დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისათვის სახელძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 216 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/11/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 12/11/2010 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/11/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 110060000.22.027.016039 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/11/2010 - 23/06/2011)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №216
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციას, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვასა და ფართო გამოყენებას.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექნიზმია. ეს მექანიზმი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგება. პროგრამის მიზანია, იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებას და მის შედეგებს.
პროგრამის მიზანია არასრულწლოვანს მიეცეს ერთი შანსი. იმედს ვიტოვებთ, რომ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი გამოიყენებს ამ შანსს და გადადგამს ნაბიჯს წარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს განრიდებისა და მედიაციის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები პროკურორებისთვის და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ნოემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
სახელმძღვანელო მითითებები პროკურორებისთვის განრიდებისა და მედიაციის შესახებ და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები
I. ზოგადი დებულებანი
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია. პროგრამა საშუალებას აძლევს პროკურორს, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ზოგიერთ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის პირობებში და ამავე დროს, არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. ახალი პროგრამით პროკურორს შესაძლებლობა ეძლევა განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართლის სისტემასა და ნასამართლობას, ამასთან, ხელი შეუწყოს რეციდივის თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
განრდებისა და მედიაციის პროგრამას საფუძვლად უდევს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპი, რომლის გამოყენებითაც პროკურორი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა, ახალი პროგრამის ფარგლებში დევნაზე უარი არ გულისხმობს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების „პატიებას“ არასრულწლოვნისათვის და მის გათავისუფლებას ყოველგვარი ვალდებულებისაგან – განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სპეციალური ხელშეკრულებით.
II. ტერმინთა განმარტება
ა) განრიდება – არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომელსაც იყენებს პროკურორი;
ბ) მედიაცია – არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირები;
გ) მედიატორი – სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც ასრულებს შუამავლის როლს არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს;
დ) მედიაციის კონფერენცია – შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, დაზარალებული, პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირები. კონფერენციას უძღვება მედიატორი. კონფერენციაზე ხელი ეწერება ხელშეკრულებას განრიდებისა და მედიაციის შესახებ.
ე) განრიდების ხელშეკრულება – სამოქალაქო ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც არიან არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი და სოციალური მუშაკი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვასა და სხვა უფლება-მოვალეობებს;
ვ) განრიდების და მედიაციის ხელშეკრულება – განრიდების ხელშეკრულება, რომელშიც დამატებით მონაწილეობს დაზარალებული და მედიატორი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვასა და სხვა უფლება-მოვალეობებს. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება იდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.
III. პროკურორის მიერ შესასრულებელი მოქმედებები. განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების პირობები
1. თუ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი), რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:
ა) არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედაციის პროგრამაში;
გ) არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და მზად არის ბოდიში მოიხადოს დაზარალებულის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) არასრულწლოვანი (მისი ოჯახი) მზად არის აანაზღაუროს ზიანი, ან დაზარალებული უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე;
ე) პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი.
2. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არ გამოიყენება დანაშაულთა ერთობლიობისას.
3. საჯარო ინტერესის განსაზღვისას პროკურორი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით. ამავე დროს, პროკურორი ითვალისწინებს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს და აფასებს, რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას არასრულწლოვანზე; როგორია რეციდივის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში და სხვა.
4. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი შეხვდება არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს (დამცველს) და ესაუბრება ჩადენილი დანაშაულის შესახებ. პროკურორი არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ ენაზე დეტალურად გააცნობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამას, განრიდებისა სავარაუდო პირობებსა და შესაძლო შედეგებს.
5. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს დამცველი, მას (მის კანონიერ წარმომადგენელს) განემარტება დამცველის ყოლის უფლების შესახებ.
6. პროკურორი ასევე ხვდება დაზარალებულს, განუმარტავს მას არასრულწლოვნის განრიდების საფუძველსა და მიზეზებს, ისმენს მის მოსაზრებასა და მოთხოვნებს. პროკურორი დაზარალებულთან კომუნიკაციას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რათა თავიდან აიცილოს მისი გაღიზიანება და უკმაყოფილება. პროკურორი უნდა ეცადოს, აუხსნას დაზარალებულს, თუ რატომ არის მისთვის სასარგებლო განრიდების პროცესში მონაწილეობა, რა დადებითი მხარეები ექნება მისთვის მედიაციაში ჩართვას. თუ დაზარალებული უარს აცხადებს მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, მაშინ პროკურორი ეკითხება მას, სურს თუ არა დაფიქრდეს მედიციაში მონაწილეობაზე და გადაწყვეტილება მიიღოს მოგვიანებით (დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში პროცესში ერთვება მედიატორი). დაზარალებულის უარი განრიდებაზე ან მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.
7. განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს არასრულწლოვანთან და დაზარალებულთან შეხვედრების შემდეგ. მხარეს უფლება აქვს პროკურორს მიმართოს განრიდებისა და მედიაციის შუამდგომლობით. განრიდების გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ნებისმიერ სტადიაზე წინასასამართლო სხდომამდე.
