,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”

  • Word
,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 28/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.10.003.000.291
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
157
12/09/2005
სსმ, 114, 28/09/2005
010.170.000.10.003.000.291
,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/09/2005 - 18/10/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2005 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციის, მათი სოციალური საკითხების მოწესრიგების, ზოგიერთი პროცედურული საკითხის გამარტივების, ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და ამ ორგანოთა თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა):

ა) დევნილთა და ლტოლვილთა რეგისტრაცია და შესაბამისი სტატუსის მინიჭება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმრთველობის ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტით. ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებმა, უწყებებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა ხელი შეუწყონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და ჩამორთმევის, შემწეობისა და სხვა სახის დახმარების გაცემისათვის, აგრეთვე ლტოლვილთა იდენტიფიცირებისათვის (პიროვნების დადგენა), ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და მოხსნის, კანონით მათთვის გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შეჩერებისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება-მოპოვებაში;

ბ) დევნილთა რეგისტრაცია (მოწმობის გამოცვლა) განახორციელოს საამისოდ შექმნილი სპეციალური კომისიების მეშვეობით. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მოსამსახურეებს, ხოლო პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ მონიტორინგი;

გ) დევნილთა რეგისტრაცია (მოწმობის გამოცვლა) განახორციელოს საამისოდ შექმნილი კომისიებისათვის გადაცემული დევნილთა სიებისა და ახალი ნიმუშის მოწმობების მეშვეობით. დევნილის მოწმობის გამოცვლისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით დევნილთა რეგისტრაციის (მოწმობის გამოცვლის) განხორციელების შესახებ იმ კატეგორიის დევნილთათვის, რომლებიც რეგისტრაციის (მოწმობის გამოცვლის) განხორციელებისას იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ე) აწარმოოს დევნილთა ერთიანი რეესტრი, შეიმუშაოს დევნილთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესი და რეესტრის ფორმულარის ნიმუში;

ვ) დევნილთა რეესტრში არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნენ ის პირები, რომელთაც სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუწყდათ, შეუჩერდათ ან ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ დევნილის სტატუსის მაძიებელ პირებს, დგება ცალკე სია;

ზ) უზრუნველყოს დევნილთათვის კანონით გათვალისწინებული ფულადი შემწეობისა და სხვა სახის დახმარების გამარტივებული პროცედურით შეუფერხებლად გაცემა. საამისოდ სამ თვეში შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებათა პაკეტი დევნილთათვის ფულადი შემწეობის გაცემის სფეროში ელექტრონული ბარათების სისტემის დანერგვის შესახებ;

თ) აწარმოოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღწერა ზუსტი მონაცემების მითითებით; განახორციელოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგი;

ი) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში დევნილი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის გაუმჯობესების, სახელმწიფოს მიერ ლიმიტს ზემოთ გადახარჯვის შემცირებისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გამართოს მოლაპარაკება სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასთან“ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების განმხოლოება-გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების განმხოლობისას საანგარიშსწორებო მრიცხველების უშუალოდ დევნილთა განსახლების ობიექტებში დამონტაჟებას;

კ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ელექტრომეურნეობის დაცვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ჩასახლებულ დევნილთაგან შერჩევასთან დაკავშირებით; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასთან” ერთად მოახდინოს ელექტრომეურნეობის დაცვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) პასუხისმგებლობის ფარგლების, ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრა ხელშეკრულების საფუძველზე;

ლ) ელექტრომეურნეობის დაცვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირისაგან (პირებისაგან) პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია ელექტროენერგიის აღრიცხვის საშუალებებისა და მთლიანად ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია დევნილთა მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობის შესახებ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):

ა) შეისწავლოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ დევნილთა ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების შესაძლებლობა სათანადო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დევნილთა ამ კატეგო-რიისათვის განკუთვნილი პროგრამების მისამართულობის გაზრდის მიზნით;

ბ) უზრუნველყოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის სათანადო შეწონვა დევნილობის სტატუსიდან გამომდინარე;

გ) განიხილოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ დევნილთა ბავშვებისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია):

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გადაცემული დევნილისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საფუძველზე სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ დევნილის (დევნილთა) შესახებ, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, გარდაიცვალა ან სასამართლოს მიერ აღიარებულია გარდაცვლილად, ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირის (პირების) შესახებ, რომელმაც მიიღო საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე):

უზრუნველყოს, რომ იმ შენობების პრივატიზაციის დროს, რომლებშიც იმყოფებიან კომპაქტურად განსახლებული დევნილები, გათვალისწინებულ იქნეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დევნილთათვის მინიჭებული სახელმწიფო გარანტიები და მათი გამოყვანა განხორციელდეს მითითებული ნორმებით გათვალისწინებული წესების დაცვით. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებშიც დევნილები იმყოფებიან უკანონოდ.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):

ა) უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობისათვის განათლების დარგში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაშვებული შეღავათების რეალიზაცია;

ბ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დევნილი მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელიც ვერ დასაქმდა მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური):

ა) ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესრულების ხელშეწყობისათვის, აგრეთვე დევნილთათვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდებისა და დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დროულად ანაზღაურების მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად გამართოს მოლაპარაკება სს „ეი-ი-ეს თელასთან“ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ელექტრომოწყობილობების მომსახურებაზე ინდივიდუალური მხარეების საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ელექტროე-ნერგიის მოხმარების აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისა და დახარჯული ელექტროენერგიის რეალური ოდენობის დადგენის, ასევე ამ სფეროში მონეტიზაციის სისტემის დანერგვის მიზნით ხელი შეუწყოს ამ ობიექტების გამრიცხველიანებას.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი):

ა) უზრუნველყოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დევნილთა და/ან ლტოლვილთა დახმარებისათვის ორგანიზებული პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების დროული და შეუფერხებელი გაცემა;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ ახალ პროგრამებსა და პროექტებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს დევნილთა და ლტოლვილთა ინტერესები და მიიღოს ზომები ამ პროგრამებსა და პროექტებში დევნილი მოსახლეობისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ჩართვისათვის.

8. სამინისტროებმა ჰუმანიტარული დახმარების სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას პრიორიტეტი მიანიჭონ დევნილ და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

9. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქალაქების მერიებსა და რაიონების გამგეობებს:

ა) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ დევნილთა პრობლემებს და მათი გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან, სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო დაწესებულებებთან;

ბ) დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;

გ) კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული გამოუყენებელი, საცხოვრებლად ვარგისი შენობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ზომები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობისათვის.

10. ეთხოვოს შპს „საქრთველოს რკინიგზას“ (დ. ონოფრიშვილი):

მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში დევნილებისათვის დააწესოს რკინიგზის ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფები და შეიმუშაოს ამ შეღავათებით სარგებლობის კონკრეტული მექანიზმი.

11. ეთხოვოთ თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მეტროპოლიტენს“ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში დევნილებისათვის დააწესონ თბილისის მეტროპოლიტენითა და მიწისზედა ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი პირობები და შეიმუშაონ ამ შეღავათებით სარგებლობის კონკრეტული მექანიზმი.

12. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი