სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 29/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.016057
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
326
20/10/2010
სსმ, 140, 29/10/2010
040110050.10.003.016057
სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/10/2010 - 18/01/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 326

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ.

    მუხლი 2

  ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბული უძრავი ქონების (შემდგომში – სახელმწიფო ქონება) სარ­გებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარ­გებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონს­ტი­ტუ­ციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქო­ნე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შე­საბამისად.

3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრე­ზიდენტი. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწ­ყის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო.

4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზე­თისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, უძრავი ნივთის სა­ჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდ­გომში – სამინისტრო).

5. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარ­გებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მია­ნიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლე­ბით გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხო­ლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარ­გებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გა­მოც­ხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთა­ვა­ზებს.

6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარ­გებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სა­მართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართ­ლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბულ სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამო­ქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორ­მებით, საჯა­რო აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხ­მობით გადას­ცემს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სა­მართ­ლის იური­დიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებ­ლობაში აქვს გადა­ცემული. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სა­მართლის იური­დიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამი­ნისტრო.

7. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებას სარგებლო­ბაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარ­გებლობის უფლებით გამცემი ორგანო საჯარო აუქციონის ჩა­ტარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ად­რე უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სარგებ­ლო­ბაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორ­მაციის გა­მოქვეყნებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინ­ფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და სა­ჯა­რო აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარ­გებლობის უფლებით გამცემი ორგანოს დასახელებასა და მი­სამართს;

გ) სახელმწიფო ქონების დასახელებას, ადგილმდებარეო­ბასა და ფარ­თობს;

დ) პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გა­მარჯ­ვებულის გამოვლენის კრიტერი­უ­მებს;

ე) საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადა­სა­ცემი სახელმწიფო ქონების სარგებლობის საფასურს, ელექტ­რონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემ­დგომში – უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარან­ტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი საფასურის 30%-ს;

ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბი­ლეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფ­ლება აქვს მიიღოს სარგებლობის უფლებით გადასაცემი სა­ხელმწიფო ქონების შესახებ სარგებლობის უფლებით გადამ­ცემი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვე­ბული ნებისმიერი ინფორმაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინ­ფორ­მაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სარგებლობის უფლებით გადასაცემ სახელმწიფო ქონებას.

    მუხლი 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონა­წი­ლეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასა­ხელებას, ლოტის ნომერს, სახელმწიფო ქონების სარ­გებლო­ბაში გადაცემის საწყის საფასურს;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გა­დახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არ­სებული თანხის გაყინვა, რომელიც საჯარო აუქციონის გან­მა­ხორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარან­ტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადას­ტუ­რე­ბელ დოკუმენტს;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხა­დის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ვ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მო­ნაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ზ) ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადა­სხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების სარგებლო­ბის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს უპი­რო­ბო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.

3. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადა­სხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების სარგებლო­ბის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოე­ული ლოტისათვის ცალ-ცალკე.

4. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანა­წერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურ­ნალ­ში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონა­წი­ლის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონა­წილის სტა­ტუსს.

5. პირს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობადი სა­ბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას სა­ჯა­რო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი, კანონმდებლობის შესა­ბამი­სად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს სახელმწიფო ქონების სარ­გებლობის უფლებით მიმღებ პირად;

ბ) დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართ­ველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთ­ხოვ­ნები.

    მუხლი 4. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის და­წყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს მონაწილის ბი­ლეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესა­ბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენო­ბას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონა­ტო­რი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყის სა­ფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმ­წიფო ქონებისათვის განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდი­ნარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს სა­წყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონა­წილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყვე­ლაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებუ­ლად.   

7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან სა­ჯა­რო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესა­ხებ და საჯარო აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლებით გამცემმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩა­ტარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.

9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „სახელმწიფო ქო­ნების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონ­ში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

10. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გა­მარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რო­მელსაც ხელს აწერენ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქ­ციო­ნო კომისიის თავმჯდომარე.

11. სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზა­დებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქ­ციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბ­რუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდი­ვანი.

    მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი

1. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სახელმწიფო ქონების გადამცემსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადა­ცემის შესახებ.

2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარ­გებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალის­წი­ნებული საფასურის ოდენობაში.

3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნ­და იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) გადაცემული სახელმწიფო ქონების დასახელება;

ბ) ცნობები აღნიშნული სახელმწიფო ქონების გადამცე­მისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის რაოდენობა;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები სახელმწიფო ქონე­ბის შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) საჯარო აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმ­წიფო ქონების გა­დაცემის პირობები და ვადები;

ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწი­ნებით.

4. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარ­ჯებს დაფარავს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

    მუხლი 6. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი   

1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარ­გებლობის უფლებით გამცემი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციო­ნა­ტორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციე­ლებისას. ის სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს სახე­ლით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტუ­რე­ბელ ოქმს.

2. კომისია შედგება სარგებლობის უფლებით გამცემი ორ­განოს წარმომადგენლებისაგან.

3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯ­დომარეს, მის მოადგილეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით, ნიშნავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს ხელმძღვანელი.

4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდო­მარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგი­ლე ან, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.

5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თა­ვ­მჯ­დომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  კომისიის სხდო­მე­ბი ტარდება საჯაროდ.

6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევ­რები.

    მუხლი 7. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით

 მიმღების პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და საჯა­რო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორ­მაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრუ­ლების გაფორმების შემდეგ ვალდებულია სარგებლობის უფ­ლებით მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაა­რე­გისტრიროს საჯარო რეესტრში.

3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, გადაცემული სახელმწიფო ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფ­ლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგე­ბელია მიღებული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობი­სა­თვის.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუ­ცვე­ლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორ­მით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდე­ნო­ბა განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირო­ბე­ბიდან გამომდინარე შემდეგი წესით:

ა) სარგებლობის საფასურით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – მისი 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასე­თის არსებობისას)            შემთხვევაში – დარჩენილი განსახორ­ციე­ლებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმ­ღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირო­ბების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.