფური ბეჭდით. მოწმობაში მითითებული უნდა იყოს პირის თანამდებობა; ამასთან, მათ მარცხენა მკლავზე უნდა ატარონ ემბლემიანი სამკლაური ბეჭდით. მოწმობა ფორმითა და შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს ჟენევის კონვენციებით დადგენილ სტანდარტებს.
ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებულ პირებზე აღნიშნულ მოწმობებსა და სამკლაურებს გასცემს და აღრიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოში შიდა კონფლიქტის დროს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უფლება აქვს კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან შეთანხმებით დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, ვინ და როგორ გამოიყენოს ემბლემა დაცვითი ფუნქციით.
შუქფარი, რადიო- და ელექტროსიგნალები გამოიყენება ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად.
ემბლემის ნებისმიერ დროს გამოყენების უფლება აქვთ საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს თავიანთი პერსონალისა და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნად.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას უფლება აქვთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საქმიანობაში გამოიყენონ ემბლემა დაცვითი ან განმასხვავებელი ფუნქციით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უფლება აქვს თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პრინციპების შესაბამისად.
მშვიდობიან დროს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საერთო თანხმობით, ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენება შეუძლიათ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებებს და პირველი სამედიცინო დახმარების პუნქტებს, რომლებიც უფასოდ უზრუნველყოფენ დაჭრილთა და დაავადებულთა სამედიცინო დახმარებას.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უფლება აქვს გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა საზოგადოების სრული დასახელებით ან ინიციალებით, სტიქიური უბედურებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა და მათთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის აღსანიშნად სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უფლება აქვს გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა ნაბეჭდ პროდუქციაზე, სხვადასხვა სარეკლამო ნაკეთობებსა თუ მასალებზე და გასაყიდ საგნებზე. ამ შემთხვევაში ემბლემა უნდა იყოს მცირე ზომის, საზოგადოების სრული დასახელებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით წითელი ჯვრის ემბლემის გამოყენება შეუძლია ეროვნული საზოგადოებების მიერ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემების გამოყენების წესების შესაბამისად.
ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენებას აკონტროლებენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და სამართალდამცავი ორგანოები.
თავი II. გარდამავალი დებულებანი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს წითელი ჯვრის ნიშანი, როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების აღმნიშვნელი სიმბოლო.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების აღმნიშვნელი ახალი სიმბოლოს შემუშავება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს სამკურნალო დაწესებულებების აღმნიშვნელი ახალი საგზაო ნიშნის შემუშავება.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა ორგანიზაციას, გარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა, აეკრძალოს თავის დასახელებაში სახელწოდებების „წითელი ჯვარი” და „წითელი ნახევარმთვარე” გამოყენება.
ამ კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III. დასკვნითი დებულებანი
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე .
თბილისი,
1997 წლის 2 ოქტომბერი .
№90 2–Iს
დოკუმენტის კომენტარები