საქართველოს საგადასახადო კოდექსი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 3591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3591
17/09/2010
სსმ, 54, 12/10/2010
200000000.05.001.016012
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/06/2011 - 24/06/2011)

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. საქართველოს საგადასახადო სისტემა

    მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის ცალკეული თავების და მუხლების გამოყენების მიზნით გამოსცემს ინსტრუქციებს. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ინსტრუქცია შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დაბეგვრასთან დაკავშირებული ნორმები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.

    მუხლი 3. ვადების განსაზღვრა

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, კვარტალებით, თვეებით ან დღეებით ანდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის, დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა.

3. მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

5. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

6. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება კვარტალებით, მთავრდება კვარტალის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

7. მოქმედება, რომლის განხორციელებისთვისაც დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით დაშვებულია მოქმედების განხორციელება საბანკო გადარიცხვით ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება დადგენილ ვადაში განხორციელებულად ითვლება, თუ იგი განხორციელდა ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

8. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.

9. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.

11. კალენდარული წელი მოიცავს ოთხ კვარტალს:

ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით – I კვარტალი;

ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით – II კვარტალი;

გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით – III კვარტალი;

დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – IV კვარტალი.

    მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა

1. საგადასახადო მოთხოვნის და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. თუ საგადასახადო მოთხოვნის ან/და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა საგადასახადო/სასაქონლო დეკლარაცია ან გაანგარიშება (მათ შორის, შესწორებული), ამ დეკლარაციის ან გაანგარიშების საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვებზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ერთი წლით.

    მუხლი 5. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები

1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.

    მუხლი 6. გადასახადის ცნება და სახეები

1. გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

2. გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

3. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.

5. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) აქციზი;

ე) იმპორტის გადასახადი.

6. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.

    მუხლი 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.

თავი II. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინები და ცნებები

    მუხლი 8. ტერმინთა განმარტება

1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.

2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.

3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია:

ა) პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია;

გ) პირის მიერ წარდგენილი სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე;

დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.

7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.

8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.

10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.

13. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.

14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.

16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:

ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები;

ბ) პროცენტად ითვლება :

ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით;

ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი;

ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;

გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან დაგვიანებული მიწოდებისთვის.

20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).

21. როიალტი:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;

ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;

ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.

22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.

24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:

ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის;

ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.

26 . საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.

27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.

28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) ცნობა სააღსრულებო დაწესებულებიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად მოვალის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.

30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.

33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.

35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმIII,№75,27.12.2010წ.,მუხ.469

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა

1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მი ეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა;

ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;

გ) რელიგიური საქმიანობა;

დ) დაქირავებით მუშაობა;

ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;

ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 10. საქველმოქმედო საქმიანობა

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;

ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

    მუხლი 11. რელიგიური საქმიანობა

1. რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა:

ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება;

ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები და სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად;

გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა;

დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.

2. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

    მუხლი 12. დაქირავებით მუშაობა

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

    მუხლი 13. საქონელი

1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.

2. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.

    მუხლი 14. მომსახურება

1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:

ა) სამშენებლო-სამონტაჟო;

ბ) სარემონტო;

გ) სარესტავრაციო;

დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;

ე) გეოლოგიურ-საძიებო;

ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება;

ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით;

თ) საშუამავლო;

ი) პერსონალის შერჩევა;

კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება;

მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;

ნ) სარეკლამო მომსახურება;

ო) საინოვაციო მომსახურება;

პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება;

ჟ) სადაზღვევო მომსახურება;

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;

ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;

ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;

უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

ფ) დაცვის მომსახურება;

ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;

ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება;

ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება;

შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;

ჩ) სხვა მომსახურება.

2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).

    მუხლი 15. ფინანსური ინსტრუმენტი, ფინანსური ოპერაცია, ფინანსური მომსახურება

1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისათვის/მესამე პირებისაგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.

2. ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება:

ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება);

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ფორმით და ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა;

გ) კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, ასევე ფაქტორინგი;

დ) კაპიტალში წილების, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა;

ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ემისია, მართვა (მათ შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და არაგარანტირებულ საფუძველზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი სამართლიანი ღირებულების დადგენა;

ვ) ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგების პირობებისა და ანგარიშსწორების გარანტად (მათ შორის, მესამე მხარედ) გამოსვლა;

ზ) კორპორატიული ოპერაციები, კერძოდ, აქციების და კაპიტალში წილების დანაწევრება, კონსოლიდაცია, კაპიტალის გაზრდა/შემცირება (მათ შორის, კაპიტალის გაზრდაში მონაწილეობის უფლებების ემისია, შეძენა/გასხვისება და მიმოქცევა), ორი ან ორზე მეტი იურიდიული პირის შერწყმა/იურიდიული პირის ორ ან ორზე მეტ იურიდიულ პირად დაყოფა, ლიკვიდაცია, დივიდენდების დარიცხვასთან/აღრიცხვასთან და გადახდასთან დაკავშირებული მომსახურება (ფულადი ან კანონით დაშვებული ნებისმიერი სხვა ფორმით);

თ) დაზღვევა ან/და გადაზღვევა.

3. ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებული თანამფლობელობის (ამხანაგობის) შემთხვევაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, აგრეთვე ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება არის ფინანსური ინსტრუმენტი.

    მუხლი 16. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

    მუხლი 17. ლიზინგი

1. თუ პირი ერთ წელზე მეტი ვადით ლიზინგით გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებას, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება მომსახურების გაწევად.

2. საგადასახადო მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში სალიზინგო მომსახურების ღირებულების ამ კოდექსის 107-ე მუხლით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის 55 პროცენტით შემცირებული განაკვეთის გამოყენებით დისკონტირებული თანხა არ უნდა იყოს ამ ძირითადი საშუალების ამავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებასა და მის ნარჩენ (მოიჯარისათვის გადაცემის (საკუთრების უფლების გადასვლის) მომენტისათვის) ღირებულებას შორის სხვაობაზე ნაკლები.

3. ქონების იჯარა არის ლიზინგი, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება, შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით;

ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითადი საშუალების ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს. ეკონომიკური სამსახურის ვადა განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პრინციპების შესაბამისად;

გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას არ აღემატება ამ ვადის დასაწყისში ქონების ამ კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საბალანსო ღირებულების 15 პროცენტს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის პერიოდი მოიცავს პერიოდს, რომლის დროსაც იჯარის მიმღებს იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, განაახლოს ლიზინგი.

5. ლიზინგის შემთხვევაში იჯარის ვადის დასრულებისას ძირითადი საშუალების მიწოდება არ შეიძლება განხორციელდეს ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლები ფასით.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, მისი მე-2 ნაწილის პირობების გათვალისწინებით, არ შეიძლება იჯარას შეეცვალოს კლასიფიკაცია და მოხდეს მისი გარდაქმნა ლიზინგად, თუ თავიდანვე არ განხორციელდა ძირითადი საშუალების გაცემა ლიზინგის ხელშეკრულებით.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის იჯარა მოიცავს ქირას.

    მუხლი 18. საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

4. საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.

5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს.

6. თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

8. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ან/და ელექტროენერგიის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის, გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი.

9. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო.

10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან;

გ) თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.

12. იდენტური საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა ან/და მწარმოებელი.

13. მსგავსი საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელი.

