„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 04/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
528
21/11/2008
სსმ, 34, 04/12/2008
000000000.00.000.000000
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) უძრავი ძეგლის ცვლილება – ძეგლის ცვლილება, როგორიცაა მოცულობის შეცვლა, რაც შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკნინებს ან არ ჩრდილავს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას, ან ხელს არ უშლის მის სათანადო ინტერპრეტაციასა და დაფასებას;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის სამუშაოების მიმღებ კომისიებს, გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს, გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

3. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის, ასევე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.“.

4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღრიცხვო ბარათი არის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანართი, ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა

ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე (გარდა ამ კანონის V1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ შემთხვევაში, თუ იგი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში

    მუხლი 211. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით.

2. თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილად განსაზღვრა, ასევე, როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არა უმეტეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა. ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.

3. ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ან დამოუკიდებლად ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილ სათათბირო ორგანოს.

4. თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.

5. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ აქვს დანართი (სააღრიცხვო ბარათი), რომელშიც აღნიშნულია ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაცია.

6. ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას.

7. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე.

    მუხლი 212. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 213. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას (გარდა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვისა, საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვისა) გასცემს ქალაქ თბილისის მერია ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 214. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის, რესტავრაციის ან ადაპტაციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.

2. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის რეკონსტრუქციის, რესტავრაციის ან ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.

3. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად არსებობს ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანების ან განადგურების საფრთხე;

ბ) არსებობს მისი გადაადგილების მომეტებული საჯარო ინტერესი, გარდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისა.

4. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უძრავი ძეგლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველ გარემოსთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულ გარემოში, ავთენტიკური მასალის გამოყენებით მისი რეკონსტრუქციის გზით, თავდაპირველი სახით აღდგენის პირობით.

    მუხლი 215. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) პასუხისმგებლობა

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებს, კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე):

ა) არღვევს სამინისტროსთან და ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების პირობებს;

ბ) არღვევს ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს.

2. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა.

4. დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) ყოველ 6 თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა.

5. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, სამუშაოების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას ქალაქ თბილისის მერია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან მათ მიერ განსაზღვრული სამუშაოების შემსრულებელი პირის მიერ ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე).

7. თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებას, ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე.

    მუხლი 216. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის, მისი შემადგენელი არეალებისა და რეჟიმის დადგენა

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისაგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.

2. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლს (გარდა ეროვნული მნიშვნელობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) არ გააჩნია ვიზუალური დაცვის არეალი; მასზე ფიზიკური დაცვის არეალი და მისი მანძილი (რომელიც შესაძლებელია იყოს ნულოვანი) ინდივიდუალურად დგინდება ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, კერძოდ:

ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას;

ბ) ქიმიური, ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების შენახვა;

გ) იმგვარი ობიექტების აღმართვა, რომელთა მშენებლობა დაზიანების საფრთხეს უქმნის ძეგლს;

დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი.

4. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძეგლებისათვის, რომლებიც განლაგებულია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მანძილი მცირდება ოთხჯერ.“.

7. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება.“.

8. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ ძეგლებზე.“.

9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების მხარეა ასევე ქალაქ თბილისის მერია;“.

10. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არსებობს ძეგლის (ობიექტის) მდგომარეობის შემოწმების დასაბუთებული აუცილებლობა ან დასაბუთებული ვარაუდი, რომ რომელიმე ობიექტი განეკუთვნება კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო ძეგლის (ობიექტის) მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ხელს უშლის კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო საექსპერტო და კვლევითი სამუშაოების განხორციელებაში, ასევე, როდესაც ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) არღვევს ძეგლის (ობიექტის) დათვალიერებისა და მასზე საზოგადოების დაშვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოს, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის შესასწავლ ძეგლზე (ობიექტზე) დაშვება მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

11. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართობის მესაკუთრეთა (კანონიერ მოსარგებლეთა) ერთობლიობა განიხილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ეძლევა და მისი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ამხანაგობას.“.

12. 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ბრძანებით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლებისათვის შეიძლება შეიცვალოს ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

5. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

13. 35-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი ტერიტორიის ურბანული ქსოვილის განვითარების ინტერესები.“.

14. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით დადგენილი წესები ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ ძეგლებზე ვრცელდება, თუ ამ კანონის 216 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

15. 41-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა.

2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების და საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების) ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.“.

17. 49-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ფასადის სამღებრო სამუშაოები; აბრებისა და შუქფარების განთავსება; საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთება, გამოცვლა, დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო, ასევე ძეგლის გაწმენდის სამუშაოები) პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);

ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მასშტაბი 1:1000 ან 1:2000;

გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;

დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით;

ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები;

ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, ჩასატარებელ სამუშაოთა დასაბუთებით;

ზ) სამუშაო გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;

თ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. იმგვარი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ძეგლის სახურავის (საბურველის) საფარისა (ყავარი, კრამიტი, ლორფინი და სხვ.) და სარინელების შეკეთებას, გამოცვლას ან/და დამონტაჟებას მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

ა) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;

ბ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;

გ) განმარტებითი ბარათი (შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);

დ) სამუშაო გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

     „მუხლი 551. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი

1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობები განისაზღვრება ამ კანონის IX თავის დებულებათა შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, რომელსაც გასცემს ქალაქ თბილისის მერია (გარდა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვისა და საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვისა), ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

19. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს ფორმირება პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრთა (უპირატესად კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტთა და არქიტექტორთა) პარიტეტული წარმომადგენლობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 ნოემბერი.

№528–IIს

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.