დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3779-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 10/11/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016061 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1142 მუხლი:
„მუხლი 1142. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა
1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6. ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის, წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. 1391 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის 1142, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
4. 2251 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 1533, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
6. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 1142, 116-ე, 117-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
7. 249-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის 1142 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდეს ზომამცირე გემის ჩამორთმევა. ჯარიმისა და საურავის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება ჩამორთმეული ზომამცირე გემის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
8. 299-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
9. მე-300 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ოქტომბერი.
№3779–IIს
დოკუმენტის კომენტარები