ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ

  • Word
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 08/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.08.002.004.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
343
02/07/2008
სსმ, 96, 08/07/2008
010.330.000.08.002.004.
ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/07/2008 - 15/07/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

010.330.000.08.002.004.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №343

2008 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში ხელოვნებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების, შემოქმედთა და მეცნიერთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით:

1. დაწესდეს:

ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საქართველოს ეროვნული პრემია შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, ტელევიზია, პუბლიცისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მედიცინა, ტექნიკა.

2. დამტკიცდეს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული მედლების, სამკერდე ნიშნების, დიპლომებისა და მოწმობების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 დანართი

ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება

    მუხლი 1. ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია

1. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია (შემდეგში – კომისია).

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლებიც თანამდებობრივად არიან კომისიის თანათავმჯდომარეები.

3. კომისიის შემადგენლობას ყოველი საკონკურსო წლის წინა წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4.  კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე.

6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს არა უმეტეს                2 წარმომადგენლისაგან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისია.

    მუხლი 2. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი

1. კონკურსი ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ცხადდება 2 წელიწადში ერთხელ.

2. კონკურსი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების მოსაპოვებლად ცხადდება საკონკურსო წლის წინა წლის ნოემბერში, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად – საკონკურსო წლის იანვარში.

3. საკონკურსო განაცხადების მიღება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ხორციელდება საკონკურსო წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად – 1 მარტამდე.

4.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს კომისია.

5. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში და აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და კომპეტენცია.

6. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად.

7. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.

8. ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.

9. მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ნაწარმოებების წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესისა და რადიო-ტელევიზიის საშუალებით.

10. არქიტექტურის ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

11. მეცნიერების დარგში პრემიის მისანიჭებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

12. გარდაცვლილ შემოქმედს ან/და მეცნიერს შეიძლება მიენიჭოს პრემია იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილი იყო სიცოცხლეშივე, ან მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.

13. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების ხელმეორედ წარდგენა. ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო.

    მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესწავლის, ასევე წარდგენილ ნამუშევართა (ნაწარმოებთა) რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შექმნას 2 ქვეკომისია.

2. პრემიების მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატებს წინასწარ განიხილავენ ქვეკომისიები, რომლებიც კომისიისათვის წარსადგენად ამზადებენ საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს ქვეკომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით.

3. კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით.

4. კომისიაში კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის იმის პირობას, რომ გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში და საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებებით წარდგენილ რომელიმე დარგში.

5.  კომისიაში კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა.

6.  ავტორთა კოლექტივებისათვის პრემიის მინიჭებისას პრემია ნაწილდება თანაბრად.

7. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში, კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 4. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და მისი მინიჭების პირობები

1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს სამისა, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში – ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;

ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების და არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

2. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და მოწმობა, ლაურეატის ოქროს მედალი, სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო.

    მუხლი 5. საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები

1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა არა უმეტეს შვიდისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება:

ა) ხელოვნების დარგში – მაღალმხატვრული ნაწარმოებისათვის, რომელიც ასახავს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ნერგავს თავისუფლებისა და მომავლის რწმენას და მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას;

ბ) მეცნიერების დარგში – მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მეცნიერების, ქვეყნის სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

2. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო.

    მუხლი 6. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი

1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი და პრემიის ლაურეატთა სია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნდება 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

2. საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი და პრემიის ლაურეატთა სია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნდება 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულება

1. 2008 წელს კომისიის მიერ შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების ლაურეატთა წარდგენა მოხდეს 2008 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო კონკურსის საბოლოო შედეგი და ლაურეატთა სია გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2008 წლის     23 ნოემბრისა.

2. 2008 წელს კონკურსის გამოცხადებისა და განაცხადების წარდგენის ვადებს განსაზღვრავს კომისია.

 

13. 14/12/2017 - საქართველოს კანონი - 1742-Iს - ვებგვერდი, 27/12/2017 12. 23/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 337 - ვებგვერდი, 23/05/2013 11. 20/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 327 - ვებგვერდი, 20/05/2013 10. 10/02/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 98 - ვებგვერდი, 10/02/2012 9. 28/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1075 - სსმ, 170, 29/12/2010 8. 21/05/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 327 - სსმ, 57, 21/05/2010 7. 23/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 122 - სსმ, 23, 26/02/2010 6. 22/05/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 276 - სსმ, 63, 22/05/2009 5. 23/02/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 65 - სსმ, 21, 25/02/2009 4. 21/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 559 - სსმ, 166, 21/11/2008 3. 26/09/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 459 - სსმ, 142, 26/09/2008 2. 05/08/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 400 - სსმ, 111, 05/08/2008 1. 15/07/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 367 - სსმ, 101, 16/07/2008