8. თუ მოსალოდნელია, რომ განრიდებისა და მედიაციის მომზადება ვერ მოხერხდება უკვე დანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე, პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის გონივრული ვადით გადატანის თაობაზე.
9. პროკურორი განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას აცნობებს არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს.
10. არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის შემთხვევაში პროკურორი დაუკავშირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მუშაკისათვის კონკრეტული საქმის დაწერას. უარის შემთხვევაში, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. სოციალური მუშაკი ატარებს არასრულწლოვნის პირველად ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას. შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი პროკურორთან შეხვედრიდან 5 დღის ვადაში აწვდის პროკურორს.
12. პირველადი შეფასების პროცესში შეიძლება გამოვლინდეს სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების საჭიროება. სრული შეფასების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, არასრულწლოვნის პიროვნების ან საქმის სირთულის გათვალისწინებით. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი 2 კვირის ვადაში აწვდის პროკურორს.
13. დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესს.
14. ხელშეკრულება შესაძლებელია ითვალისწინებდეს: არასრულწლოვნის ვალდებულებებს, მისი ქცევის შეზღუდვას; მის ჩართვას სხვადასხვა პროგრამებში; დაზარალებულისა და მშობლის უფლება-მოვალეობებსა და სხვა.
15. ყოველი ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად პირობებს:
ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების ადგილი (ქალაქი);
გ) მითითება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი აღიარებს ბრალს/დანაშაულის ჩადენას;
დ) მითითება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულს მოუხადა ბოდიში მასთან შეხვედრისას;
ე) ზიანის ანაზღაურების შესახებ მითითება, თუ ზიანი არ ანაზღაურებულა ხელშეკრულების დადებამდე.
16. ხელშეკრულებაში ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვა პირობები, პროკურორის, სოციალური მუშაკის, დაზარალებულის, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის ინიციატივით და მხარეთა ნებაყოფლობითი თანხმობით.
17. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებაზე. ამ შეთანხმების შესრულების შემდგომ ზიანი ანაზღაურებულად ჩაითვლება.
18. დაკისრებული ვალდებულება – ქცევის შეზღუდვა უნდა იყოს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული. დაუშვებელია იმაზე უფრო მკაცრი ვალდებულების დაკისრება გამოყენება, ვიდრე სასამართლო შეუფარდებდა არასრულწლოვანს ჩადენილი ქმედებისათვის. პროპორციულობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ასაკისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინება.
19. ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სოციალური მუშაკის დასკვნა და, შესაბამისად, არასრულწლოვნის ინტერესები, ჰობი, პიროვნული მისწრაფებები და ა. შ. აღნიშნული უმნიშვნელოვანესია დასახული მიზნის მისაღწევად – არასრულწლოვნის გამოსწორებისა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებისათვის.
20. თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციაში მონაწილეობაზე ან არ აქვს მკვეთრად ნეგატიური პოზიცია, პროცესში ერთვება მედიატორი. მედიატორის შერჩევას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი.
21. თუ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნებს და შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება, პროკურორი წყვეტს პროცესს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
22. მედიაციის შემთხვევაში, პროკურორი მონაწილეობას იღებს დასკვნით შეხვედრაში. ის საჭიროების შემთხვევაში განმარტავს ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც არასრულწლოვნის ვალდებულებებს ეხება.
23. პროკურორი პროცესის სხვა მონაწილეებთან ერთად, ხელს აწერს ხელშეკრულებას და შემდეგ იღებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის შესახებ.
24. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს 12 თვემდე ვადით.
25. ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ სოციალური მუშაკი უკავშირდება პროკურორს და აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
26. ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ პროკურორი ხვდება არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სოციალურ მუშაკს. შეხვედრისას განიხილება ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის საკითხი.
27. თუ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არასრულწლოვანი კეთილსინდისიერად ასრულებს მის პირობებს, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
28. თუ ხელშეკრულების მოქმედების მსვლელობისას ადგილი აქვს არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევას, სოციალური მუშაკი ამის შესახებ აცნობებს პროკურორს. აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანთან (მის კანონიერ წარმომადგენელთან) საუბრის შემდეგ, პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან განახლების შესახებ.
29. არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება განრიდების/მედიაციის პროცესში, ან განრიდებისა და მედიაციის პროცესში მოპოვებული სხვა ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალწარმოების პროცესში.
IV. განრიდებისა და მედიაციის მთავარი პრინციპები
ა) ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეყობა – არასრულწლოვნის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემისაგან მის განრიდებას;
ბ) ნებაყოფლობითობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილი არიან განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილოებაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე;
გ) პროპორციულობა – არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვნის ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე;
დ) კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული;
ე) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე;
ვ) არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება – პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება არასრულწლოვნის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.
დოკუმენტის კომენტარები