„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.016006
  • Word
3650
01/10/2010
სსმ, 53, 11/10/2010
300280000.05.001.016006
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სალიცენზიო პირობების დარღვევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 496 მუხლი:

     „მუხლი 496. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა

1. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურება (შემდგომში – მომსახურება) და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას (შემდგომში – ადმინისტრირების ერთიანი სისტემა) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.

3. ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. ამასთანავე, მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.

5. მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან.“.

 

    მუხლი 2

მომსახურების გამწევი პირები ვალდებული არიან 2011 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შესაბამისობა.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3650–IIს