14. ამ მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმIII,№75,27.12.2010წ.,მუხ.469

    მუხლი 19. ურთიერთდამოკიდებული პირები

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) პირები ნათესავები არიან ;

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

3. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან:

ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა;

ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;

გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

4. ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებული არიან ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილები – ღვიძლ შვილებთან. ამასთანავე, სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები), რომელიც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას. აღნიშნულ პირებს შორის საოჯახო ერთობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

კარი II. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი

თავი III. ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცი

    მუხლი 20. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი

1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.

3. ამ კოდექსის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტი გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან.

    მუხლი 21. საწარმო

1. საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;

ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;

გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

2. საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე.

    მუხლი 22. საქართველოს საწარმო, უცხოური საწარმო

1. საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია.

2. უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო.

    მუხლი 23. საერთაშორისო ფინანსური კომპანია

1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთანავე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტს.

3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. მისი მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საერთაშორისო ფინანსური კომპანია იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

    მუხლი 24. თავისუფალი საწყობის საწარმო

1. თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი.

2. საქართველოს საწარმოს თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.

3. საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:

ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);

ბ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სასაქონლო ოპერაცია, გარდა საქონლის რეექსპორტისა;

გ) ამ საწარმომ განახორციელა სხვა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა.

4. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

5. თავისუფალი საწყობის საწარმო ასევე შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

6. თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 25. საერთაშორისო საწარმო

1. საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.

2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო საწარმოს სტატუსი და გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.

3. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:

ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);

ბ) ამ საწარმომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის/მომსახურების მიწოდება განახორციელა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) ამ საწარმომ საქონლის/მომსახურების მიწოდება განახორციელა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე;

დ) ამ საწარმოსთვის მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:

დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;

დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;

დ.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა.

4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ჩამონათვალი, რომლის საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის მიწოდებაც შეზღუდულია და გამოიწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას.

5. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საქონლის, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა, მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საბაზრო ფასით.

6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შედეგად წარმოიქმნა საგადასახადო ვალდებულება, წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სოლიდარულად საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს, რომელმაც საერთაშორისო საწარმოს მიაწოდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, და პირს, რომლისგანაც მიეწოდა ან/და შეიძინა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულმა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საქონელი, თუ:

ა) ისინი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები;

ბ) პირი, რომლისგანაც შეიძინა ან/და მიეწოდა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქონელი, მოქმედებდა მესამე პირის სახელით ან დავალებით და რომელიმე მათგანი საგადასახადო ორგანოში ვერ წარადგენს (საწარმოს შემთხვევაში) თავისი დამფუძნებლების/მფლობელების შესახებ მონაცემებს და რეგისტრირებულია ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს ხელშეკრულება ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ.

7. საერთაშორისო საწარმოს უფლება არ აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, განახორციელოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისაგან შეძენილი საქონლის მიწოდება.

8. ამ მუხლის მე-4–მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

9. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს იმ მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა გაწევაც შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის.

10. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებული არიან ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

11. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციისა და სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 26. სპეციალური სავაჭრო ზონა

1. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.

2. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი იურიდიულ პირს შეიძლება მიენიჭოს საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

3. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ადგილების გაქირავება პირზე.

4. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას, მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი.

5. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით ამ კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.

7. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ასრულებს სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას.

8. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის დეკლარაციები, სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;

ბ) ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გადაიხადოს სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი გადასახადები, სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში.

9. ამ მუხლის მე-7 ნაწილის დებულებები არ ვრცელდება ქონების გადასახადზე.

10. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე გამოვლენილი სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია ეკისრებათ სოლიდარულად სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს და სავაჭრო ადგილების დამქირავებელ გადასახადის გადამხდელს.

11. სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც მთავრობა ათანხმებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან.

12. არ შეიძლება სხვადასხვა სავაჭრო ზონის მიმართ საქართველოს მთავრობამ დაადგინოს განსხვავებული მოთხოვნები და წესები.

13. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე:

ა) საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის სახეები;

ბ) გადაიხდევინება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები;

გ) გადაიხდევინება გადასახადები მხოლოდ ამ კოდექსით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 27. საწარმოს საქმიანობის ადგილი

1. საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, რომელიც მითითებულია საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდებაში, ხელშეკრულებაში, დებულებაში).

2. თუ საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ არის მითითებული საწარმოს საქმიანობის ადგილი, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი. საწარმოს ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო საწარმოს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. სათანადო ინფორმაციის არარსებობისა და საწარმოს ძირითადი საქმიანობის ადგილის განსაზღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს მართვის ადგილი.

4. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ხელშეკრულების მონაწილე იმ პირის საქმიანობის ადგილი, რომელსაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით აკისრია საქმეების მართვა. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე არის საქართველოს საწარმო ან რეზიდენტი ფიზიკური პირი, ერთობლივი საქმიანობის შედეგების აღრიცხვა გადასახადებით დაბეგვრის მიზნით მან უნდა აწარმოოს, მიუხედავად იმისა, ვის აკისრია საქმეების მართვა. თუ საქმეების მართვა არ აკისრია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე მონაწილეს და ხელშეკრულების მონაწილეები ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე საქართველოს საწარმოს საქმიანობის ადგილი. თუ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და ისინი ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

    მუხლი 28. საწარმოს მართვის ადგილი

1. საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.

3. თუ საწარმოს მართავს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.

4. თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ მართავს საწარმოს, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილი.

    მუხლი 29. მუდმივი დაწესებულება

1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება:

ა) სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;

ბ) დანადგარი ან კონსტრუქცია, საბურღი დანადგარი ან ხომალდი, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დასაზვერად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;

გ) მუდმივი ბაზა, სადაც არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას;

დ) უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი, ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მომსახურების გაწევაზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებათა მიუხედავად, საქართველოში უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად ითვლება ამ საწარმოს სახელით ან/და მისი ინტერესების შესაბამისად სხვა პირის (სხვა საწარმოს, ამ ან სხვა საწარმოს ქვედანაყოფის ან ფიზიკური პირის, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირი) მიერ ამ საწარმოს 3 თვეზე მეტი ხნით მართვა, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. თუ უცხოური საწარმო ან არარეზიდენტი ფიზიკური პირი საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას კანონმდებლობით განსაზღვრული პროფესიონალური სტატუსის მქონე შუამავლის, აგენტის ან ბროკერის მეშვეობით, რომელიც უფლებამოსილი არ არის, აწარმოოს მოლაპარაკებები ან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით, მაშინ შუამავლის, აგენტის ან ბროკერის საქმიანობა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

6. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოების ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის წილების, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების მხოლოდ ფლობის ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

7. უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა საწარმოში ან ორგანიზაციაში სამუშაოდ საკუთარი თანამშრომლების მხოლოდ მივლინების ფაქტი არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, თუ ეს თანამშრომლები იმყოფებიან იმ საწარმოს ან ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ, რომელშიც ისინი იქნენ მივლინებული.

8. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოს ან საქართველოს ორგანიზაციის მხოლოდ კონტროლირების ფაქტი არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

9. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაწესებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ:

ა) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

ბ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის მარაგის შესანახად – სხვა პირის მიერ მისი გადამუშავების მიზნით;

გ) ამ უცხოური საწარმოსათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საქონლის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

დ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ე) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით სესხების გაცემასთან, საქონლის მიწოდებასთან ან ტექნიკური ხასიათის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადების ან/და ხელმოწერის მიზნით;

ვ) ამ ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობების ნებისმიერი კომბინაციით განხორციელების მიზნით.

10. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საქართველოში ასეთად ითვლება მისი ამ მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად რეგისტრაციის, მისთვის შესაბამისი უფლებამოსილებების მინდობის ან მის მიერ წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების დაწყების მომენტიდან.

11. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აწარმოებს შესაბამის რეესტრს. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

12. უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების მხოლოდ ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

    მუხლი 30. ორგანიზაცია

1. ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;

ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

2. ორგანიზაციის საქმიანობის ადგილი და ორგანიზაციის მართვის ადგილი განისაზღვრება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. ორგანიზაციის საქართველოს ორგანიზაციისათვის ან უცხოური ორგანიზაციისათვის მიკუთვნება ხდება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი.

    მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია

საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მისი მართვისთვის, ასევე ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების შესაბამისად.

    მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია

1. საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.

4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის:

ა) სახელწოდება;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

გ) ძირითადი მიზნები;

დ) ბოლო წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

ე) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.

6. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;

ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;

დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

7. განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

8. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. მასში აღინიშნება:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ) სტატუსი;

გ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;

დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;

ე) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.

9. სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:

ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;

ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;

გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

10. ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

11. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

12. საქველმოქმედო ორგანიზაცის სტატუსი უქმდება:

ა) ორგანიზაციის ინიციატივით;

ბ) მისი ჩამორთმევის შემთხვევაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:

ა) დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები;

ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.

14. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან.

15. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ წარდგინების მომზადებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით, ერთთვიან ვადას ამ კოდექსის მოთხოვნების შესასრულებლად.

16. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს, მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

17. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება;

ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;

გ) ძირითადი მიზნები;

დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;

ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.

18. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.

19. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

    მუხლი 33. რელიგიური ორგანიზაცია

რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 34. საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები

1. ფიზიკურ პირებად ითვლებიან:

ა) საქართველოს მოქალაქეები;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

4. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.

6. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.

7. საქართველოს არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი.

8. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

    მუხლი 35. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი და ფაქტობრივად ყოფნის ადგილი

1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება ადგილი, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს, ან მისი ფაქტობრივად ყოფნის ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე პირის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო იმ პირის საცხოვრებელ ადგილად, რომელსაც ჰყავს მეურვე ან მზრუნველი, ითვლება მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილი.

3. ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება მისი დროებით საცხოვრებელი ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე სამუშაოს ხასიათიდან და პირობებიდან გამომდინარე მუდმივად გადაადგილებადი ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება ადგილი, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ან რეგისტრირებულია დადგენილი წესით (მათ შორის, სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ან შესაბამისი საწარმოს მდებარეობის ადგილი).

5. თუ ფიზიკურ პირს რამდენიმე საცხოვრებელი (ბინა ან სხვა საცხოვრებელი) აქვს, მის საცხოვრებელ ადგილს ან ფაქტობრივად ყოფნის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ამ ფიზიკურ პირთან შეთანხმებით.

    მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი

1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე განხორციელება არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.

3. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

    მუხლი 37. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.

2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.

3. გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.

4. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.

5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

თავი IV. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 38. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების, გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის შესახებ, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას.

2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემული აქვს სხვა ორგანოებს.

    მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება

1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით;

დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.

3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.

5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.

6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების მიმართ.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის  კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 40. საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლებები

  გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის, გათავისუფლდეს გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

    მუხლი 41. გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვა

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:

ა) პირადად ანდა თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ჰქონდეს ურთიერთობა საგადასახადო ორგანოსთან და წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში; ამასთანავე, საგადასახადო ურთიერთობისას ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი წარმომადგენელი;

ბ) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის სხვა გადაწყვეტილებები და ქმედებები;

გ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მიიღოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების დედნები ან დამოწმებული ასლები, საგადასახადო მოთხოვნა, აგრეთვე ქმედებათა განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;

დ) საგადასახადო ორგანოს და მის თანამდებობის პირებს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებული საგადასახადო შემოწმების, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე;

ე) ამ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება;

ვ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების ჩატარების საფუძვლების შესახებ;

ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის, მათ შორის, გადასახადებისაგან გათავისუფლების, შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

თ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა ამ კოდექსთან და საქართველოს სხვა კანონებთან შეუსაბამო აქტები და მოთხოვნები;

ი) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უკანონო გადაწყვეტილებების ან ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული და სასამართლო წესით.

3. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 42. საგადასახადო ომბუდსმენი

1. საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

3. საგადასახადო ომბუდსმენი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

4. საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოდან მიიღოს განმარტება გადასახადის გადამხდელის განცხადებასთან ან/და საჩივართან დაკავშირებულ საკითხზე.

5. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.

6. საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არ გასცეს ინფორმაცია იმ ფაქტზე, რომელიც მას გაანდეს, როგორც გადასახადის გადამხდელთა უფლებების დამცველს.

7. საგადასახადო ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

8. საგადასახადო ომბუდსმენის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

9. საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

10. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 43. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტის შენახვა 6 წლის ვადით:

ვ.ა) რომლის საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება;

ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია სასაქონლო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის;

ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე;

თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.

4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან

1. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის, საჩივრის წარდგენა) შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ (გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

3. წერილობითი ფორმის საგადასახადო მოთხოვნა, შეტყობინება, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, საგადასახადო დეკლარაცია, საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

6. თუ პირისათვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ჩაბარება ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს ან ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისათვის ჩაბარებულად ითვლება შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან და ინფორმაციის სხვა საშუალებებით შეტყობინებიდან მე-20 დღეს.

8. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერის/საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

9. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის ჩაბარებას საგადასახადო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე  აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს, მართვის ავტომატური საშუალებებით შექმნილ ასეთ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. ამ შემთხვევაში დოკუმენტების ბეჭდით დამოწმება სავალდებულო არ არის.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის  კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

კარი III. გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა

თავი V. გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება

    მუხლი 45. ვალდებულებების დამდგენ ურთიერთობათა წერილობითი/ელექტრონული ფორმით განხორციელება

1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. დოკუმენტი/წერილი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის/წერილის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის კანონიერ ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3. ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს.

4. ვალდებულების დამდგენი მოთხოვნა არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 46. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ წერილობითი განმარტების გაცემა და საჯარო გადაწყვეტილების გამოცემა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს მის პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.

2. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას, თუ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება:

ა) მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ერთგვაროვანი განმარტებისა და გაგებისათვის;

ბ) აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისათვის სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს;

გ) მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს მის მიერ საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.

4. საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 47. წინასწარი გადაწყვეტილება

1. შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.

2. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

4. სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციების მიხედვით არ შეიძლება გამოიცეს განსხვავებული წინასწარი გადაწყვეტილება.

5. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

6. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:

ა) წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;

ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება.

7. საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნორმის ამოქმედებამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება:

ა) რომელიც გამოიცემა საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ;

ბ) რომელსაც აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხის მიმართ, თუ ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულია აღნიშნულ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოცემული გადაწყვეტილება;

გ) რომელიც მოქმედებს 3 წლის განმავლობაში.

9. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

10. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.

11. წინასწარი გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

12. პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია შემოსავლების სამსახურმა თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს არ გამოუყენებია ცვლილებისა და დამატების შეტანამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოცემული.

13. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი VI. საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები

    მუხლი 48. საქართველოს საგადასახადო ორგანოები

1. საქართველოს საგადასახადო ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაში შემავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.

2. შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი.

3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს . საგადასახადო კონტროლს ასევე ახორციელებს სხვა პირი , საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით , ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

თავი VII. საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 49. საგადასახადო ორგანოთა უფლებები

1. ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, შექმნან საგადასახადო საგუშაგოები, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

დ) გადასახადის გადამხდელი გამოიძახონ საგადასახადო ორგანოში (მის ნაცვლად შეიძლება მივიდეს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და გადასახადის გადამხდელის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია);

ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;

ზ) გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა;

თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;

ი) დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით განახორციელონ გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

კ) გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები;

ლ) სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

მ) მოითხოვონ და მიიღონ სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლი (საჭიროების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებული ასლი);

ნ) დააყენონ მრიცხველები ან/და აიღონ მათი მაჩვენებლები, აგრეთვე ამ კოდექსით დადგენილი წესით დალუქონ დოკუმენტები ან სხვა მასალები.

2. საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე აქვთ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებები.

3. საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ ნაწილით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. საგადასახადო ორგანოსა და იურიდიულ პირს შორის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები შესაძლებელია განახორციელოს ამ იურიდიულმა პირმა.

5. საქართველოს მთავრობის ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა არ არის საჭირო, თუ ხელშეკრულება დადებულია საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის.

6. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საქართველოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვი მიკუთვნებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეები შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმა. საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევასა და საგადასახადო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის  კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 50. პირადი საგადასახადო აგენტი

1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით.

2. პირადი საგადასახადო აგენტი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.

3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო აგენტს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

4. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 51. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში;

ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები;

გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები;

დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა;

ე) განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ;

ვ) გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად;

თ) შეიმუშაონ დეკლარაციებისა და გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად;

კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ლ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი, განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია და დალუქვა, გააკონტროლონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;

მ) მიიღონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე განცხადებები, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია და კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ ისინი;

ნ) დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე;

ო) ჩაატარონ განმარტებითი მუშაობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოსცენ მეთოდური მითითებები, სახელმძღვანელოები და ბროშურები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოაქვეყნონ კონსულტაციები და განმარტებები;

პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;

ჟ) ამ კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები;

რ) გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად;

ს) დაუყოვნებლივ დაადასტურონ გადასახადის გადამხდელის მიერ უშუალოდ გადაცემული წერილებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების მიღება;

ტ) უზრუნველყონ ამ კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაცია (რეესტრის წარმოება) და მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა).

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა გადასცეს მას ამონაწერი მოთხოვნაში მითითებულ პერიოდში მისი საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ.

3. საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე ეკისრებათ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

    მუხლი 52. უფლებამოსილების დელეგირება

საგადასახადო ორგანოს უფროსს შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს მიანიჭოს კონკრეტული უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

კარი IV. საგადასახადო ვალდებულება

თავი VIII. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

    მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.

2. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.

6. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. გადასახადის გადამხდელი გადასახადს იხდის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, რომელიც გადასახადს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.

    მუხლი 54. საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება.

2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში ბანკი საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება გადასახადის გადამხდელს.

3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.

    მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას

1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ ამ საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები.

3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს).

    მუხლი 56. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

3. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.

4. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.

5. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.

6. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

7. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.

8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს უფლებამონაცვლეს/უფლებამონაცვლეებს (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 57. გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

1. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი მემკვიდრე სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს გაუგზავნოს შეტყობინება, რომ გარდაცვლილი პირის მაგივრად გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება.

3. გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხა ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. თუ პირი აგრძელებს იმავე სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც ახორციელებდა გარდაცვლილი მეწარმე ფიზიკური პირი, და ფაქტობრივად ფლობს მის ქონებას, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს და გარდაცვლილი პირის მაგივრად გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ამ ქონებას მემკვიდრეობით, აგრეთვე შეასრულოს გადასახადის გადამხდელის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

    მუხლი 58. უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

1. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან 3 თვის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მაგივრად დადგენილი წესით გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება.

3. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებას იხდის მისი მეურვე.

4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.

6. უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

    მუხლი 59. საგადასახადო პერიოდი

1. საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით.

2. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთანავე, ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ითვლება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების დღე.

3. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია განხორციელდა კალენდარული წლის დამთავრებამდე, მისთვის უკანასკნელი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი ამ წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

5. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა მისი ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის წლის წინა წლის 30 ნოემბრის შემდეგ, მისთვის პირველი და უკანასკნელი საგადასახადო პერიოდებია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ საწარმოების/ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც გამოეყო ან მიუერთდა ერთი ან რამდენიმე საწარმო/ორგანიზაცია.

7. თუ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია იძენს უცხოური საწარმოს სტატუსს ან, პირიქით, უცხოური საწარმო – საქართველოს საწარმოს სტატუსს, საგადასახადო პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში საწარმო/ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელია თავდაპირველი სტატუსის შესაბამისად, ხოლო მეორეში – შეძენილი სტატუსის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არ არის კალენდარული წელი.

    მუხლი 60. საგადასახადო შეღავათი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.

2. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.

3. ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით.

4. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

5. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

    მუხლი 61. გადასახადის დარიცხვა

1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია:

ა) საგადასახადო დეკლარაცია;

ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ;

გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;

დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.

3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

    მუხლი 62. გადასახადის გადახდის ვადა

1. გადასახადის, აგრეთვე გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადა დგინდება თითოეული გადასახადის მიხედვით.

2. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

    მუხლი 63. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

1. თუ გადასახადის გადამხდელის გადასახადების ან/და სანქციების გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო:

) ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ;

ბ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

2. გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ცალკეული გადასახადის/სანქციის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა სახის გადასახადში/სანქციაში საგადასახადო ორგანოს მიერ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

3. ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქონლის ექსპორტისას ან/და ამ კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალების შეძენისას ან/და იმპორტისას;

ბ) ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის საქონლის შეძენისას.

4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხაზე ჩაითვლება დამატებული ღირებულების გადასახადის შემდგომი პერიოდების გადასახდელებში ან 3 თვის შემდეგ ბრუნდება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობებისა და ვადის დაცვით.

5. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს, ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის/მომსახურებისათვის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 თვეში.

7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

8. გადასახადის გადამხდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის თანხების აკუმულირებისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთანავე, თანხების აკუმულირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ამ მუხლით დადგენილ ვადაში.

9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 64. საგადასახადო მოთხოვნა

1. საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

3. წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა.

4. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.

5. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 65. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს მისთვის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 66. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

2. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

3. უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და ორზე მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.

4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების მონაცემების საფუძველზე.

5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

6. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

7. საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

9. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.

10. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა).

თავი IX. საგადასახადო ანგარიშგება

    მუხლი 67. საგადასახადო დეკლარაცია

1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.

2. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.

3. პირს უფლება აქვს, პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე გაგზავნოს იგი დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით.

4. თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

5. საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და ელექტრონული დეკლარირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 68. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება

წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

    მუხლი 69. საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს შესწორებული დეკლარაციის მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

    მუხლი 70. გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის მოთხოვნა

1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) გადასახადის გადამხდელისაგან წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში მოთხოვნაში უნდა მიეთითოს წარსადგენი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩამონათვალი და მისი წარდგენის გონივრული ვადა;

ბ) დაავალდებულოს პირი, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა.

11 . ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.

2. პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამასთანავე, თუ გადასახადის გადამხდელის ქონებას საგადასახადო ორგანომ ან ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო, იგი ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს თავის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა ქონებაზე ყადაღის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის  კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 71. საბანკო დაწესებულების ვალდებულებები

1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:

ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში მხოლოდ საგადასახადო ან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსათვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია ბანკს წარუდგინა);

გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისათვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა;

დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (ბანკის მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება ბანკის სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე;

ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე;

ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოში ჩაბარებით, მაშინ მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში შეტყობინება ავტომატურად ითვლება დამოწმებულად, შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს, განახორციელოს ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად ითვლება საგადასახადო ორგანოში კორესპონდენციის მიღება ან/და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი ბეჭდით დამოწმება.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმIII,№76,29.12.2010წ.,მუხ.506

    მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი  

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 73. ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავალი სრულად ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას, იგი არ იბეგრება.

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

5. თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან საერთოდ არ ახორციელებს მას, ან სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).

6. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

7. პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების რეალიზაციას უპირატესად ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებს, გადასახადის გადახდისას იყენებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებულ წესებს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება იმ გადასახადის გადამხდელზე, რომელიც, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია განახორციელოს ან ნებაყოფლობით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, აგრეთვე იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

8. ბარტერული ოპერაციის ღირებულების შემცირებულად ჩვენებისას საგადასახადო ორგანო ახორციელებს დაბეგვრის ობიექტის კორექტირებას საბაზრო ფასებით და გადასახადის ხელახალ გამოანგარიშებას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული სანქციების გათვალისწინებით.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

10. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე სატარიფო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში:

ა) ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.

თავი X. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება

    მუხლი 74. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება და მათი მოქმედების ვადა

1. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ. ბრძანებაში მიეთითება განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

2. თუ განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა თავდაპირველად 90 დღეზე ნაკლები იყო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადის 90-ზე მეტ დღემდე გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 75. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.

2. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს:

ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების კრიტერიუმებს;

ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება;

გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

    მუხლი 76. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას გადასახადის გადახდის გადავადება

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის გადახდა.

2. ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის გადახდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს გადასახადის გადახდის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს:

ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გადასახადის გადახდის გადავადების კრიტერიუმებს;

ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება გადასახადის გადახდის გადავადება;

გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ გადასახადის გადახდის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

    მუხლი 77. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადება

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანებით უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადების შესახებ. ამ შემთხვევაში ბრძანება უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადებს (მოგების, საშემოსავლო ან/და ქონების), რომლებზედაც გავრცელდება მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადება;

ბ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეჩერების მოთხოვნას და შეჩერების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

    მუხლი 78. განსაკუთრებული პირობების შედეგად განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერა

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს (გადასახადის გადამხდელს) უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს:

ა) საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება, – შემცირებული ღირებულების ოდენობით;

ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში.

2. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.

კარი V. საშემოსავლო და მოგების გადასახადები

თავი XI. საშემოსავლო გადასახადი

    მუხლი 79. გადასახადის გადამხდელი

საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

    მუხლი 80. დაბეგვრის ობიექტი

1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

2. საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

    მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით.

    მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება

1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:

ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები;

ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;

გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;

დ) ალიმენტი;

ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);

ვ) ფიზიკური პირის მიერ:

ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;

ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;    

კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;

) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;

მ) პრივატიზების წესით (უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება;

ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

ტ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;

უ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი;

ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;

ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;

ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;

შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გადახდილი თუ არა;

ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი ;

) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, რომლის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს , აღნიშნულსაქმიანობი ს ფარგლებში დაქირავებულისათვის გაცემული ანაზღაურება ;

[ძ ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის შემოსავალი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში. (ამოქმედდეს 2011 წლის 14 ივლისიდან)]

2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების;

ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;

გ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

დ) მარტოხელა დედის;

ე) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ვ) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

ზ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.

3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:

ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით;

ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;

ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;

ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882-სსმIII,№72,22.12.2010წ.,მუხ.428

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმIII,№76,29.12.2010წ.,მუხ.506

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

თავი XII. საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

    მუხლი 83. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:

ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

    მუხლი 84. მიკრო ბიზნესი

1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე.

3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს.

4. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში.

5. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება და მიკრო ბიზნესის სერტიფიკატის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 85. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, რისთვისაც გაიცემა მიკრო ბიზნესის სერტიფიკატი.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.

3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა.

5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში – მცირე ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 86. მიკრო ბიზნესის გადასახადისაგან გათავისუფლება

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

    მუხლი 87. მიკრო ბიზნესის ვალდებულებები

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს თავისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

    მუხლი 88. მცირე ბიზნესი

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში.

    მუხლი 89. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მოთხოვნებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) მეწარმე ფიზიკურმა პირმა საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს საგადასახადო წლის დასრულებისა მიმართა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) დაირღვა ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა);

გ) მეწარმე ფიზიკურ პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია:

ა) მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;

ბ) მეწარმე ფიზიკური პირისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობისათვის სანქციის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაკისრება.

4. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 100 000 ლარს და მოეხსნება სტატუსი, მას უფლება აქვს, კვლავ მიიღოს სტატუსი ყველა შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) თუ სტატუსის გაუქმებიდან მომავალი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სტატუსის გაუქმებიდან 12 კალენდარული თვის მომდევნო წლიდან, თუ პირი არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი.

    მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები

1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.

2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.

    მუხლი 91. მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

1. გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ხარჯების დადასტურება ხდება ამ კოდექსის შესაბამისად.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.

5. მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა.

6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს სტატუსის გაუქმებისას:

ა) უფლება აქვს, ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო ნაშთები აღრიცხოს შესაბამის დოკუმენტში, რომელიც მომავალში, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა, არ ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაგრამ საქონელი ამ კოდექსის 286-ე მუხლის მიზნებისათვის ითვლება აღრიცხულად;

ბ) უფლება აქვს, ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები შეაფასოს საბაზრო ღირებულებით და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთად, რომლის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. აღნიშნული დოკუმენტი არის მარაგებზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც შეტანილი იქნება ინფორმაცია ამ მარაგების სახეობის, ოდენობისა და ღირებულების შესახებ;

გ) ვალდებულება აქვს, თუ იგი იყენებს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთის საერთო ღირებულების თანხით გაზარდოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისას არსებული დასაბეგრი შემოსავალი.

7. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 92. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დამატებული ღირებულების გადასახადი გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

    მუხლი 93. მიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა

1. გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე დეკლარაციას წარუდგენენ:

ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი.

2. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას.

3. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საგადასახადო ორგანოს მიერ სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ვალდებულია სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია და გადაიხადოს ამ მომენტისთვის კუთვნილი გადასახადი.

4. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 94. მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე შეიტანოს ბიუჯეტში.

3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება:

ა) კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემული ხელფასის ხარჯზე;

ბ) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.

    მუხლი 95. მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლი

1. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

ბ) დათვალიერება;

გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;

დ) ქრონომეტრაჟი;

ე) ინვენტარიზაცია.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი XIII. მოგების გადასახადი

    მუხლი 96. გადასახადის გადამხდელი

1. მოგების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო;

ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

2. ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 143-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ არარეზიდენტი პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას ამ კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

    მუხლი 97. დაბეგვრის ობიექტი

1. რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

2. არარეზიდენტი საწარმო (გარდა საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებლისა), რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, არის მოგების გადასახადის გადამხდელი მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებით.

3. საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებელი არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, დასაბეგრი მოგება განისაზღვრება საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, რომელიც იყოფა მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ (მთლიან) შემოსავალზე და მრავლდება მის მიერ მიღებულ დასაბეგრ მოგებაზე.

4. არარეზიდენტი საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც ქონების რეალიზაციით იღებს ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, არის მოგების გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივებით მიღებული ნამეტი შემოსავლები;

გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

    მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი

1. საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

     მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება

1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:

ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;

ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;

დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

ე) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება  200 000 ლარს;

ვ) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;

ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;

თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;

ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება;

კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

მ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციითა და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება;

ნ) თავისუფალი საწყობის საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობიდან საქონლის რეექსპორტით მიღებული მოგება;

ო) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება;

პ) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება, თუ საინვესტიციო ფონდი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;

რ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა);

ს) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;

ტ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება;

უ) ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ღირებულება;

[ფ ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მოგება , აღნიშნული საქმიანობის ნაწილში. (ამოქმედდეს 2011 წლის 14 ივლისიდან)]

2. ამ მუხლის მიზნებისთვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4061-სსმIII,№75,27.12.2010წ.,მუხ.469

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

თავი XIV. ერთობლივი შემოსავალი

    მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:

ა) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის იმ საწარმოს კაპიტალიდან აქტივების გამოტანა, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;

გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;

დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;

ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება;

ვ) ამ კოდექსის 292-ე მუხლით გათვალისწინებული , გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე ამ კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის;

ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;

გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;

დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად);

ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება;

ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა;

ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა;

თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;

ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:

ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;

ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახად ს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალდებულია ყოველკვარტალურად, კვარტალის დაწყებამდე განსაზღვროს საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე.

    მუხლი 102. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები

1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;

დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით;

ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა;

ზ) დივიდენდი;

თ) როიალტი;

ი) პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი;

კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები;

ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

    მუხლი 103. შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან

1. შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა:

ა) პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს, რომელთა პარტნიორებიც არიან შენატანების განმახორციელებელი პირები;

ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით:

ბ.ა) ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა;

ბ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას;

გ) ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკონტროლო შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებისა, აგრეთვე იმ პირის მიერ ფარულად მიღებული შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც ფარულად უწევს დახმარებას სისხლის სამართლის გამოძიების ორგანოებს.

2. პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

    მუხლი 104. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი

1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი;

გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;

გ.გ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;

გ.დ) მომსახურება დაკავშირებულია საქართველოს რეზიდენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან;

გ.ე) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არის საქართველო და მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში;

გ.ვ) მომსახურების გაწევა დაკავშირებულია ტვირთების გადატანასთან ან მგზავრთა გადაყვანასთან და ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი არის საქართველო;

გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება;

გ.თ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება;

დ) საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი, რომელიც მოიცავს საქართველოში ამ არარეზიდენტის მიერ იდენტური (მსგავსი) საქონლის რეალიზაციით მიღებულ ამონაგებს; აგრეთვე შემოსავალი საქართველოში გაწეული მომსახურებიდან, რომელიც მუდმივი დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების იდენტურია ან მსგავსია;

ე) საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უიმედო ვალების ჩამოწერის შედეგად ვალდებულებათა გაუქმებითა და ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ან კომპენსაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;

ვ) რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მიღებული დივიდენდი, რეზიდენტი იურიდიული პირის აქციის ან/და იურიდიულ პირში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ზ) პროცენტი, თუ პროცენტის გადამხდელი არის საქართველოს რეზიდენტი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პროცენტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:

ზ.ა) პროცენტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტ პირს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უკავშირდება არარეზიდენტი პირის სავალო ვალდებულება, და ამ სავალო ვალდებულებასთან დაკავშირებული პროცენტის ხარჯი მიეკუთვნება მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;

ზ.ბ) პროცენტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი პირი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უკავშირდება რეზიდენტი პირის სავალო ვალდებულება, და ამ სავალო ვალდებულებასთან დაკავშირებული პროცენტის ხარჯი მიეკუთვნება მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;

თ) რეზიდენტის მიერ გადახდილი პენსია;

ი) როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:

ი.ა) როიალტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;

ი.ბ) როიალტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;

კ) საქართველოში არსებული ან გამოყენებული, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციით ან გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ლ) საქართველოში გამოყენებული მოძრავი ქონების იჯარით ან/და სხვა სახელშეკრულებო სარგებლობის უფლების გადაცემით მიღებული შემოსავალი;

მ) საქართველოში არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონებით მიღებული შემოსავალი, მათ შორის, ასეთ ქონებაში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ნ) იმ საწარმოს აქციების ან პარტნიორის წილის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომლის აქტივების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება საქართველოში არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან;

ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი;

პ) საქართველოში წარმოშობილი რისკის დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების სახით მიღებული შემოსავალი;

ჟ) საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი;

რ) საქართველოში საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლის წყაროს განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შემოსავლის თანხის მიღების ადგილი.

3. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს არ განეკუთვნება საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებს შორის ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმIII,№76,29.12.2010წ.,მუხ.506

თავი XV. გამოქვითვები და ზარალი

    მუხლი 105. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.

4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს მისთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი ერთობლივი შემოსავლიდან, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს:

ა) ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის;

ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

6. ვირტუალური ზონის პირი მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

    მუხლი 106. ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება

ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში;

გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად, გარდა ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.

ზ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებული გარიგებების შედეგად გადახდილი თანხის სახით გაწეული ხარჯი, თუ საგანი არ არის მის მესაკუთრეზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის  კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ.

     მუხლი 107. პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლისა და ნებადართული გამოქვითვებით (პროცენტების გამოქვითვების გარდა) შემცირებული ერთობლივი შემოსავლების თანხების ჯამის 50 პროცენტს.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმIII,№76,29.12.2010წ.,მუხ.506

    მუხლი 108. უიმედო ვალების გამოქვითვა

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.

    მუხლი 109. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა

1. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.

2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმIII,№76,29.12.2010წ.,მუხ.506

    მუხლი 110. სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯების გამოქვითვა

გამოქვითვას ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, გარდა ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა.

    მუხლი 111. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით:

 

ჯგუფის ნომერი

ძირითადი საშუალებები

ამორტიზაციის ნორმა (%)

 1

მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა.

20

 

2

სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა.

20

3

სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელგენერატორები, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები.

8

4

შენობები, ნაგებობები.

5

5

ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში.

15

 

4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.

5. შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა ცალკე ჯგუფად განიხილება.

6. საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა – საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი :

ა) მცირდება:

ა.ა) საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით;

ა.ბ) ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვების თანხით;

ა.გ) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხით, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – საბაზრო ღირებულებით;

ბ) იზრდება:

ბ.ა) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებული, ამ კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ძირითად საშუალებათა (გარდა ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც ამორტიზაციას არ ექვემდებარება) ღირებულებით;

ბ.ბ) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ზღვრული დონის ზემოთ არსებული თანხით, ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

7. თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათი საბაზრო ღირებულება, აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსთვის, ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება.

8. თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას.

9. თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებულია ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.

10. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მე-2 და მე-3 ჯგუფებზე გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმის ორმაგი ოდენობისა.

11. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის უფლება არა აქვს არამეწარმე ფიზიკურ პირს.

    მუხლი 112. ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა

1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.

3. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში:

ა) აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში;

ბ) შემდგომში ასეთი აქტივების მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას.

4. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

5. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებებზე ან/და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.

    მუხლი 113. არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა

1. არამატერიალური აქტივების ხარჯები გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით, მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის პროპორციულად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივი მთლიანად გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც შესაბამისი ხარჯი იქნა გაწეული.

2. თუ შეუძლებელია არამატერიალური აქტივების სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.

3. არამატერიალური აქტივები ცალკე ჯგუფად აღირიცხება.

4. ამორტიზაციას დაქვემდებარებული არამატერიალური აქტივების ღირებულებაში არ შეიტანება მათი შეძენის ან წარმოების ხარჯები, თუ ისინი უკვე გამოქვითული იყო გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) გამოანგარიშებისას.

    მუხლი 114. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესი

1. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ცალ-ცალკე ჯგუფდება და, შესაბამისად, თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად ითვლება.

2. ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა:

ა) ძირითადი საშუალების (გარდა ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებისა) ღირებულება ამ კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) თუ ლიზინგით გაცემამდე ძირითადი საშუალება შესული იყო ექსპლუატაციაში და ერიცხებოდა ცვეთა, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მისი ამ კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ღირებულების და ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულებით:

ბ.ა) უნდა შემცირდეს იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, რომლიდანაც მოხდა ამ ძირითადი საშუალების გამოტანა, და, თუ აღნიშნული ღირებულება ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მეტია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში;

ბ.ბ) თუ ამ ძირითად საშუალებაზე გამოყენებული იყო ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლება, უნდა გაიზარდოს ერთობლივი შემოსავალი.

3. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ამორტიზაციას ექვემდებარება საგადასახადო წლის განმავლობაში ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე გადახდების დისკონტირებული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობისა.

4. თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან იჯარის ვადის დასრულებისას:

ა) არ ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია, ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება და ძირითადი საშუალება შეიტანოს შესაბამის ჯგუფში, ხოლო გადაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი ჩართოს ამ წლის ერთობლივ შემოსავალში;

ბ) ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების მოიჯარისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს მიწოდების მომენტისთვის ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი, მომსახურებიდან გამოყოფილი დისკონტირებული ღირებულების თანხისა და ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების ჯამზე ნაკლები, ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან.

5. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 115. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა

1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.

3. ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.

4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:

ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;

ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.

    მუხლი 116. წარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის შეზღუდვა

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები არა უმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 117. საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხის გამოქვითვა

ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.

    მუხლი 118. სადაზღვევო შენატანების ხარჯების გამოქვითვა  

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევთა ან/და დაზღვეულთა მიერ გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით), ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვევო შენატანები, გარდა დაზღვეულის მიერ საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით გადახდილი სადაზღვევო შენატანებისა, ექვემდებარება გამოქვითვას.

    მუხლი 119. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები

1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 111-ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმის მიხედვით, 20 პროცენტის ოდენობით, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.

2. ეს მუხლი:

ა) ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით;

ბ) არ ვრცელდება იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.

3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება

არ გამოიქვითება:

ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.

    მუხლი 121. ზარალის გადატანა

1. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება ასეთი ქონების რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და მისი კომპენსაცია მოხდება ასეთი ქონების რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით.

2. საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

3. მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

4. იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია:

ა) ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში;

ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში;

გ) რეზიდენტი საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.

    მუხლი 122. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსთვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხანდაზმულობის 11-წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსთვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს, არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამ კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, რომელიც არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.

    მუხლი 123. სუსტი კაპიტალიზაცია

1.  ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია.

2. სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევაში პირის მიერ ვალზე გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები (განსხვავებული საპროცენტო განაკვეთების არსებობის შემთხვევაში – ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) მისი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ზემოაღნიშნული არ ზღუდავს პირის მიერ სუსტ კაპიტალიზაციამდე (თანაფარდობის ქვემოთ) ვალზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლებას.

3. ეს მუხლი არ გამოიყენება:

ა) ფინანსური ინსტიტუტების მიმართ;

ბ) თუ საწარმოს ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;

გ) თუ პროცენტის ხარჯი არ აღემატება ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (პროცენტის ხარჯის გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 20 პროცენტს;

დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის ვალი გულისხმობს სავალო ვალდებულებებს ნებისმიერი ფორმით, რომელზედაც ხორციელდება პროცენტის გადახდა, გარდა სახელმწიფოსგან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მიღებული სესხებისა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კაპიტალი არის:

ა) საქართველოს საწარმოსთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებელთა ვალდებულებები, რომლებიც საწარმოს აქტივია;

ბ) უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა.

6. სუსტი კაპიტალიზაცია დგინდება საშუალო წლიური თანაფარდობის მიხედვით, რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების მიერ დადგენილია, რომ სუსტი კაპიტალიზაცია გამოყენებული იყო გადასახადებისგან წინასწარგანზრახულად თავის არიდების მიზნით.

თავი XVI. საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთა

    მუხლი 124. უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა

1. შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით.

    მუხლი 125. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად არარეზიდენტის მიერ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა

1. საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

თავი XVII. გარიგების შეფასება

    მუხლი 126. ცნებების მნიშვნელობა ამ თავის მიზნებისათვის

1. პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით.

2. დამოუკიდებელი არიან პირები, რომლებიც არ არიან ურთიერთდამოკიდებული.

3. ნებისმიერი გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კონტროლირებულია.

4. ნებისმიერი გარიგება დამოუკიდებელ პირებს შორის დამოუკიდებელია.

5. მარჟა არის კოეფიციენტი, რომელიც გამოიანგარიშება შესყიდვების, გაყიდვების, დანახარჯებისა და აქტივების თანაფარდობით.

6. საბაზრო პრინციპი დაფუძნებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების პირობების დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების პირობებთან შედარებაზე.

    მუხლი 127. გარიგების შეფასების გამოყენების ზოგადი პრინციპები

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, როდესაც საწარმო აფორმებს ფინანსურ ან კომერციულ გარიგებას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2. დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობა ნიშნავს, რომ გარიგების პირობები არ განსხვავდება იმ პირობებისგან, რომლებიც იარსებებდა დამოუკიდებელ საწარმოებს შორის გარიგების დროს.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარიგების პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც გარიგების პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა პირს, მაგრამ მასთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ პირის მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს.

4. ამ თავის დებულებები ვრცელდება სხვადასხვა საგადასახადო იურისდიქციაში არსებულ ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის განხორციელებულ კონტროლირებულ გარიგებებზე ან საერთაშორისო კონტროლირებულ გარიგებებზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ამ მუხლის დებულებები ასევე შეიძლება გავრცელდეს განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როდესაც მოხდება:

ა) საქართველოს საწარმოებს შორის დადებული კონტროლირებული გარიგების შეფასება;

ბ) დამოუკიდებელი გარიგების შეფასება, თუ გარიგების ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტია ან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული.

