აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ

  • Word
აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.002.000.
  • Word
324
19/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
300.380.000.05.002.000.
აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №324

1996 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ

საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს და აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმს შორის 1996 წლის 8 მარტს ხელმოწერილ ხელშეკრულებათა პაკეტი – ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის აღდგენის, რეკონსტრუქციის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ – შესაძლებელს ხდის საქართველოს მონაწილეობას კასპის რეგიონის ნავთობის საბადოების ათვისების პროექტში. ამ პროექტის განხორციელება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული იმ ტვირთების საქართველოს გავლით შეუფერხებელ ტრანსპორტირებასთან, რომლებიც აუცილებელია კასპიის საბადოებიდან ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირებისათვის. ყოველივე ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მთლიანად პროექტის სტაბილური განვითარებისათვის, ისე საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, საქართველოს სატრანსპორტო გზის დამკვიდრებისათვის ევრაზიული დერეფნის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად.

ზემოთქმულის გათვალისწინებით:

1. საქართველოს ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად და დროულად შესრულებისათვის სამინისტროებმა, სახელმწიფო და სხვა უწყებებმა უშუალო მონაწილეობა მიიღონ პროექტის სტაბილური განვითარებისათვის საჭირო საკითხის გადაწყვეტაში და უზრუნველყო მისი განხორციელებისათვის აუცილებელი და ხელშემწყობი პირობების შექმნა.

2. საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რკინიგზის დეპარტამენტის უფროსმა ა. ჩხაიძემ უზრუნველყოს ყველა სამსახურის გამართული და ოპერატიული საქმიანობა, პერსონალის დარაზმვა პროექტთან დაკავშირებული ტვირთების (მათ შორის, არაგაბარიტული) ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად გადაჭრისათვის; უზრუნველყოს საჭირო რაოდენობით მოძრავი შემადგენლობის გამოყოფა და მათი თავმოყრა ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში, სადისპეტჩერო კონტროლის განხორციელება, სავაგონო დეპოს მიერ სამაგრებისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების დამზადება და მათი მიწოდება ნავსადგურებში.

3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტმა დ. ზუბიტაშვილმა პროექტთან დაკავშირებული ტვირთების ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების, რკინიგზის მაგისტრალებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურების შეუფერხებელი მომარაგება ელექტროენერგიითა და თხევადი საწვავით.

4. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა კ. ზალდასტანიშვილმა უზრუნველყოს მოძრავი შემადგენლობები ტვირთების დასამაგრებლად საჭირო რაოდენობის მასალებით ნავსადგურებში.

5. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გ. ჯაფარიძემ ხელი შეუწყოს შესაბამის რაიონებს პროექტთან დაკავშირებული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხე-ტყის მასალების დამზადებაში.

6. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულმა, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გ. ჭანტურიამ უზრუველყოს პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმთან, სხვა კომპანიებთან და მათთან ერთად განახორციელოს პროექტთან დაკავშირებული ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქმედითი სისტემის შექმნა.

7. საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის უფროსმა ბ. ვარშანიძემ განახორციელოს ყველა ღონისძიება ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების სრული მზადყოფნისათვის პროექტთან დაკავშირებული ტვირთების (მათ შორის, არაგაბარიტული) მიღებისა და პრიორიტეტული გადამუშავებისათვის.

8. სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარემ ბ. სალარიძემ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს ღონისძიებები არაგაბარიტული ტვირთების საქართველოს საავტომობილო გზებით შეუფერხებელი ტრანსპორტირებისათვის.

9. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ჩხეიძემ უზრუნველყოს ბათუმის, ფოთისა და გარდაბნის საკონტროლო-გამტარ პუნქტებში აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების შეუფერხებელი გატარება შინაგანაწესის სრული დაცვით.

10. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ თ. აბულაძემ უზრუნველყოს ბათუმის, ფოთის და გარდაბნის საკონტროლო-გამტარ პუნქტებში აღნიშნული ტვირთების შეუფერხებელი საბაჟო მომსახურებ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

11. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის უფროსმა დ. გულუამ უზრუნველყოს აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირება.

12. საქართველოს საგზაო პოლიციის უფროსმა დ. კენჭაძემ უზრუნველყოს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილება საქართველოს შიდა ტრასებზე და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია გაუწიოს მათ გაცილებას.

13. სახელმწიფო კანცელარიის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურმა (თ. ფიფია) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა და იმ რაიონების გამგებლებმა, რომელთა ტერიტორიის გავლით მოხდება ტვირთების ტრანსპორტირება, დაუწესონ საგანგებო კონტროლი ამ ტვირთების შეუფერხებელ მოძრაობას.

14. ბათუმისა და ფოთის მერებმა განსაკუთრებული კონტროლი დაუწესონ ქალაქის ყველა იმ სამსახურის ფუნქციონირებას, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ნავსადგურებისა და რკინიგზების შეუფერხებელ მუშაობასთან, აღმოუჩინონ დახმარება ამ საკითხზე მომუშავე უცხოელ სპეციალისტებსა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სამუშაო ჯგუფების წევრებს.

15. ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების ხელმძღვანელობამ (ა. სმირბა, ვ. გეგიძე) განახორციელოს ღონისძიებები ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული გემების პრიორიტეტული მიღებისა და ტვირთების დადგენილ ვადებში გადამუშავებისათვის; სრულ წესრიგში იქონიოს შესაბამისი ნავმისადგომები და მექანიზმები; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სამუშაო პროცესის ორგანიზაციას და მასში გამოცდილი მუშაკების ჩაბმას; აღნიშნული ტვირთების გადამუშავების პროცესში დააწესოს ნავსადგურში ხელმძღვანელ პირთა სადღეღამისო მორიგეობა; უზრუნველყოს ამ ტვირთების და მათი მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებისათვის სასაწყობო მეურნეობის გამოყოფა და მათი დაცვა.

პროექტთან დაკავშირებული ტვირთებისათვის საჭირო განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მათი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დამუშავების სისტემის შესაქმნელად მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მიერ აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის და სხვა უცხოური ფირმების მონაწილეობით ბათუმის ნავსადგურის მე-6, მე-7 და ფოთის ნავსადგურის მე-4 და მე-5 ნავმისადგომების თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიით აღჭურვა და მოდერნიზაცია.

16. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ნ. ლეკიშვილს. მან შესაბამისი სამსახურებისაგან სისტემატურად მოისმინოს ინფორმაციები პროექტთან დაკავშირებული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების მზადყოფნისა და მიმდინარეობის შესახებ, ოპერატიულად განიხილოს და გადაწყვიტოს ტვირთების ტრანსპორტირების პროცესში წარმოქმნილი ყველა პრობლემატური საკითხი და პერიოდულად მომახსენოს ვითარება.

17. ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ე. შევარდნაძე