დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 05/02/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 06/02/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.08. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2009 - 04/09/2009)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №46
2009 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული “საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი“.
2. საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა, რომელშიც საქმიანობა “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი
ეს წესი შემუშავებულია ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის (შემდეგში – ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი (შემდეგში – კონკურსი) არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
2. კონკურსი უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.
3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები;
ბ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები და მრჩევლები;
გ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;
დ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ე) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ვ) რეზერვში ჩარიცხული პირები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზნებია:
ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ) საკადრო რეზერვის ფორმირება, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული აქვს დაწესებულების ხელმძღვანელობას.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების და საკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა _ კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებითა და მასთან შეთანხმებით, აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთან, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება.
3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელება და რაოდენობა;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან სახელმწიფო სამსახურის დაწესებულების, ხოლო 18 წლის ასაკიდან–ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
6. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 5. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სხვა დოკუმენტები, დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისად.
მუხლი 6. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.
მუხლი 7. კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კონკურსის შედეგების მიხედვით, დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
7. დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შემოსული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, კონკურსის შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით.
მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრე-ტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო- საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 9. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები