საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 04/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.016028
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
297
28/09/2010
სსმ, 127, 04/10/2010
010220000.10.003.016028
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/10/2010 - 07/02/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესს და ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ფუნქციები

კომისიის ფუნქციებია:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარების 2010–2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიის განახლების მიზნით საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება;

ბ) სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების წარდგენა;

გ) ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;

დ) რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა;

ე) სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

დ) საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათი კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

2. კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

    მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.  

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.