მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • Word
მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 30/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.015107
  • Word
79/ნ
30/08/2010
სსმ, 107, 30/08/2010
430210000.22.022.015107
მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.015.107

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 79/

2010 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი

მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1ი“ ქვეპუნქტის, 281-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ.ი“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

დანართი

მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში „ქცევის კოდექსი“) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

3. სკოლა ვალდებულია ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

    მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.

2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

    მუხლი 3. რეგულირების სფერო

1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.

2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.

თავი II

მოსწავლის ქცევის წესები

    მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

    მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

    მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

    მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.