დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 138 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 17/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 320.090.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №138
1997 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის შესახებ.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახური (შემდგომში – სპეცკავშირი) არის ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია. სპეცკავშირის სახელწოდება, სამსახურებრივი ტელეფონები და მისამართი სახელმწიფო ცნობარებში შეტანას არ ექვემდებარება.
1.2. სპეცკავშირი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების აშხაბადის 1993 წლის 23 დეკემბრის შეთანხმებათა საფუძველზე და ამ დებულებით.
1.3. სპეცკავშირს უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო პასუხს არ აგებს სპეცკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა გამო, ხოლო სპეცკავშირი პასუხს არ აგებს სამინისტროს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა გამო. სპეცკავშირს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, გერბიანი მრგვალი ბეჭედი და შტამპი თავისი სახელწოდებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში (მათ შორის, სავალუტო). მისი ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი № 2.
1.4. სპეცკავშირი ექვემდებარება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს.
1.5. სპეცკავშირის მუშაკთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს სპეცკავშირის უფროსი. სტრუქტურული ქვედანაყოფები ექვემდებარებიან სპეცკავშირის უფროსს.
1.6. სპეცკავშირის საუწყებო ქვედანაყოფები იქმნებიან საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს შორის სპეცკავშირის მეშვეობით გადატანილი სპეციალური გზავნილებები ხელშეუხებელია. ისინი არ ექვემდებარებიან გახსნას ან დაკავებას. ყველა სპეციალურ გზავნილებას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგანი, მათი ხასიათის ამსახველი ნიშანი.
1.7. სპეციალურ გზავნილებათა ოპერატიულად გადაგზავნისა და დატარების უზრუნველსაყოფად გამოიყენება მიწისზედა (სარკინიგზო, საავტომობილო), საავიაციო, საჭიროების შემთხვევაში სანაოსნო (საზღვაო, სამდინარო) საშუალებები. საავტომობილო მარშრუტები სრულდება სპეცკავშირის საუწყებო ავტოტრანსპორტით, სარკინიგზო მარშრუტები – საფოსტო ვაგონებით, ცალკეულ შემთხვევებში სპეციალურად გამოყოფილი სამგზავრო ვაგონის კუპეებით, სამოქალაქო ავიაციის სარეისო ხომალდების მეშვეობით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – სამხედრო-სატრანსპორტო და სპეციალური რეისების თვითმფრინავებით.
სპეცკავშირისათვის სპეციალურად გამოყოფილია ოპერატიული ნომრებით, სხვა ხმოვანი და მაშუქი სიგნალებით აღჭურვილი ტრანსპორტი. ავტომანქანები არ ექვემდებარებიან დაკავებას და შემოწმებას.
1.8. სატრანსპორტო ორგანოები სპეცკავშირის განაცხადის თანახმად უზრუნველყოფენ ადგილების დაჯავშვნას, ბილეთების რიგგარეშე შეძენას, სამსახურებრივი სათავსების გამოყოფას სპეცკავშირის ფელდიეგერებისათვის აეროპორტების, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ვაგზლების შენობებში, აგრეთვე საერთო სამგზავრო საავიაციო, საზღვაო ხომალდებსა და მატარებლებში ჩასხდომის უფლებას მგზავრთა საერთო ჩასხდომის დაწყებამდე (გამოცხადებამდე).
1.9. სპეცკავშირის ფელდიეგერების მიერ გადასატანი სპეციალური კორესპონდენცია და გზავნილებები გასინჯვას არ ექვემდებარება.
1.10. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები, ორგანიზაციები და თანამდებობის პირები ყოველნაირ დახმარებას უწევენ სპეცკავშირის კორესპონდენციის დროული და დაცული გადატანისა და დატარების ორგანიზაციას.
2. სპეცკავშირის ამოცანები
2.1. სპეცკავშირი ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, სამთავრობო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასიანი გზავნილებების მიღებას, ჩაბარებასა და მათ გადაზიდვას დანიშნულებისამებრ. ეწევა აღნიშნულ საქმიანობას იურიდიულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე.
2.2. სპეცკავშირი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების აშხაბადის შეთანხმების მიხედვით ახორციელებს საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის, საიდუმლო და ფასიანი ამანათების, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, საიუველირო ნაკეთობებისა და მათი ზედნადების, აგრეთვე სპეციალური ტვირთის (შეფუთული ხელსაწყოების, აპარატურის) და სხვა სახის გზავნილებების გადაზიდვასა და დატარებას, რომლებიც შეიცავენ სამხედრო-ტექნოლოგიურ და კომერციულ საიდუმლოებას.
