სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 09/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.024.015150
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1487
07/09/2010
სსმ, 114, 09/09/2010
040090000.22.024.015150
სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2010 - 05/07/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.015.150

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1487

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულება”.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 10 აგვისტოდან.

ვ. ქობალია

სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის (პრივატიზების) წესს.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე – ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული.

3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოძრავი ნივთის პრივატიზებას ასევე ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული. მათ შეუძლიათ იმოქმედონ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.

5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად.

6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

7. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

9. ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული, მოძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი.

2. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღით ადრე უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს სახელმწიფო ქონების საწყისი საფასურის 30%-ს;

ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო;

ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

6. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.

7. სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

9. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (წერილობით ხელშეკრულებას).

    მუხლი 3. მესამე პირის (წარმომადგენლის, შუამავლის) მიერ საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს მესამე პირს (რწმუნებულს, შუამავალს), რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელიც შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას, რეგისტრაციასა და განკარგვას.

2. იმ შემთხვევაში, როცა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს მესამე პირს (წარმომადგენელს, შუამავალს), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასური;

ბ) საჯარო აუქციონის ჩატარების დრო;

გ) მესამე პირისათვის (წარმომადგენლის, შუამავლისათვის) საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;

დ) მესამე პირისათვის ავანსის ოდენობა და მისი გაცემის წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;

ვ) პრივატიზების პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია.

    მუხლი 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.

5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.

6. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.

7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

8. პირს, უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები.

    მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.

7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს სახელმწიფო ქონების შემძენი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.

8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

    მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სრულ თანხას. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი – პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. სახელმწიფო ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებული სახელმწიფო ქონების საბოლოო საფასურს.

3. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

5. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა შემდეგი წესით:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას – სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით;

ბ) მოძრავი ნივთის შემთხვევაში – სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვს სარგებლობაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და სახელმწიფო ქონების შემძენის შესახებ;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

გ) სახელმწიფო ქონების ნასყიდობის საფასური;

დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

7. თუ საჯარო აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

8. თუ გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

    მუხლი 7. სახელმწიფო ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში

თუ სახელმწიფო ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება სახელმწიფო ქონებაზე და შეტანილი ბე და უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

    მუხლი 8. სახელმწიფო ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში

1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.

2. სახელმწიფო ქონების შემძენს შეძენილ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

3. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ სახელმწიფო ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს.

4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით), სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 9. გარიგებათა ბათილად ცნობა

საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.