დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 802 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.160.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/1996 - 16/05/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №802
1996 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. დეპორტირებულ მესხთა საქართველოში რეპატრიაციის პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის, ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციებისა და ამოცანების განსაზღვრის, შესაბამისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის ბაზის შექმნისა და სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. შეიქმნას დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გურამ მამულია – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თენგიზ აბულაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თემურ გრძელიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
არმაზ თავაძე – სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, კომისიის მდივანი
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ვარდიკო ნადიბაიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ბადრი ხატიძე – სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
3. სამთავრობო კომისიამ დაინტერესებულ სამინისტროთა და უწყებათა წარმომადგენელთაგან შექმნას მუდმივი სამუშაო ჯგუფი.
4. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების თავმჯდომარეობით ერთ თვეში შეიქმნას ანალოგიური კომისიები, რომლებიც ადგილებზე განახორციელებენ და სისტემატურად გააკონტროლებენ პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას.
5. ანალოგიური კომისიები შეიქმნას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში.
6. ეთხოვოს საქართველოს სახალხო დამცველს განიხილოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებები რეპატრიაციის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და ყოველი წლის პირველ კვარტალში წარმოადგინოს განხილვის ანგარიში.
7. მოწონებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის წინადადება საქართველოში რეპატრიირებული მესხების მიმართ 1988-1991 წლებში სამართალდარღვევათა ფაქტების გამოძიების თაობაზე საკომიტეტო მოსმენის მოწყობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა
სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 დადგენილებით, საქართველოდან, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთიდან, პოლიტიკური რეპრესიის შედეგად მოხდა მოსახლეობის ერთი ნაწილის, მათ შორის, ქართველების, გასახლება. დეპორტაციის მეშვეობით გასახლებულ ქართველთა ეთნოციდი განახორციელა იმხანად საბჭოთა კავშირში არსებულმა რეჟიმმა, რადგან საქართველოს სს რესპუბლიკას არ გააჩნდა რეალური სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო მიზნად ისახავს რეპატრიაციის გზით აღნიშნული მოსახლეობის შელახული უფლებების რეაბილიტაციას და ეთნოციდის შედეგების თანდათანობით აღმოფხვრას, რაც გულისხმობს რეპატრიანტთათვის:
1. საქართველოს მოქალაქეობის მიცემას;
2. ეროვნებისა და გვარის აღდგენას;
3. ეკონომიკური შეღავათების მინიჭებასა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობას.
საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ჰუმანური სამართლის ნორმების დაცვითა და საკუთარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო იწყებს დეპორტირებულთა და საქართველოში რეპატრიირებულთა სოციალური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრას.
რეპატრიაცია, საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალწლიანი პროცესია, რომელიც რამდენიმე ძირითად პირობას ემყარება;
– რეპატრიაცია განხორციელდება ეტაპობრივად, განახლების არსებული ინფრა-სტრუქტურის გათვალისწინებით;
– რეპატრიაცია დაეფუძნება ნებაყოფლობითობის პრინციპს;
– რეპატრიაციის პირველი ეტაპი მოიცავს 1997-2000 წლებს და სავარაუდოდ გულისხმობს, რომ სამშობლოში დაბრუნდება ხუთი ათასამდე კაცი, მათ შორის:
1997 წელს – 15 პროცენტი
1998 წელს – 20 პროცენტი
1999 წელს – 25 პროცენტი
2000 წელს – 35 პროცენტი
აღნიშნული მაჩვენებლები დაზუსტდება საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველწლიური იმიგრაციული კვოტის დადგენის დროს.
– კვოტა არ ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მაცხოვრებელ რეპატრიანტთა იმ ოჯახებზე, რომელთაც 1988-1991 წლებში იძულებით დატოვეს საქართველო.
I. დაფინანსების წყაროები:
– საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
– საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები;
– სახელმწიფო კრედიტები;
– საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრები;
– საქართველოსა და დაინტერესებულ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებების საფუძველზე მოზიდული სახსრები;
– რეპატრიანტთა საკუთარი სახსრები;
– შემოწირულობანი;
ფინანსების მიზნობრივი მოხმარების კონტროლი ეკისრება სამთავრობო კომისიას.
II. რეპატრიანტთა სამართლებრივი უფლებების დაცვა
1. „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და სამართლიანობის აღდგენის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენა მთავრობაში.
შემსრულებელი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ვადა – 1996 წელი.
2. „დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის შესახებ“ დადგენილების პროექტის წარდგენა პარლამენტში.
შემსრულებელი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ვადა – 1997 წლის I კვარტალი.
3. დეპორტირებული და საქართველოში რეპატრიირებული მესხების სამართლებრივ და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის შემუშავება.
შემსრულებელი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ვადა – 1997 წლის I კვარტალი.
4. სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 მაისის №106 განკარგულების პირველი პუნქტის განხორციელება.
შემსრულებელი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვადა – 1997-1998 წლები.
5. რეპატრიაციის პროცესში და განსახლების ადგილებში რეპატრიანტთა უშიშროების დაცვა და სათანადო პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება.
შემსრულებელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვადა – 1997-2000 წლები.
III. რეპატრიანტთა განახლება
1. 1997-2000 წლებში რეპატრიანტთა განსახლების პროგრამის შემუშავება და მისი რეალიზაცია.
შემსრულებელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი; სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური.
ვადა – 1997-2000 წლები.
2. რეპატრიანტთა მიერ საკუთარი სახსრებით ბინებისა და საცხოვრებელი სახლების შესყიდვის გეგმის შედგენა და მისი რეალიზაცია.
შემსრულებელი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური.
ვადა – 1997-2000 წლები.
3. რეპატრიანტთა მიერ საკუთარი სახსრების საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმის შედგენა და მისი რეალიზაცია განსახლების პროგრამის საფუძველზე შემსრულებელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო;
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური.
ვადა – 1997-2000 წლები.
IV. რეპატრიანტთა სოციალური უფლებების დაცვა
1. სოციალური შეღავათებისა და დახმარებების სისტემის შემუშავება.
2. საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება.
3. კადრების მომზადება-გადამზადების ერთიან სისტემაში რეპატრიანტთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პროფესიული დონის გათვალისწინება.
4. დასაქმების სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამაში რეპატრიანტთა კონტინგენტის გათვალისწინება.
5. რეპატრიანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მათთვის შესაბამისი შეღავათების დაწესება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6. ადაპტაციის ცენტრისათვის შენობის გამოყოფა და მისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა.
7. საადაპტაციო პროგრამების, მათ შორის, ახალგაზრდული პროგრამის, შემუშავება და მეთოდური ხელმძღვანელობა.
8. რეპატრიაციის პროცესისათვის საზოგადოებრივი აზრის მომზადება და პროგრამის განხორციელების გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
შემსრულებელი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო; განათლების სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი; ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაცია; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
ვადა – 1997-2000 წლები.
9. საქართველოს და საზღვარგარეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა პროგრამის რეალიზაციაში.
შემსრულებელი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ვადა – 1997-2000 წლები
პროგრამის განხორციელებისას კოორდინაცია და პროგრამის მიმდინარეობის კონტროლი ეკისრება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის პასუხს აგებს სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე მთავრობის სხდომაზე წელიწადში ორჯერ წარუდგენს ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს.
დოკუმენტის კომენტარები