2.3. საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კორესპონდენციის სწრაფ და დაცულ დატარებას, გადატანას როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთავრობის სპეციალურ დავალებათა შესრულებას, აგრეთვე კორესპონდენციის მიტანას დანიშნულებისამებრ მათი დედაქალაქში ყოფნის, აგრეთვე სახელმწიფოს ფარგლებში მგზავრობის დროს.
2.4. ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოებიდან, აგრეთვე ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული კორესპონდენციის (გზავნილებების) ოპერატიულად მიტანას ადრესატამდე როგორც საქართველოში, ისე დამოუკიდებელ სახელმწიფოს თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
3. სპეცკავშირის მარვთა
3.1. სპეცკავშირის მართვას ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი:
– საკონტრაქტო საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს სპეცკავშირის უფროსს;
განიხილავს და ამტკიცებს სპეცკავშირის ბიზნესგეგმებს და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშებს.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო არ ერევა სპეცკავშირის ოპერატიულ-სამეურნეო მართვაში.
3.2. უფროსთან ერთად სპეცკავშირის ოპერატიულ-სამეურნეო მართვას ახორციელებს მის მიერ საკონტრაქტო საფუძველზე დანიშნული ადმინიტრაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან:
უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი და ეკონომისტი.
4. სპეცკავშირის უფროსის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
სპეცკავშირის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
4.1. სპეცკავშირის უფროსს აქვს უფლება:
– მოსთხოვოს მუშაკებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება და ნებისმიერ დროს მოახდინოს მათი შემოწმება;
– განსაკუთრებული რწმუნების გარეშე წარმომადგენლობდეს ყველა სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებში, სასამართლოსა და საარბიტრაჟო სასამართლოში;
– დამტკიცებული საშტატო ნუსხის ფარგლებში მოახდინოს კადრების შერჩევა, წახალისება, დასჯა;
– განაგოს დადგენილი წესით სპეცკავშირის გამგებლობაში არსებული ფულადი და მატერიალური სახსრები, დაუწესოს კონტროლი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობას;
– აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები იურიდიულ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
– მიიღოს გადაწყვეტილება მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
– თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ბრძანებები და დაუწესოს კონტროლი მათ შესრულებას;
– საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე აანაზღაუროს მათ მიერ გაწეული მომსახურება დადგენილი წესით.
4.2. სპეცკავშირის უფროსი პასუხისმგებელია:
– სპეცკავშირის მუშაობის სამეურნეო-საფინანსო შედეგებზე, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებასა და მუშაკებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე;
– სამუშაოს სწორ ორგანიზაციაზე, გზავნილებათა სრულ დაცვაზე, მათ დროულ დამუშავებასა და დადგენილი საკონტროლო ვადების დაცვით დანიშნულებისამებრ ჩაბარებაზე, ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვიანობასა და შენახვაზე, სპეცკავშირის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებასა და მინდობილი საქმისადმი მის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე;
– სპეცკავშირის მუშაკთათვის გაპიროვნებული ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული სროლის მოწყობასა და ინსტრუქტაჟზე.
5. სპეცკავშირის პირადი შემადგენლობა
5.1. სპეცკავშირის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი, ხოლო სპეცკავშირის საქვეუწყებო ქვედანაყოფების მუშაკებს საქართველოს ტერიტორიაზე – სპეცკავშირის უფროსი.
5.2. სპეცკავშირის პირადი შემადგენლობა კომპლექტდება ძირითადად სამხედროსამსახურმოხდილი პირებისაგან, სულ ცოტა 20 წლის ასაკისა, რომლებიც გაივლიან სათანადო სამედიცინო შემოწმებას, არიან ჯანმრთელნი და ფლობენ ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების წესებს.
5.3. სპეცკავშირის პირადი შემადგენლობის მუშაკები საიდუმლო საქმეებზე დაიშვებიან მხოლოდ სათანადო ორგანოების ნებართვის საფუძველზე. სპეცკავშირის მუშაკებზე ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების დისციპლინური წესდების მოთხოვნები.
5.4. სპეცკავშირის მუშაკები სარგებლობენ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ისინი ეკიპირებულნი არიან სპეციალური ფორმით. მათ ეძლევათ სათანადო პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია მათი სამსახურის ხასიათი.
5.5. დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად სპეცკავშირის მუშაკები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი კორესპონდენციის ან გზავნილებების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.6. დსთ-ის ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეცკავშირის მუშაკს, რომელიც ახორციელებს სპეცგზავნილებათა გადაზიდვასა და დატარებას, უნდა ჰქონდეს ოფიციალური საბუთები, რომლებშიც მითითებულია მუშაკის სტატუსი. სპეცკავშირის მუშაკები სარგებლობენ პირადი ხელშეუხებლობით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებით და არ ექვემდებარებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაკავებას, დაკითხვას, დაპატიმრებას. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა.
ისინი ვალდებული არიან დაიცვან იმ სახელმწიფოების კანონმდებლობა, სადაც იმყოფებიან.
5.7. ექსტრემალურ სიტუაციაში სპეცკავშირის მუშაკებს უფლება აქვთ გაანადგურონ გზავნილებანი გრიფით „საიდუმლო“, „სრულიად საიდუმლო“, „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, თუ ამ გზავნილებებს ემუქრება ხელყოფა ან სხვა საშიშროება.
5.8. აკრძალულია სპეცკავშირის მუშაკთა გამოყენება იმ სამუშაოებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის მათ სამსახურებრივ მოვალეობებთან.
5.9. სპეცკავშირის უფროსი და პირადი შემადგენლობა არ ექვემდებარებიან სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას. მიუხედავად ამისა, ისინი სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის უფლებით, მათ შრომისუუნარობის ფურცელზე (ბიულეტენზე) ყოფნისას უნაზღაურდებათ ხელფასის 100 პროცენტი. ისინი არ ითვლებიან პროფესიული კავშირების წევრებად და შენატანებს არ იხდიან. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი სადაზღვევო შენატანების გადახდის შესახებ არ ვრცელდება სპეცკავშირის პირად შემადგენლობაზეც.
5.10. მუშაკებისათვის დახმარების აღმოსაჩენად სპეცკავშირს უფლება აქვს შექმნას სოციალური უზრუნველყოფის ფონდი შრომის ანაზღაურების ფონდის 30 პროცენტის მოცულობით.
5.11. სპეცკავშირის მუშაკებს ეკუთვნით ფორმის ტანსაცმელი, რომელიც მათ ეძლევათ დადგენილ ვადებში.
5.12. სპეცკავშირის მუშაკებისა და მათი ოჯახების წევრების ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების საუწყებო პოლიკლინიკებში, სტაციონარებსა და საამბულატორიო დაწესებულებებში.
5.13. სპეცკავშირის რიგითი მუშაკები მიეკუთვნებიან მუშათა კატეგორიას, მათ სამსახურს აქვს მიმოსვლითი ხასიათი და იგი არ ითვლება მივლინებად. მიმოსვლითი ხასიათის მუშაობის შესრულების ანაზღაურება ხდება სპეცკავშირის დადგენილი ნორმით.
5.14. სპეცკავშირის მუშაკებს არა აქვთ შეთავსებით მუშაობის უფლება.
5.15. სპეცკავშირის მუშაკების ყოველწლიური კუთვნილი შვებულება განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
6. სპეცკავშირის დაფინანსების წყარო, ქონება
6.1. სპეცკავშირის ქონება წარმოიქმნება საკუთარი შემოსავლებიდან.
6.2. სპეცკავშირის ქონება არის სახელმწიფო საკუთრება და გადაცემული აქვს მას ფლობისა და ოპერატიული მართვის უფლებით. ქონების გასხვისებას და იჯარით გადაცემას ახდენს სახელმწიფოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.
6.3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს სპეცკავშირი წყვეტს დამოუკიდებლად.
6.4. სპეცკავშირის განკარგულებაში დარჩენილი მოგება გამოიყენება მუშაკთა მატერიალური დახმარებისათვის, საქველმოქმედო საქმიანობისა და კანონით დაწესებული მიზნებისათვის.
7. სპეცკავშირის აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი
7.1. სტატისტიკურსა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას სპეცკავშირი აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.2. სპეცკავშირი კვარტალურ და წლიურ ანგარიშს წარუდგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დადგენილ ვადებში.
7.3. სპეცკავშირი თავის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაში სარგებლობს სრული ავტონომიის უფლებით და ამ მიმართებით მის რევიზიას ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში – სხვა მაკონტროლებელი ორგანიზაციები სათანადო ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით.
დოკუმენტის კომენტარები