დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 326 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 29/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.016057 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/10/2010 - 18/01/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №326
2010 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში – სახელმწიფო ქონება) სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.
2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო.
4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, უძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
5. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, საჯარო აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო.
7. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
გ) სახელმწიფო ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ფართობს;
დ) პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ე) საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების სარგებლობის საფასურს, ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი საფასურის 30%-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს სარგებლობის უფლებით გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სარგებლობის უფლებით გადასაცემ სახელმწიფო ქონებას.
მუხლი 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ვ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ზ) ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
3. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
4. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. პირს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 4. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და საჯარო აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლებით გამცემმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
11. სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სახელმწიფო ქონების გადამცემსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული სახელმწიფო ქონების დასახელება;
ბ) ცნობები აღნიშნული სახელმწიფო ქონების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის რაოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საჯარო აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 6. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას. ის სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
2. კომისია შედგება სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით, ნიშნავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს ხელმძღვანელი.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე ან, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
მუხლი 7. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით
მიმღების პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, გადაცემული სახელმწიფო ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) სარგებლობის საფასურით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – მისი 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
დოკუმენტის კომენტარები