6. გარიგების შეფასების მეთოდები და განსაკუთრებული შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 128. გარიგების შეფასების მეთოდები

1. გარიგების შეფასების მიღებული მეთოდებია:

ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი: აღნიშნული მეთოდით კონტროლირებული გარიგებით მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ფასები უდარდება დამოუკიდებელი გარიგებით მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ფასებს;

ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი: აღნიშნული მეთოდით კონტროლირებული გარიგებით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი გარიგებით გადაყიდვისას რენტაბელურობის კოეფიციენტი უდარდება დამოუკიდებელი გარიგებით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი გარიგებით გადაყიდვისას რენტაბელურობის კოეფიციენტს;

გ) ფასნამატის მეთოდი: აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია კონტროლირებული გარიგების დროს საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას გაწეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ხარჯზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი გარიგების დროს საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას გაწეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ხარჯზე;

დ) სუფთა მარჟის მეთოდი: აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ კონტროლირებული გარიგების ფარგლებში შესაბამის მაჩვენებელთან (შესყიდვები, გაყიდვები, დანახარჯები, აქტივები) მიმართებით მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება იმავე მაჩვენებელთან მიმართებით დამოუკიდებელი გარიგების ფარგლებში მიღებულ სუფთა მოგების მარჟას;

ე) მოგების გაყოფის მეთოდი: აღნიშნული მეთოდით კონტროლირებულ გარიგებაში მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ გარიგებიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო დამოუკიდებელი გარიგების ფარგლებში.

2. გარიგების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, კორექტირების განხორციელების წესი, გარიგების მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტების ნუსხა და შესაბამისი პროცედურა, საბაზრო ფასებზე ინფორმაციის წყაროები, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, გარიგების შეფასების წინასწარი შეთანხმების დადების წესი და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 129. გარიგების შეფასების სპეციალური დებულებები

1. გადასახადის გადამხდელი, რომელზედაც ვრცელდება ამ თავის დებულებები, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას გარიგებაში გამოყენებული ფასების ეკონომიკური დასაბუთება და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გარიგებაში დაფიქსირებული ფასების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობას. დოკუმენტაციის წარდგენის წესი, ვადები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. როდესაც საწარმოს, რომელიც იბეგრება საქართველოში და მის ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის დადებულ გარიგებაში სხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანომ შეიტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში დაიბეგრა მოგების ის წილი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო საქართველოში, და ამ ქვეყანასთან საქართველოს გაფორმებული აქვს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, მაშინ საქართველოს საგადასახადო ორგანო საქართველოს გადამხდელი საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს, შეესაბამება თუ არა შეტანილი შესწორება საბაზრო პრინციპს. თუ საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული შესწორება საბაზრო პრინციპს შეესაბამება, შეიტანს შესაბამის შესწორებას და განახორციელებს საქართველოს გადამხდელი საწარმოს გადასახადის თანხის კორექტირებას.

თავი XVIII. შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

    მუხლი 130. დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

3. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

5. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

6. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.  

7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

    მუხლი 131. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.

2. რეზიდენტი ბანკებისათვის კრედიტზე (სესხებზე) გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. მოგების გადასახადის გადამხდელ რეზიდენტ იურიდიულ პირს ან არარეზიდენტის (გარდა ფიზიკური პირისა) მუდმივ დაწესებულებას, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტები, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი.

6. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

7. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

8. საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

    მუხლი 132. როიალტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 15 - პროცენტიანი განაკვეთით.

2. ფიზიკური პირის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) მიღებული როიალტი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი როიალტი, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა.

4. სახელმწიფოსათვის გადახდილი როიალტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 133. იჯარის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა, გარდა ლიზინგის შემთხვევისა, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 15 - პროცენტიანი განაკვეთით.

2. ფიზიკური პირის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) მიღებული საიჯარო მომსახურების თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო საქართველოში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საიჯარო მომსახურების თანხა, უფლება აქვს, ჩაითვალოს გადახდის წყაროსთან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის საიჯარო (მათ შორის, ქირის) მომსახურება არ მოიცავს ლიზინგის ფარგლებში გაწეულ მომსახურებას.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 134. არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით;

ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;

დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 პროცენტით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 15 პროცენტით;

ვ) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილად.

3. არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:

ა) არარეზიდენტის შემოსავალი იბეგრება იმავე წესით, როგორითაც დაიბეგრებოდა ეს შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული;

ბ) არარეზიდენტის შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები გამოიქვითება მუდმივი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;

გ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.

თავი XIX. საგადასახადო აღრიცხვის წესები

    მუხლი 135. საგადასახადო წელი

საგადასახადო წლად ითვლება კალენდარული წელი.

    მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, რის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის შემთხვევაში აკრძალულია ზედნადების გარეშე საქონლის შენახვა.

5. დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) უნდა განისაზღვროს იმავე მეთოდით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის. ამასთანავე, შემოსავლის (მოგების) კორექტირება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. თუ ამავე კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისათვის მან უნდა გამოიყენოს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.

6. ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით, იმ პირობით, რომ იგი საგადასახადო წლის განმავლობაში ერთ მეთოდს გამოიყენებს.

7. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.

8. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი.

9. გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის მეთოდის ნებისმიერი ასპექტის შეცვლისას დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) კორექტირება უნდა მოხდეს ასეთი შეცვლის წელს, იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნება გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

10. თუ გადასახადის გადამხდელი არაფულადი ფორმით იღებს შემოსავლებს ან სწევს ხარჯებს, ასეთი შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება იმ წესით, რა წესითაც განისაზღვრება ფულადი ფორმით შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი.

11. ზოგიერთი სახის საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელს, თუ ასეთი საქმიანობისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია დაბეგვრის განსხვავებული პირობები, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეიძლება დაუდგინოს ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება. ამასთანავე, ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები დადასტურებული უნდა იქნეს სააღრიცხვო დოკუმენტაციით.

12. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 137. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით

აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა:

ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან;

ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).

    მუხლი 138. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.

2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

    მუხლი 139. საკასო მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.

3. გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

4. სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული გადასახდელის მიმართ, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, არის პროცენტის (იჯარის) ის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

    მუხლი 140. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით

დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 141. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების (მათ შორის, საჯარიმო სანქციების) მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:

ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;

ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.

3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

4. ბანკები სესხებზე დარიცხულ პროცენტებსა და ჯარიმებს შემოსავლად აღიარებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 142. დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;

ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;

გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.

2. ფინანსურ ვალდებულებაში იგულისხმება გარიგების (ხელშეკრულების) შედეგად აღებული ვალდებულება, რომლის შესრულების ძალითაც ამ გარიგების (ხელშეკრულების) მეორე მონაწილემ უნდა მიუთითოს ვალდებულების შესაბამისი შემოსავალი ფულადი ან სხვა ფორმით.

3. სავალო ვალდებულების პროცენტის ან იჯარით გაცემული ქონებიდან გადასახდელის გადახდისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტი. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ხარჯები საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება მათი დარიცხვების შესაბამისად.

4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს;

ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

    მუხლი 143. თანამფლობელობა

1. იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

2. ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს თავისი დასაბეგრი მოგება ან ზარალი ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

3. მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა თავის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის თავის ერთობლივ შემოსავალში, რომელშიც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.

4. თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

5. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისთვის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

6. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

7. ამხანაგობაში მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით.

8. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მიეკუთვნება მის მფლობელს, ამ მფლობელის სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

9. ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ საბაზრო ღირებულებით ქონების მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად.

10. ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ამ კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 144. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით

1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.

2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

    მუხლი 145. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

4. საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

ა) ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი;

ბ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი;

გ) მეთოდი FIFO , რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის მიეკუთვნება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით.

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

8. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცესში საგადასახადო ორგანოების მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ა